კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 იძებნება სიკვდილით მოთამაშე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური


დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #24-37(924)


მაიკლ კოენმა კი ამოიოხრა და თქვა:
– რასელთან თორმეტწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს და მენდობა. თანაც, ჩემი პროფილის ადამიანი სჭირდებოდა ამ საქმეში და ამიტომაც დამავალა ამ ოპერაციის ჩატარება. ჩონჩხი მან მითხრა, ხორცი კი მე შევასხი. გეგმის მთავარი მიზანი პრეზიდენტის გადადგომაა და ამის მიღწევა დაგეგმილია „ეშმაკის ამონასუნთქის“ ვაშინგტონში ჩამოტანითა და ყველაფრის ისე მოწყობით, თითქოს საფრთხე ბოლო მომენტში განეიტრალდა, ანუ, ბასილელი და მისი ცოლ-შვილი უნდა დაიხოცოს. ამას ყველა ძალოვანი სტრუქტურის მეთაურისა და თავად პრეზიდენტის გადადგომა, შემდეგ კი რიგგარეშე არჩევნები უნდა მოჰყვეს. მე „ცენტრალური დაზვერვის“ დირექტორობას შემპირდა.
– როდისთვისაა დაგეგმილი ამ სცენის ვაშინგტონში დადგმა?
– ზუსტად სამი დღის შემდეგ, მას მერე, რაც ბასილელსა და „ეშმაკის ამონასუნთქს“ შტატებში ჩამოიყვანენ რუსები.
საიმონი ამ ინფორმაციას არ მოელოდა და გაოცებულმა წამოიძახა:
– ვინ? რუსები? რა შუაშია რუსები?
– თქვენ მე ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევთ, – თქვა „მეწაღემ“, – წამდაუწუმ მაწყვეტინებთ.
– თქვით. გისმენთ, – მკაცრად თქვა საიმონმა. „მეწაღემ“ კი  ამოიხვნეშა და განაგრძო:
– ამ ოპერაციაში რუსებიც მონაწილეობენ და მათთან კოორდინაციას დინ სკაიპი ახორციელებს.
– ვინ დინ სკაიპი? – წამოიძახა გაოცებულმა საიმონმა.
დინ სკაიპი „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ ტექნიკური განყოფილების თანამშრომელი იყო, რომელიც ერთი წლის წინ კარიბის ზღვაში უზარმაზარი ზვიგენის მსხვერპლი გახდა. სკაიპი წყალქვეშეთისთვის მოწყობილობას ცდიდა და ზვიგენებს გადაეყარა. „ბიურომ“ სპეციალური გამოძიება ჩაატარა და სკაიპი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულად იყო მიჩნეული. სწორედ ამიტომ გაოცდა საიმონი და სიტყვა შეაწყვეტინა „მეწაღეს“.
– აი, ისევ შემაწყვეტინე, – უთხრა საიმონს კოენმა.
– ეს არცაა გასაკვირი. რამდენადაც ვიცი, სკაიპი ზვიგენებმა იმსხვერპლეს კარიბის ზღვაში შარშან.
– ბევრი გცოდნია, ნეტავი ვინ ხარ?
– გაეცინა კოენს.
– განაგრძე! – დაუყვირა უკიდურესად აღგზნებულმა საიმონმა.
– სკაიპის შესანსვლის სცენა ჩვენ დავდგით. დინი კი ქვეყნიდან გავაპარეთ და რუსების დახმარებით კავკასიაში განვათავსეთ. მან იქ ულტრათანამედროვე ელექტროსისტემა შექმნა, რომელიც ძებნის სიგნალს ბლოკავს.
– ესე იგი, დინ სკაიპის მიერ გამოგონილი სისტემა ბლოკავს ჩვენს ძებნის აპარატურას და ამიტომ არ ხერხდებოდა ბასილელის ადგილსამყოფლის დადგენა? – წამოიძახა საიმონმა.
– დიახ, სწორედ მასეა, მაგრამ ეს საიდან იცი. ვინ ხარ?
– ვიცი. განაგრძე! – კვლავ იღრიალა საიმონმა.
