კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№38 „გარყვნილი“ ცოლის ჩანაწერები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #36-37(924)


კარის ზღურბლს მიყრდნობილი იდგა, გულზე ხელები დაეკრიფა და მიყურებდა. ვიცოდი, პასუხს ელოდა და საგანგებოდ ვდუმდი, ტუჩები მაგრად მქონდა მოკუმული, თითქოს ერთმანეთს დააწებესო. იქნებ შუბლიც შემეჭმუხნა, რომ არა ბოტოქსის ინიექციის ჯადოსნური შესაძლებლობები.
– გვანცა, მე ვფიქრობ, რაღაც ისე ვერ არის. გაკვირდები ბოლო თვეებია და თითქოს, სადღაც სხვაგან ხარ. არ მისმენ ან ისე მაჩვენებ თავს, თითქოს არ მისმენდე. ხდება რამე?
მხრები ავიჩეჩე. ჩემი ქმარი შეშფოთებული ჩანდა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ჩემს რკინისებურ ნერვებსა და მოთმინების უძირო ფიალასაც გაუჩნდა ბზარი. რატომ უნდა მომეჩვენებინა თავი, თითქოს ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი. თუმცა, მის შეკითხვებზე პასუხი არ მქონდა.
– გვანცა, მაშინებ. ავად ხომ არ ხარ?
– არა, – გავაქნიე თავი და არაფრისმთქმელი მზერით მივაჩერდი.
– სულ ეს არის, რისი თქმაც გინდა? – ჩამაცივდა და ვიგრძენი, როგორ მაღიზიანებდა მისი ყალბი მზრუნველობით გაჟღენთილი ტონი. შეიძლება, არც ყალბი, მაგრამ იმ წუთში ასე მომეჩვენა.
– მიშა, უბრალოდ, ძალიან დავიღალე. სულ ეს არის.
– ვითომ? – ეჭვით   შეიჭმუხნა ჩემი მეუღლე. ვერასოდეს ხვდებოდა, რას ვგრძნობდი სინამდვილეში. გამჭრიახობით არ ბრწყინავდა ან რომელი კაცი „ბრწყინავს“, იშვიათი გამონაკლისების გარდა.
– რაა ვითომ? – მეც „ვერ მივხვდი“, რას ელოდა ჩემგან. ბოლომდე გამოვიშტერე თავი. თან, იმედი მქონდა, ჩემი გაურკვეველი პასუხებით დაიღლებოდა და შემეშვებოდა. სწორად გავთვალე.
ხელი ჩაიქნია და ოთახიდან გავიდა. ეს ოთხი დღით ადრე იყო იქამდე, სანამ ბილეთებს  და სასტუმროს ჯავშანს ზეიმით გადმომცემდნენ.
...ნატალიამ დაწითლებული თვალები ქაღალდის ხელსახოცით მოიწმინდა და განცვიფრებულმა შემომხედა. მის წინ მაგიდაზე და ფეხებთან იატაკზე ასეთი ქაღალდების მთელი გროვა ეყარა.
– შენ რა, სერიოზულად ამბობ თუ დამცინი.
– დაგცინი... – გამოვაჯავრე და შევეცადე, ჩემი სახისთვის უდარდელი გამომეტყველება მიმენიჭებინა, – კარგი, ჰო, სერიოზულად გეუბნები, – უარესებიც ხდება. ეს კიდევ არ არის ქვეყნის აღსასრული.
– რა, გოგო, ღალატი?
– ჯერ ერთი, დარწმუნებული არ ხარ, რომ გიღალატა და მეორეც, დავუშვათ, გიღალატა, ამიტომ ერთი თვე ისტერიკა უნდა გქონოდეს და კიდევ სამი თვე   იტირო? კარგი რა, ნატალია, ტყუილად იგლიჯავ ნერვებს.
ისე, მაინც, რა უცნაური არსებაა ადამიანი. მისი მეხსიერება ხან ფრაგმენტებს იმახსოვრებს, ხან ყველაფერს „შლის“ და როცა გგონია, სრულიად დაგავიწყდა, ზედაპირზე ამოატივტივებს.  სწორედ ასე დამემართა, როცა ფაქტობრივად, მეგობრის მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ანუ ეჭვი გაჩნდა, რომ ქმარმა მიღალატა. ისეთი სიცხადით წარმომიდგა თვალწინ ყველაფერი, თითქოს ახლა ვსაუბრობდით. ჩემ მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა და ფრაზა გამახსენდა.
