კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 „გარყვნილი“ ცოლის ჩანაწერები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

აგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #36(923)


​აეროპორტამდე ისე ვიარეთ, ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. გადახარხარება ყველაფერს მერჩივნა, მაგრამ ვხვდებოდი, ეს იქნებოდა ის ბოლო წვეთი მიშას ფიალაში, რომელიც სრულიად უსარგებლო ქარიშხალს დაატრიალებდა. დაიწყებოდა გარკვევა-გარჩევები და ისედაც ამღვრეულ სიტუაციას უარესად „ჩაამყაყებდა“. ახლა არ დამიწყოთ, ჩაამყაყებდა რა არისო. ზუსტად ის, რაც იმ მომენტში ქმართან ჩემს ურთიერთობას დავარქმევდი. საპასპორტო შემოწმება ყველაზე ბოლოს გავიარე. ფეხს რატომ ვითრევდი, არ ვიცი. მიშა მხოლოდ მზვერავდა და ტუჩებს იკვნეტდა...
– აბა, შენ იცი, კარგად დაისვენე, – მითხრა ბოლოს და ნაძალადევად, უნიათოდ გამიცინა.
 ხელი დავუქნიე. შეიძლება, ელოდებოდა, რომ მივიდოდი და ლოყაზე მაინც ვაკოცებდი. ჩემი პრობლემა იყო და იქნება ის, რომ თამაში საერთოდ არ  შემიძლია, რამეს შევცვლიდი, ლოყაზე თუ ვაკოცებდი? – დიდი ალბათობით არა. თუმცა, ვინ იცის. იქნებ ამას ჩვენ შორის არსებული ყინული გაელღო და ლაპარაკი დაგვეწყო, რაც ორივეს გვჭირდებოდა.
***
აუზზე ჩავედი. წყალი ისეთი თბილი იყო, სიამოვნებისგან დავიკრუტუნე. მივხვდი, როგორ ძალიან მჭირდებოდა ზღვა, სიმშვიდე, აუზი, კომფორტი და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. უნდა მეღიარებინა, რომ მიშამ ამჯერად „მიზანში მოარტყა“ – თუ, რა თქმა უნდა, თეომ არ მიაწოდა იდეა.
ვიცი, არსებობენ ქალები, მარტო დარჩენის შიშით რომ ყველაფერზე მიდიან. მე ვერ მოვასწარი შემშინებოდა, თუმცა, იმას კი მივხვდი, რა მწირია ასეთი ქალების არჩევანი: ან მათ ცხოვრებაში კაცი არ არის და ცხოვრებაც არაფრად უღირთ, ან ჰყავთ მამაკაცი, მაგრამ ცხოვრება მაინც არ გამოსდით. ორივე შემთხვევაში გამოუსწორებელი შეცდომაა დაშვებული. ზოგი ამაზე შეგნებულად მიდის, ზოგიც – სრულიად გაუცნობიერებლად. ალბათ, ვიღაც იტყვის, ადვილია სხვის მარტოობასა და ცხოვრებაზე ილაპარაკო, როცა თავად ყველაფერი განაღდებული გაქვსო. ჰო, ამ უხერხულობას ნამდვილად ვგრძნობ ხოლმე, მით უმეტეს, რომ არჩევნის წინაშეც არასოდეს ვმდგარვარ. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე მოვედი. ჰოდა, ცხოვრებამ თითქოს ნიშნი მომიგო – აბა, რა გეგონა, მოვიდა შენი ჯერიცო.
