კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რატომ უნდოდა კიტა აბაშიძეს აკაკი წერეთლის მოკვლა და რა დაწერა მან ილიაზე, რაზეც მთელი საქართველო დიდხანს ლაპარაკობდა

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

ილია ჭავჭავაძე საქართველოს ტვინია, აკაკი წერეთელი კი – გულიო – ეს ქართველი ლიტერატურათმცოდნის, კრიტიკოსის, პუბლიცისტის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის კიტა აბაშიძის სიტყვებია. ანდერძიც შთამბეჭდავი დატოვა: „ჩემი ლიტერატურული ნაწარმოებები გადაეცეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას; ჩემს ბიბლიოთეკას ვუტოვებ ქართულ უნივერსიტეტს, რომელიც უნდა დაარსდეს თბილისში…“ სამწუხაროდ, უნივერსიტეტის გახსნას ვეღარ მოესწრო. გახსნამდე ერთი წლით ადრე, სრულიად ახალგაზრდა – 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. გულმა უმტყუნა, მას ემოციების გარეშე ერთი წუთითაც არ უცხოვრია.
შესანიშნავი მექართულეა კიტა. მის ლექციებზე უნებლიეთ გამივლის ხოლმე აზრი, როცა თამარ მეფის დროს დარბაზი შეიქმნა და დარბაისლები სალაპარაკოდ გამოდიოდნენ, ალბათ, ასე დინჯად, ასეთი კარგი ქართული ენითა და ასე მიმზიდველად საუბრობდნენ. კიტა უეჭველად დაამშვენებდა ქართულ პარლამენტს, რომ გვქონდეს. რაც მართალია, მართალია, შესანიშნავი ქართული იერის ორატორია! – ამბობდნენ მისი ლექციის შემდეგ აღფრთოვანებული მსმენელები… იყო უკიდეგანოდ განათლებული, არაჩვეულებრივად ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს. გამუდმებით კითხულობდა – დაწვრილებით ეცნობოდა ქართულ, რუსულ და ფრანგულ პრესას, რომელიც საფრანგეთიდან ჰქონდა გამოწერილი. არც პოლიტიკა იყო მისთვის უცხო ხილი – ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. მის ლექციებზე ისე იჭედებოდა დარბაზი, ნემსის ჩასავარდნი ადგილი აღარ რჩებოდა. ქართული თეატრის მკვლევარი სერგო გერსამია იგონებს: „როცა მის ლექციებს ისმენდით, არ იღლებოდით. კიტა ნამდვილი ქართული ტიპის ორატორი იყო, თუ შეიძლება, ასე გამოითქვას, ლაპარაკის დროს მუდამ იცავდა ქართული მეტყველების იერსა და სპეციფიკას (წყარო: 24blog.ge). თავისუფლად იდგა კათედრის მარცხენა კიდეზე, მარცხენა ხელს კათედრაზე ჩამოსდებდა, მეორე კი თავისუფლად ჰქონდა. ლაპარაკობდა საშუალოზე მაღალი ტონით, იყენებდა ინტონაციებს, მაგრამ მისი ხმა ყვირილში არასოდეს გადადიოდა და არც ჩურჩულამდე ჩამოვიდოდა. სიტყვებს ისე მკაფიოდ გამოთქვამდა, რომ არც ერთი ბგერა არ იკარგებოდა, სიტყვებს არ ეძებდა, ლაპარაკობდა ფიგურულად, ზომიერი სიდინჯით და საჭიროების კვალობაზე – აღფრთოვანებით, ჟესტიკულაციებს არ მიმართავდა. ერთადერთი მისი ჟესტი იყო მარჯვენა ხელის გაქნევა და ისიც იშვიათად. როცა კიტა ლაპარაკობდა, თქვენ აშკარად გრძნობდით ქართული მეტყველების სილამაზეს და მიმზიდველობას. ჰო, ერთიც უნდა ითქვას: კიტა ზემო იმერეთიდან იყო, ზემო იმერლებს კი თავისებური აქცენტი აქვთ, მას ასეთი აქცენტის ნასახიც კი არ გააჩნდა. საერთოდ, ვერც ხმაში, ვერც სიტყვების გამოთქმაში და ვერც სიტყვიერ მასალაში რაიმე კუთხურობას ვერ შეამჩნევდით... ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პარიზში გაემგზავრა და ფილოსოფიასა და ხელოვნების თეორიაში ლექციათა კურსი მოისმინა. შემდეგ ოდესის (მაშინდელი ნოვოროსიის) უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. წერა სტუდენტობის წლებში დაიწყო. გადათარგმნა და 1893 წელს ჟურნალ „კვალსა“ და გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდა გი დე მოპასანის ნოველა „მკვდარი“. ამის შემდეგ გამუდმებით აქვეყნებდა წერილებს, რეცენზიებს, თარგმანებს, პუბლიცისტურ სტატიებს. კიტა შერქმეული სახელი იყო, სინამდვილეში ივანე ერქვა, მაგრამ ასე თითქმის არავინ ეძახდა. ჰქონდა რამდენიმე ფსევდონიმი – „იმერელი ამომრჩეველი“, „კიტა“, „იმ-ამ“, „კ-ა“... სამშობლოში დაბრუნებისთანავე თბილისის „საკონტროლო პალატაში“ დაიწყო მუშაობა, მალე რაჭის მაზრაში გადავიდა მომრიგებელ  მოსამართლედ, შემდეგ – ჭიათურის მაზრაში. პარალელურად, 1896 წლიდან „ივერიის“ თანამშრომლად ითვლებოდა, დიდ დროს ატარებდა ილიასთან და მისი განთქმული საღამოების ხშირი სტუმარი იყო. ილია და აკაკი მისი სათაყვანებელი ადამიანები იყვნენ. არაერთხელ გამოსულა ილიას დასაცავად. ილიას კიტას დასაცავი
რა სჭირდა! მაგრამ დრო იყო ასეთი... უამრავი მტერი და ცუდის მსურველი გაუჩნდა ერის უკვე გარდაცვლილ სულიერ მამას... იყო ერთი კამათი და ღრიანცელი... ვიღაც-ვიღაცები დაბეჭდავდნენ ილიას სალანძღავ სტატიას, მიწასთან ასწორებდნენ მის შემოქმედებას, ფეხით თელავდნენ მის ღვაწლს... რა თქმა უნდა, ქომაგიც ბევრი ჰყავდა ილიას! ახლა ისინი ახმაურდებოდნენ და ლანძღავდნენ დიდ მოძღვარზე აუგისმთქმელთ, შემდეგ ისევ პირველები უპასუხებდნენ და იყო გაუთავებელი დავა-კამათი. ბევრი ითმინა კიტა აბაშიძემ, ყურადღებით გაეცნო მასალებს და 1913 წელს ქუთაისის გაზეთ „ერის“ რამდენიმე ნომერში გამოაქვეყნა დიდი და შთამბეჭდავი სტატია – „ჯვარს აცვ, ჯვარს აცვ ეგე“ „ერთი პილატეთაგანის“ ფსევდონიმით. გაზეთი ელვის სისწრაფით გაქრა დახლებიდან... მაშინ მთელი თბილისი და ქუთაისი მხოლოდ ამ სტატიაზე საუბრობდა... ილიას მოწინააღმდეგეებიც კი დაშოშმინდნენ, დაწყნარდნენ, დადუმდნენ... ეს სტატია შემდეგ ცალკე წიგნადაც გამოიცა და ისიც უცებ დაიტაცეს… სხვათა შორის, ილიას მკვლელობის დროს, კიტა აბაშიძე პეტერბურგში იყო და იქიდან გამოგზავნა საოცრად გულისშემძვრელი და სწორად შედგენილი დეპეშა: „ცხარე ცრემლით ვგლოვობ სამშობლოს სირცხვილს.“
