კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 იძებნება სიკვდილით მოთამაშე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #24-36(923)



„გამოძიების ფედერალური ბიუროს“ დირექტორის მოადგილე საიმონ ბენქსი ორმოცდაორი წლის, ძალიან გამოცდილი  თანამშრომელი, „მეწაღე უორენის“ მსგავსად, საიდუმლო აგენტი იყო და „ბიუროს“ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საიდუმლო ოპერაციაში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა. მას სამსახურებრივ ფსევდონიმად „ღამურა“ შეარქვეს და ძველი კოლეგები მას პირადი ურთიერთობების დროს სწორედ ამ სახელით მიმართავდნენ.
საიმონი რომ „ბიუროს“ დირექტორის კაბინეტიდან გამოვიდა, მოქმედების გეგმა უკვე თავში უტრიალებდა და ზედმიწევნით კარგად იცოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა. შენობა ბენქსმა საკუთარი მანქანით დატოვა, რომელიც „ბიუროს“ გარაჟში ეყენა. მთელი ქალაქი საკმაოდ სწრაფად გაიარა და ავტომობილი მიწისქვეშა ფასიან სადგომზე გააჩერა. შემდეგ გადმოვიდა და ორმოცდაათიოდე მეტრში მდგომ უზარმაზარ შემინულ „ჯიპში“ გადაჯდა. უკანა სავარძლიდან დიდი ზომის ტყავის ჩანთა ამოიღო, გახსნა და შიგთავსი ამოალაგა. ტანსაცმელი გამოიცვალა და ისეთი გრიმი გაიკეთა, რომ მშობელი დედაც კი ვერ იცნობდა. ბოლოს სიფრიფანა, მაგრამ ძალიან მყარი, ხორცისფერი ხელთათმანები გაიკეთა, რომელიც ანაბეჭდებს ნიღბავდა და ფასიანი ავტოფარეხიდან „ჯიპით“ გავიდა. საიმონმა ნახევარი ქალაქი გაიარა და ავტომობილი სამსართულიან შენობასთან გააჩერა. გადმოვიდა და მას მერე, რაც რკინის მასიური კარის ელექტროსაკეტი კოდით გააღო, შიგნით შევიდა. პირველი სართულის დერეფანი ბოლომდე გაიარა. ხვეული კიბით მეორე სართულზე ავიდა და ოთახში შეკრებილ სამ მამაკაცს უთხრა:
– როგორ ხასიათზე ხართ, არწივებო, ფორმა ხომ არ დაგიკარგავთ?
– ეს რა მასკარადია, ღამურა? – გაეცინა ერთ-ერთ მამაკაცს და დააყოლა, – რომ არ ვიცოდე, შენ ხარ, ვერც კი გიცნობდი.
– ასეა საჭირო. რამე რომ იყოს და დავფიქსირდე... ხომ წარმოგიდგენია, რა მოხდება, როცა „ბიუროს“ დირექტორის მოადგილეს უჩვეულო როლში აღმოაჩენენ? – თქვა საიმონმა.
– თუ დაფიქსირდი, ეგ მასკარადიც არ გიშველის, – უთხრა საიმონს მეორე მამაკაცმა, მესამემ კი დაამატა:
– ფორმა ხომ არ დაკარგეთო, რომ ამბობ, ღამურა, მე მგონი, შენ შემოგეპარა უფორმობა და იცოდე, არ შეგვარცხვინო.
– არ შეგარცხვენთ, არა, – გაეცინა პირველ მამაკაცს და ჰკითხა:
– აღარ იტყვი, სად და რატომ მიგყავართ?
– ბიჭებო, „მეწაღე უორენი“ უნდა გავიტაცოთ და დავამუშაოთ, – თქვა საიმონმა.
– მაიკლ კოენი? – თქვა მეორე მამაკაცმა.
– სწორედ ეგ, – დაუდასტურა საიმონმა.
– რა დააშავა ასეთი? – იკითხა მესამემ.
– სწორედ ეგ მაინტერესებს მეც, – მოკლედ მიუგო ღამურამ მეგობრებს და დაამატა, – აბა, თუ მზად ხართ, გავედით.
