კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 გულის უკმარისობა და სწორი ცხოვრების წესი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


გულის უკმარისობა გულის სხვადასხვა სნეულებით განპირობებული პათოლოგიური მდგომარეობაა, სინდრომი, რომლითაც შესაძლოა, დასრულდეს მრავალი კარდიოლოგიური პათოლოგია. მიუხედავად მიზეზთა მრავალფეროვნებისა, გულის უკმარისობის დროს ორგანიზმში ერთნაირი ცვლილებები ვითარდება – ქვეითდება გულის შეკუმშვის უნარი, მცირდება ორგანიზმისთვის სისხლის მიწოდება და, შესაბამისად, გუბდება ორგანოებსა და ქსოვილებში.
მიმდინარეობისა და კლინიკური გამოვლინების მიხედვით, განასხვავებენ გულის მწვავე და ქრონიკულ უკმარისობას. ქრონიკული უკმარისობა ნელა, პროგრესულად მიმდინარეობს, სიმპტომები მხოლოდ თანდათან ხდება შესამჩნევი, მწვავე უკმარისობის სურათი კი უეცრად, ძალიან სწრაფად ვითარდება.
ორგანიზმში მომხდარი ცვლილებები სათანადო კლინიკური ნიშნებით ვლინდება. ესენია: ქოშინი, საერთო სისუსტე და ადვილად დაღლა, გულის ფრიალი, გულის აჩქარების შეგრძნება, ქვედა კიდურების შეშუპება, მშრალი ხველა, კანისა და ლორწოვანების მოლურჯო (ციანოზური) შეფერილობა, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია ტუჩების არეში, შარდის ოდენობის შემცირება, ღამით შარდვის გახშირება.
გულის უკმარისობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადების შედეგია. მათ შორის უმთავრესი მაინც გულის იშემიური დაავადებაა – პათოლოგია, რომლის დროსაც გულის მკვებავი გვირგვინოვანი სისხლძარღვები ათეროსკლეროზის შედეგად ვიწროვდება და გულის კუნთს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება. ხშირია გულის უკმარისობა გულის იშემიური დაავადების ისეთი გამოვლინებების დროს, როგორიც არის სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი. გარდა ამისა, ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს შორის უნდა დავასახელოთ არტერიული ჰიპერტენზია ანუ ჰიპერტონიული დაავადება. განსაკუთრებით მაღალია გულის უკმარისობის განვითარების რისკი, როცა პაციენტს წნევა წლების განმავლობაში აქვს მომატებული, მაგრამ არ მკურნალობს და წნევის მაჩვენებელიც სტაბილურად მაღალია. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის იშემიური დაავადების შერწყმა. გულის უკმარისობა გულის მანკის გამოც ვითარდება. გულის მანკის დროს შეცვლილია გულის სარქვლების სტრუქტურა (ანატომიური აგებულება), რაც არღვევს ამ ორგანოში სისხლის მიმოქცევას, იწვევს მისი კამერების ცვლილებას და საბოლოოდ, გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციის მოშლას. მიოკარდიტი ანუ გულის კუნთის ანთება, კარდიომიოპათია, ზოგიერთი ჰორმონული დარღვევა (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება, შაქრიანი დიაბეტი) ასევე შეიძლება, გახდეს გულის უკმარისობის მიზეზი. ხშირად პაციენტს, რომელსაც აღნიშნული პათოლოგიები აქვს, გულის უკმარისობისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა სასუნთქი გზების ინფექციის (ბრონქიტი ან ფილტვების ანთება) ფონზე უვითარდება, რაც ამ დროს გულის გადატვირთვასთან არის დაკავშირებული.
პაციენტი, რომელსაც გულის უკმარისობა აქვს, შეძლებისდაგვარად, უნდა ერიდოს ფსიქოემოციურ დაძაბვასა და სტრესულ სიტუაციებს. აუცილებელია ჯანსაღი ძილი, რომლის ხანგრძლივობაც დღე-ღამეში 8-9 საათს უნდა აღწევდეს. დაუშვებელია თამბაქო და ალკოჰოლი. 15-20 წლის წინათ მიიჩნეოდა, რომ გულის უკმარისობისას დაუშვებელია ფიზიკური დატვირთვა. ამჟამად ეს შეხედულება შეიცვალა. დადგენილია, რომ დოზირებული ფიზიკური დატვირთვა არათუ ზიანს აყენებს პაციენტს, არამედ ზრდის მის ამტანობასა და მედიკამენტური მკურნალობის ეფექტს. გარდა ამისა, მცირე ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს განწყობასა და ცხოვრების ხარისხს. ბუნებრივია, დატვირთვის ხასიათისა და მიზანშეწონილობის საკითხი ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს დღე–ღამის განმავლობაში მიღებული სითხისა და სუფრის მარილის ოდენობა. ეს უკანასკნელი პაციენტის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობისას 5-6 გრამს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო დაავადების გამწვავებისას, როცა შეშუპება მკვეთრად არის გამოხატული, საკვები უმარილოდ უნდა მომზადდეს. დღე-ღამის განმავლობაში მიღებული სითხის ოდენობა 1,2-1,5 ლიტრი უნდა იყოს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამაში შედის ყველა თხევად საკვებში (ჩაიში, კომპოტში, წვნიან კერძში) არსებული სითხე. საკვები იოლად მოსანელებელი უნდა იყოს. იკრძალება კოფეინის შემცველი პროდუქტები (მუქი ჩაი, ყავა, შოკოლადი), შებოლილი და დაკონსერვებული კერძები.
გულის უკმარისობა ადამიანის ორგანიზმისთვის მკაცრი გამოცდაა. სამწუხაროდ, ბევრი ქოშინს, ადვილად დაღლასა და გულისცემის შეგრძნებას უმნიშვნელო მოვლენებად მიიჩნევს. გულის ქრონიკული უკმარისობა თავდაპირველად ნელა, შეუმჩნევლად ვითარდება. თუ პაციენტი ხანში შესულია, ამ სიმპტომებს სიბერეს მიაწერს და სამკურნალო დაწესებულებას მხოლოდ მაშინ მიმართავს, როდესაც მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, ამ სტადიაზე კი გულის უკმარისობის მკურნალობა გაცილებით რთულია, ვიდრე ადრეულ ეტაპზე.
скачать dle 11.3