კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რატომ გადაწყვიტა რუსეთმა მოქალაქეობა დაურიგოს საბჭოთა კავშირში, ანუ 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებულ ყველა ადამიანს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

სანამ ჩვენ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების გაგრძელებით ბუნებრივად ვართ გახარებულები, რუსეთის ფედერაციამ კანონში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა და დაადგინა, რომ რუსეთის მოქალაქეობა უპრობლემოდ მისცეს საბჭოთა კავშირში დაბადებულებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ სსრკ ოფიციალურად 1991 წლის 21 დეკემბერს დაიშალა, რუსეთის პოტენციალური მოქალაქეები ისეთებიც კი არიან, ვისაც საბჭოთა კავშირი ლანდადაც არ ახსოვთ. ცხადია, რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავისი გავლენის განმტკიცებას ცდილობს და ისიც ვიცით, რომ საკუთარი მოქალაქეების დაცვის ეგიდით არც სამხედრო ინტერვენციებზე ამბობს უარს. დღესავით ნათელია, რომ ხანდაზმულებმა შესაძლოა, რუსული პენსიის მიღების მოტივით, ხოლო არახანდაზმულებმა სამუშაოს მოძებნის მიზნით უარი არ თქვან რუსულ შემოთავაზებაზე, მით უფრო, რომ, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ორმაგი მოქალაქეობა მარტივდება, ანუ დაშვებულია ყოველგვარი გამონაკლისის წესით მინიჭების გარეშე. საკითხს ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ ხიფათის შემცველია (საკუთარ ტყავზე ვიცით, როგორ იყენებს რფ საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბს სამხედრო შემოჭრისთვის), ვაჟა ბერიძესთან ერთად განვიხილავთ ამ ინიციატივით საქართველოსთვის მოსალოდნელ ხიფათებსა და იმ მიზანზე, რასაც რუსული სახელმწიფო ისახავს.
– რა მოტივით მიიღო ეს გადაწყვეტილება კრემლმა? მხოლოდ სანქციებზე საპასუხოდ?
– 1991 წლის 31 მარტს ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის კი არ დამთავრდა, არამედ გაგრძელდა და ჩვენ უნდა ვიომოთ, ვიბრძოლოთ – ზოგმა კალმით, ზოგმა იარაღით, თუ რამედ გვიღირს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს ბრძოლა 1801 წელს დაიწყო, ეს არის ერთიანი ომი და ყველა მოვლენა ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.  ამ ერთიანი ომის ერთი ეპიზოდი იყო 2008 წლის აგვისტოს ომიც. ამდენად, ეს ომი დღესაც გრძელდება და ამ ომის საკმაოდ საინტერესო და ეფექტიანი, გათვლილი ნაბიჯია ეს ინიციატივა: რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება სსრკ-ში დაბადებული ყველა ადამიანისთვის.
ეს არის მორიგი მუხანათური, მზაკვრული ჩანაფიქრი, რომელმაც აი, ამ სოციალურ შეჭირვებაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ისეთი საცთური უნდა შესთავაზოს, როგორიცაა რუსეთის მოქალაქეობა.
– რომელსაც აქ ხვდება ორმაგი მოქალაქეობის ნიადაგი. და რა არის საცთურები?
–  ბევრია: უწინარესად, რუსეთი არის უზარმაზარი შრომის ბაზარი, სადაც დასაქმების შესაძლებლობა უჩნდებათ მათ, ვისაც ფიზიკურად შეუძლია მუშაობა. ადამიანები კარგი ცხოვრების გამო ხომ არ მიდიან თურქეთის პლანტაციებში სამუშაოდ?! თუ რუსეთის მშენებლობებზე გაჩნდება დასაქმების შესაძლებლობა, თურქებზე უკეთ რუსებს იცნობენ ქართველები: ხასიათით, მენტალობით, ენით და იქ უფრო წავა საქართველოს მოქალაქე სამუშაოდ. ამ ინიციატივით, გაიოლდება რუსეთში ჩასვლაც, არადა რუსეთისთვის არაფერია ოთხი მილიონი მოქალაქის მიღება.
– თან, ოთხი მილიონი ხომ არ წავა, ან დედა-წულიანად ხომ არ გავიკრიფებით?
– რა თქმა უნდა და როგორც ევროკავშირისთვის არ არის სირთულე უვიზო მიმოსვლის დაკანონება, იმიტომ რომ მცირერიცხოვანი ქვეყანა ვართ და საფრთხეს ვერ შევუქმნით, ასევეა, რუსეთისთვისაც და აქედან გამომდინარე, საცთურად სთავაზობენ სამუშაო ბაზარს, მისვლა-მოსვლას. იგულისხმება პენსიაც, სოციალური გარანტიებიც. ეს არის გარკვეული ქვეტექსტისა და წონის წინადადება და პასუხად სირაქლემის პოზაში ყოფნა არაფერს მოგვიტანს. კარგად უნდა გავიაზროთ ამ ინიციატივის ყველა ასპექტი, სხვა თემაა, რამდენად თამიმდევრული იქნება რუსეთი ამ ჩანაფიქრის გახორციელებაში და რა რეაქცია მოჰყვება ამ ინიციატივას.