– ნატალია, გოგო, არ მისმენ? ასე იმას მიაღწევ, რომ საკუთარი თავი შეგძულდება. ახლა რომ დასტირი, მერე იტყვი, როგორი სულელი ვიყავიო.
– აუ, მძულს უკვე საკუთარი თავი. თუ შეგიძლია, მანუგეშე, თუ არა, საერთოდ გაჩუმდი!
– ნატუშ, უფრო მარტივად შეხედე ყველაფერს. დამიჯერე, დადგება დღე, თანაც ძალიან მალე და ამ წუთებზე ბევრს იცინებ.
– გვანცა, გაჩუმდი! – იყვირა ნატალიამ და აბღავლდა, – ლამის ჭკუიდან შევიშალო, შენ კი ცეცხლზე ნავთს ასხამ. იცი, რომ ვიგუდები? ჰაერი არ მყოფნის, მეშინია, არ დავიხრჩო.
– მგონი, სწორად ვიქცევი, რომ არ ვთხოვდები, – ამოიოხრა თინიკომ. ნატალიას ოცდახუთი წლის დამ, – წავალ, წყალს მოგიტან.
– ჯერ ოცდახუთი წლის ხარ, რა დროს გათხოვებაა, – შესტირა ნატალიამ და ისევ უმატა ღნავილს, – ეს როგორ გამიკეთა, რა უბედური ვარ...
– მომისმინე, წამოდი, სახეზე წყალი შეისხი, თვალები გაგიწითლდა და ლამის გადმოგცვივდეს. გული მიწუხს, რომ გიყურებ. ამ გლოვით მაინც ვერაფერს შეცვლი. დამშვიდდი და ერთად მოვიფიქროთ, რა გავაკეთოთ.
– რა უნდა გავაკეთო, ვიცი! – ნატალია ერთბაშად გაჩუმდა და სახის გამომეტყველება ისეთი მრისხანე გაუხდა, თინიკოს გულწრფელად შეეშინდა.
– მოკვლას ხომ არ უპირებ?
– მოვკლავდი, მაგრამ მაგ ორი ნაძირალასა და არარაობის გამო ციხეში ვერ ჩავჯდები. სახლიდან კი აუცილებლად გავაგდებ.
– აბა, რა! მაგარი გადაწყვეტილებაა. გააგდებ და პირდაპირ იმ ძუკნას ჩაუგდებ კალთაში, – თქვა ოთახში დაბრუნებულმა თინიკომ და დას წყლით სავსე ჭიქა  მიაწოდა, – იცი, რას გეტყვი? – გვანცა მართალია. ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ქვეყნის აღსასრულთან გააიგივო. რა თქმა უნდა, ღალატი საშინელებაა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ცოტა აზვიადებ. საკუთარი თვალით ხომ არაფერი დაგინახავს? რაღაც სულელურ ეჭვებზე ააგე მთელი ეს ტრაგედია.
ნატალია გაშრა. დას გულწრფელი სინანულით შეხედა და სასოწარკვეთით აიქნია ხელები.
– ღმერთო, ვერ ხედავ, რა დღეში ვარ? ამათ მაინც ნუღარ გამოაცლი გონებას. თინიკო, თუ არ გინდა, რომ საბოლოოდ გავგიჟდე, გაჩუმდი.
– შენ ახლა ეჭვები გკლავს, – სწრაფად ჩავერიე საქმეში, – გინდა, გასწავლო, როგორ დაიკიდო შენი ეჭვები? – მრისხანება და სიბრაზეც, რა თქმა უნდა.
– მიდი, აბა?! – რაღაცნაირი შეფარული აგრესიით განმიცხადა ნატალიამ. ტირილი შეწყვიტა. თვალები ხელისგულებით შეიმშრალა და ყალბი მორჩილებით მომაჩერდა. სასწრაფოდ რაღაც უნდა მომეფიქრებინა. გონებაში ბოლო დროს, ღალატის თემაზე წაკითხული „ამოვქექე“.
– მთავარი, რაც უნდა გააკეთო, ღრმად ისუნთქე. პირველ სტრესს მოგიხსნის. მიდი, გააკეთე, რასაც გეუბნები!
ნატალიამ ისე შემომხედა, მივხვდი, თუ არ გავჩუმდებოდი, მთელ ბრაზს, რაც ქმრის მიმართ დაუგროვდა, ჩემზე გადმოანთხევდა...
