კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 „გარყვნილი“ ცოლის ჩანაწერები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #36-38(925)


წესი ნომერი 7 (არა უშავს, თუ დანარჩენი წესები გამოტოვე, გზადაგზა მაინც გაგაცნობთ. ვინ იცის, როდის გამოგადგებათ) – დაელაპარაკე საკუთარ თავს. ნამდვილად „ოქროს წესია“. აბა, რა, გაცილებით სჯობს ბალიშში პირქვეჩამხობილ ღრიალს, თმის გლეჯას და ისტერიკებს. სკანდალიც არაფრის მომტანია. თვით ყველაზე მოღალატე ქმარსაც კი აქვს უნიკალური ნიჭი, „ისტერიჩკად“ გამოგაცხადოს და თავად უწყინარ კრავად წარმოჩინდეს. მაგრამ საკუთარ თავთან ლაპარაკიც ნიჭია. სწავლაც შეიძლება, მთავარია, მიხვდე, რაზე უნდა ელაპარაკო. ფსიქოლოგი მიმტკიცებდა (ეს მაშინ, ნატალიასთვის რომ ვეძებდი გამოსავალს), მნიშვნელოვანია, ეს საუბარი ხმამაღლა შედგესო. ჰოდა, როცა ვერ წარმოვიდგენდი, მაშინ შედგა – ჩემს მყუდრო, კომფორტულ ნომერში რომ აღმოვჩნდი, მაშინვე დავიწყე საკუთარი თავის „დამუშავება“, თანაც ხმამაღლა. ვკიცხავდი სისუსტის გამოჩენისთვის – რა მინდოდა, რას ვფიქრობდი, უცხო მამაკაცს ქალაქში სასეირნოდ რომ მივყვებოდი, თანაც რვა წლით უმცროსს. პრინციპში, ჩემი ასაკისაც რომ ყოფილიყო, ამით თავს ვერ გავიმართლებდი. საერთოდაც, რა შუაში იყო ასაკი. როცა ორმოცს გადააბიჯებ, ბევრი რამ უფერულდება და აზრს კარგავს.
ოთახში ჰაერი არ მეყო. მიუხედავად იმისა, რომ კონდიციონერი ჩართული მქონდა, მაინც დამცხა. აივნის კარი გავაღე და გარეთ გავედი. არაჩვეულებრივი ღამე იყო. მთვარის შუქზე აუზის ზედაპირი ზურმუხტრისფრად ლაპლაპებდა. ჩემი აივნიდან ხელისგულივით ჩანდა ზღვის სანაპიროს ულამაზესი ხედი. საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი, პირსახოცი შემოვიხვიე და ქვემოთ ჩავედი. დარწმუნებული ვიყავი, რომ შუაღამისას აუზთან არავინ დამხვდებოდა. ყვავილების ხეივანი გავიარე და ის იყო, პირველივე შეზლონგს მივაღწიე, რომ დგაფუნის ხმა გავიგონე. აუზში ვიღაც ჩახტა. ცოტა ხანი, სულ რამდენიმე წამი, წყლის ზედაპირზე არავინ ჩანდა. მერე ქანდაკებასავით ამოიმართა დაკუნთული და უზადო სხეული. სუნთქვა შემეკრა, ერთ ადგილს მივეჯაჭვე. ვერ გადამეწყვიტა, უჩუმრად გავპარულიყავი თუ ამ ჯადოსნური ღამის ხიბლს ბოლომდე დავმორჩილებოდი, სანამ ვყოყმანობდი, კოტემ შემაჩნია. წყლიდან მთელი ტანით ამოიწია და ხელი დამიქნია.
– ჰელო! წარმოუდგენლად თბილი და ხავერდოვანი წყალია. კარგია, რომ ჩამოხვედით, ისეთი სიამოვნებაა... რაღას ელოდებით, ჩამოხტით.
 ბავშვური სილაღე ვიგრძენი. პირსახოცი იქვე მივაგდე და აუზში გადავეშვი. მართლაც საოცარი წყალი იყო, ხავერდოვანი, თბილი – ჩემი სხეულის ტემპერატურასავით. კოტე ჩემთან მოცურდა.
– მოდი, შევეჯიბროთ, დაგენაძლევები, გაჯობებ.
– ვერ მაჯობებ, ძალიან კარგად ვცურავ, თან, რაღაცნაირად ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ, – ავყევი სიცელქეში.