– სკაიპი რუსებთან ერთად მუშაობს. ეს რუსები კავკასიაში მოღვაწეობენ და ძალიან მძლავრი ორგანიზაცია და ინფრასტრუქტურა აქვთ. ასი მილიონი, რომელიც მათ გუშინ თბილისში მიიღეს, თქვენ ალბათ იცით ეს, სწორედ ამ ორგანიზაციის საქმიანობასა და სკაიპის გამოკვლევებს უნდა მოხმარდეს. აფეთქებები თბილისში მათი მოწყობილია.
– ვაშინგტონში? – ჰკითხა საიმონმა.
– ვაშინგტონში – ჩემი არწივების.
– როდის და რა გზით უნდა ჩამოიყვანონ რუსებმა ბასილელი ცოლ-შვილიანად და „ეშმაკის ამონასუნთქთან“ ერთად აქ?
– აი, ეგ კი ჩემთვის რიტორიკული კითხვაა, რომელზეც მე პასუხი არ მაქვს და რის გამოც სკაიპთან კონფლიქტი მომივიდა და ჩემი კონტროლიდან გამოვიდა.
– რას ნიშნავს  კონტროლიდან გამოვიდა?
– იმას, რომ თავდაპირველად ჩვენ უნდა ჩაგვეტარებია ეს ოპერაცია. ბასილელი და „ეშმაკის ამონასუნთქი“ ჩვენ უნდა გვეკონტროლებინა ვაშინგტონში. მაგრამ სკაიპმა განმიცხადა, ვითარება შეიცვალა, ჩვენ დავასრულებთ ოპერაციასო. ხოლო, როცა ვკითხე, რატომ-მეთქი, მიპასუხა, – ასე უფრო საიმედოაო.
კოენის სიტყვებზე საიმონს „ტვინში დასცხა“ და ცივმა ოფლმა დაასხა, „მეწაღეს“ კი უთხრა:
– და თუ იცი, ეს რას ნიშნავს?
– ზუსტად არა, მაგრამ შემიძლია, ვივარაუდო, – მიუგო კოენმა.
– კატასტროფული სიტუაციაა, – თქვა საიმონმა.
– გეთანხმებით. აშკარაა, რომ რუსებმა გაგვაცურეს და ღმერთმა უწყის თუ რას გეგმავენ, – დაეთანხმა კოენი საიმონს და დააყოლა, – ასე ხდება ყოველთვის, როდესაც უკუღმართ გზას აირჩევ.
საიმონ ბენქსი საგონებელში იყო ჩავარდნილი და ისე აღგზნებული, რომ „მეწაღე უორენს“, იგივე მაიკლ კოენს შუაზე გახევდა. მაგრამ, მთელი ნებისყოფა მოიკრიბა. გრიმი და პარიკი მოიხსნა და კოენს ჯიქურ მიაჩერდა.
– თქვენ მისტერ ბენქს? – მოულოდნელობისგან აღმოხდა კოენს.
– კოენ, შენი დანაშაული სამშობლოს წინაშე განუზომელია და მის ხარისხს სასამართლო შეაფასებს, რომლის წინაშე აუცილებლად წარსდგები. ახლა კი გთავაზობ, დაგვეხმარო, რათა მოსალოდნელი დიდი უბედურება ავიცილოთ თავიდან და სიტყვა შენზეა.
– მზად ვარ, მისტერ ბენქს, დაგეხმაროთ და თავიც გავწირო ჩემი შეცდომის გამოსასწორებლად, – თქვა კოენმა.
– დანაშაულის და არა შეცდომის, – შეუსწორა საიმონმა.
– დიახ. დანაშაულის, – გაიმეორა „მეწაღე უორენმა“.
საიმონმა მწველი მზერა მიაპყრო დედიშობილა კოენს, რომელიც ჯერ კიდევ წამებისთვის განკუთვნილ სკამზე იყო „მიმაგრებული“ და უთხრა:
– ალბათ, ზედმეტია იმის შეხსენება, თუ რა საშინელება გელოდება, თუკი ჩვენგან ხელიდან დასხლტომას შეეცდები ან მცირედს მაინც იცრუებ.
– ვიცი და არც კი ვფიქრობ მსგავსი რამის ჩადენას.
– კეთილი. მაშინ გაგათავისუფლებთ და ნორმალურ ვითარებაში ვილაპარაკოთ, – უთხრა ბენქსმა კოენს და მეგობრებს ანიშნა, – ახსენითო.
