კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 „გარყვნილი“ ცოლის ჩანაწერები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


პირველად ვარ მარტო, თანაც, დასასვენებლად და მთელი ათი დღით. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორმოცდაათ წელს მივუკაკუნე (48 წლის ვარ და რაღა დარჩა), არასოდეს დამისვენია მარტო. სანამ პატარა ვიყავი (ეს პატარაც პირობითია, იმიტომ რომ დედაჩემი ოცდაორი წლისასაც კი არ მთვლიდა ნდობის ღირსად და სადმე გაშვებაზე ვერ დაელაპარაკებოდი), მშობლებს დავყავდი „ჰაერის გამოსაცვლელად“, რა თქმა უნდა, კურორტსაც ისინი ირჩევდნენ და ძირითადად, ერთ „გაიდლაინს“ მიჰყვებოდნენ: ჯერ – მთა, მერე – ზღვა... მოკლედ, ორჯერ გამოვთქვი მეგობრებთან ერთად მოგზაურობის მოკრძალებული სურვილი და ორჯერვე „ამიხსნეს“, რა „საფრთხეებთან“ იყო დაკავშირებული მსგავსი ავანტიურა. რეპუტაციას მიყენებულ ჩრდილზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მაშინ ჯერ კიდევ არ გამოვირჩეოდი მეამბოხე ბუნებით (აზრიც არ ჰქონდა) და...
ზოგადად, ცხოვრება ნელ-ნელა გვძერწავს ისეთებად, როგორებიც ორმოცი წლის შემდეგ ვხდებით. არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ როგორი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, როცა ერთ დღესაც უკან მოიხედავ და მიხვდები – შენი სიცოცხლისთვის განსაზღვრული წლების ლიმიტი ნახევრამდე გაგიხარჯავს (ესეც საშუალო სტატისტიკით, თორემ წინასწარ ვინ იცის, რამდენწლიან საგზურს გამოუწერს ღმერთი დედამიწაზე სამყოფად). რაც უნდა თქვა, ცხოვრება მაგარი რამეა. ამასაც მერე ხვდები...
სად გავჩერდი? ჰო, მარტო ვარ. დღეს, სასტუმროს რესტორანში საუზმეზე რომ ჩავდიოდი, ერთბაშად გავაცნობიერე – მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა მეზრუნა. ამან დისკომფორტის განცდაც კი გამიჩინა. არც ქმრისთვის უნდა შემერჩია შორტი და მაისური და არც შვილები (ჯერ ერთი, მერე მეორე...) უნდა წამომეყენებინა საწოლებიდან ჯაჯღან-ჯაჯღანით და იმის ახსნით, რომ თუ არ იჩქარებდნენ, საერთოდაც უსაუზმოდ დარჩებოდნენ. ოცდახუთი წლის განმავლობაში ერთი დღეც არ ყოფილა ისეთი, მარტო საკუთარ თავზე მეზრუნოს. ასეა, ოცდახუთი წელია, გათხოვილი ვარ. დღეს ჯერ კიდევ ასეა. ხვალ რა იქნება, არ ვიცი. არ ვიცი, იმიტომ რომ მოულოდნელად ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. იქნებ, არც მოულოდნელად.
... მეორე ფინჯანი ყავა დავისხი და რესტორანი მოვათვალიერე. ძირითადად წყვილები იყვნენ. ბავშვებიანები – ნაკლებად. წელიწადის ამ დროს ზღვაზე ახალგაზრდებსაც იშვიათად შევხვდები. ჩემმა ქმარმა ისეთი მოზეიმე სახით მამცნო, ათი დღით საბერძნეთში მიდიხარ დასასვენებლადო, ეგრევე მივხვდი, რაღაც ისეთი ჰქონდა დაშავებული, ადვილად რომ ვეღარ გამოძვრებოდა სიტუაციიდან. ფაქტია, ამბავს შვილების ყურამდე მიეღწია. თანამზრახველებივით ამოუდგნენ ვაჟბატონს აქეთ-იქიდან და დასჯილი ლეკვის თვალებით მიყურებდნენ. კინაღამ გამეცინა.
– რა მოხდა? – ვიკითხე მოგონილი სიმშვიდით, მაგრამ გამომივიდა... ერეკლემ თვალი ჩამიკრა. ასე მაშინ აკეთებდა, როცა საჭირო სიტყვებს ვერ პოულობდა. სანამ ჩემი ძვირფასი მეუღლე რამეს იტყოდა, ქალიშვილი წამომეშველა – გამყიდველი მამის კუდი.