მკლავები მძლავრად მოვუსვი და გავცურე. ნამგზავრს აუზში ჭყუმპალაობა მერჩივნა. ზღვაზე დილით ჩავიდოდი. ათი დღე ჩემს განკარგულებაში იყო, გულს კარგად ვიჯერებდი. ზურგზე დავწექი და წყალს მივენდე. აუზი ზღვის წყლით იყო სავსე და ბუმბულივით ამატივტივა. საოცარი სიმსუბუქის შეგრძნებამ მთელ სხეულში სიამოვნების ჟრუანტელად დამიარა. საკუთარი თავიც და დროც მხოლოდ მე მეკუთვნოდა, სხვას არავის. საუზმეზე რომ ანგელოზები დავუფრთხე, ის ტიპი არსად ჩანდა. სხვა მამრებს ყურადღებას არ ვაქცევდი. მგონი, უფრო ქალებს აინტერესებდათ, მარტო ვიყავი თუ თანმხლებთან ერთად, ისეთი ინტერესით გამოხედავდნენ ხოლმე ჩემ გვერდით შეზლონგს, რომელზედაც ინტრიგნულად მოსასხამი გადავკიდე... გარეგნობაზე სულ ვზრუნავ. თავად მსიამოვნებს, როცა ფორმაში ვარ და ამიტომ ვერასოდეს ვიგებდი იმ ქალებისას, გათხოვების მერე ოჯახზე გადაგებულ დედაბრებად რომ გადაიქცევიან და თავი იმით მოაქვთ, საუკეთესო წლებს მსხვერპლად რომ სწირავენ ქმარს და შვილებს. რეალურად, მათ არ სჭირდებათ ეს მსხვერპლი და საერთოდ, არც არავის სჭირდება. ჩემი ქორწინების პირველი ექვსი წელი ბუნდოვნად მახსოვს. ორი ორსულობა, ორი ჩვილი და მუდმივად გამოუძინებლობის სინდრომი. შეიძლება, სწორედ ამ მიზეზით გაჭედა ჩემმა მეხსიერებამ და ეს წლები ფრაგმენტებად შემოინახა. მიშა მეხმარებოდა – სასაყვედურო არაფერი მაქვს. ძიძაც მყავდა და აქტიურ ცხოვრებასაც დიდად არ ჩამოვრჩენილვარ.  მაინც გაფერმკრთალდა და წაიშალა პირველი კბილის ამოსვლა, პირველი ნაბიჯები და პირველი გადარევა – „დედა“ რომ დამიძახა. მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი ორჯერ მქონდა. გულახდილი რომ ვიყო (და ამ ბოლო დროს გულახდილობის მომხრე ვარ), ჩემი შეგნებული ცხოვრება ორმოცი წლის შემდეგ დავიწყე, იმდენი რამე დავინახე სხვა თვალით და სხვანაირად. მოდი და ნუ გაგეცინება. როგორი სულელი ვყოფილვარ მანამდე. არადა, თავი რომ მომქონდა. რა შეიცვალა მას მერე, რაც ორმოცი წლის გავხდი? მე შევიცვალე, თორემ სამყაროსა და ადამიანებს ვერაფერი ცვლის. ესეც ორმოცი წლისამ გავაცნობიერე. კიდევ ერთი მარტივი, მაგრამ გენიალური ჭეშმარიტება შევიცანი – ყველაფერი გაივლის, ზოგჯერ – სამწუხაროდ, ზოგჯერ – საბედნიეროდ.
წიგნი მაინც წამომეღო. გამოვშტერდები აქ მოწყენილობისა და უსაქმურობისგან-მეთქი. აი, წიგნზე რატომღაც არ ვიფიქრე. ყოველთვის, როცა დასასვენებლად მივდიოდით, ჩემს სამგზავრო ჩანთას აუცილებლად ამძიმებდა ერთი წიგნი მაინც... მაგრამ როგორც მიმქონდა, ფაქტობრივად, გადაუშლელად ჩამომქონდა უკან. ვინ მაცლიდა წაკითხვას. მოვძებნიდი მყუდრო კუთხეს და დაიწყებოდა: დედა, შემომხედე... დედა, მოდი, რა, შემიკარი... დედა, წყალი მინდა... დედა, ჩემი „ეს“ სად არის... „ის“ სად დავდე... მომშივდა...  გვანცა, მოგვაქციე ყურადღება... ჰოდა, აღარც ხალისი შემრჩებოდა ხოლმე და აღარც ნერვები.
... ქმარი როდის „ვიშვილე“ არ მახსოვს. ვერც იმ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, ჩემს ქვეცნობიერს უნდოდა ეს თუ არა. შეიძლება, უნდოდა. თავად მე საკმაოდ გვიან შევამჩნიე და გავაცნობიერე, მის მაგივრად რომ ვფიქრობდი და ვაზროვნებდი. რა თქმა უნდა, დამნაშავე მხოლოდ მე ვარ. რატომღაც ავიკვიატე, რომ ჩემ გარეშე პრობლემებსა და საყოფაცხოვრებო ბატალიებს ვერ მოერეოდა და იცით, რა მივიღე შედეგად? ბოლოს უკვე მეკითხებოდა – ეს ლუკმა დავღეჭო თუ ისე გადავყლაპოო. როცა ამ რეალობის წინაშე აღმოვჩნდი, საშინლად აღვშფოთდი და ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ ვერ გაიგო, ვერ მიხვდა, რამ გადამრია. ამაზე კიდევ უფრო გავგიჟდი და მიშამ რომ „ისტერიჩკა“ მიწოდა, ვაღიარე (მხოლოდ საკუთარ თავთან), ღირსი ვიყავი. აბა, რა დააშავა, რომ ავყვირდი? ჩემი ნებით ავიღე სხვების მაგივრად ფიქრისა და მოქმედების ვალდებულება, ჰოდა, ნერვებმა თუ მიმტყუნა, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა გავწყრომოდი. მაგრამ პრობლემა, იცით, რაშია? ჩვენ, ყველამ, ვიცით, რას ვაშავებთ, სად, როდის და რა დოზით. ზოგს არც ამ ყველაფრის საკუთარ თავთან აღიარება გვიჭირს, მაგრამ რეალურად ვერაფერს ვცვლით...