„მეწაღე უორენი“ საწამებელი სკამიდან ადგა, იქვე დაყრილი ტანსაცმელი ჩაიცვა, შემდეგ ჩვეულებრივ სკამზე ჩამოჯდა და ბენქსს უთხრა:
– მისტერ ბენქს, მხოლოდ უტყუარი ფაქტებით გელაპარაკოთ თუ ჩემი ვარაუდებიც მოგახსენოთ?
– ყველაფერი, კოენ და სწრაფად. დრო არ ითმენს და კატასტროფა შეიძლება უახლოეს საათებში მოხდეს, – თქვა საიმონმა.
– მაშინ, ჩემი აზრით, მთავარით დავიწყებ. მართალია, ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ ვფიქრობ, ყურადღებას იმსახურებს, – კოენმა პაუზა გააკეთა და დაამატა, – თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პოლ კუნცი მტრებისკენაა.
საიმონს თვალები გაუფართოვდა და „მეწაღე უორენს“ უთხრა:
– პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების დარგში, დოქტორი პოლ კუნცი მოღალატეა?
– ხომ გითხარით, სერ, რომ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, მაგრამ თითქმის ასი პროცენტით ვარ ამაში დარწმუნებული, – უპასუხა კოენმა ბენქსს.
– და, რაზეა ეს ვარაუდი დამყარებული?
– ბევრ რამეზე, სერ და ამის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, დრო კი არ ითმენს. ამიტომ მთავარს გეტყვით – ამას თავად სენატორი ამბობდა. უფრო სწორად, მას მაშინ კუნცის გვარი არ უხსენებია, მაგრამ ამბობდა მოწინააღმდეგის ბანაკში ძალიან ინფორმირებული წყარო მყავსო.
– პრეზიდენტის ბანაკს გულისხმობ?
– დიახ, სერ. სენატორი ამას არჩევნების პერიოდში ამბობდა. ხომ გახსოვთ, ხმა რომ გავრცელდა, პრეზიდენტის ბაბუის მამა გენეტიკური სიფილისით იყო დაავადებული და ეს დაავადება პრეზიდენტის გენებშიცააო. პრეზიდენტობის შემთხვევაში კი ეს შეიძლება, მის მოღვაწეობაზე უარყოფითად აისახოს და არ აირჩიოთო?
– კი. მახსოვს. მაგრამ ისიც კარგად მახსოვს, რომ ძალიან კომპეტენტურმა ექიმებმა  პრეზიდენტი ყოველმხრივ შეამოწმეს. მის ორგანიზმში ვერაფერი აღმოაჩინეს და ეს სკანდალი ამით დამთავრდაა.
– სინამდვილეში, სერ, ეს ყველაფერი სიმართლე იყო, მაგრამ ექიმებთან საქმე ჩააწყო და სიმართლე დამალეს. მე ერთ-ერთ ექიმთან მქონდა საუბარი და ეს ყველაფერი იქიდან ვიცი.
– დავუშვათ, მართალს ამბობთ, მაგრამ კუნცი აქ რა შუაშია.
– შუაში კი არა, სერ, სწორედ თავშია. ამას წინათ თავად სენატორს წამოსცდა, – იმ კუზიანმა დაგვაღალატა, თორემ ახლა ოვალურ კაბინეტში ვიჯდებოდიო. კუზიანი კი – კუნცია, სერ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ სენატორს კუნცი სათადარიგო მკვლელად ჰყავს შემონახული და უკიდურეს შემთხვევაში სწორედ პრეზიდენტის ფიზიკური ლიკვიდაციის შედეგად აპირებს მისი ადგილის დაკავებას.
– ეს საიდანღა იცით?
– სერ, სენატორი ამპარტავანი, ემოციური ადამიანია და ხშირ შემთხვევაში საკუთარი გრძნობების შეკავება უჭირს და ბევრს ლაპარაკობს. მართალია, უმეტეს შემთხვევაში ქარაგმებით, მაგრამ ამ ქარაგმებიდანაცაა შესაძლებელი ინფორმაციის მიღება.
– და რა თქვა და შენ რა დასკვნა გამოიტანე? – ჰკითხა კოენს საიმონმა.
– ვიწრო წრეში ვისკით დათვრა და ჯერ პრეზიდენტი ლანძღა, თან ღვარძლიანად მოაყოლა, – ბევრი მეფე და მმართველი მოუწამლავთ კუზიანებს და უკვე პრეზიდენტის დროაო. შემდეგ კოპები შეკრა და პრეზიდენტს უშვერი გინება დაუწყო. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირი სამხილი არაა, მაგრამ არც თუ ისე ცოტაა და ყურადღების მიქცევა სჭირდება, – თქვა „მეწაღე უორენმა“.