– დე, შენ ხომ სულ გინდოდა საბერძნეთის ნახვა, თანაც რამდენჯერ გითქვამს, ნეტავი ერთხელ სადმე ისე წამიყვანა, მარტო ერთი და ისიც ჩემი ჩემოდანი მქონდეს ამოსალაგებელ-ჩასალაგებელიო.
ჩემს ქმარს გადავხედე. სიგარეტს სრესდა და არ იცოდა, თვალები სად წაეღო. „რა ვქნა ახლა, ბოლომდე გავანადგურო თუ დავინდო და დრო მივცე“, – გავიფიქრე და ვიგრძენი, როგორ ვტკბებოდი ამ წუთით. „როგორი უსუსურია, ბავშვების დაუხმარებლად ვერაფერს გახდა“.
– ანუ, დასასვენებლად მიშვებთ? აჰა, როგორც იქნა, დავიმსახურე „კუთვნილი შვებულება“ თუ რამე მძიმე სენი შემეყარა და ჯერ არ ვიცი.
– შენ თუ ზღარბივით ეკლები არ „გამოუშვი“, არ შეგიძლია, – ჩაიბურტყუნა ძვირფასმა მეორე ნახევარმა, – არ შეიძლება, უბრალოდ, გაგიხარდეს?
– მიხარია. როდის მიშვებთ?
– გიშვებთ, რას ნიშნავს? მხრები აიჩეჩა ერეკლემ.
ვაჟიც მამას დაემსგავსა მიხვედრილობაში. ზოგადად, მამაკაცის მიხვედრილობაზე მე ჩემი, საკმაოდ ორგინალური თეორია შევქმენი, მაგრამ ამაზე – მერე. დრო საკმარისად მაქვს – მთელი ათი დღე.
არ მახსოვს, რომელ ჟურნალში წავიკითხე, მაგრამ რატომღაც დამამახსოვრდა. „შვიდი ნიშანი იმისა, რომ სიბერე შემოგეპარა“. იტყვით, სისულელეაო. შეიძლება, მაგრამ ხომ მაინც დაგაინტერესათ? მეც ასე შემომეკითხა. დასაწყისიც ისეთი ჰქონდა, აი, როგორ ვთქვა... გლამურული.
„შესანიშნავად გამოიყურები. იცვამ მოდურად  და შენი სტილიც ნაპოვნი გაქვს, მაგრამ იცი – დროს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. იქნებ, სიბერემ უკვე შეგავლო თავისი მსახვრალი ხელი?“ ჰა, როგორია?! ხომ მოგინდათ, შეამოწმოთ, სიბერე სადმე ხომ არ  „გიცაცუნებთ“ ხელებს? ნუ დაიზარებთ, ყურადღებით წაიკითხეთ. მე, პირადად, ცოტა დავმშვიდდი. ჯერ  არ მქონია ცუდად საქმე-მეთქი.
პირველი: საერთოდ აღარ იცვამთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს – ეს პუნქტებია, რომლებსაც ან უნდა დაეთანხმოთ, ან უარყოთ. მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს რა უპირატესობა ჰქონია, ხედავთ? კიდევ ერთი სიბერის პრევენციაა. ჩაიცვით და გაუძელით.
* შეგიყვარდათ თავისუფალი ტანისამოსი – მეტი კომფორტი სხეულს? პრინციპში, ცუდი რით არის? რა შუაშია სიბერე. კომფორტი ახალგაზრდობაშიც ძალიან მოგვწონს.
* უკვე დაიწყე ფიქრი იმაზე, რომ ტანსაცმელში ძალიან ბევრ ფულს ხარჯავ და დროა, ეკონომია გასწიო... – ვერაფერი გაიგეთ? ვერც მე. აქამდე ეკონომიურობა ხასიათის თვისება მეგონა.
* ელიტური წვეულებები მომაბეზრებელი და დამღლელი გახდა თქვენთვის – სულაც ასე იყო. საერთოდაც, ვის სჭირდება ეგ სულელური წვეულებები, ყალბი ღიმილი, ყალბი კეთილგანწყობა, ყალბი დიდებულება და მომდევნო წვეულებამდე სამყოფი საჭორაო მასალა. ნეტავ, რა ძალა მაიძულებს, მათზე ვიარო. შიში იმისა, რომ სიბერეშეპარულად ჩამთვლიან? გამორიცხულია!
