კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რატომ ამაყობენ დღეს სასულიერო პირები საკუთარი მდიდარი მრევლით და რატომ მომრავლდნენ ქრისტიანების გამო ურწმუნო ადამიანები

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

როცა ადამიანი შორდება ღმერთს, ბუნებრივია, ის შორდება მოყვასს. თუ შენ ღმერთს შორდები, შენს შემოქმედს, რასაკვირველია, დაშორდები შენს მსგავს ადამიანს. რატომ გავხდით ადამიანები ერთმანეთისთვის უცხოები, რა არის ამის მიზეზი, ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– სასულიერო პირი ვარ და ძალიან მაწუხებს, როდესაც ადამიანები ეკლესიაში მოდიან და ისევ ისეთები რჩებიან. ადამიანმა, რომელიც ეკლესიაში მოდის, უნდა იცოდეს, რომ ეკლესია იესო ქრისტეს მისტიკური სხეულია. უპირველეს ყოვლისა, უნდა დაუახლოვდეს იესო ქრისტეს და თუ ეკლესიას დაუახლოვდება, ის უახლოვდება იესო ქრისტეს. მოციქულების მხრიდან პირველი მოთხოვნა არის ერთმანეთის ტვირთის ტარება. ბევრი ადამიანი ამბობს: მე ჩემი პრობლემები მაქვს, სულ არ მაინტერესებს, სხვას რა პრობლემა აქვს. ის, ვინც სხვა ადამიანის პრობლემას მიიტანს გულთან, იქნება ღმერთთან ახლოს. უფალი ამბობს: 2-3 ადამიანი რომ შეიკრიბება ჩემი სახელით, მე მათთან ვარო. იშვიათია 2-3 ადამიანი შეიკრიბოს ეკლესიაში იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად აქვთ და მადლობის თქმა სურთ უფლისთვის. 2-3 ადამიანი იმისთვის იკრიბება ეკლესიაში, რომ პრობლემები აქვთ, უნდათ, რომ ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ. ამ ადამიანების ლოცვას კი ღმერთი განსაკუთრებულად შეისმენს. უნდა ვიფიქროთ, რომ შეიძლება, სხვა ადამიანს ჩემზე მეტი პრობლემა აქვს, ჩემზე მეტად სჭირდება დახმარება და ვთქვათ: მამაო, იქნებ მოუსმინო, იქნებ დაეხმარო მას. მოძღვარმა რომ გამოაცხადოს, ბიუჯეტში გარკვეული თანხაა და აბა, ვინ არის გაჭირვებული, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარებაო, რამდენი ადამიანი დაასწრებს ყველას და ეტყვის, მე მჭირდება დახმარებაო და ის, ვისაც მართლა სჭირდება დახმარება, ჩუმად იდგება, თავისთვის. იშვიათად იტყვის ვინმე: ისე არ მიჭირს, როგორც სხვას და ჯობია, მას დაეხმაროთო. ეს იმას ნიშნავს, რომ ეგოისტები ვართ და ასეა მთელი საქართველო, საზოგადოება. შეიძლება, ადამიანი ეკლესიაში ლამაზად ჩაცმული მოვიდეს, გარეგნულად არც ემჩნეოდეს, რომ უჭირს და მას არ მივაქციოთ ყურადღება. მაცხოვარი რომ გოლგოთაზე მიდიოდა, მისი ჯვარი ატარა იმ ადამიანმა, რომელმაც მაცხოვრის შესახებ არაფერი იცოდა, მისი ქადაგებაც კი არ მოუსმენია. ხშირად შეიძლება, ჩვენ აღმოვჩნდეთ ვინმესთვის სვიმონ კვირინელები, ან ისინი გახდნენ ჩვენთვის სვიმონ კვირინელები. უნდა გვახსოვდეს ის ადამიანები, რომლებიც უცებ გამოჩნდნენ ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენი ჯვარი იტვირთეს. ღმერთს დასჭირდა უცხო ადამიანის დახმარება და ჩვენ რამდენად მეტად გვჭირდება ეს. რომ ვხედავ, ადამიანს დახმარება სჭირდება, უნდა განვიკითხო: ვინ არის, რა მანქანა ჰყავს, რა თანამდებობა აქვს და იმის მიხედვით უნდა დავეხმარო? საკუთარი ჯვრის აღება არ შეგვიძლია და სხვისი ჯვარი როგორ უნდა ვატაროთ?
– როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დრო სასულიერო პირები, რომელთაც ბევრი ადამიანი უსმენს?