– კი, სჭირდება, მაგრამ მე ახლა უფრო „ეშმაკის ამონასუნთქისა“ და რუსების ამბავი მაღელვებს. როგორ გავიგოთ, რა გზით აპირებენ აქ შემოსვლას და საშინელი ტერაქტის ჩატარებას, რასაც უამრავი სიცოცხლე შეეწირება და ისეთი ქაოსი შეიქმნება, როგორიც არასდროს ყოფილა, – თქვა საიმონმა. სარდაფში ბოლთის ცემას მოჰყვა და ბოლოს კოენს ჰკითხა:
– იმ ნაძირლებთან დაკავშირების საშუალება გაქვთ?
– დიახ. დამირეკავს, მაგრამ არ მგონია, დაკავშირება ახლაც შევძლო. მათ, უბრალოდ, გამორთული ექნებათ ტელეფონი. ალბათ, უკვე გზაში არიან და „ეშმაკის ამონასუნთქი“ შტატებში მოაქვთ, – თქვა კოენმა.
„მეწაღე უორენის“ სიტყვებმა საიმონი უკიდურესად გააღიზიანა და მას სახე წამოეჭარხლა. შემდეგ კი კოენს უთხრა:
– მაინც სცადე, იქნებ გიპასუხონ.
– რომ მიპასუხონ, რა ვუთხრა? – ჰკითხა საიმონს კოენმა.
– მოიკითხე. გამოჰკითხე, რას აპირებენ. იქნებ, რამე გავიგოთ. გვაქვს კი არჩევანი? – გამწარებით თქვა საიმონმა.
კოენმა ტელეფონის ნომერი აკრიფა და დაელოდა. მას რამდენიმე წამში უპასუხეს:
– დიახ, გისმენთ.
– ორუელი ვარ, რომელი ხარ? – ჰკითხა კოენმა მოპასუხეს.
ორუელი „მეწაღე უორენის“ დაშიფრული სახელი იყო „ეშმაკის ამონასუნთქის“ პროგრამაში.
– რიდლი ვარ, მისტერ ორუელ, – მიუგეს კოენს და მან საიმონს ანიშნა, – ბასილელიაო.
„ბიუროს“ დირექტორის მოადგილემ გურამისგან იცოდა, თუ რა პაროლზე იყვნენ შეთანხმებულები ბასილელი და ქართველი მინისტრი. ამიტომ კოენს უჩურჩულა:
– უთხარი, მეთიშება და ახლავე გადმოგირეკავო და გაუთიშე.
„მეწაღე უორენმა“ ბასილელს უთხრა:
– მისტერ რიდლი, ტელეფონი მეთიშება და ახლავე გადმოგირეკავ, – და გათიშა, ბენქსს კი უთხრა:
– ახლა რა გავაკეთო?
– რომ დაურეკავ, უთხარი, – უცნაური ხმა გაქვთ. გაციებული ხომ არ ხართ. ისე ლაპარაკობთ, თითქოს დიდი ხნის განმავლობაში ახველებდითო. ეს პაროლია და იმედია, მიხვდება. თუ იტყვის, არ დამიხველებია და უბრალოდ, ასეთი ხმა მაქვსო, ესე იგი, ჯერ კიდევ თბილისშია. ხოლო თუ დაახველა ან გითხრა, მახველებდაო, ესე იგი, თბილისიდან გამოემგზავრნენ და აქ, შტატებში არიან. გასაგებია?
– გასაგებია, – თქვა კოენმა. საიმონმა კი დაამატა:
– ჯერ ელაპარაკე და ეს პასაჟი საუბარში ჩასვი. უეჭველი უსმენენ და რომ არ გავიშიფროთ.
– გასაგებია, – თქვა კოენმა და ბასილელს ხელმეორედ დაურეკა.
– გისმენთ, მისტერ ორუელ, – უპასუხა „მეწაღე უორენს“ ბასილელმა.
 – მისტერ რიდლი, როგორ ხართ. დიდი ხანია, თქვენი ხმა არ გამიგონია.
– დიახ. ვემზადებოდით. თქვენთან რა ხდება?
