კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (109)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

№36 რატომ ეძახიან ექიმები „რკინის გოგოს“ თეა ოთარაშვილს და როგორ აღმოჩნდა ის ჰოლივუდის ვარსკვლავების გვერდით

ნინო კანდელაკი ანი რევია

იშვიათად მინახავს ისეთი მიზანდასახული და მებრძოლი ადამიანი, როგორიც თეა ოთარაშვილია. მიუხედავად სირთულეებისა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემისა, მან შეუძლებელი შეძლო – დღეს ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. წელს კი, ნიუ-იორკში გამართულ Met Gala  2018-ის ღონისძიებაზე ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, სელენა გომესი სწორედ თეა ოთარაშვილის ხელით შექმნილი ულამაზესი კაბით წარდგა.
თეა ოთარაშვილი: დედას უნდოდა ჯავახიშვილში ჩამებარებინა და ხელოვნებათმცოდნეობაზე ჩავაბარე. ერთი წელი ვისწავლე და მივხვდი, ეს არ იყო ჩემი სფერო. მეორე წელს სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, მოდელირების ფაკულტეტზე. ორი წლის შემდეგ კი სწავლა აბრამ ბაზელის მაღალი მოდის აკადემიაში გავაგრძელე. იქ ვისწავლე ყველაფერი, არა მარტო დიზაინი, ცხოვრებაც. აბრამ ბაზელმა დიდი წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში. ჩემ თვალწინ იქმნებოდა დიზაინერ აბრამ ბაზელის კოლექციები, მოდიოდნენ ცნობილი პიროვნებები და უკვეთავდნენ სამოსს. ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელია. სადიპლომო კოლექცია 2003 წელს საქორწილო და საღამოს კაბების თემაზე გავაკეთე. ეს იყო ჩემი პირველი ჩვენება და ამ კოლექციამ, პროფესიონალებისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.  
– საქართველოში საკუთარი სალონიც გქონდა და როგორც მახსოვს, საკმაოდ ბევრი გიკვეთავდა საქორწილო კაბებს.
– 2008 წელს გავხსენი ჩემი საკუთარი საქორწილო კაბების სალონი TEO. მეშინოდა, არ ვიცოდი, გამიმართლებდა თუ არა. გავრისკე და გამიმართლა.  ჩემი მაღაზიის გახსნის პირველივე დღეს ერთი საქორწილო კაბა გაიყიდა და ერთი გაქირავდა. მაშინ მივხვდი, რომ არასდროს გავჩერდებოდი. დაახლოებით, 10 ათასამდე დედოფალს ეცვა ჩემი საქორწილო კაბა, თან, მხოლოდ ერთი ცალი იქმნებოდა. ამერიკაში ებრაელი დედოფლებისთვის იქმნებოდა. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს ძვირად ღირებული კაბა, უძვირფასესი თვლები და მაქმანების ერთობლიობა. აქცენტი კეთდება ხელით შესრულებულ ნამუშევარზე. რაც ძალიან დიდ დროს მოითხოვს და, შესაბამისად, კაბის ფასებიც იზრდება.
– თუმცა, გასავლელი გზა საკმაოდ რთული და წინაღობებით სავსე იყო. არც ჯანმრთელობა გიწყობდა ხელს. დღეს კი, ამერიკაში საკმაოდ წარმატებული დიზაინერი ხარ. იქ როგორ წახვედი, ვინ დაგეხმარა?
