კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 სალომე ზურაბიშვილი: ბაბუამ შექმნა უშიშროების სამსახური, ამიტომაც იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დღეს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. მას საინტერესო ცხოვრება აქვს გავლილი, როგორც თავისი წინაპრებისა და ოჯახიდან გამომდინარე, ასევე, თავისი პროფესიითა და საქმიანობით. რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტობა, როგორი იყო მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები, როგორი მეუღლე იყო, როგორი დედა და დედამთილია, ამ და სხვა საინტერესო თემებზე ქალბატონი სალომე გულახდილად გვესაუბრა.
სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტობა გადავწყვიტე, იმიტომ რომ მგონია, ქალი პრეზიდენტის დრო მოვიდა. სწორედ ჩვენ ვართ ჩვენი ისტორიის გარდაქმნების  მომენტში და მსოფლიოც ასე არის. საქართველოში ქალის ეს პოზიცია უკვე აუცილებელია, რადგან ჩვენს ქვეყანაში ქალები არიან ძალიან საპასუხისმგებლო ადგილებზე ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში, მაგრამ არა პოლიტიკაში და ესეც უნდა გაირღვეს. მე მგონი, პრეზიდენტი ქალი დღეს უფრო საჭიროა.
– რას ჰპირდებით საზოგადოებას, რა არის თქვენი მთავარი მიზანი გაპრეზიდენტების შემთხვევაში?
– ყველაზე მეტად საჭიროა, დავძლიოთ ქვეყანაში არსებული დაძაბულობა, მუდმივი დაპირისპირება, აგრესია ყველაფერზე და ყველას მიმართ, თვით ოჯახებშიც და ის, რაც ჩვენს კულტურაში არ არსებობდა – ძალადობა ქალების მიმართ, ახალგაზრდების დაუნდობლობა. ამ ყველაფრის დაძლევაში ქალის ხელი შეიძლება იყოს ის, რაც ყველაზე ძალიან გვჭირდება და მე ვფიქრობ, ჩემი წარსული, ის ეროვნული ნაწილი, რაც მოჰყვება ისტორიულ ემიგრაციას და ასევე, საგარეო საკითხებში გამოცდილება ისე გამოვიყენო, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი იყოს.
– თქვენს წინაპრებზე თქვით, რომ ბევრი მათგანი გაცილებით მეტად იმსახურებდა პრეზიდენტობას, ვიდრე თქვენ, ვინ არის თქვენთვის ყველაზე გამორჩეული და სამაგალითო თქვენი წინაპრებიდან?
– ძალიან ბევრ მაგალითზე გავიზარდე. ჩემი წინაპრებიდან უფრო ცნობილია ნიკო ნიკოლაძე. ასევე, მამაჩემის მხრიდან ბაბუა და ბებია ჩართული იყვნენ პირველ ეროვნულ მოძრაობაში, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში და ორივე ძალიან აქტიურები იყვნენ. ბაბუაჩემი იყო იმდროინდელ სენატში. დედაჩემის მხრიდან ბაბუა კი – პირველი დამოუკიდებელი მთავრობის უშიშროებაში. ბაბუამ შექმნა ის, რაც შემდეგ ცნობილია, როგორც უშიშროების სამსახური, ამიტომაც იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო – ამას არ შეარჩენდნენ. ბიძაჩემი ომის დროს უკვე ემიგრაციაში იყო, გერმანელებთან თანამშრომლობის მომხრე. საბჭოთა კავშირთან ომის დროს ამ სიახლოვით შეძლო გადაერჩინა ყველა ქართველი ებრაელი – დაარწმუნა გერმანელები, რომ ქართველი ებრაელები სხვა ეთნოსი იყვნენ და ამით ძალიან დიდი საქმე გააკეთა. ოცდაათი წლის განმავლობაში მამაჩემი იყო სათვისტომოს პრეზიდენტი, ემიგრაციის ხელმძღვანელი. ახალგაზრდობაში, 27 წლის ასაკში, დააარსა ქართული წმიდა ნინოს ეკლესია, ერთადერთი არსებული ქართული ეკლესია თავისუფალ მსოფლიოში, ანუ საქართველოს გარეთ, ამ ხალხის ფონზე ჩემი ღვაწლი ძალიან მცირეა, მაგრამ მოვდივარ დატვირთული მათი აზრებით საქართველოზე. ასეთი იყო ჩემი მეუღლე ჯანრი კაშიაც, რომელიც ემიგრაციაში აღმოჩნდა და იქაც მუდამ ფიქრობდა, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა საქართველოსთვის.
