კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 სად გაქრა ბერიას კინოარქივი, სადაც ყველა საბჭოთა მაღალჩინოსნის კომპრომატი იდო

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას ტრაგიკულ გარდაცვალებაზე არა ერთი ვერსია არსებობს, მაგრამ სიახლეს წარმოადგენს ამ ცოტა ხნის წინ გაჟღერებული ვერსია იმის თაობაზე, რომ თითქოს საბჭოთა უშიშროების მარშალი წამების დროს შემოაკვდათ... ისტორიკოსი ბენიამინ როგოვეცკი წერს: „ერთი ვერსიით, ბერია ბერლინიდან ჩამოფრენისთანავე დახვრიტეს აეროპორტში, თვითმფრინავში. მეორე ვერსიით, ბერია კრემლშივე გაგუდეს შეთქმულებმა. ოფიციალური ვერსიით კი, ბერია გაასამართლეს და სამხედრო ბუნკერში დახვრიტეს. მესამე ვერსია რომ ტყუილია, დამტკიცებული ფაქტია და მასზე ყურადღებას აღარ გავამახვილებთ. არც სხვა ვერსიებზე შევჩერდები. ახალი ვერსიით კი, რომელსაც 89 წლის ადა პაპაევას მონათხრობი ადასტურებს, ლავრენტი პავლეს ძე ბერია წამების დროს შემოაკვდა ჯალათს. ანტონ პაპაევს, სწორედ ადა პაპაევას მამას, რომელიც 1953 წელს სამხედრო დაზვერვის, „სმერშის“, პოლკოვნიკი იყო და როგორც მოხუცი ამტკიცებს, მამამისს ბერიას გამოტეხვა დაავალეს. ადა პაპაევას მონათხრობიდან: „მამაჩემი 1974 წელს გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი მითხრა, – ჩემო გოგონა, ბერია მე შემომაკვდა. ის მე სამხედრო ბუნკერში ფოლადის კაუჭზე მყავდა დაკიდებული და ვეკითხებოდი, თუ სად ჰქონდა გადამალული მაკომპრომეტირებელი კინოარქივი, რომელშიც მთელი საბჭოთა პოლიტბიურო იყო გადაღებული. ეს დავალება მე თავად მარშალმა გიორგი ჟუკოვმა მომცა. ბერიასთვის კი ფოლადის კაუჭი ჯერ მარჯვენა იღლიაში მქონდა გაყრილი, შემდეგ კი – მარცხენაში. მის ქონიან სხეულს კი გახურებულ ჩხირებს ვუყრიდი. ის ყვიროდა, ტკივილისგან იკრუნჩხებოდა და მეუბნებოდა, არ მაქვსო. მაგრამ ასეთი დავალება მქონდა და რა უნდა მექნა? სულ რაღაც ორ საათში გათავდა. ისე მოკვდა, რომ მას ვერაფერი ამოვქაჩე. ჟუკოვი მეჩხუბა და პისტოლეტიც კი დამიმიზნა – მოგკლავო. შემდეგ ბერიას შიშველი სხეული კრემატორიუმში წაიღეს და დაწვეს. დიდი ცოდვა მაწევს კისერზე და ღმერთს ვთხოვ მომიტევოსო... მოგვიანებით დედაჩემისგან შევიტყვე, რომ მამა ჯალათი ყოფილა“.