კვარტეტი შენობიდან გამოვიდა და საიმონის „ჯიპით“ ადგილიდან დაიძრნენ. სამეული, რომელიც „ბიუროს“ დირექტორის მოადგილემ მაიკლ კოენის მოსატაცებლად წაიყვანა, „ღამურას“ ძველი მეგობრები და კოლეგები იყვნენ. სამივე მათგანი „ბიუროდან“ კარგა ხნის წინ წამოვიდა და მანქანებით ვაჭრობის კერძო ბიზნესი ჰქონდათ. თუმცა, ძველი უნარ-ჩვევები დაკარგული არ ჰქონდათ და დროდადრო სხვადასხვა კერძო საიდუმლო დავალებებს ასრულებდნენ, რაშიაც სოლიდურ გასამრჯელოსაც იღებდნენ. საიმონს კი მეგობრულად ეხმარებოდნენ. თუმცა, არც „ღამურა“ რჩებოდა მათ ვალში და თავისი გავლენის წყალობით, ძველ მეგობრებს ფულის შოვნაში ეხმარებოდა.
ვაშინტონში შუადღე შესრულდა, როდესაც ოთხეული მაიკლ კოენის ფეშენებელური სახლის მახლობლად შეჩერდა და „მეწაღე უორენის“ გამოჩენას ელოდებოდა. „ობიექტი“ ამ დროს გოლფის სათამაშოდ მიემართებოდა საკუთარი „კრაისლერით“ და გეგმის მიხედვით, კოენი სწორედ გოლფ-კლუბის შესასვლელთან იმ დროს უნდა „აეწიათ“, როდესაც ის „კრაისლერიდან“ გადმოვიდოდა. ოთხეული ოსტატურად აედევნა „კრაისლერს“. გოლფ-კლუბთან კი  უდარდელად მიმავალი „მეწაღე უორენი“ დუეტმა უხმოდ „ააგდო“. მესამე დაზღვევაზე იდგა და გონებამითიშული მანქანაში რომ შეტენეს, საჭესთან მჯდომმა „ღამურამ“ „ჯიპი“ ადგილიდან მოსწყვიტა.
– საით? – ჰკითხა „ღამურას“ პირველმა მამაკაცმა.
– ნომერ მეოთხე ობიექტზე, – უპასუხა მეგობარს საიმონმა და ჰკითხა:
– ეს ნაძირალა ხომ საიმედოდაა მოყუჩებული და ვერსად წაგვივა?
– თუკი სამ კაცს დაგვისხლტება ხელიდან, ეს გათიშული ინდაური, მასზე ალალი იყოს, – უთხრა „ღამურას“ მეორე მამაკაცმა. მესამემ კი ირონიით დააყოლა:
– ინდაური კიდევ შეიძლება ვუწოდოთ ჩვენს ტყვეს, რადგან მართლაც ინდაურივით „ავწიეთ“ ქუჩიდან. აი, ნაძირალასგან კი თავი შეიკავეთ და უდანაშაულობის პრეზუმპცია დაიცავით.
– დავიცავთ. აუცილებლად დავიცავთ და როცა ყველაფერს ჩამოყაჭავს, ნამდვილად არ შევატყობინებთ ამ ამბავს ჟურნალისტებს, – თქვა მეორემ.
ეგრეთ წოდებული, მეოთხე ობიექტი, სადაც საიმონსა და მის მეგობრებს გატაცებული „მეწაღე უორენი“ მიჰყავდათ, ვაშინგტონის განაპირას მდებარეობდა. ეს იყო ძველი ავტოსარემონტო სალონი, რომელსაც საიდუმლო ბუნკერი ჰქონდა. იქ ყველა თანამედროვე აღჭურვილობა მოიძებნებოდა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ „მუნჯს“ აალაპარაკებდი და ყველაფერს „ამოაფქვევინებდი“. ამ ბუნკერშივე იყო მოწყობილი პატარა საპყრობილე, სადაც როგორც გატაცებული, ასევე „ძვირფასი“ ადამიანის საიმედოდ გადამალვა იყო შესაძლებელი. „ბიუროს“ საიდუმლო აგენტობის ჟამს, ოთხეულს არაერთხელ უსარგებლია ამ ობიექტით. მოგვიანებით კი ობიექტი ჩამოწერეს. ის ოთხეულის ერთ-ერთმა წევრმა შეისყიდა და მართალია, ბიზნესისთვის, მაგრამ ბუნკერი „ყოველი შემთხვევისთვის“ ხელუხლებელი დატოვა და მას საჭიროებისამებრ იყენებდნენ ხოლმე.