* ახალგაზრდა, ნორჩი გოგონები უკვე აღარ გაღიზიანებთ – მაშინაც კი, როცა ქმრის ცხვირწინ თამამად და ურცხვად ამზეურებენ ნორჩ სხეულებს? – აი, ამან ცოტა დამაფიქრა. იმიტომ არა, რომ ეჭვიანი ვარ. ერთი ნორჩი არსება სახლშიც მყავს და ძალიან არ მომეწონება, მამის ტოლა კაცს „თვალები უჟუჟუნოს“. არ მომეწონება-მეთქი. თორემ ვინ რას მეკითხება ან ქვებით კი არ ვუპირებ ჩაქოლვას, ღმერთმა დამიფაროს! რა სამწუხაროა, რომ საკუთარი სინორჩის ასაკიდან ბევრი აღარაფერი მახსოვს. უცნაური „კომპიუტერია“ ჩვენი ტვინი – „ფაილებს“ ისე „გვიშლის“, არც გვეკითხება. იქნებ, რომელიმეს სამუდამოდ შენახვა გვინდა?
– დედა! – ერეკლე ისევ პასუხს ელოდა.
– რა გინდათ? გავიგე, რომ ყველას ერთად ჩემზე გული შეგტკივათ და სიურპრიზიც მომიწყვეთ. ცუდი არ იქნებოდა, გეკითხათ, რა აზრის ვარ ასეთ მოულოდნელ, წინასწარ დაუგეგმავ მოგზაურობებზე, მაგრამ რადგან პირდაპირ ფაქტის წინაშე დამაყენეთ, ის მაინც ხომ უნდა ვიცოდე, რამდენი დღე მაქვს მოსამზადებლად.
– კარგი რა, რა მომზადება გინდა? ერთი ჩანთა უნდა ჩაალაგო და ეგ არის. აეროპორტში მე და მამა გაგიყვანთ.
– აეროპორტს ჩემი მანქანითაც მივაგნებ, როგორმე. საქმე ეს არ არის. სამსახურშიც ხომ უნდა გავაფრთხილო, რომ ათი დღით სადღაც ვქრები, ხომ უნდა ავუხსნა.
ერეკლე მიხვდა, რომ ჩიხში შემყავდა და სასწრაფოდ დაიწყო უკანდახევაზე ზრუნვა.
– მომისმინე, დე, მამას ისე უნდოდა შენთვის სიურპრიზი გაეკეთებინა, დაუფასე, რა...
შვილს თვალებში შევხედე. ისეთი სუფთა და მიამიტური გამოხედვა ჰქონდა, მივხვდი, რომ არაფერი იცოდა, რასაც თეოზე ვერ ვიტყოდი.
– კარგი, კარგი, დავუფასებ აუცილებლად. ოღონდ ცოტა მაცადეთ, გონზე მოვიდე.
ერეკლეს თვალები გაუბრწყინდა. ჯერ ისევ ბავშვი იყო.
„ნებისმიერ შეკითხვაზე იპოვი პასუხს, თუ კარგად ჩაუღრმავდები საკუთარ თავს. არ სჭირდება ამას განსაკუთრებული, ღვთივბოძებული ნიჭი. ნებისმიერ ასაკში მოახერხებ ამას, თუ იცი, როგორ მოუსმინო „მეს“. კითხვები კი საკმაოდ ბევრია. ჩემი ცხოვრება გადაშლილი წიგნივით დავიდე წინ და შევეცადე, გამოტოვებული აბზაცები ხელახლა წამეკითხა. მეშინოდა რამის? უფრო – აღარ. ზოგადადაც შიში პირობითი თემაა. შიშის უნდა გეშინოდეს და არა მოვლენის, რომელიც ან მოხდება, ან არა. არავინ ამბობს იმას, რომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, მაგრამ ამას შიშებთან კავშირი არა აქვს. როცა პირველად სარკეში ჩავიხედე და ისე ვკითხე საკუთარ თავს, მართლა მეშინია ქმრის ღალატის თუ არა-მეთქი, პასუხი არ მქონდა. ვიცი, იტყვით, რომ არ არსებობს ქალი, ქმრის ღალატის რომ არ ეშინოდეს. ეს შიშსაც არ ჰგავს, უბრალოდ, გარდაუვალის მოლოდინში სტრესის თანხლებით ცხოვრებაა. მერე რატომ? გიღალატებს თუ არ გიღალატებს, შენ ეს ტკივილი უკვე განცდილი გაქვს. სისულელეა, რა თქმა უნდა, ყოვლად უაზრო თვითგვემა და მაზოხიზმის უცნაური ფორმა.