– მთავრობამ რა კანონიც უნდა მიიღოს, უნდა გვახსოვდეს, რომ უღმერთო მთავრობა იღებს უღმერთო კანონებს და ამის გამო აუცილებლად დაისჯება. მაგრამ ჩვენ, სასულიერო პირებმა, ჩვენს სულიერ შვილებს ამბიონიდან უნდა ვუქადაგოთ, რა არის კარგი და რა არ არის კარგი. ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ: დაანებეთ პოლიტიკოსობას თავი, აიღეთ ლოცვანი, სამუშაო იარაღები, იშრომეთ, ილოცეთ და გაიწმინდეთ გულები, გონება და ღმერთი აუცილებლად მოგივლენთ ნორმალურ ხელისუფლებას. უნდა მივხვდეთ, რომ ის, რაც ხდება, ჩვენი, სასულიერო პირების ბრალია, ვითომ ქრისტიანების. ბევრი სასულიერო პირი ეკლესიაში, ამბიონზე იქადაგებს და დანარჩენი მისი ცხოვრება ერისკაცის ცხოვრებაა. ჩვეულებრივი ერისკაცია, თავისი ბიზნესი, თავისი ცხოვრება აქვს.
– ხშირად სასულიერო პირები იმით ამაყობენ, რომ მათი სულიერი შვილები ცნობილი პიროვნებები არიან ან ბიზნესმენები, პოლიტიკოსები.
– ადვილია დაასახელო: ეს მინისტრია ჩემი სულიერი შვილი, პროკურორი, ბიზნესმენი და ასე შემდეგ. ბევრი სასულიერო პირი ამაყობს: ჩემს სამრევლოში ამდენი ჩინოვნიკიაო. მოდი, იამაყე იმით, რომ მრევლში გაჭირვებული ადამიანები გყავთ, ავადმყოფები. მათ რა შეუძლიათ, რომ შემოგვწირონ? ჩვენ, სასულიერო პირებს ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. მივიდეთ იმ ადამიანებთან, ვისაც დახმარება სჭირდება, თავი დავანებოთ განკითხვას და ვაღიაროთ, რომ ქვეყანას არ ჰყავს პატრონი. პავლე მოციქული ამბობს: თქვენს საკრებულოში ადამიანი რომ შემოვა ოქროს ბეჭდით, მაშინვე წინ დასვამთ. როგორც ახლა – კელაპტარს მიაწოდებთ, თან, შესაწირ ყუთთან ახლოს აყენებთ, რომ შესაწირი გააკეთონ. გაჭირვებული რომ შემოვა, მას არც კი მიაქცევთ ყურადღებასო. დღესაც ასე არ ხდება? ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს. პური და თევზი უნდა მივცეთ ხალხს და მერე უნდა ვიქადაგოთ პალამას ხელთქუმნელ ნათელზე და არა პირიქით. ქრისტე გვეუბნება: თქვენ, დღეს რომ დაიკავეთ ამბიონები, რომ ზიხართ ტახტრევნებში, წყალობა ნუ დაგავიწყდებათ. ჩამოდით ამბიონებიდან და შეხედეთ ხალხს, იქნებ შიათ და რამით შეგვიძლია ხელი გავუმართოთო. იესო ქრისტემ რაც ფარისევლებს, მწიგნობრებს მიანიშნა, იმას გვეუბნება ჩვენც. დღეს სასულიერო პირებს იცი როგორ აფასებენ? სად სწირავს, რა აცვია, რითი დადის, მაგარი ტიპია... ქადაგება დღეს ბევრს შეუძლია, ლამაზად, ფარისევლურად. მაგრამ გაჰყევი და ნახე: რა აცვია, რით დადის, როგორ ცხოვრობს, რას ჭამს და აკეთებს. ადამიანის ცხოვრების წესია მთავარი და არა ის, რას ლაპარაკობს. თქვენ გიქადაგებენ და თვითონ არაფერს აკეთებენო. ასეა დღესაც, ბევრი მოძღვარი მრევლს ბევრ რამეს ავალებს და თვითონ არაფერს აკეთებს.
– ადამიანები ხშირად სწორედ მოძღვრების გამო კარგავენ ღმერთს.
– ყველა, ვისაც მოსეს ტახტი მოგვეცა, არ უნდა ვიყოთ ფარისევლები და მხოლოდ სახარება არ უნდა ვიქადაგოთ. იცით, რამდენი ლაზარეა დღეს და ბევრი მდიდარი მღვდელი ლაზარეს ვერ ხედავს, რადგან მისი მანქანიდან არ ჩანს. „ჯიპები“, „ჯიპებიო“, რომ გვეუბნებიან, მოდი და თუ ხლხი ამით ბრკოლდება, გავყიდოთ ეს „ჯიპები“. მაგრამ ხალხი ამით კი არ ბრკოლდება, არამედ დღეს მოძღვრები არ ვართ საზოგადოებაში, არ ვართ ისეთები, როგორიც ქრისტეს მოვეწონებოდით. ჩვენ რომ კარგი ქრისტიანები ვიყოთ, არცერთი ურწმუნო არ იქნებოდა ჩვენ გვერდით. ჩვენ, ვისაც მოგვეცა ხელდასხმით ღვთისმსახურების, ადამიანების დალოცვის კურთხევა, ვერ ვაკეთებთ ისე, როგორც უნდა ვაკეთებდეთ. თუ ჩვენ კარგი ქრისტიანები, მოძღვრები ვიქნებით, ირგვლივ ამდენი მშიერი, გაჭირვებული არ იქნება. სანამ ამბიონზე ყელს მოვიღერებთ, მანამდე მრევლს ნაკურთხი პური მივცეთ, ლოცვა, შრომა ვასწავლოთ. შენ რომ კარგი მანქანით მოხვედი, არ გშია, წირვიდან რომ წახვალ, შენი სულიერი და-ძმა დაპატიჟე საკვებზე ან თანხა აჩუქე, რომ დაპურდეს. ამის კეთება ხომ მაინც შეგვიძლია. 100 კაციდან 20-მა დანარჩენი ადამიანები რომ დააპუროს, მშიერი ხომ აღარავინ იქნება.


скачать dle 11.3