მეორე მამაკაცმა გატაცებულ კოენს ელექტრომოწყობილობის აღმომჩენი აპარატი მიუშვირა. შემდეგ ქამრის ბალთა მოხსნა და მეგობრებს უთხრა:
– ეს სანავიგაციო მოწყობილობაა და გადაადგილების კოორდინატებს აბსოლუტური სიზუსტით უჩვენებს. ამიტომ, მოდი, მდევარს ერთი ოინი ჩავუტაროთ.
„ღამურას“ არც კი დასჭირვებია თქმა, ისე მიაყენა „ჯიპი“ უზარმაზარ საკანალიზაციო ლუკთან. მეორე მამაკაცმა კი სანავიგაციო მოწყობილობა სპეციალურ ქამარზე დაამაგრა. შემდეგ ჩანთიდან გაკოჭილი ვირთაგვა ამოიყვანა და ქამარი მას გაუკეთა. ბოლოს კი მღრღნელი გაათავისუფლა და საკანალიზაციო ლუკში ჩააგდო და თან დააყოლა:
– ეძებონ ახლა „ცეერუს“ სპეცებმა თავიანთი შეფი გულმოდგინედო.
მაიკლ კოენი მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც სპეციალურ რკინის სკამზე დედიშობილა იჯდა. მისი ტანსაცმელი, ყოველი შემთხვევისთვის, ცეცხლმოკიდებულ კასრში ჩააგდეს და გაანადგურეს. „ცენტრალური დაზვერვის“ სპეცოპერაციების კურატორი საკმაოდ საზრიანი და გამოცდილი კაცი იყო, ამიტომ სწრაფად მიხვდა, რომ გაიტაცეს, მაგრამ რატომ და ვინ, ჯერჯერობით, წარმოდგენა არ ჰქონდა. „მეწაღე უორენს“ საკმაოდ ბევრი მტერი ჰყავდა, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც და საკმაოდ მრავლად იყო მიზეზი, მას ასე მოქცეოდნენ. კოენი არაერთ ბინძურ ამბავში იყო გარეული, თუმცა, აბა, რას წარმოიდგენდა, რომ მას სწორედ „ეშმაკის ამონასუნთქის“ გამო მიაკითხეს. ეს საქმე ისე იყო მოფიქრებული და შესრულებული, რომ კოენამდე ვერავის უნდა მიეღწია. ამიტომ, არც კი უფიქრია მასზე და ამ მხრივ შედარებით არხეინად იყო. თუმცა, იმასაც ხედავდა, რომ მის წინ პროფესიონალები იდგნენ, მართალია, მან საიმონი ვერ იცნო და გონებაშიც არ გაუვლია, რომ მას „ბიუროს“ მეორე პირი მოიტაცებდა, თუმცა „ფედერალებზე“ მაინც აიღო ეჭვი და ამ მოსაზრების შემოწმება გადაწყვიტა. კოენმა ამოისუნთქა და ოთხეულს მიმართა:
– „ბიუროს“ დავალებით მოქმედებთ, ბიჭებო?
– საკუთარი სინდისის, –  მიუგო დატყვევებულს მეორე მამაკაცმა და გამჭოლი მზერა მიაპყრო.
– რით დავიმსახურე ასეთი პატივი? – ცინიკურად  იკითხა „მეწაღემ“.
– შენი საქციელით, – თქვა მეორემ.
– აღარ იტყვით, რა გინდათ? – არ ცხრებოდა ტყვე.