–  ურთულესი შრომა მიწევდა იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიმეღწია. დღე-ღამეში, დაახლოებით ხუთი საათი მეძინა, დანარჩენ დროს ჩემს მაღაზიაში ვატარებდი, ვქმნიდი ახალ მოდელებს და ვკერავდი. შვილთან ურთიერთობისთვისაც კი არ მრჩებოდა დრო. თავს არ ვზოგავდი და ჩემმა ასეთმა ცხოვრების რეჟიმმა გამოიწვია ჯანმრთელობის გაუარესება.  ჩვეულებრივი ვირუსის ნიშნები მქონდა. მაღალი ტემპერატურა ერთი კვირა გამიგრძელდა. სასწრაფოს ექიმები მეუბნებოდნენ, ჩვეულებრივი ვირუსია, დაელოდე, გაგივლისო. ერთი კვირის შემდეგ ხერხემლის არეში გაუსაძლისი ტკივილები დამეწყო. „არამიანცის“ საავადმყოფოში გადამიყვანეს. ეგონათ, რომ თირკმელების პრობლემა იყო. ისეთი ტკივილები მქონდა, ვეღარ ვუძლებდი, წვეთოვანით დამიდგეს მორფი. ღამით გამეღვიძა და დედას ვუთხარი, ფეხები დამიბუჟდა და ავდგები-მეთქი. ავდექი და ჩავიკეცე. დილით ექიმებმა თქვეს, ეს ჩვენი პაციენტი არ არისო და ინფექციურ საავადმყოფოში გამიშვეს. იქ დამიდგინეს უმძიმესი დიაგნოზი – მიელიტი, იგივე დამბლა. ეს დაავადება, სწრაფად ვითარდება და დაახლოებით 12 საათში სრულიად პარალიზებული ვიყავი. მხოლოდ მარჯვენა ხელი და ტვინი მიმუშავებდა. ექიმები მალევე მიხვდნენ, რა მჭირდა, თორემ სხვა შემთხვევაში ტვინიც ითიშება და სულ ცოტაც რომ დაეგვიანათ, ვეღარ ვიცოცხლებდი. ასეთ დროს სიცოცხლისუნარიანობა მხოლოდ 3 პროცენტია. გავლაზე აღარც იყო საუბარი, მთავარი იყო, მეცოცხლა. ერთი თვე ვიწექი რეანიმაციაში და არასოდეს მიფიქრია, რომ ვერ გავივლიდი. მართლაც, მოხდა სასწაული. ექიმები „რკინის გოგოს“ მეძახიან (იცინის). საავადმყოფოდან რომ გამომწერეს, ფეხის ორ თითს ვამოძრავებდი. სიარული და სუნთქვაც თავიდან ვისწავლე. ხელით მაჭმევდნენ. დიდი ხანი ჯოხით დავდიოდი. დღესაც, ცოტა მიჭირს სიარული, ვკოჭლობ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკაში წამოვედი, ჯანმრთელობის გაუმჯობესება იყო. სრულიად შემთხვევით შევედი ამერიკის საელჩოში და ვიზა მომცეს.
– ესე იგი, ძალიან იღბლიანი ხარ, სიკვდილიც დაამარცხე და ამერიკაში, საკუთარი პროფესიით მუშაობაც დაიწყე, რაც, ემიგრანტისთვის რთულია, თითქმის შეუძლებელიც.
– ამერიკაში რომ ჩამოვედი, სამსახური აქ მცხოვრებმა მეგობარმა დამახვედრა. ეს იყო საქორწილო კაბების მაღაზია და გადაკეთებაზე ვმუშაობდი. არ მომეწონა ეს საქმე, თან, ანაზღაურებაც საკმაოდ დაბალი იყო და ახალი სამსახურის ძებნა დავიწყე. გაზეთიდან ვიპოვე ვაკანსია, ახალგაზრდა ებრაელი დიზაინერის, გრეისი აქატის სალონში. არც რუსული ვიცი და მაშინ არც ინგლისური ვიცოდი. დეიდაჩემს ვთხოვე, დაერეკა იმ მაღაზიაში. დაურეკა და უთხრა, არც საბუთები აქვს, არც რუსული იცის და არც ინგლისური, მაგრამ რომ მოვა, ნახეთ, რა შეუძლია და მერე გადაწყვიტეთ, მიიღებთ თუ არაო. მოკლედ, მივედი და მომცეს გამოჭრილი კაბა. მთელი დღე ვიმუშავე და დავამთავრე. იმ დღეს მათი უფროსი საფრანგეთში, გამოფენაზე იყო წასული. ჩემი გაკეთებული კაბის ფოტო გადაუგზავნეს და ზუსტად, 15 წუთში მომწერა მესიჯი, ჩემთან მთლიან განაკვეთზე იმუშავეო. ერთი წელი ვიმუშავე ებრაელების სალონში. მერე ბრუკლინში ვნახე სამსახური – რეიჩელ დორნი აკეთებდა თარგებს. იქ დიზაინერები მოდიოდნენ და ჩემს ნამუშევარს რომ ნახულობდნენ, მოსწონდათ. ერთმა დიზაინერმა შემომთავაზა, „ფეშენ-ვიქისთვის“ კონკრეტულ კოლექციაზე მემუშავა. ერთი კოლექცია მას, ლინდარს, გავუკეთე და მეორე – დიზაინერ ლოროდს. ორივე კოლექცია შემდეგ – „ვოგი.კომზე“ დაიდო. გრეისი აქატთან ძვირფას კაბებზე ვმუშაობდი, რომელთა ფასი 5 000 დოლარიდან იწყებოდა და ძირითადად, ებრაელებისთვის ვკერავდით. ეს იყო უძვირფასესი ქსოვილები და თვლები. ამ ქსოვილებზე ხელის მოკიდებისაც მეშინოდა, იმდენად ძვირფასი იყო – ერთი მეტრი ქსოვილის ფასი, 300-400 დოლარიდან იწყებოდა.
