კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ჰალუცინაციების სახეები და გამომწვევი მიზეზები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ჰალუცინაცია უობიექტო აღქმაა, რომელიც გრძნობათა ორგანოების მიერ ისეთივე ხარისხით განიცდება, როგორც რეალურად არსებული ობიექტის ზემოქმედება. ილუზიისგან განსხვავებით, ის აღიქმება, როგორც გარე სამყაროს ან პიროვნების სხეულიდან წამოსული იმპულსი. ჰალუცინაციის გაქრობა სურვილზე არ არის დამოკიდებული. უმეტეს შემთხვევაში ჰალუცინაცია მნიშვნელოვან ფსიქიკურ აშლილობაზე მიუთითებს, თუმცა, ჰალუცინაციებმა შეიძლება, ჯანმრთელ ადამიანებშიც იჩინოს თავი, რაც, ჩვეულებრივ, ჩაძინებისას ან გამოღვიძებისას ხდება. ჰალუცინაციის ეს ორი სახეობა შეიძლება, მხედველობითიც იყოს და სმენითიც. სმენითი ჰალუცინაციის დროს ადამიანს ზოგჯერ ისეთი განცდა ეუფლება, რომ მას ვიღაც ეძახის. ამგვარი ჰალუცინაციები გავრცელებულია ნარკოლეფსიის დროს. ზოგიერთ ადამიანს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ახლობელი დაკარგა, გარდაცვლილი პიროვნების ჰალუცინაცია აღენიშნება.
სირთულის მიხედვით, არსებობს მარტივი და რთული ჰალუცინაციები. მარტივი სმენითი ჰალუცინაციის დროს ადამიანს ესმის ხმაური ან სტვენა, ხოლო რთულის დროს – ხმები ან მუსიკა; მარტივი მხედველობითი ჰალუცინაციის დროს, ადამიანი ხედავს სინათლის გაელვებას, ხოლო რთულის დროს – ადამიანების სახეებს ან სხვადასხვა სცენებს. სმენითი ჰალუცინაციების დროს ხმები შეიძლება იყოს მკვეთრი ან ბუნდოვანი და მას სიტყვების, ფრაზების ან წინადადებების ფორმა ჰქონდეს. ისინი შეიძლება, პირდაპირ პაციენტს მიმართავდნენ ან ერთმანეთში საუბრობდნენ და პაციენტს მესამე პირში იხსენიებდნენ. ზოგჯერ პაციენტი ამბობს, რომ ხმებმა წინასწარ იციან, რის გაფიქრებასაც ის ცოტა ხნის შემდეგ აპირებს. ზოგჯერ ხმები პაციენტის ფიქრებს პარალელურად ახმოვანებენ ან იმეორებენ იმას, რაც პაციენტმა ცოტა ხნის წინ გაიფიქრა. მხედველობითი ჰალუცინაციები შეიძლება იყოს მარტივი და რთული, ხოლო ჰალუცინაციის ობიექტის ზომის მიხედვით – ნორმალური ან ანომალიური. ისეთ ჰალუცინაციას, რომლის დროსაც პიროვნებას ჯუჯა ფიგურები ეჩვენება, ზოგჯერ ლილიპუტურს უწოდებენ. ყნოსვითი და გემოვნებითი ჰალუცინაციები ხშირად ერთად განიცდება. სუნი და გემო უმეტეს შემთხვევაში უსიამოვნოა. ტაქტილური ჰალუცინაციების დროს, რომელსაც ზოგჯერ ჰაპტურ ჰალუცინაციებს უწოდებენ, ადამიანი შეიძლება გრძნობდეს შეხებას, ჩხვლეტას ან დახრჩობას. ზოგჯერ შეიძლება, ისეთი შეგრძნება ჰქონდეს, თითქოს მის კანქვეშ რაღაც მოძრაობს, რასაც პაციენტი ტანსაცმლის ქსოვილში დამალულ მწერებს, ჭიებს ან სხვა მცირე ზომის ქმნილებებს მიაწერს. ვისცერალური შეგრძნებების ჰალუცინაციების დროს შეიძლება, პაციენტს ეჩვენებოდეს, რომ შინაგანი ორგანოები გაწელილი ან დაბერილი აქვს. აუტოსკოპიური ჰალუცინაციის დროს პაციენტი ხანმოკლე დროის განმავლობაში თავის სხეულს გარე სივრცეში პროეცირებულად ხედავს, ჩვეულებრივ, საკუთარი თავის წინ. სენსორული დეპრივაციის დროს ასეთი სახის გამოცდილებას, ხანდახან, ჯანმრთელი ადამიანებიც აღწერენ. ასეთ განცდას სხეულის მიღმა ყოფნის განცდას უწოდებენ. აუტოსკოპიური ჰალუცინაციები ადამიანებს სერიოზული ავარიის ან გულის შეტევის შემდეგაც აღენიშნებათ.
ჰალუცინაციებს ვხვდებით სხვადასხვა სახის დარღვევებისას, განსაკუთრებით შიზოფრენიის, მწვავე აფექტური აშლილობის, ორგანული დარღვევებისა და დისოციაციური მდგომარეობების დროს.
სმენითი ჰალუცინაციები – დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ნათლად გამოხატული ხმები (და არა ხმაური ან მუსიკა). მესამე პირის ჰალუცინაციები მჭიდროდ არის დაკავშირებული შიზოფრენიასთან. ასეთი სახის ხმები შეიძლება განიცდებოდეს, როგორც პაციენტის განზრახვა ან ქმედებათა კომენტარი. გარდა ამისა, ხმებს შეიძლება, კრიტიკული შენიშვნების სახეც ჰქონდეთ. მეორე პირის სმენითი ჰალუცინაციები (ხმები, რომლებიც თავად პაციენტს მიმართავენ) არ მიუთითებს რომელიღაც კონკრეტულ დიაგნოზზე, თუმცა მათი შინაარსი და პაციენტის რეაქცია შეიძლება, გარკვეულ მინიშნებას იძლეოდეს. მაგალითად, შეურაცხმყოფელი შინაარის მქონე ხმები მძიმე დეპრესიულ დარღვევაზე მიუთითებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტი ამ შეფასებებს სამართლიანად მიიჩნევს. შიზოფრენიაზე მიგვანიშნებს ისეთი ხმებიც, რომლებიც წინასწარ განჭვრეტს, ბაძავს ან იმეორებს პაციენტის აზრებს. მხედველობითი ჰალუცინაციები ორგანული დარღვევების არსებობის ალბათობაზე მიგვანიშნებს.
скачать dle 11.3