– რა რეაქცია უნდა მოჰყვეს? მაშინ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ძველი წესი უნდა დატოვოს ხელისუფლებამ ძალაში, ან ამჟამად მოქმედი, როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას ავტომატურად წყდება საქართველოს მოქალაქეობა და პრეზიდენტს აქვს ერთპიროვნული უფლება, მიანიჭოს ორმაგი მოქალაქეობა ან არ მიანიჭოს.
– ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. მე, როგორც მოქალაქე და როგორც ანალიტიკოსი, მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ შეიმუშაოს ამ ინიციატივისგან დაცვის სრულყოფილი მექანიზმი, რათა ამ გადაწყვეტილებამ არ მოახდინოს გავლენა ჩვენს უსაფრთხოებაზე; ახალგაზრდა, ენერგიული პრემიერი გვყავს და თავად უნდა მოიფიქროს საპასუხო ნაბიჯი, ისედაც, ამდენი ხანია, ხელისუფლებას არ აქვს რეაქცია ამ რეალობაზე, რაც მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია.
– რადგან თქვენ არ ამბობთ, მე ვიტყვი, რასაც ვფიქრობ, თან კატეგორიულად: უნდა გააუქმონ ჯერარამოქმედებული წესი ორმაგი მოქალაქეობის დაშვების შესახებ.
– ჩემი აზრით, მართებულად ფიქრობთ, მაგრამ განა თქვენი და ჩემი კატეგორიულობაა საჭირო იმისთვის, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ნებისმიერი თავისი ინიციატივის შესაძლო შედეგები წინასწარ განჭვრიტოს?! იმიტომ რომ, როდესაც ამაზე ლაპარაკობდნენ წლების წინათ და მერეც, ამ იდეას სალომე ზურაბიშვილი ლობირებდა, მე, როგორც ერთი მოქალაქე, ვამბობდი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ეს იყო მიუღებელი, მაგრამ ვინმე აქცევს ყურადღებას მედიაში ნათქვამს?! ჩვენ მცირერიცხოვანი ქვეყანა ვართ და ორმაგი მოქალაქეობა დაუშვებელია. ეს გადაწყვეტილება აქედან წასული მიგრანტების შენარჩუნებას კი არ ემსახურება, პირიქით, მოქალაქეობის მნიშვნელობის დამცრობას, გაუფასურებასა და საქართველოს მოქალაქეობის გაბიაბრუებას. სალომე ზურაბიშვილს განა რამე ანტიქართული ჰქონდა ჩაფიქრებული, მას სიკეთე უნდა ამ ქვეყნისთვის, მაგრამ მისი ინიციატივის შედეგია დიდი ხიფათი საქართველოსთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავხდებით დიასპორა ერი 5-10 წელიწადში, ამას სხვა მექანიზმებით უნდა მივაღწიოთ და საქართველოს მოქალაქეებმა, ძირითადად, საქართველოში მცხოვრებლებმა უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის ბედი, მისი პოლიტიკური ორიენტაცია, ამისთვის კი საჭიროა რეფერენდუმების ორგანიზება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, განსაკუთრებით ბოლოდროინდელ ნარკოლიბერალიზაციის თემაზე. ასეთ საკითხებს კი ხალხს არ ანდობენ პოლიტიკური ლიდერები და პერიოდულად შემოაგდებენ ხოლმე გაუაზრებელ ინიციატივებს, რომელთა შორისაც იყო ორმაგი მოქალაქეობა. მეორე მხრივ, უამრავი ბერკეტი აქვს რუსეთს საქართველოზე ზემოქმედებისთვის, რომლებზეც არც „ნაციონალი“ ექსპერტები ფიქრობენ და ვერ ფიქრობენ და ვერც პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც თითოკაციანი პარტიებისგან შედგება: მათ არც ფული აქვთ, არც დრო და არც საშუალება, რომ ასეთ თემებზე იფიქრონ.
საქართველოს რამდენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში? ასეულ ათასობით. ელექტორატის რა ნაწილია ეს და არაფერია იმ მოქალაქეებს რომ არ მიუღიათ მონაწილეობა საქართველოს არც ერთ ბოლო არჩევნებში?! მაგრამ, ნახეთ, პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს მიაჩნიათ, რომ, თუ იქაური ქართველობა ჩაერთვება ჩვენს არჩევნებში და დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის ბარიერი რომ გადალახოს ჩვენმა მთავრობამ, რუსეთის ხელისუფლება მოახდენს ზეგავლენას ამ მოქალაქეებზე და ისეთი შედეგი დადგება არჩევნებში, როგორიც რუსეთისთვისაა ხელსაყრელი.