„ხშირად წარმომიდგენია ხოლმე ასეთი სურათი: „განდეგილისა“ და ილიას აჩრდილნი შეყრილან სიკვდილ-სიცოცხლის იდუმალობით მოცულ საზღვარზედ. „განდეგილი“ საყვედურის კილოთი ეუბნება მის შემოქმედ მგოსანს: „ახლაც კიდევ, მას შემდეგ, რაც შენ გამოგიცდია, რაც შენ დაგატყდა თავზედ, ახლაც იტყვი, რომ მაინც ცხოვრება ტკბილია, ცხოვრებაშია მარტო სიხარულის წყარო და ბედნიერების ნიადაგი, რომ მარტო ცხოვრებაა სანატრელი?“ ამის საპასუხოდ აღიმართება სიმშვიდით აღბეჭდილი ლანდი დიადის მოძღვრისა და იტყვის: „დიაღაც, დღესაც და მარადის ჟამს მე ცხოვრების თაყვანისმცემელი ვარ. იშრომეთ, იტანჯეთ, იბრძოლეთ ცხოვრებისთვის, თუ იქ არის დამარხული ჭირი და ვიში, იქვე და მარტო იქ მოიძებნება სიხარული და სიცილ-კისკისი. ვაშა ცხოვრებას! გაუმარჯოს მის დიდებულებას!“ – წერდა კიტა აბაშიძე… სწორედ „განდეგილი“ იქცა კიტასთვის აქილევსის ქუსლად. ერთ-ერთ წერილში, „განდეგილის“ გარჩევისას ახსენა ემილ ზოლას „აბატ მურიეს შეცოდება“ და გუსტავ ფლობერის „წმიდა ანტუანის ცდუნება“... რაღა უნდოდათ ჩასაფრებულ 
„კეთილისმსურველებს“! ატყდა ერთი ამბავი – კიტა აბაშიძემ ეს როგორ გაბედა, მაგას ჰგონია, ილიამ ზოლასა და ფლობერის გავლენით შექმნა „განდეგილიო“. კიტასაც ვისგან რა ჰქონდა დასაცავი! მისთვის ილია მართლაც მოძღვარი იყო... თუმცა წინ კიდევ უფრო დიდი მზაკვრობა ჰქონდათ დაგეგმილი – კიტა მაშინ ცოცხალი აღარ იყო, ისევე, როგორც ილია, ვაჟა, ივანე მაჩაბელი და სხვები... კიტას შვილმაც ილიას შვილივით საყვარელი დისწულის, ერთადერთი მემკვიდრის – კოტე აფხაზის, ლევან რაზიკაშვილისა და ივანე მაჩაბლის შვილის ბედი გაიზიარა – კომუნისტებმა ის დახვრიტეს. ყველა ამ „საგმირო საქმის“ უკან კი, მოგეხსენებათ, სერგო ორჯონიკიძე და მისი ამფსონები იდგნენ. სინამდვილეში კი მან „განდეგილი“ ქართული ლიტერატურის შედევრად და მსოფლიო ნაწარმოებად გამოაცხადა, პოემას „ობოლ მარგალიტს“ უწოდებდა. „მან შეჰქმნა მსოფლიო პოემა, რომლის შინაარსი და აზრი ერთგვარად ძვირფასია ხელოვნების ყველა თაყვანისმცემლისთვის“, – წერდა კიტა აბაშიძე. „ჩვენი ხალხის გულის მესაიდუმლე“ – ასე ეძახდა კიტა აკაკის, თუმცა თანამედროვეთა გადმოცემით, აკაკის კიტა არ უყვარდა – რატომ? ვერსიები მრავლად არის… კოკი აბაშიძე იგონებს: „არ ვიცი, რა მიზეზის გამო, მაგრამ (აკაკის) საშინლად არ უყვარდა კიტა აბაშიძე, მიზეზი იმ უსიყვარულობისა ის იყო, რომ კიტასაც არანაკლებ გესლიანი ენა ჰქონდა და გავლენა საზოგადოებაში. ზოგიერთებს, ალბათ, კარგად ახსოვთ აკაკის გესლიანი სიტყვა, კიტას შესახებ ნათქვამი. კიტა აბაშიძე სოფელ კაცხიდან იყო. სოფელი კაცხი, თუმცა მთიან ადგილას არის გაშენებული, მაგრამ ბუნება იქ არც ისე მომხიბლავია: ხე და მცენარე ამ სოფელში უსწორმასწოროა. აკაკიმ ერთხელ, გაჯავრებულ გულზე, კიტას შესახებ თქვა: კაცხში ხე არ არის სწორი და ადამიანი როგორ იქნებაო. იმასაც ამბობდნენ, ყოფილ მეგობრებს – აკაკის და კიტას შორის შავმა კატამ 1910 წელს გაირბინაო. კიტა მაშინ ჭიათურის საურთიერთო ნდობის საზოგადო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე იყო. აკაკიმ სწორედ ამ ბანკში შეიტანა განცხადება ყოველთვიური