– ამერიკაში წამყვან და ცნობილ კომპანია COACH-ში როგორ აღმოჩნდი?
– რეიჩელ დორნმა შემომთავაზა მაღალი დონის ბრენდ COACH-ში მკერავად მუშაობა. უმსხვილესი კომპანია COACH აცხადებდა ვაკანსიას simple maker-ის თანამდებობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ორ სამსახურში ვმუშაობდი საკმაოდ კარგი ანაზღაურებით, ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. ეს არის LUXURY BRAND, რომელიც მხოლოდ მაღალ ფენაზეა გათვლილი. ის1941 წლიდან ფუნქციონირებს. გავიარე გასაუბრება, წარვადგინე ჩემი ნამუშევრების კატალოგი და ამის შემდეგ დამირეკეს და მთხოვეს, ტესტირება გამევლო. ეს იყო ურთულესი სამდღიანი გამოცდა კვალიფიკაციაში. რის შემდეგაც VIP ნაწარმზე დამამტკიცეს. ვმუშაობ მხოლოდ ცნობილი, სელებრითების კაბებზე. სელენა გომესი ჩვენი კომპანიის სახეა. მას უნდა წარედგინა კომპანიის სახელი MET GALA 2018-ზე. COICH-ის მთავარი დიზაინერი სტიუარტ ვევერსი გახლავთ. სელენას კაბაზე სამი დიზაინერი მუშაობდა. კაბა თავიდან ბოლომდე მე შევკერე. გამოყენებულია უძვირფასესი თხელი, ფაფუკი გამჭვირვალე ქსოვილი, მაქმანები და თვლები. ნაქარგები ხელითაა შესრულებული და მასზე მუშაობა ურთულესი იყო. ფაქტობრივად, ერთი თვე არ მძინებია. დღეში 16 საათს ვმუშაობდი და ერთ თვეში დავასრულე. სასტუმროში, იმ ნომერში, სადაც სელენა გომესი იყო დაბინავებული, მეც მომიწია ყოფნა. მისთვის ორი კაბა გვქონდა გამზადებული. თავიდან, როცა მოზომვაზე მოვიდა, მეორე კაბა აარჩია. იმაზეც მე ვიმუშავე. მაგრამ გალა კონცერტის წინა დღეს დაგვირეკა და გვითხრა, მეორე კაბა დამიმთავრეთ, ის უნდა ჩავიცვაო. მთელი ღამე ვიმუშავე იმ კაბის დასამთავრებლად. დღეს ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რადგან უცხო ქვეყანაში ერთი წლის ჩამოსულ ემიგრანტს მომცეს საშუალება, ასეთი დონის მომღერლის კაბა შემექმნა.
– ფაქტია, ამერიკული ოცნება აგიხდა და იმედია, მომავალშიც ბევრ წარმატებას მიაღწევ.
– უამრავი გეგმა მაქვს. ახლა, ჩემი ოცნებაა, „ვიქტორია სიკრეტის ფეშენ-შოუს“ მთავარი დიზაინერი ვიყო. ამის მერე კი მინდა, ჩემი ბრენდი მქონდეს. საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას ნამდვილად აღარ ვაპირებ. ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე მთავარი ჩემი შვილის ჩამოყვანაა. საკმაოდ ნიჭიერი გოგოა და ვიცი, წარმატებას მიაღწევს. ქმარმა ჩემი ავადმყოფობის შემდეგ მიმატოვა. სხვა ოჯახი შექმნა. ჩემთვის ესეც საკმაოდ რთული გადასატანი იყო. ახლა კი ვფიქრობ, ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ უფრო ბევრ წარმატებას მიაღწიო და ბედნიერი იყო.
скачать dle 11.3