... ტორტი გემრიელი იყო. ხრამუნა და ნოყიერი. მისმა არომატულმა სურნელმა მადა გამიღვიძა. ყავა მოვსვი და კმაყოფილმა ვრცელი ტერასა მოვათვალიერე. სასტუმროს დანარჩენი ბინადარნი იქ არ მეგულებოდნენ. ვახშმამდე, ანუ ოფიციალურ დრომდე, რომელიც ამ საქმისთვის იყო განკუთვნილი, ერთ საათზე მეტი რჩებოდა. თავი იქაურობის ბატონ-პატრონად ვიგრძენი და ის იყო, ტორტის მორიგი ლუკმა პირისკენ გავაქანე, რომ „ის“ დავინახე, აი, ის კაცი, რამდენიმე საათის წინ რომ შემომელანძღა. ლამის დავიხრჩვე. ნუთუ, მთელი ეს პერიოდი, სანამ აუზზე ვნებივრობდი და მერე აქ ამოვედი, უკან დამდევდა და მითვალთვალებდა?! ესღა მაკლდა. ახლა როგორ უნდა მოვქცეულიყავი. არ შემემჩნია მისი არსებობა? უცებ მივხვდი, რომ ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი სრულიად უცნობ ადამიანს. გაბედული კაცი კი ყოფილა, იმ ყველაფრის მერე, რაც ვუთხარი, კიდევ ცდილობს, ჩემს სიახლოვეს იყოს. დავიჯერო, ასე ძალიან მოვეწონე? იქნებ შელახული თავმოყვარეობის საკომპენსაციოდ აკეთებს, რომ მერე საკუთარ თავთან იტრაბახოს – მაინც ხომ ჩემი გავიტანეო. მომინდა, დამეცინა მისთვის. პატარა კაცუნასთვის, რომელმაც ჩემი საშუალებით მოინდომა, თავისი „ეგოს“ დაკმაყოფილება. ვერ მივართვი-მეთქი, გავიფიქრე და ეკლები „ამოუვუშვი“ ხეპრე ზღარბივით (რას ვერჩოდი). ჰოდა, სწორედ იმ მომენტში, წარბი მრისხანედ რომ უნდა შემეკრა და რისხვად დავტყდომოდი, კაცმა გამიღიმა, ისე თბილად, უშუალოდ და შინაურულად, რომ მომენტალურად განმაიარაღა. ეტყობა, მეც გავუღიმე პასუხად, შეუცნობლად და გაუაზრებლად. თეფში აიღო და ჩემკენ წამოვიდა. მორჩა, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებდი, ან რატომ უნდა დამებრუნებინა, ჩემში რაღაც გადატრიალდა.
– ისევ ცუდ გუნებაზე ხართ? არ გამიბრაზდებით, თუ თქვენთან ჩამოვჯდები? – მკითხა და სკამის საზურგეს გაუბედავად შეახო ხელი.
– დაბრძანდით. სადილზე არ ვიცი, რა დამემართა. ნამგზავრი ვიყავი.
კაცმა თითქოს შვებით ამოისუნთქა. სახე გაებადრა და დაჯდა.
– არ მეგონა, რომ აქ ვინმე ქართველს შევხვდებოდი. მით უფრო, ასეთ მომხიბვლელ ქალბატონს.
ირონიულად გამეღიმა. მიხვდა, მაგრამ იხტიბარი აღარ გაიტეხა.
– ზოგადად, არ მიყვარს იაფფასიანი კომპლიმენტები, მაგრამ ამჯერად გულწრფელად ვთქვი ის, რაც ვიგრძენი. თან როგორ ცურავთ. აუზზე თვალს გადევნებდით. გეტყობათ, წყალი გიყვართ.
– დიახ, ძალიან, მზე და ზღვა ის არის, რაზეც უარს ვერასოდეს ვიტყვი. უფრო მეტიც, სულ მენატრება.
– თქვენი სახელი არ ვიცი, მეტყვით?
– რადგან მაინც მოახერხეთ და ჩემს სიმყუდროვეში შემოიჭერით, სხვა რა გზა მრჩება, – ავიჩეჩე მხრები, – გვანცა მქვია.
 – მე კოტე ვარ. შემიძლია, მოკლე, მაგრამ ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ ჩემზე.
– ვფიქრობ, ზედმეტია. ვეჭვობ, ჩვენი ნაცნობობა ამ სასტუმროს კედლებს მიღმაც გაგრძელდეს.
– რატომ? ქალაქში გასეირნებაზე უარს მეტყვით?