– კარგი. მივცუროთ აუზის ერთ ბოლოში და ხელით შევეხოთ. ხუთი გაცურვა. გინდა,  ერთი წრე დაგითმო?
– არ დაგჭირდება ასეთი დათმობები. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, დამცავი ჟილეტით კი არ მისწავლია სუნთქვა. დავუძახე და მკლავები სწრაფად მოვუსვი.
ნახევარი საათის შემდეგ შეზლონგზე ვისხედით. მძიმედ ვსუნთქავდი და სახეზე ჩამოსულ წვეთებს ხელისგულით ვიწმენდდი.
– ეს უსამართლობაა, რატომ მომატყუე?
– არც მიფიქრია. უბრალოდ, თავმდაბლობამ მძლია და არ გითხარი, რომ ახალგაზრდობაში ცურვით სერიოზულად ვიყავი გატაცებული.
– რამდენად სერიოზულად? – არც ვიცი, რატომ ჩავეძიე.
შემომხედა. შევატყვე, ყოყმანობდა. კითხვით სავსე მზერა მივაპყარი.
– თუ ეს ასეთი მნიშვნელოვანია, სტუდენტობისას წყალბურთს ვთამაშობდი და რამდენჯერმე ჩემპიონები გავხდით.
– და... შენ მეჯიბრებოდი ცურვაში? – ყალბი აღშფოთებით წამოვიძახე.
– ვაღიარებ, დამნაშავე ვარ. მაგრამ ცდუნება დიდი იყო. ძალიან მინდოდა მენახა, როგორი აზარტული ხარ, როცა კონკრეტულ მიზანს ისახავ.
– მართლა? მერე რა დაასკვენი? (ვერც ვიგრძენი, ისე გადავედით ურთიერთობის შენობით ფორმაზე).
– საშიში ქალი ხარ?
ხმამაღლა გამეცინა.
– სულ ტყუილად იცინი. მგონი, თავადაც არ იცნობ კარგად საკუთარ თავს. სხვათა შორის, პირველი შეხვედრისას შენს მაგიდასთან მხოლოდ ჩაის დალევა მინდოდა, იმიტომ რომ სხვა მაგიდებთან ადგილი არ იყო, თან, შინაურად მომეჩვენე, – გავიფიქრე, ისეთი სულაც არ არის, როგორი რისხვაც გადმომაფრქვია-მეთქი.
– იმედი მაქვს, არ მკითხავ მაგ რისხვის მიზეზს.
– გულწრფელად გეტყვი, არ მაინტერესებს. ისედაც გასაგებია.
– რა არის გასაგები? – ხმაში გაღიზიანება დამეტყო.
– რომ ასეთ შესანიშნავ ქალს საამისოდ ობიექტური მიზეზი გექნებოდა. კიდევ გავცუროთ?
– მგონი, სასტუმროში მარტო ჩვენ გვღვიძავს, – ჩავილაპარაკე ხმადაბლა, თითქოს ვინმეს გაღვიძებას ვუფრთხოდი.
– მიყვარს ღამე. ამ დროს შეგიძლია, საკუთარ თავს სრული თავისუფლება მიანიჭო და ის გახდე, რაც სინამდვილეში ხარ. დღისით მაინც, იძულებული ხდები, ითამაშო.
დავფიქრდი. მგონი, მეც ღამე უფრო მიყვარდა. გამახსენდა, როგორ ველოდებოდი ოჯახის წევრების დაძინებას, რომ მშვიდად მეკეთებინა ჩემი საქმე ან მეყურებინა საყვარელი ფილმისთვის, ყავის ფინჯნით ხელში.
– მგონი, მეც მიყვარს ღამე. აუზში ღამით ცურვა კი, საერთოდ, ფანტასტიკური ყოფილა.
– აქამდე არასოდეს გიცურავია ღამით? არც ზღვაში? მაშინ, წამოდი, დრო აღარ დავკარგოთ და ეს სიამოვნება უნდა მიიღო. კიდევ მაქვს ერთი გიჟური იდეა, მაგრამ ახლა არ გეტყვი.
– ანუ, ახლა ზღვაზე წავიდეთ?
– ჰო, ხომ არ გეშინია? არა, ხომ? ძალიან კარგი... მოიცა, ახლავე პირსახოცებს ავიღებ...