– მაგრამ, თუკი აქ, საქართველოში მცხოვრებლები მიიღებენ რუსეთის მოქალაქეობას, მათაც ხომ ვერ აუკრძალავენ არჩევნებში მონაწილეობას?
– პენსიონერი, რომელსაც წამლის ფული არ აქვს, იფიქრებს, საქართველოს მოქალაქეობას ხომ არ ვკარგავ და მაშინ მივიღებ რუსეთის მოქალაქეობასაც, თუ გამიორმაგდება პენსია და ვიყიდი წამალს. მჯერა, ჩვენი მხცოვანი თანამემამულეების უმეტესობა არ მიიღებს რუსეთის მოქალაქეობას, მიუხედავად საცთურებისა და ეს ხიფათი მინიმალიზდება, მაგრამ შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად განვითარდეს, რაც მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დააყენებს ქვეყანას.
– აიღებს ქართველი პენსიონერი რუსულ პენსიას და მადლიერების ნიშნად, ისე, რომ არავინაც არ დააძალოს, შესაძლოა, ხმა მისცეს პრორუსულ პარტიას. მით უფრო, რომ ჩვენი ამომრჩევლის ლომის წილს პენსიონერები შეადგენენ.
– ეს საფრთხე არსებობს, ოღონდ საქართველოში წაშლილია, გადღაბნილია პოლიტიკური ორიენტირების საკითხი და პროდასავლურები ზოგჯერ უფრო პრორუსულები არიან, პრორუსულები კი – უფრო პროდასავლურები და ეს არის ამ ქვეყნის ტრაგიკომედია.
– რუსეთს არ გაუჭირდება უცებ სრულიად ახალი ძალის დაფინანსება, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
– ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ და ვიცით, რომ ყველაზე პრორუსული ძალა საქართველოში, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც იმ შედეგებს უზრუნველყოფს რუსეთისთვის, რაც მას არც კი დაესიზმრებოდა. მაგალითად, ელცინი აიძულეს, გაეყვანა ჯარები საქართველოდან, მიშამ კი ავანტიურისტული კამპანია ვერ აიცილა თავიდან და დაიკანონეს რუსებმა თავიანთი ბაზები. მიშამ ხელი შეუწყო იმით, რომ შემოჯლიგინდნენ, ჯუჯა სეპარატისტული ანკლავების დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამიტომ ძალიან ძნელია მოქმედება ამ ღატაკ ქვეყანაში, სადაც ინტელექტუალებს არ შეუძლიათ, შეიკრიბონ და ახალ პოლიტიკურ ძალას ჩაუყარონ საფუძველი. და ახლაც ჩვენი პოლიტიკური ტრაგედიის საფუძველი არის ის, რომ ბიძინას არ ჰყავს ალტერნატივა. ბიძინას ალტერნატივაა მიშა. ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის, რადგან მოსახლეობის 60-70 პროცენტისთვის მიშაც მიუღებელია და ბიძინაც, მაგრამ ისევ ბიძინას უჭერს მხარს, იმიტომ რომ მიშა უფრო მიუღებელია. რაც კატასტროფაა და ეს სამწუხარო რეალობა ჯეროვნად არ ფასდება მთავრობის მიერ.
– ჩვენ საქართველოში ცოტანი ვართ, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცე დიდია და მრავალრიცხოვანი. აზერბაიჯანი, შუა აზიის რესპუბლიკები – ეს ხომ უკვე დიდი ხარჯი იქნება რუსეთისთვის, ამდენი პენსიონერის დამატება?
– ბევრია, რა თქმა უნდა და ეს ინიციატივა მოითხოვს რუსეთისგან პირდაპირ და არაპირდაპირ დანახარჯებს. მაგრამ რუსული მენტალიტეტისა და პოლიტიკური აზროვნებისთვის მთავარი საბჭოთა კავშირის საზღვრებში რუსეთის გავლენის აღდგენაა. დანარჩენი მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ, იშიმშილებენ – ოღონდ რუკაზე დიდად იყოს მოხაზული ჩვენი მეზობელი რუსეთი. ამ ეტაპზეც ისინი არასწორ პოლიტიკას ატარებენ, იმის ნაცვლად, რომ მოიგონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გული და მისცენ მათ დამოუკიდებლობის გარანტიები, ისევ ნაღმების ჩადებას ცდილობენ და ამ ინიციატივის გარდა მათ კიდევ ბევრი ნაღმი აქვთ. ერთი უკვე მოვიხსენიე – ასეულ ათასობით სამუშაოდ და საცხოვრებლად რუსეთში გადასული საქართველოს მოქალაქე,  რუსებს ჩვენ წინააღმდეგ არსენალში სხვა ბევრი რეზერვიც აქვთ, ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი კი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.
скачать dle 11.3