– სანამ პასუხის გაცემას მოვასწრებდი, ჩემი ტელეფონის ეკრანი განათდა და ყრუ ხმა გამოსცა... „როგორ იმგზავრე? იმედია, სასტუმროთი კმაყოფილი ხარ. –  ქმარი“. ერთბაშად ზედმეტად ყურადღებიანი გახდა. გავღიზიანდი.
– დიახ, – ვუპასუხე მექანიკურად, ისე რომ კოტესთვის არ შემიხედავს. ჩემს ქმარზე ვფიქრობდი. ვცდილობდი, ამომეცნო, კიდევ რას მოიმოქმედებდა თავისი დანაშაულის დასაფარავად.
– ანუ, უარს მეუბნებით? – კოტე დატუქსული ძაღლივით მომაშტერდა. „როგორი ერთნაირები არიან ყველანი. საინტერესოა, რაზეა წამსვლელი, რომ საწოლში შემიტყუოს“, – გავიფიქრე და გავუღიმე.
– დიახ. წამოვალ ქალაქში თქვენთან ერთად. მხოლოდ დღეს არა. დასვენება მინდა. ხვალ – სიამოვნებით.
კოტემ თავი დამიქნია და ჩემი მარჯვენა ხელის „უსახელო“ თითს დააკვირდა, რომელსაც გარკვევით ეტყობოდა საქორწინო ბეჭდის კვალი. ველოდი, რომ რაღაცას მკითხავდა. ცოტა დავიძაბე, მაგრამ კაცი ისე გამომემშვიდობა, ჩემს ოჯახურ ვალდებულებებზე სიტყვა არ დასცდენია...
... მეგობრებმა ნატალიას დამშვიდებასა და კრიზისული სიტუაციიდან გამოყვანის უსერიოზულესი გეგმა შევიმუშავეთ. სრულ სასოწარკვეთასა და დეპრესიაში იყო. რას არ ვიგონებდით. ვცდილობდით, დაგვერწმუნებინა, რომ ქმრის ღალატზე უფრო დიდი ტრაგედიებიც არსებობს, მაგრამ მაინც იმეორებდა – ეჭვიანობა მგუდავს, ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევსო. მოგვთხოვა, გვეპოვა „ის“ ქალი და სეირი გვეჩვენებინა. რა თქმა უნდა, არცერთს აზრად არ მოგვსვლია ორღობის დედაკაცებივით მოვქცეულიყავით. მართალია, არანაირად არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს წყვილის ურთიერთობის დანგრევაში მესამე არაფერ შუაშია, მაგრამ იმის მომხრეც არ ვარ, მიხვიდე და თმაში წაავლო ხელი იმ „მესამეს“. ფსიქოლოგისგანაც მივიღე კონკრეტული რეკომენდაციები. მაგალითად, გავეცანი შვიდ „ოქროს“ წესს, როგორ არ უნდა დაიხრჩო ეჭვიანობისგან. გაგიკვირდებათ და უპირველესი, ანუ მთავარი სწორად სუნთქვა ყოფილა. მოკლედ, რაღა ეჭვიანობით გაწამებული ცოლი და რაღა ოლიმპიური ჩემპიონი ტურნირის წინ. აუცილებელი არ არის, რომ იოგაში მეცადინეობდეთ. თუ ღრმად ჩაისუნთქავთ, სადამდეც შეგიძლიათ და გაქაჩავთ, მერე ბოლომდე ამოისუნთქავთ და ამას რამდენიმეჯერ გააკეთებთ, დამიჯერეთ, გაბრაზებისთვის ენერგია არ გეყოფათ. მისუსტდებით და მიიძინებთ. მახსოვს, მაშინ რამდენიმე წესი საკუთარ თავზე გამოვცადე (ისე, ცნობისმოყვარეობის გამო. ნამდვილად არ მიფიქრია, თუ როდესმე დამჭირდებოდა).
ახალი ნაცნობი ღიმილნარევი ინტერესით მაკვირდებოდა. ქალაქი მიუხედავად ტურისტების სიმრავლისა, მშვიდი იყო, თანაც ძალიან ლამაზი, შეუძლებელი იყო, ეს არ შეგემჩნია. კოტე ჩემკენ გადმოიხარა და მხარზე ფრთხილად შემახო ხელი.
– ყალიონზე დაგპატიჟებთ, მოვწიოთ. მე, ზოგადად, არ ვეწევი, მაგრამ აღმოსავლურ, არომატულ ყალიონზე უარს არ ვამბობ. მით უფრო, როცა ამ ქვეყანაში ვარ.