წყალი მიყვარს. ყოველთვის მიყვარდა და მამშვიდებდა. მთელი წელი ველოდებოდი დღეს, როცა ჩემს ცისარტყელასფრად აჭრელებულ ჩემოდანში სარაფნებს, საცურაო კოსტიუმს ჩავალაგებდი და ზღვისკენ გავეშურებოდი. იქ უკვე აღარც დაუსრულებელი შეკითხვების კასკადი მაღიზიანებდა და არც ის, რომ ზღვაზე ყოფნის სიამოვნება ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც უნდა გამეყო, თანაც მნიშვნელოვანი წილი მათთვის უნდა დამეთმო. ეს ჩემმა ქმარმაც იცოდა, ამიტომ არასოდეს განიხილებოდა საკითხი, სად დაგვესვენა.  არც ის იყო შეთანხმებული, როგორი იქნებოდა სასტუმრო, რომელსაც ავარჩევდით. მთავარი კომფორტი – აუზი და პრივატული სანაპირო ზოლი. რადგან ორი წლის ექსპერიმენტებმა, ამ კრიტერიუმებით შეფასებული სასტუმრო საქართველოში გვეპოვა, სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ბოლო რამდენიმე წელი მხოლოდ მეზობელ თურქეთს მივაკითხავდით ხოლმე. ვერ ვიტყვი, რომ ისე ვისვენებდი, როგორც მინდოდა, რომ დამესვენა, მაგრამ თავს ბედნიერებისთვის განვაწყობდი და ამ ბედნიერების მჯეროდა. ეს შემთხვევა გამონაკლისი არ იყო. ჰო, აი, ახლა ზუსტად ისე შემეძლო დასვენება, როგორც მომესურვებოდა, ანუ, ვერავინ დამიშლიდა, მთელი დღე აუზზე ვწოლილიყავი ან ზღვის ნაპირზე ჩავსულიყავი. წარმოიდგინეთ, სხვა საზრუნავი არ გაქვს. ფიქრობთ, რომ მოსაწყენია? სულაც არა. მოსაწყენი ყოველდღე ერთი და იმავეს კეთებაა. ნერვიულობა იმაზე, რასაც ვერაფერს უშველი და ერთფეროვნება, რომლის შესაცვლელადაც არაფერს აკეთებ. თუ ვინმე ამბობს, რომ პრობლემებით ცხოვრება მოსწონს, თავს ბედნიერად გრძნობს, როცა დილით თავატკივებული იღვიძებს – იტყუება. კომფორტზე და ფუფუნებაზე უარს არავინ იტყვის. მიეცით ეს ყველაფერი და თავად ნახავთ, როგორი რეაქცია ექნება. ყველას, დიახ აბსოლუტურად ყველას უნდა საკუთარი სიამოვნებისთვის, თუნდაც, ერთი დღე მაინც იცხოვროს. ვისაც ეს არ გამოსდის, ზურგზე არ ეცემა და პოზა უჭირავს, რომ ძალიანაც ბედნიერია იმით, რაც ბედისწერამ მისთვის გამოიმეტა...