– გელოდებით, – მოკლედ მოუჭრა კოენმა.
– სწორად გამიგეთ, მისტერ ორუელ, მაგრამ ამ თემაზე საუბრის კომპეტენცია არ მაქვს, – მიუგო ბასილელმა და ეს იმას ნიშნავდა, რომ მისმა დამატყვევებლებმა, სავარაუდოდ რუსებმა, მკაცრად აუკრძალეს ინფორმაციის გაცემა თვით „მეწაღე უორენისთვისაც“ კი.
კოენმა დრო იხელთა და ბასილელს „შეუგდო“:
– მისტერ რიდლი, რა უცნაური ხმა გაქვთ?
– უცნაური? – გულწრფელად გაუკვირდა ბასილელს.
– დიახ, მისტერ რიდლი. ისე ლაპარაკობთ, როგორც დიდი ხნის ხველების მერე. ხომ არ გაცივდით?
– ხველების მერე? – გაიმეორა ბასილელმა.
– დიახ, დიახ, – დაუდასტურა კოენმა.
– ჯერჯერობით არ მახველებს, ორუელ ბატონო, მაგრამ ოფლიანობა ვიცი და შეიძლება, კიდეც დამახველოს, – ხუმრობანარევი კილოთი უთხრა ბასილელმა კოენს და დააყოლა, – არა, ორუელ ბატონო, რა ხველება, რის ოფლიანობა. კარგად გახლავართ. ნუ დარდობთ და საკუთარ თავს მიხედეთ.
– თქვენც მიხედეთ თქვენს თავს, – უპასუხა „მეწაღე უორენმა“.
ამ დროს საუბარში მესამე ჩაერთო და გაბრაზებით უთხრა კოენს:
– სისულელეების ლაპარაკს მოეშვი, „მეწაღე უორენ“ და შენ საქმეს მიხედე. ნუ ცდილობ, ინფორმაციის გამოტყუებას, მაინც ვერაფერს გაიგებ. ყველაფერი თავის დროზე იქნება. გასაგებია?
– გასაგებია, უცნობო მეგობარო, – ირონიით უპასუხა კოენმა.
– არცაა საჭირო ჩემთან ნაცნობობა, – შეუღრინა კოენს უცნობმა და ტელეფონი გაუთიშა.
ეს საუბარი ოთხეულსაც კარგად ესმოდა. „მეწაღე უორენმა“ მხრები აიჩეჩა და საიმონს უთხრა:
– სამწუხაროდ, თქვენი პაროლებიდან არაფერი გამოვიდა და ბასილელი ვერაფერს მიხვდა.
– პირიქით, კოენ. ბასილელი ყველაფერს მიხვდა და ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა. „ეშმაკის  ამონასუნთქი“ და კამპანია ჯერ კიდევ თბილისში არიან და გამოსამგზავრებლად ემზადებიან. თანაც, მისი ცოლ-შვილი უკვე მასთან ერთადაა, – უთხრა ბენქსმა კოენს.
– კი მაგრამ, ცოლშვილის ამბავს როგორ მიხვდით? დავუშვათ, თბილისში რომ არიან ჯერ კიდევ იქიდან იცით, რომ მან მითხრა, არ მახველებსო, მაგრამ ცოლ-შვილი? – მხრები აიჩეჩა კოენმა.
– ორუელ ბატონოო, რომ გითხრა, იქიდან ვიცი. ვისაც შეუთანხმდა იმისთვის უნდა ეთქვა, გურამ ბატონოო, – განუმარტა ბენქსმა „მეწაღე უორენს“.
– რომელი გურამი, სერ, ქართველი მინისტრი? – დააზუსტა კოენმა.
– კი. რა, მერე? – იკითხა ბენქსმა.
– ჩვენებს მისი ლიკვიდაცია აქვთ დაგეგმილი. ახლა ის სასტუმროშია და თუ არ ვცდები, სადილობისას უნდა მოწამლონ. ეს თავად სენატორის ბრძანებაა და ვფიქრობ, რუსებისგან მომდინარეობს, – თქვა კოენმა.
– აბა, ბიჭებო, ჩქარა. დრო ძალიან ცოტაა და ბევრი რამ გვაქვს მოსასწრები. ექსტრემალური გეგმა უნდა ავამოქმედოთ. მადლობა ღმერთს, რომ „ეშმაკის ამონასუნთქი“ ჯერ კიდევ თბილისშია და სპეცოპერაციები იუველირული სიზუსტით უნდა ჩავატაროთ, – თქვა საიმონმა და კვარტეტი და მათი ტყვე ბუნკერიდან გამოვიდნენ...