– ისე ლაპარაკობთ, გეტყობათ, ხშირად ხართ, ხოლმე ამ ქვეყანაში.
ირონია არ შეიმჩნია.
– დიახ. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, საკმაოდ ხშირად. თუმცა, არ დავკონკრეტდები. თქვენ ხომ მითხარით, რომ ჩემ შესახებ არაფრის გაგება არ გსურთ.
– ნუ გეწყინებათ. მე, ზოგადად, არ მიყვარს უსარგებლო ინფორმაციით გონების დაბინძურება.
– ჰა, ჰა... – კოტემ ხმამაღლა და ისე ბუნებრივად გაიცინა, ჩვენ შორის ყინული გაალღო. მეც გამეღიმა. ამან გაათამამა, – „გონების დაბინძურება“ – საინტერესო რამეა. მაგრამ არ მწყინს. არ ვფიქრობ, რომ ამით ჩემთვის შეურაცხყოფის მოყენება გინდოდათ.
– კოტე, რამდენი წლის ხართ? – ვკითხე მოულოდნელად. რატომ დავინტერესდი, თავადაც არ ვიცი. მისი გარეგნობა ასაკობრივი შკალით არ შემიფასებია. სიმპათიური კი ნამდვილად იყო. თავის მოვლაც უყვარდა, თუ მისი ჩაცმულობითა და ფაქიზად გაქლიბული ფრჩილებით ვიმსჯელებდით.
– გულახდილი უნდა ვიყო? – უხერხულად აწრიალდა კოტე და შევატყვე, პასუხის გაცემა უჭირდა. ვერ მივხვდი, რატომ უნდა დაემალა ასაკი ჩემთვის. ბავშვს ნამდვილად არ ჰგავდა.
– თუ არ გინდათ, ნუ მიპასუხებთ. არ არის პრობლემა.
 – ოცდათვრამეტი წლის ვარ. ორი ცოლი მყავდა და ორივეს გავშორდი, თანაც ისე სწრაფად, რომ შვილის გაჩენა ვერ მოვასწარი.
– თუ არ გინდოდათ, რომ რომელიმე მათგანთან შვილის სახით ვალდებულება დაგრჩენოდათ? – ჩავილაპარაკე ღვარძლიანად.
– ნამდვილად არა. უბრალოდ, მართლა ასე გამოვიდა. პირველსა  და მეორე ქორწინებას შორის ათწლიანი შუალედი მქონდა. პირველად თვრამეტი წლისა დავოჯახდი, მეორედ – ოცდარვა წლის ვიყავი და ახლა ოცდათვრამეტი წლისა ვარ.
– ანუ, თუ ლოგიკას მივყვებით, წელს მესამედ გიწევთ დაქორწინება, – დავცინე.
– ჰო, ლოგიკურადაც და ქრონოლოგიურადაც ასე გამოდის, – დამეთანხმა ფიქრიანად და ისე შემათვალიერა, ამჯერად უკვე მე ვიგრძენი უხერხულობა. სიტუაციიდან უნდა გამოვმძვრალიყავი.
– რა ლამაზი ნივთებია, – ხელში ავიღე და შევათვალიერე ფაიფურის კნუტი, რომელიც ცისფერი შროშანებით მოეხატათ.
ხანშიშესულმა თურქმა ქალბატონმა შინაურულად გამიღიმა.
– სუვენირები გიყვართ თუ კატები.
– სუვენირები ჩემი სისუსტეა. ყველა მოგზაურობის წინ საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, რომ ზომიერების გრძნობას გამოვიჩენ. მაგრამ ცდუნება მძლევს ხოლმე და ათასგვარი ხარახურით მაქვს სახლი გამოტენილი, – გადავიკისკისე.
– ეს ფისო რომ არ ვიყიდოთ, ამ სათნო ქალბატონს ვაწყენინებთ. თანაც, ისე გამოიყურება, თითქოს სადაცაა აკრუტუნდება. მერე, თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ხარახურაა, მე წავიღებ.
– ანუ ჩემთვის ყიდულობთ? – შევხედე გაკვირვებულმა.
– დიახ, – და თურქ ქალს ფული გაუწოდა. ანაზდად, თვალი მისი ფართო მხრებისკენ და დაკუნთული მკვლავებისკენ გამექცა. სპორტული აღნაგობის მამაკაცები ყოველთვის მომწონდა, მაგრამ ამაში საკუთარ თავსაც კი არასოდეს გამოვტყდომივარ.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3