– გვიამბეთ თქვენი და თქვენი მეუღლის სიყვარულის ისტორია...
–  ჯანრი პარიზში გავიცანი. ჩამოსული იყო, როგორც დისიდენტი. ის იყო საქართველოდან წამოსული, თავისი ძალიან მკაფიო პოლიტიკური მოსაზრებებით, ძალიან ბევრი ცოდნით ჩვენს ქვეყანაზე, ფიქრებით, რაც ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გაცნობისთანავე კარგად განვეწყვე, მე მაშინ ვიყავი ქორწინებაში, როცა მეუღლეს გავშორდი, აფრიკაში წავედი სამი წლით და მხოლოდ პარიზში დაბრუნების შემდეგ გავიცანი ჯანრი სხვა ფორმით და დავახლოვდით. ამ ხნის მანძილზე გვქონდა მიწერ-მოწერა, შევხვდით ევროპული ინსტიტუტის დაარსების საკითხზე. პრინციპში, პირველ რიგში, ჯანრი იყო ჩემი ყველაზე სანდო და დიდი მეგობარი ცხოვრებაში, ეს იყო ჩვენი მთავარი კავშირი, ცხადია სიყვარულიც, მაგრამ ის სიყვარული, რომელიც მეგობრობაზე არ არის დაფუძნებული, ალბათ, დიდხანს ვერ ძლებს.
– რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მის გარეშე?
– ჯანრის სახით მე დავკარგე ძალიან დიდი მეგობარი, რომელთანაც ყოველდღიურად რაღაცას ვსწავლობდი, შემეძლო აზრების გაცვლა-გამოცვლა, ძალიან რთულია, როცა დღევანდელ ძალიან რთულ ბრძოლაში მარტო რჩები. განსაკუთრებულად განიცდი, გვერდით რომ არ გყავს ის, ვინც ყველაფრის მიუხედავად, შენთან არის, ზურგს გიმაგრებს და ვისაც შეგიძლია ჰკითხო ბევრი რამ. შეიძლება, რჩევა ჰკითხო, არ დაუჯერო, რაც ხშირად ხდებოდა, მაგრამ  საშუალება გაქვს, რომ ვიღაცასთან განიხილო შენი აზრები, შეეჭიდო ამ აზრებს და ბოლომდე გაჰყვე... თან ჰქონდა არაჩვეულებრივი განათლება, საქართველოს ისტორიის, ფილოსოფიის, ბევრ სხვა მსოფლიო დონეზე და ესეც ძალიან დიდი კომფორტი იყო, როცა შეგიძლია, ადამიანს ყველაფერზე ჰკითხო და მიიღო პასუხი. 1988 წელს, როდესაც ჯანრი პარიზში იყო, შევხვდი. მითხრა, დედაჩემს გავუგზავნე დაპატიჟება, საფრანგეთში რომ ჩამოვიდესო და ვიფიქრე, ეს კაცი ვერ არის კარგად, როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა იმოქმედა და ჭკუაზე არ არის-მეთქი, იმდენად წარმოუდგენელი იყო ეს იმ პერიოდში, რადგან ქვეყნიდან წამოვიდა როგორც დისიდენტი, მერე ჩააბარა პასპორტი და იყო სისტემის რეჟიმის მტერი. არადა ეს მოახერხა. იმავე პერიოდში ამბობდა, ეს სისტემა დასრულებულია, აღარ იქნებაო. ეს რწმენა ჰქონდა ჩამჯდარი იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირი ყველასთვის იყო მუდმივობის სიმბოლო, რა უნდა მოხდეს, საბჭოთა კავშირი რომ დაიშალოსო.