... ურთიერთობამ ნელ-ნელა დაკარგა ხასხასა ფერები. ნატალიას რომ ვუსმენდი, ვფიქრობდი, რომ იგივე ხდებოდა ჩემს თავსაც. ზედმეტად რუტინული და ჩვეულებრივი გახდა ყველაფერი. „გიჟური“ საქციელის ჩასადენად დრო და ძალა აღარ გვყოფნიდა. ვიხსენებდი და ვერ გავიხსენე, როდის ჩავიდინეთ მე და ჩემმა ქმარმა რაიმე განსაკუთრებული. მას არ ვადანაშაულებდი. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, ინიციატივა ჩემი ქმრისგანაც წამოსულიყო, მაგრამ, როცა ცოლად პრაგმატულად მოაზროვნე, არარომანტიკული ბუნების მამაკაცს მიჰყვები, მერე პრეტენზიები აღარ უნდა გქონდეს. ჰოდა, მეც არ მქონია. ხანდახან კი წამომივლიდა ხოლმე  განსაკუთრებული შეგრძნებების განცდის სურვილი და საკუთარ თავშივე ვიხშობდი. დამთრგუნველ სურვილებს კი ყოველთვის უარყოფითი შედეგები მოაქვს...
წყლის პროცედურები მაშინაც რეკომენდებულია, როცა ქმარი გღალატობს. წყალი ხომ სიცოცხლეა... ჰოდა, პირდაპირ წერია ფსიქოლოგის რეკომენდაციები: ეჭვიანობას მოერევით, თუკი რეგულარულად დაკავდებით ცურვით. ცურვა მართლაც შესანიშნავად ამშვიდებს და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა ზღვის მშვიდ სტიქიას ვანდე თავი. ისეთი ნეტარება ვიგრძენი, კოტე საერთოდ დამავიწყდა. აუზშიც ხომ დიდი სიამოვნება მივიღე, ზღვა მაინც სხვა ნეტარება იყო. თანაც შუაღამის იდუმალებამ თხემით ტერფამდე დამიარა. ასეთი ფანტასტიკური შეგრძნებისთვის ღირდა ქმართან ჩხუბი. პრინციპში, ჩვენ ხომ არც გვიჩხუბია.
ყავის სმაში დაგვათენდა. ფანტასტიკური, არომატული ყავა იყო. კოტემ მოახერხა და ქალაქში, მყუდრო კაფე იპოვა, იდეალური ხედითა და ძალიან თავაზიანი მეპატრონით. გერმანულად ლაპარაკობდა და სწრაფად გამონახა საერთო ენა კოტესთან, რომელმაც თავისი კიდევ ერთი უნარის დემონსტრირება მოახდინა...
...მიშამ მობილური გადადო და ამოიოხრა.
– კარგი, გისმენ, რა გინდა?
– იმდენი ვილაპარაკე და სულ ტყუილად? არ გავიმეორებ, მაგრამ ერთს გეტყვი, – სახლში როცა ხარ, მაშინაც არ ხარ.
– გვანცა, ვერ გავიგე, რა პრეტენზია გაქვს. როცა მიყურებ, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ რაღაც დავაშავე.
– იქნებ დააშავე კიდეც, რა ვიცი... – ირონიულად ჩავილაპარაკე. ჩემმა ქმარმა თავზე იტაცა ხელები.
– გადამრევ. რა მოხდა, თუ ცოტა უყურადღებო ვარ. ამისთვის ღირს ჩხუბი?
– მე არ ვჩხუბობ, – ვთქვი წყნარად და ვიგრძენი, რომ ჩვემთვის ყველაფერი სულერთი იყო. ყოველ შემთხვევაში, იმ კონკრეტული მომენტისთვის.
 – ჰო, ამ ბოლო დროს ჩუმად ხარ, პრეტენზიებს ხმამაღლა აღარ გამოთქვამ, მაგრამ შენი ირონიული და გამანადგურებელი გამოხედვა გაცილებით უარესია.
– ნეტავ, რას ამჩნევ., როცა სახლში ხარ, ან ტელევიზორის ეკრანს ხარ მიშტერებული, ან საკუთარი მობილურისას.
– რას ვაშავებ, გვანცა. ამიხსენი, მე ვერ ვხვდები, – მიშა გულუბრყვილო, რაღაცით ძალიან გაკვირვებული ბავშვივით მიყურებდა.