მზე რომ შუბისტარზე დაჯდება, სიცხე გაუსაძლისი გახდება-მეთქი. ფიქრი თავისით მომწიფდა და ფრაზად გამოჩნდა, მორბენალი სტრიქონივით. თუმცა, იმიტომ არა, რომ მზე არ მიყვარს ან მაღალი  ტემპერატურა მაწუხებს. გულის სიღრმეში ძალიან მეცინება იმ ადამიანებზე,  ზამთარში ზაფხულის სიცხეს რომ ნატრობენ, ზაფხულში – ზამთრის სუსხს. ყველაფერი თავის დროსა და ადგილზე მიყვარს. არა, ზამთარი არ მიყვარს. მოცემულობას ვიღებ ხოლმე. გაზაფხულზე მოახლოებული ზაფხულის ეშხითა და მოლოდინით ვიმუხტები. წყალზე ზურგით დავწექი და ცას ავხედე. მზე, ფაქტობრივად, ჩავიდა, მაგრამ სასიამოვნოდ თბილოდა. აუზის წყლისა და ჰაერის ტემპერატურას შორის იდეალური ბალანსი იყო დამყარებული.
ვიქნები კიდევ ბედნიერი? რა სისულელეა? რატომ ვფიქრობ ასეთ აბსურდულ რაღაცებზე. იმიტომ, რომ მთავარ საფიქრალს ავარიდო თავი. თუმცა, ესეც ხომ იმ მთავარ თემას უკავშირდება. მაგრამ რა არის ეს ბედნიერება. მართალია, ყველა ადამიანს თავისი პირადი ფორმულა აქვს ბედნიერების შესაგრძნობად, ზოგიერთისთვის ეს ფორმულა ისეთი რთულია, სიცოცხლის ბოლომდე ვერ ხვდებიან, როდის იყვნენ ან იყვნენ თუ არა საერთოდ ბედნიერები. მე ეს გრძნობა თუ ემოცია თავისთავად, ბუნებრივად მეწვეოდა ხოლმე, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. შეკვეთითაც შეიძლება, ბედნიერი იყო – ესეც მოსულა. მაგრამ თუ შენ თავად არ გინდა ბედნიერება, არ განეწყობი და გაიხსნები ამისთვის, წამალივით აფთიაქში ვერ იყიდი. ჰოდა, ვითომ რატომ აღარ ვიქნებოდი ბედნიერი, მხოლოდ იმიტომ, რომ ქმარმა მიღალატა? მისი ბრალეულობის დამადასტურებელი ფაქტები არ მქონდა (ასეთ სიღრმეებში არ მიქექია), თუმცა, ინტუიცია მკარნახობდა, რომ ჩვენ შორის ვიღაც მესამე გამოჩნდა. აი, კიდევ ერთი სტერეოტიპული აჩრდილი საშინელებათა ფილმებიდან. მაგრამ ის მაინც არსებობს და რეალობას ვერსად წავუვალთ. საქმის არსი იმაშია, რამდენად ანგრევს „მესამე“ ცოლ-ქმრის ურთიერთობას, ტრაგედიის რა წილი „მოდის“ ამ არსებაზე. სადავო საკითხია, რაზეც შეთანხმება შეუძლებელი მგონია. მოტყუებული ცოლების უმრავლესობა ცდილობს, თავი მოიტყუოს და დანაშაულის მთელი სიმძიმე სწორედ მას აჰკიდოს. ქმარი კი თეთრ ყვავად გაასაღოს, „გაუპრავოს“ ჩადენილი, მოტივით – „შეაცდინა კაცი“. აბა, რა... ყველა კაცი ხომ ერთნაირია. ამ ლოგიკით ჩვენც ერთნაირები ვართ, ქალები... არა? დიახ, არ შეიძლება, ერთნაირები ვიყოთ. მე, მაგალითად, სხვის მანქანაზე, სახლზე, ქურქზე, ბრილიანტებსა თუ ქმარზე თვალი არასოდეს დამრჩება. არც სხვისი ცხოვრება მაინტერესებს, არც სხვისი შემოსავლები და პრობლემები. ანგელოზად კი არ მომაქვს თავი, უბრალოდ, ზედმეტი ფიქრით თავს არ ვიტვირთავ.