– ვიტყვით, აბა, რას ვიზამთ, – უპასუხა მეორემ და დააყოლა, – მაგრამ გაფრთხილებ, მიკიბ-მოკიბული რომ დაიწყო, იძულებულს გამხდი, რომ სკამი, რომელზეც ზიხარ, დანიშნულებისამებრ გამოვიყენო.
რკინის სკამი, რომელზეც „მეწაღე უორენი“ იჯდა, სპეციალურად წამებისთვის იყო შექმნილი. იმისთვის, რომ მასზე მჯდომი აელაპარაკებინათ. ამ მოწყობილობას საუცხოოდ იცნობდა თავად მაიკლ კოენი და არაერთხელ გამოუყენებია დანიშნულებისამებრ. რკინის სკამის კონსტრუქცია საშუალებას იძლეოდა, რომ მასზე მჯდომი დენითაც ეწამებინათ, მექანიკურადაც და თუკი ამის აუცილებლობა დადგებოდა, ფსიქოლოგიურადაც. ამის გაკეთება შესაძლებელი იყო რკინის ელექტროშლემის მეშვეობით. ამ შლემს „ობიექტს“ თავზე ახურავდნენ, შემდეგ მასში ულტრაბგერებს უშვებდნენ და ტვინზე ფსიქიკურ ზემოქმედებას ახორციელებდნენ.
– მკითხეთ და შევეცდები გიპასუხოთ, – თქვა კოენმა.
– არ გვიპასუხებ და შენი აჯობებს, – თქვა მეორემ. საიმონმა კი ტყვეს პირდაპირ „აჯახა“:
– ყველაფერს მოყევი „ეშმაკის ამონასუნთქის“ შესახებ.
მოულოდნელობისგან კოენს ენა მუცელში ჩაუვარდა. შემდეგ მთელი ნებისყოფა მოიკრიბა და თქვა:
–  ბიჭებო, ისეთ რაღაცას შეეხეთ, რასაც ვერ გადაყლაპავთ და ყელში გაგეჩხირებათ. ამიტომ ჩემი რჩევაა, გამიშვათ და პირობას გაძლევთ, ამ ამბავს დავივიწყებ.
– გადავყლაპავთ. ძლიერი სტომაქი გვაქვს და კარგადაც მოვინელებთ, – ირონიით თქვა მეორე მამაკაცმა. „ღამურამ“ კი დაამატა:
– ისეთ პოზიციაში იმყოფები, რომ არ მგონია, სხვებს რჩევები აძლიო. ამიტომ დამშვიდდი და ისე გვიპასუხე. წინააღმდეგ შემთხვევაში სკამს ავამოქმედებთ. გაჩვენო, როგორ?
– არაა საჭირო.
– მაშინ დაიწყე.
– მაინც, რა გაინტერესებთ?
– ყველაფერი, თითოეული დეტალი, ყველა წვრილმანი. დაიწყე. გისმენთ, – უთხრა საიმონმა „მეწაღე უორენს“.  შემდეგ ფარული კამერა შეუმჩნევლად ჩართო და ანიშნა, მიდიო.
მაიკლ კოენი კარგა ხანს ყოყმანობდა. ბოლოს თქვა:
– ოპერაცია „ეშმაკის ამონასუნთქი“ ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტის საკმაოდ მაღალ წრეებში დაიგეგმა და სამწუხაროდ, მე ამომირჩიეს მის შემსრულებლად. ეს ჩემი ბედისწერაა. უარის თქმა სიკვდილის ტოლფასი იყო, ისევე, როგორც ამ ოპერაციის ჩაფლავება. თუმცა, ალბათ, წარმატების შემთხვევაშიც გამანეიტრალებდნენ და თავიდან მომიშორებდნენ, როგორც არასასურველ მოწმეს. ერთი სიტყვით, თავიდანვე ყოველმხრივ განწირული ვიყავი.
– ლირიკული გადახვევებისა და ფატალიზმის გარეშე. პირდაპირ საქმეზე გადადი, – შეუღრინა კოენს მესამე მამაკაცმა. საიმონმა კი დაამატა:
– როგორც გითხარით, არაფერი გამოგრჩეთ, ყველაზე წვრილმანიც კი. მიდით, გისმენთ.