– მართალი ხარ, არაფერს აშავებ, საერთოდ არაფერს, – ავდექი და ოთახიდან გამოვედი. ეს იქამდე იყო, სანამ იმ მესიჯებს წავიკითხავდი. არ მივეკუთვნები იმ ცოლების კატეგორიას, რომლებიც დაუსრულებლად ეძებენ ქმრის ღალატის დამადასტურებელ ფაქტებს. იმიტომ არა, რომ ქმრის მიმართ უსაზღვრო ნდობით გამოვირჩეოდი, როდესმე, ქორწინების რომელიმე ეტაპზე. უბრალოდ, ვეთანხმები მოსაზრებას – ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეც. მე კი არ მინდოდა, რამე მეპოვა. არსებობს სიტუაციები, როცა უმჯობესია, საერთოდ გაჩუმდე და არაფერი თქვა, ან არაფერი შეიმჩნიო. ჰო, ასე პრობლემებიც ნაკლები გექნება.
ოჯახში სიმშვიდის მომხრე ვარ. რატომ უნდა ჩხრიკო ის, რაც გულს მოგიკლავს? მაგრამ როცა რეალობა ცხვირწინ არის, რაღას იზამ. საღამოს არეულ დივანს ვალაგებდი. ბალიშებს ვასწორებდი, რომ დაწოლამდე სახლი მომეწესრიგებინა. დალაგებულ სახლში მიყვარს გაღვიძება. ყავის დალევა და დილის სუფთა ფურცლიდან დაწყება. მობილური ბალიშის ქვეშ იდო. გადმოვარდა, ეკრანი განათდა და შევამჩნიე, რომ ახალი წერილი იყო მოსული. საკმაოდ გვიან იყო. ცნობისმოყვარეობას ვერ მოვერიე. ალბათ, ეს არ უნდა გამეკეთებინა. „ხვალ ვეცდები, დრო გამოვძებნო და შეგხვდე. უკვე ძალიან მომენატრე“. ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ... მოკლედ, ვიღაცამ ღილაკს თითი დააჭირა და მექანიზმი ჩაირთო. წინა წერილები გაცილებით შთამბეჭდავი იყო, მათი რომანტიკული შინაარსიდან გამომდინარე. ინტერესმა მძლია და ყველაფერი ბოლომდე წავიკითხე. რამ შეანახინა ჩემს ბრიყვ ქმარს ასეთი ნივთმტკიცება, იქნებ, სპეციალურად დატოვა, რომ პერიოდულად გადაეკითხა და ბედნიერება ეგრძნო. მუცელში უცნაური „ტალღები“ ვიგრძენი. აქამდე მსგავსი შეგრძნებები უცხო  იყო ჩემთვის და არ მესიამოვნა. არ წამოვმხტარვარ და საძინებელში არ შევვარდნილვარ ჩემი ქმრისთვის ისტერიკის მოსაწყობად, მაგრამ შიგნით რაღაც ჩამწყდა. თანაც, სამუდამოდ...
თავი რომ ავწიე, ჩემ წინ თეო იდგა და უცნაურად, სევდიანად მიყურებდა.
– დედა, შენ რა, მამას ტელეფონში იქექები?
თვალებში მივაშტერდი. დიდხანს ჯიუტად მივჩერებოდი. დაიბნა და სახე მომარიდა.
– თეო, რატომ გღვიძავს? წადი, დაიძინე! – ვუთხარი მკაცრად.
ჩემმა ხმამ დამაფრთხო. სახეზე ხელები ავიფარე და ავტირდი. თეომ ხელები შემომხვია. მკერდზე მიმიკრა, ჩვილი ბავშვივით მანანავებდა და მარწევდა. ვერ დავმშვიდდი, ეჭვმა, რადგან ერთხელ შემოძვრა და შემოიპარა მყუდრო ადგილიც იპოვა და ფეხის მოუცვლელად მოიკალათა.
– თეო, მომეშვი, – შვილის მკლავებისგან თავი გავითავისუფლე, – კარგად ვარ, – გადაწყვეტილება მყისეულად მივიღე: მთავარი იყო, არ მოვდუნებულიყავი. არავითარი ისტერიკები, არავითარი სცენები და ულტიმატუმები. თვითონაც არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვარჩიე, დამკვირვებლის როლში დავრჩენილიყავი. ცნობისმოყვარეობამ სძლია ყველა სხვა გრძნობას. მაინტერესებდა, სადამდე შეტოპავდა ჩემი ძვირფასი მეუღლე, რაზე იყო წამსვლელი ყალბი გრძნობისთვის (ორმოცდათერთმეტი წლის ასაკში ელვასავით მოსული სიყვარულის არ მჯეროდა)...