მოკლედ, ცხოვრებაში იმდენი აბსურდული საფიქრალი და სადარდებელია, თუ კარგად გააცნობიერებ, გაცილებით მარტივად დაინახავ ჩვენს რეალობას. მშიერი რომ არ უნდა იყო, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. თორემ როცა კუჭი ცარიელია, მაღალი მატერიები ყველაზე დიდ აბსურდად იქცევა. ასე რომ, ბედნიერების საკითხი დილემად არ უნდა გექცეს. არ უნდა გაართულო და გაიმწარო ამით ცხოვრება. არადა, ბევრი ქალისთვის კატასტროფად არის ქცეული, ჭამენ საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც. აბა, როგორ უნდა იგრძნონ ბედნიერების ტალღა, რომელიც ხშირად ზღვის თბილი წყალივით არის. ზუსტად ისეთი წყალივით, როგორშიც ახლა მე ვნებივრობდი. ჩემი ქმარი მეუბნებოდა, შენ იმის გეშინია, რაც ჯერ არ მომხდარა და ცხოვრებას იმწარებო... იყო ასეთი პერიოდიც ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ არმომხდარ რაღაცაზე არასოდეს მინერვიულია. ვშფოთავდი სრულიად კონკრეტულ და ადამიანურ რაღაცებზე, მაგალითად: შვილების ავად გახდომაზე, შესაძლო ავარიაზე (როცა საჭესთან დავჯექი და რისკები გავაცნობიერე. აი, მაშინ ნამდვილად არ ვაძლევდი ქმარს მოდუნების საშუალებას, როცა მანქანას მართავდა). ჰო, ახლა მეღიმება ამ ჩემს შიშებზე (ყველაზე არა, რა თქმა უნდა), მაგრამ მაშინ ასე არ ვფიქრობდი. გამონაკლისი არ ვარ და უმრავლესობა ქალების მსგავსად, მეც მიფიქრია, ქმარმა რომ მიღალატოს-მეთქი... მაგრამ ამაზე არ ჩავციკლულვარ. იმიტომ არა, რომ მეუღლის მიმართ მქონდა ნდობის მაღალი ხარისხი. ათი წელი იქნება, ბოლომდე და უპირობოდ საკუთარ თავსაც აღარ ვენდობი, უბრალოდ, ყოველდღიურ საზრუნავში ამისთვის დიდი დრო არ რჩებოდა და ისიც გაცნობიერებული მქონდა, რომ თუ მოსახდენი მოხდებოდა, წინასწარ დარდით ვერაფერს შევცვლიდი.
რა ვიგრძენი, როცა მივხვდი, რომ ქმარმა მიღალატა? (გონივრული ეჭვის საფუძველზე, თორემ, როგორც უკვე ვთქვი, ფაქტები არ მქონდა) არაფერი. დიახ, ზუსტად პირველ ემოციას ვგულისხმობ. მართლა არაფერი მიგრძნია – არც ბრაზი, არც აგრესია, არც იმედგაცრუება. მზად ვიყავი ამისთვის? ეს ხომ სისულელეა, ღალატი სტიქიურ, გარდაუვალ უბედურებად აღიქვა. მაგალითად, მიწისძვრასთან ან წყალდიდობასთან გააიგივო. როგორც ჩანს, წლების განმავლობაში თავდაცვის ინსტინქტი და იმუნიტეტი გამიძლიერდა. იქნებ ისეთი ეგოისტი ვარ, რომ საკუთარი თავის იქით გლობალურ პრობლემად აღარაფერს აღვიქვამ. პრაგმატულად მოაზროვნე გავხდი. რა დროს ღალატზე ნერვიულობაა, როცა უამრავი ადამიანი შიმშილობს და ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები აქვს, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. არ არის ეს მაღალფარდოვანი სიტყვები. არც ლირიკა, ნამდვილად ასე ვფიქრობ. დარწმუნებულიც ვარ საკუთარი აზრის სისწორეში.
სახეზე წყლის შხეფები დამესხა და გამოვფიხზლდი. თვალები გავახილე. სამი-ოთხი წლის ბიჭუნა გამეტებით ატყაპუნებდა ხელებს, თან ხმამაღლა კისკისებდა. შეზლონგებიდან სიამაყით აღვსილი თავშალმოხვეული ახალგაზრდა დედა (მამა წყალში, შვილის გვერდით იყო) აღფრთოვანებით უკრავდა ტაშს.
მორჩა, სიმყუდროვე დაირღვა. წყლიდან ამოვედი და შეზლონგზე გაშლილ პირსახოცზე წამოვწექი.
– მადამ, რამეს ინებებთ? – ჩემ წინ წამის მეათედში გაჩნდა ბარში მომუშავე ბიჭი და ღიმილით მომაჩერდა.
– ერთი უშაქრო ყავა და ცივი წყალი, – მექანიკურად ვუთხარი და ვიგრძენი, რომ მშიოდა. ბარის გვერდით  დაფა შევათვალიერე, რომელზეც ლანჩის მენიუ იყო ჩამოწერილი. ბიჭს ხელით ვანიშნე, შეკვეთის მიცემა ჯერ არ დამისრულებია-მეთქი... წყალს და ყავას ტოსტიც მივამატე.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3