***
... როცა ვფიქრობ და თან ვჭამ, გემოს ვერაფერს ვატან. ყოველთვის ასე ვიყავი და ვერც მოვიშალე ეს მავნე ჩვეულება. სანამ ყავის საოცარმა სურნელმა ნესტოებში არ შემიღიტინა და გემოს რეცეპტორები არ გამიღიზიანა, მანამდე ანგარიშმიუცემლად ვიღეჭებოდი.
– გავბედე და ყავით მოგადექით. იმედია, თავხედობაში არ ჩამომართმევთ. უკვე ერთი საათია, ვფიქრობ, ქართველი იყავით თუ არა. მაინც გადავწყვიტე, გამერისკა... – თავი ავწიე. მამრობითი სქესის საკმაოდ სიმპათიური წარმომადგენელი მიღიმოდა, ვიტყოდი, არც თუ ისე თამამად, მაგრამ ეტყობოდა, არც თავში ბოთლის ჩასარტყმელად იყო მზად.
– მაინც, რატომ იფიქრეთ, რომ ქართველი ვარ? – ამოვქექე ჩემი ესპანური  და ყავაზე ვანიშნე – გმადლობთ, რომ იზრუნეთ ჩემზე.
– უკაცრავად, შევცდი, – დამტვრეული ინგლისურით ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა. ის იყო, ჩემს მაგიდას უნდა გასცლოდა კიდეც, რომ (ახლაც არ ვიცი, რა მეტაკა), გამეცინა. შემოტრიალდა და დამაცქერდა. ცოტა ხანს ისევ ეჭვით მიყურებდა. მამოწმებდა. თამაშს აზრი აღარ ჰქონდა (დიდად არც გამომდის) და დაჯდომა შევთავაზე.
– ჩემი გამასხრება გინდოდათ? – მკითხა შეურაცხყოფილი ტონით. მაგრამ სკამზე მაინც დაჯდა, – გამოგივიდათ. ძალიან დამაბნიეთ და ცოტათი შემაშინეთ კიდეც მაგ თქვენი ესპერანტოთი.
– არა, ესპანურით. სხვათა შორის, არც ისე კარგად მახსოვს. მაინც, როგორ მიხვდით, რომ ქართველი ვიყავი?
კაცმა მხრები აიჩეჩა.
– მზერით. მარტო ქართველ ქალებს აქვთ ასეთი მზერა. როგორ გითხრათ. გამომძიებლის...
ერთბაშად ბრაზი მომერია და ნერვებმა მიმტყუნა.
– მართლა? და ქართველ  მამაკაცებს როგორი მზერა აქვთ? – ძუზე მონადირე, თავმოყვარეობადაკარგული ხვადის. ამიტომ ახლა აქედან მიბრძანდით და ეს თქვენი ყავაც თან გაიყოლეთ. თქვენთან საუბრის გაგრძელების სურვილი აღარ მაქვს. ის კი არა, უკვე ვფიქრობ, ღირს თუ არა ამ სასტუმროში დარჩენა. სიმშვიდეში ყოფნა მინდოდა...
– მაპატიეთ, ნამდვილად არ მინდოდა თქვენი არც წყენინება და არც აფორიაქება. დარჩით, გთხოვთ, სიახლოვეს აღარ გაგეკარებით. საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, ასეთი სისულელე რამ მათქმევინა. კიდევ ერთხელ გთხოვთ, მომიტევოთ.
ავდექი და რესტორნიდან გამოვედი. ხომ არ ავუხსნიდი სრულიად უცხო ადამიანს, რეალურად რაზე და ვისზე ვიყავი გაბრაზებული. მისი სიტყვები მაპროვოცირებელი ნაპერწკალი იყო იმ ველური ტალღისა, რომელმაც იფეთქა. დღე წახდა. ეჭვი აღარც მეპარებოდა, რომ საღამომდე ვერაფერი გამომიკეთებდა გუნებას.