პენსიის დანიშვნაზე. კიტას უთქვამს: აკაკის ჭიათურის შავი ქვის აღმოჩენის გამო პენსია უეჭველად ეკუთვნის, მაგრამ ბანკს პენსიის დანიშვნის უფლება არ აქვს, ფინანსთა მინისტრი უარს იტყვის, განცხადება შავი ქვის მრეწველთა საბჭოში გადავიტანოთ და ყველაფერი რიგზე იქნებაო… „კეთილისმსურველები“ გამოცოცხლდნენ და აკაკი კიტას „დანაშაულში“ დაარწმუნეს. დავით კლდიაშვილი ასე იხსენებს ამ ამბავს: „ბევრი არწმუნეს აკაკი, რომ კიტას არაფერი დანაშაული არ მიუძღვის მის წინაშე, რომ იგი მისი უმაღლესი მოსიყვარულე და მოთაყვანეა, მაგრამ აკაკი არა თუ ვერ შეაჯერეს – გაცხარებულმა წამოიძახა, რომ კიტა მისი მოთაყვანე კი არა, მისი შეურიგებელი მტერია, რომელსაც მისი მოკვლა სწადია. უნდა გენახათ ამის გამგონი კიტა! მის მწუხარებას, მის ტანჯვას საზღვარი არ ჰქონდა, საოცარი სანახავი იყო კიტა იმ ხანებში. როცა ვეხვეწებოდით, ყურადღება არ მიექცია აკაკის ნათქვამისთვის, ის თვალებზე მომდგარი ცრემლებით, გულდაჩაგრული, გულმოკლული გვეუბნებოდა ხოლმე: მე – აკაკის მკვლელი?! რამ ათქმევინა ასეთი რამ? რამ აფიქრებინა? უნდა აღინიშნოს, რომ კიტას არასდროს არავისთან ერთხელაც კი არ დასცდენია აუგი აკაკიზე – ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. „აკაკი მე უსამართლოდ მეპყრობა, მაგრამ ამაში დამნაშავე არიან ჩემი მტრები, რომლებიც აკაკის სუსტი ხასიათითა და მოხუცებულობით სარგებლობენ და გულში ჩემს სიძულვილს უნერგავენ. იციან აკაკის გავლენა ხალხში, ამიტომ ყოველივე უმართებულოს ალაპარაკებენ ჩემს წინააღმდეგ და ამით სურთ, სახელი გამიტეხონო.“ – ეუბნებოდა კიტა მეგობრებს… ერთხელ კიტა ქუთაისში, კაფე „სამოთხეში“ სრულიად ახალგაზრდა „ცისფერყანწელებს“ – პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს, კოლაუ ნადირაძესა და სხვებს შეხვდა... იქ ხელჩართული კამათი გაიმართა, არჩევდნენ ლექსებს, ახალგაზრდების ასე თამამ და ხმამაღალ დეკლარაციას. დამსწრეთა აზრი ორად გაიყო. შემდეგ პაოლომ კიტას სიტყვით მიმართა და ექსპრომტიც უძღვნა. პაოლოს არც კიტა ჩამორჩა. დავით კლდიაშვილის მოგონებით, „ამ აღელვებულ საზოგადოებაში საოცრად ლამაზი იყო კიტა, მის მიერ ნათქვამი სიტყვით, მის მიერ სიმპათიის გამოხატვით ახალი ძალებისადმი. მან დაამშვიდა აღელვებული შეკრებილობა და საყურადღებოდ გახადა ამ ახალგაზრდათა მისწრაფება და სურვილი. მას ღრმად ახარებდა ახალი ძალების გამოჩენა, გამოსვლა და ამუშავება.“ კიტამ „ცისფერყანწელთა“ აღფრთოვანება დაიმსახურა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაშინვე გამოუჩნდნენ ოპონენტებიც – ამხელა კაცი დაუღვინებელ ბავშვებს აჰყვაო, მაგრამ ამას მიჩვეული იყო... უკვე გალანძღული ჰყავდათ არჩილ ჯორჯაძისა და დიმიტრი უზნაძის ნიჭის აღიარებისთვისა და გამოქომაგებისთვის – „კიტა აბაშიძემ საქართველოს ახალგაზრდა ფილოსოფოსები შეუქმნა და ისინი თაროზე წამოასკუპაო“.
скачать dle 11.3