– „ეშმაკის ამონასუნთქს“ სული ჩაუდგა ლორენ რასელმა და ეს იმიტომ გააკეთა, რომ პრეზიდენტის გადადგომას მიაღწიოს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, რომელშიც გამარჯვების დიდი იმედი აქვს.
ლორენ რასელი კონგრესმენი იყო, რომელიც არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტთან დამარცხდა  და ცნობილი იყო რასიზმითა და აგრესიული გამონათქვამებით ოპონენტების მიმართ, რომელთა შორის რიგით პირველი  შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო. რასელი სექსუალურ სკანდალებშიც ხშირად ეხვეოდა, მაგრამ საქმე სასამართლო გარჩევამდე არასოდეს მისულა   და მექალთანე ლორენი მომჩივან ქალებს გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ აჩუმებდა. ყველაზე სავალალო კი ის იყო, რომ ლორენ რასელი აშკარად გამოხატავდა სიმპათიებს რუსეთის მიმართ და სპეკულაციას ეწეოდა რა ამ თემით, რუსეთთან ძალიან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობების დამყარების მოწოდებებით გამოდიოდა. მისი ამ ქმედებების პიკი კი ის იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წაგების მეორე დღესვე რასელი ყოვლად ცინიკურად ჩაფრინდა ყირიმში და ერთი კვირა გაატარა ქალაქ იალტაში. თან, განაცხადა, რომ ყირიმის ნახევარკუნძული რუსების ძირძველი მიწაა და მათ ეს ტერიტორია კი არ დაიპყრეს და უკრაინას წაართვეს, არამედ კუთვნილი დაიბრუნესო. ოდიოზურობის მიუხედავად, რასელს საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავდა შეერთებულ შტატებში და სენატსა და კონგრესშიც. რასელი საკმაოდ მდიდარიც იყო და მისი ქონება მილიარდებს ითვლიდა. როგორც დაუდასტურებლად იყო ცნობილი, ლორენ რასელს რუსეთში ჩრდილოვანი ბიზნესი ჰქონდა და ამ ქვეყნის ძალოვან-პოლიტიკურ ელიტასთან მჭიდრო, იატაკქვეშა ურთიერთობები ჰქონდა. ამის დამადასტურებელი ფაქტები ვერავის მოჰყავდა. თავად რასელი კი ამბობდა, ეს ჭორები ჩემს წინააღმდეგ იმიტომაა მოგონილი, რომ პოლიტიკურად ჩამძირონ, მაგრამ ვერ მოესწრებიანო. ვინ ვინ, თუ არა საიმონმა იცოდა, რა „ჩიტი“ იყო რასელი და „ბიურომ“ ერთხელ ფარული გამოძიებაც კი ჩაატარა მის წინააღმდეგ. თუმცა, შედეგი ნულის ტოლი აღმოჩნდა და საიმონი ვარაუდობდა, რომ რასელს რუსეთის სპეცსამსახური „კრიშავდა“ და ამიტომ არ ხერხდებოდა მასზე კომპრომატის მოძიება.
მიუხედავად იმისა, რომ საიმონი დარწმუნებული იყო რასელის ნაძირლობაში და ეჭვი არ ეპარებოდა, მიზნის მისაღწევად კონგრესმენი ყოველგვარ სიბინძურეზე წავიდოდა, ასეთ რამეს მისგანაც კი არ ელოდა და კოენს ჰკითხა:
– დარწმუნებული ხარ, რომ სიმართლეს ლაპარაკობ?
– გიკვირს, არა? მეც მიკვირს, ასეთ საქმეში რომ გავერიე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, – თქვა „მეწაღემ“ და დაამატა, – თუ გსურთ, სრული სიმართლე გაიგოთ, ბოლომდე მომისმინეთ.
– გისმენ. განაგრძე, – თქვა საიმონმა, რომელსაც გული საგულეს აღარ ჰქონდა და ეგონა, რომ სადაცაა ამომიხტებაო.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3