– დედა, რაც უნდა წაგეკითხა, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებ, – ყოყმანით დაიწყო თეომ.
გამეცინა.
– არაფერს ვაკეთებ, დამშვიდდი. არც არაფერი წამიკითხავს.
– დედა, მამას შენ უყვარხარ.
– თეო, რა გჭირს? წადი, დაიძინე. მეც ვწვები, მხოლოდ ოთახი მივალაგე.
შვილმა ქვემოდან ამომხედა.
– მართლა ყველაფერი წესრიგშია? კარგად ხარ?
– თავი დავუქნიე და მეტი დამაჯერებლობისთვის, ნაძალადევად გავუღიმე. არ ვიცი, დამიჯერა თუ არა, მაგრამ შეკითხვებით აღარ შევუწუხებივარ. თავისი ოთახისკენ გაემართა და კარი მიიხურა. ვიცოდი, ჩემი ქალიშვილის განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ მამამისის მიმართ. ამიტომ იმედი არ მქონია, რომ თეო გაჩუმდებოდა და მიშას არ მიანიშნებდა მაინც, რომ მე რაღაც ვიცოდი. ასე დაიწყო ფარული, დაძაბული, მდუმარე ბრძოლა ჩემსა და ოჯახის დანარჩენ წევრებს შორის...
... კოტემ ფრთხილად შემახო ხელი თითებზე და თითქოს მომეფერა. შევკრთი.
– შენ ახლა სადღაც სხვაგან იყავი, ჩემგან ძალიან შორს. იცი, სანამ აქ ვართ, მოდი, დავივიწყოთ ასაკი, პრობლემები, დანარჩენი სამყარო და უბრალოდ, ბედნიერები ვიყოთ. ყოველი დღით დავტკბეთ და გავერთოთ.
– შეუძლებელია, მეტისმეტად დიდი ვარ ამისთვის, – ამოვიოხრე და ყავა მოვსვი.
 – არა. ზედმეტად დიდი ვერ იქნები, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანში სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც ვაჩერებთ, ყურადღებას არ ვაქცევთ და არ ვუსმენთ.
– უბრალოდ, ვისაუზმოთ, კარგი? – ისე ვთხოვე, რომ გაჩუმდა და ჩემს მოხარშულ კვერცხს დაავლო ხელი. ნაჭუჭი შემოაცალა და წინ დამიდო, – ისაუზმე. დღეისთვის შესანიშნავი პროგრამა მაქვს. ორმოც კილომეტრში, ზღვაში უძველესი ქალაქის ნანგრევებია. რომ დაათვალიერო, გემით უნდა მიცურდე და ჩაყვინთო. უკვე ველაპარაკე ჩვენი სასტუმროს მენეჯერს. მანქანით მიგვიყვანენ ნავსადგურამდე. მთელი გემი ვიქირავე, მხოლოდ ჩვენ ვიქნებით, შეგვიძლია, იქვე ვიცურავოთ, გემბანზე გავირუჯოთ და ვისადილოთ.
ჩანგალი გამეტებით ჩავარჭვე კვერცხში. ნაწილებად დაიშალა.
– კოტე, ჩვენ წყვილი არ ვართ. გთხოვ, შენს მიმართ გაჩენილ მეგობრულ ნდობასა და უშუალობის განცდას ნუ გამიქრობ. ყველაფერს სტანდარტულ, ტრაფარეტულ ჭრილში ნუ გადაიყვან.
– არც ვაპირებ. რა იფიქრე, არ ვიცი, მაგრამ მე მართლა ჩაძირული ქალაქის ნახვა, გამჭვირვალე წყალში ყვინთვა და გემბანზე გარუჯვა მინდა. გეპატიჟები, რომ ერთად გავერთოთ. თუ მიიღებ ამ მოპატიჟებას გამიხარდება, თუ არა, მარტო წავალ.
– მართლა წახვალ მარტო, თუ არ წამოგყვები?
– რა თქმა უნდა. არ მიყვარს განზრახულზე უარის თქმა.
არც დავფიქრებულვარ, ისე დავუქნიე თავი.
– მოვდივარ.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3