ჯალათი ანტონ პაპაევი მართლაც მსახურობდა „სმერშში“ და ნაკლებ სავარაუდოა, რომ მას ასეთი რამ მოეგონებინა და ტყუილი ეთქვა. ისიც ფაქტია, რომ ბერიას მართლაც ჰქონოდა მაკომპრომეტირებელი კინოარქივი პოლიტბიუროს ყველა წევრზე, რადგან ისინი ზნეობით არ გამოირჩეოდნენ. სავარაუდოდ, ბერიამ იმიტომ არ გათქვა სამალავის ადგილსამყოფელი, რომ იმედი ჰქონდა, ამის მეშვეობით შეინარჩუნებდა სიცოცხლეს. ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ შეთქმულებს ბერიას მოკვლა არ სურდათ და შეიძლება, არც კი გაესამართლებინათ ის. უბრალოდ, პოსტებიდან მოეხსნათ და შინაპატიმრობაში ჰყოლოდათ. ამის ვარაუდი  იმ ფაქტით აიხსნება, რომ ჟუკოვი მოკვლით დაემუქრა ჯალათს, რომელმაც წამების დოზას გადაამეტა... ვარაუდს, რომ ბერიას მოკვლას შეთქმულები არ აპირებდნენ, ისიც ამყარებს, რომ პოლინა ჟემჩუჟინა ისრაელის პრემიერ-მინისტრსა და მის მეგობარს, გოლდა მეირს უყვებოდა თავისი მეუღლის, ვიაჩესლავ მოლოტოვის მონათხრობს: ბერიას სიკვდილი თუნდაც იმიტომ არ გვინდოდა, რომ მას ძალიან დიდი და მრავალფეროვანი კომპრომატი ჰქონოდა თითოეულ ჩვენგანზე. საქმე კი ისე შეიძლება  მოეწყო, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში ეს მასალა მთელ მსოფლიოს მოსდებოდა, რაც არანაირად არ გვაწყობდა. ბერია ჯალათს შემოაკვდა. ჟუკოვს იმ პოლკოვნიკის მოკვლაც კი უნდოდა, მაგრამ არ დაანებესო... ბერიას უნიკალურ არქივს ახსენებს თავის მემუარებში კარლო გეგელია, რომელიც ბერიას ერთ-ერთი ადიუტანტი იყო და სიკვდილსა და დაპატიმრებას იმით გადაურჩა, რომ კერძო არხით ისარგებლა და საბჭოთა კავშირიდან შეერთებულ შტატებში მოახერხა გაქცეა. გეგელიას თქმით, ბერიას არქივში არა მარტო საბჭოთა პოლიტბიუროს წევრები, არამედ მთელი „კომინტერნი“ და ცნობილი მოღვაწეები იყვნენ დაფიქსირებულები.
ბერიას „ენკავედეში“ უნიკალური სპეცაპარატურა ჰქონდა, რომელიც უშიშროების მეცნიერებმა შექმნეს და მისი მეშვეობით ახერხებდა „კომპროფილმების“ გადაღებას. „ენკავედეს“ თანამშრომელთა სპეცბრიგადა კი ძალიან ოსტატურად ამონტაჟებდა ამ აპარატურას „საჭირო წერტილებში“ და „ფილმებიც“ ასე იქმნებოდა. ცნობილია სკანდალი, რომელიც იმ ეპოქის კინოვარსკვლავმა, ლუბოვ ორლოვამ მოაწყო. ორლოვა თავის ახალგაზრდა საყვარელთან ერთად სასტუმრო „ინტურისტის“ ლუქსში ნეტარებდა. უცებ ხუშტურიანმა კინოვარსკვლავმა რაღაც იეჭვა და საძინებელში, კედელზე მიკრულ უზარმაზარ სარკეს სკამი ესროლა. სარკე ჩაიმსხვრა და კედლის მიღმა არასტანდარტულად პატარა ზომის კინოაპარატი გამოჩნდა. ის სტაციონარულად იყო დამაგრებული და სარკიდან იღებდა საძინებლის პერიპეტიებს... ორლოვამ ეს ამბავი სტალინამდე მიიტანა. ბელადმა კი ბერია დაიბარა, მსუბუქად დატუქსა და ირონიულად აუკრძალა ცნობილი კინოვარსკვლავის გადაღება.
სად წავიდა და რა ბედი ეწია ბერიას კინოარქივს, ზუსტად არაა ცნობილი. დიდი ალბათობით, ის შეთქმულებმა მაინც აღმოაჩინეს და გაანადგურეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არქივის ნაწილი მაინც ამოტივტივდებოდა სადმე, მაგრამ ეს არ მომხდარა და ყველაფერი „მშვიდობიანად“ დასრულდა, თუმცა არა ბერიასთვის, რომელიც ამ ვერსიით, ჯალათს შემოაკვდა.
скачать dle 11.3