***
შემდგომი მოვლენები ვაშინგტონსა და თბილისში სინქრონულად და ფაქტობრივად, თვალის დახამხამებაში განხორციელდა. საიმონ კოენმა „ბიუროს“ შეფს, ბრაიან დევიდსს გეგმა „ექსტრემალი“ აამოქმედებინა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ პრეზიდენტის ნებართვით, ქვეყანაში ძალაუფლებას „გამოძიების ფედერალური ბიურო“ იღებდა ხელში და როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც მის განსაკუთრებულ ჯგუფებს შეუზღუდავი მოქმედების უფლება ეძლეოდათ. უმნიშვნელოვანესი კი ის იყო, რომ ამ ოპერაციაში გამოყენების უფლება ეძლეოდა ზესაიდუმლო ელექტროჯაშუშურ კომპლექსს – „ზოდიაქოს“. ის ორბიტაზე იყო დამალული და შეეძლო ნებისმიერ დროს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში წამობრივად ამოეღო მეხსიერებიდან ნებისმიერი კადრი, რაც ანალიტიკოსებისთვის შეუცვლელი ინფორმაცია იყო. თუმცა, მისი გამოყენება  მხოლოდ და მხოლოდ მესამე მსოფლიო ომის საშიშროებისას იყო შესაძლებელი და პირადად პრეზიდენტის პრეროგატივა იყო. „ეფბეერელებმა“ პრეზიდენტი დაარწმუნეს კუნცის მოღალატეობასა და სენატორობის ავაზაკობაში და მანაც „ექსტრემალს“ ბიძგი მისცა. „ზოდიაქო“ ამოქმედდა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. თბილისში დისლოცირებულ ლინდა ჯექსონის ქვედანაყოფს ზუსტი კოორდინატები გადასცეს რუსული ტერორისტული დაჯგუფების შესახებ, რომელსაც ბასილელი, მისი ცოლ-შვილი და „ეშმაკის ამონასუნთქი“ ოჩამჩირეში ბაზირებული რუსული სუბმარინით შტატებში უნდა ჩაეყვანა და ვაშინგტონში პრეზიდენტი დაეშანტაჟებინა, რომ ის გადამდგარიყო.  ლინდამ და მისმა ბიჭებმა ტერორისტები ოჩამჩირის მისადგომებთან გაანადგურეს. მათ „ეშმაკის ამონასუნთქი“ წაართვეს და ბასილელთან და მის ცოლ-შვილთან ერთად საქართველოს დედაქალაქში უვნებლად ჩამოიყვანეს. ვაშინგტონში კი, პარალელურად, ფარულად გაიტაცეს სენატორი და პოლ კუნცი, რომლებიც დედაქალაქის მისადგომებთან ავტოავარიაში დაიღუპნენ. ოჩამჩირეში მომხდარი ინციდენტი ადგილობრივმა და რუსულმა პრესამ ლოკალურ ინციდენტად გაასაღა და არც ტერორისტები იყვნენ ნახსენები და არც „ეშმაკის ამონასუნთქი“. ვაშინგტონმა კი ღრმა მწუხარება გამოთქვა „უბედური შემთხვევის“ გამო, რომელშიც ორი ძვირფასი და პატრიოტი ამერიკელი პოლიტიკოსი დაიღუპა.
მთელ ამ ოპერაციას სულ რაღაც ექვსი საათი დასჭირდა ოკეანის ორივე მხარეს. საბოლოო აკორდი კი გურამის მოსაკლავი ჯგუფის განეიტრალება იყო და უკიდურესად დაღლილ ქართველ მინისტრს ჯერ კიდევ ეძინა, როდესაც ქილერების კვარტეტი სასტუმროს ჰოლში აიყვანეს. საიმონი კი დაუპატიჟებლად ეწვია ქართველ მინისტრს და ახალგამოფხიზლებულს უთხრა:
– მშვიდობიან დილას გილოცავთ, კოლეგავ. მოწესრიგდით. ერთ ბოთლ კონიაკზე უნდა დაგპატიჟოთ რესტორანში და გარეთ გელოდებით.
დასასრული
скачать dle 11.3