– რამდენად რომანტიკული იყო თქვენი ურთიერთობა, სიურპრიზებით თუ განებივრებდათ?
– რომანტიკული იყო, საერთოდ, ჯანრისთან ყოფნა, სხვა ტიპის ადამიანი იყო – ეს რაღაც სიკეთე, იუმორი, განათლება ყველაფერი ერთად... თორემ ისე რომ ვთქვათ, მგონი, საჩუქარიც არასდროს გაუკეთებია, გარეთ დაპატიჟებას ერჩია, სახლში რაღაც გაეკეთებინა. არც ყვავილების მოტანა იყო მისი სტილი, მაგრამ წიგნებს მჩუქნიდა. ბევრ წიგნში ვყავარ გამოყვანილი, დამიწერა ერთი მოკლე მოთხრობა და მეორე წიგნი მთლიანად მომიძღვნა და ეს იყო მისი ნამდვილი საჩუქრები. ამიტომ სანამ არ შევასრულე მისი სურვილი, გამომეცა მისი წიგნების მთლიანი კოლექცია, ვერ მოვისვენე. სხვათა შორის, იმის მერე დავუბრუნდი პოლიტიკას. ეს იყო ჩემი დასასრულებელი ვალი მის მიმართ, მაგრამ ეს ვალი მოდის კიდევ, ბევრ რამეში მომყვება, სადღაც მაინც მეხმარება და სადღაც მაინც არის.
– როგორი მეუღლე იყავით, ოჯახს როგორ უთავსებდით ასეთ სამსახურებს, ფუსფუსებდით სამზარეულოში?
– მე ძალიან მიყვარს კერძების მომზადება და საერთოდ სტუმრები მიყვარს სახლში. სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, ჩვენთან ყველგან სტუმრები იყვნენ. არ მიყვარს ცარიელი სახლი. რადგან ისეთი მძიმე სამსახური მქონდა, რომ ხშირად გვიანობამდე ვერ ვბრუნდებოდი, ჯანრიც ახერხებდა, აკეთებდა ლობიოს, დედაჩემიც ძალიან მეხმარებოდა, ამიტომ ის განცდა, სახლში უნდა ვიყო და გასაკეთებლი მაქვს, არ მქონდა. დაძალების გარეშე, ჩემით ვაკეთებდი. არასდროს არ ვგრძნობდი, რომ დამნაშავე ვარ, იმიტომ რომ ისე ვერ ვუვლი ოჯახს, როგორც საჭიროა. გენდერული ბალანსი სრულიად დაცული იყო. ჯანრის მიაჩნდა, რომ ქალი კარგად ჩაცმული უნდა იყოს. არ იყო ისეთი მწერალი თუ ფილოსოფისი, რომელიც არაფერს აქცევს ყურადღებას. უყვარდა, როცა თავს ვუვლიდი.
– თქვენ განსაკუთრებული იმიჯით, ჩაცმის სტილით ყველა ქალი პოლიტიკოსისგან გამოირჩევით. დიდ დროს უთმობთ თავის მოვლას?
– ზოგჯერ დაუვარცხნელი გამოვდივარ. ადრე უფრო დედაჩემი მეჩხუბებოდა. იმიტომ რომ, ამ მხრივ, ძალიან მომთხოვნი და მკაცრი იყო. თვითონ ბოლომდე ძალიან მოწესრიგებულს ჩემი ნახევრად და ბოლომდე  არმოწესრიგება, არ მოსწონდა. ახლა კი ჩემი ქალიშვილი მეჩხუბება. ის უყურებს ჩემს გამოსვლებს და მერე საღამოს მირეკავს და რჩევებს მაძლევს. ვცდილობ, კარგად გამოვიყურებოდე, ცოტა მეტი დრო უნდა, მე ყოველთვის მეჩქარება და შეიძლება, პომადა გზაშიც გადავისვა, ქუჩაში რომ გავალ. ჩემი ქალიშვილი ჟურნალისტია და მისი პროფესიის გამო, ეკრანზე სულ ფორმაში უნდა იყოს.