... გათხოვების თავგადაკლული მოსურნე არასოდეს ვყოფილვარ. მიუხედავად იმისა, რომ ოცდასამი წლისამ ჩავიცვი საქორწილო კაბა და ორასკაციან ქორწილშიც მოვიხადე ვალი სტუმრების წინაშე ქართულის ცეკვით (წინასწარ ვემზადებოდით და ასე თუ ისე, გამოგვივიდა). ვერ ვიტყვი, ძალიან ვიაქტიურე ამ ყველაფრის მისაღწევად-მეთქი. დიახ, ერთმანეთს ვხვდებოდით. ერთმანეთი მოგვწონდა და საბოლოოდ ლოგიკურ დასასრულამდეც მივიდოდა საქმე, მაგრამ ნამდვილად არ ვჩქარობდი. საკმარისი პასუხისმგებლობა მქონდა, რომ ჩემი ეს ნაბიჯი გამეცნობიერებინა. ილუზიებს აყოლილი არც ახლა ვარ და არც მაშინ ვიყავი. ჩემი ოჯახის წევრები იმასაც მსაყვედურობენ, სულ ცოტა ქარაფშუტობა არ გაწყენდა, ერთთავად საბრძოლოდ შემართული ხარ. როგორ შეიძლება, არ დუნდებოდე და რაღაც-რაღაცებს მარტივად არ უყურებდეო, მაგრამ რომ არ შემიძლია, რა ვქნა?! ზუსტად ვიცი, მოვდუნდები და ქვეყანაც თავზე დამემხობა. თუმცა, გულახდილი რომ ვიყო, ამ შემართებულობამაც ვერაფერი გამიკეთა. რა თქმა უნდა, თუკი სიურპრიზად ნაყიდ საგზურს არ ჩავთვლით...
...სამზარეულოში კატასავით უხმაუროდ შემოიპარა და ვიგრძენი, როგორ მომიახლოვდა.
– თეო, შენ ხარ... არ გინდა, დამალობანას ნუ მეთამაშები. მოდი და მკითხე, რა გაინტერესებს.
ქალიშვილი მეც მგავდა და მამამისსაც. მაგალითად, ჯიუტი გამოხედვა და ურჩი კულულის თითზე ნერვულად დახვევა მამამისისგან ჰქონდა. ტუჩის ოდნავ გაბუსხვა – ჩემგან. გრძელი, სწორი ფეხებიც ჩემი ქმრისგან ერგო, სამაგიეროდ თვალები – ექსკლუზიურად ჩემი გენეტიკის წყალობით უკიაფებდა მწვანედ, ცოტათი უტიფრადაც. მე მომწონდა, შვილი ჩემზე გაცილებით მეტ სითამამეს რომ  ავლენდა მთელ რიგ საკითხებში. თავის დაცვაც უკეთესად შეეძლო, საკუთარი აზრის გამოთქმაც და სიჯიუტეში ხომ ბადალი არ ჰყავდა. თუმცა, სიჯიუტეც აღარ მიიჩნევა ნაკლად, როცა მას პრინციპულობად გადანათლავ. ჰოდა, ეს „მწვანეთვალება პრინციპულობა“ წინ რომ დამიჯდა და მრავლისმთქმელი მზერით მომაჩერდა, ცოტა არ იყოს, დავიბენი.
– ესე იგი, მაინც ვერ მოახერხე, ყველაფერი არ გაგეფუჭებინა? – თქვა უკმაყოფილო ტონით, როცა ჩემი მხრიდან საუბრის დაწყების იმედი გადაეწურა.
– რა გავაფუჭე, ჯერ ეს მითხარი, – ავიჩეჩე მხრები და ყავა მოვსვი. ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
– მამაჩემს, შენს ქმარს, შეიძლება, ბევრი ნაკლი აქვს, მაგრამ ძუნწი ნამდვილად არ არის და უყვარხარ კიდეც.
გამეცინა. ეს „უყვარხარ კიდეც“ ექიმის დამამშვიდებელი ფრაზასავით ჟღერდა მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ.
– რას ხედავ სასაცილოს იმაში, რომ კაცმა სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა, შენ კი ეს ისე მიიღე, თითქოს დაგვიანებული, პროცენტიანი ვალი გაგისტუმრა.
– თეო, ხომ იცი, როცა საღამოს ყავას ვსვამ, ეს იმას ნიშნავს, რომ სიმშვიდე მჭირდება.
– ამ ბოლო დროს ძალიან მოუხშირე საღამოობით ყავის სმას... – წამოიძახა გულისწყრომით და კარი გაიჯახუნა.
ამოვიოხრე. აბა, რა უნდა მეთქვა...
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3