თქვენს პრეზიდენტობაზე რა აზრის არიან თქვენი შვილები, რჩევებს თუ ეკითხებით?
– ჩემი შვილი, თემური, თვითონ არის დიპლომატი და მასთან მაქვს სრულყოფილი მსჯელობა. მომყვებიან, მგულშემატკივრობენ, რჩევებს მაძლევენ, ორივე ლაპარაკობს ქართულად, მაგრამ ცოტა უჭირთ წერა-კითხვა და ორივემ ძალიან კარგი გაკვეთილები ჩაიტარეს ამით, კითხულობენ „ფეისბუქზე“ ვინ რას წერს. სხვათა შორის, თემური გაგიჟდა, მისი ქორწილის ფოტოები რომ დავდე „ფეისბუქზე“ და ვიღაცები ლანძღვით შემოვიდნენ – რა უნდათო, გაუკვირდა. მე როცა დავდებ ჩემს პოსტს, მერე არ ვკითხულობ კომენტარებს, არ შევდივარ დიდად, ვიცი, რაც მოჰყვება. საერთოდ, ძალიან ვცდილობ და მგონი, ჩემგან არავის აქვს მოსმენილი ვინმეს ლანძღვა-გინება. ერთმანეთის გინება ყველაზე დაკარგული დროა და ჩვენს შინაგან სამყაროზე აისახება. არ შეიძლება, ნეგატიურ გარემოში ვიცხოვროთ.
– თქვენი შვილი თემური ახლახან დაქორწინდა, ვინ არის თქვენი რძალი და როგორ მოირგეთ დედამთილობა?
– არჩევნებზე ახალდაქორწინებულები საქართველოში ჩამოვლენ. ჩემი რძალი ფრანგია, კონსტანსი ჰქვია, რაც ქართულად ნიშნავს ერთგულს. მშვენიერი სახელია და მშვენიერი გოგოა. ძალიან საინტერესო ქორწილი ჰქონდათ. თბილისში დაიწყო, გაგრძელდა გერგეტზე, შემდეგ – ყაზბეგში. ჩამოყვანილი ჰყავდათ ასამდე მეგობარი სხვადასხვა ქვეყნიდან და იყო ძალიან ინტერნაციონალური. თუმცა ყველა ბიჭმა ჩოხა ჩაიცვა. ჩემს შვილსაც ჩოხა ეცვა, ცხენზეც შეჯდა და ძალიან კარგი სანახაობა იყო. ორი წლის წინ, სანამ დაქორწინდებოდნენ, თემური და კონსტანსი ერთად იყვნენ ჩამოსულები. ვიყავით ყაზბეგში, ხევსურეთშიც წავიყვანეთ, ცხენზეც დავსვით ის საცოდავი გოგო, რომელმაც ჯერ არც იცოდა, სად იყო. გერგეტი ორივეს ისე მოეწონათ, მაშინ არ იყო ლაპარაკი ჯვრისწერაზე, მაგრამ თვითონ გოგომ თქვა, თუ ოდესმე გადავწყვეტ, აქ მინდა ჯვარი დავიწეროო. შეიძლება, ეს ნიშანი იყო. თურმე, გერგეტმა იცის ეს – იქ რასაც ჩაიფიქრებ, სრულდება. მათ შემთხვევაში შესრულდა. ბედნიერი ვარ ჩემი შვილებით. ბევრი საინტერესო, ბედნიერი მომენტი მქონდა ცხოვრებაში ჩემს მეუღლესთან, ოცი წელი ცოტა არ არის... ძალიან ბედნიერი ვიყავი ბავშვობაში არაჩვეულებრივ მშობლებთან და ოჯახში, პროფესიით და მადლობა ღმერთს, რომ ასეთი საინტერესო ცხოვრება მაჩუქა!
скачать dle 11.3