კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№36 რატომ დადიოდა თამარ ციციშვილი ქუჩაში მილიციის თანხლებით და ვისი მუზა იყო ის

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

თავადის ქალი ჯერ გლეხის ქალი გახდა – მერე კი უეცრად კინოვარსკვლავი. თამარ ციციშვილი 28 წლის, ახალგაზრდა პერსპექტიული მეცნიერი იყო, კინოში გადასაღებად რომ მიიწვიეს. ითამაშა დარიკოს როლი და გახდა კინოვარსკვლავი, იმდენად პოპულარული, რომ მილიციის თანხლების გარეშე, ქუჩაში სიარულსაც ვეღარ ახერხებდა. მის სილამაზეს ეთაყვანებოდა მაყურებელი, ის იყო მხატვრების, პოეტების მუზა – მას ხატავდნენ, უძღვნიდნენ ლექსებს…
თამარის მამამ ოდესაში გერმანელი ქალი გაიცნო, მასზე იქორწინა და იქვე, ოდესაში 1908 წლის 19 დეკემბერს შეეძინა ქალიშვილი. როდესაც გოგონას თამარს არქმევდნენ, რას იფიქრებდნენ, რომ გამოხდებოდა ხანი და როცა ქეთევან მაღალაშვილს თამარ მეფის პორტრეტის დახატვას შეუკვეთავდნენ, აღიარებული მხატვარი ამისთვის სწორედ მათი ქალიშვილის სახესა და თამარის ფრესკას გამოიყენებდა და თამარ ციციშვილს ეტყოდა კიდეც, შეგიძლია ჩათვალო რომ შენი პორტრეტიაო…
…მერვე სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, პარალელურად, კონსერვატორიაში, საფორტეპიანო განყოფილებაზე სწავლობდა. ორივე დაამთავრა და მუშაობდა სახელმწიფო მუზეუმში, პედაგოგიურ კვლევით ინსტიტუტში – ლექტორად. ისტორიის მუზეუმში დღედაღამ სიგელ-გუჯრებსა და პალიმფსესტებს ჩაჰკირკიტებდა, სიკო დოლიძემ კინოში მთავარ როლზე რომ მიიწვია. თამარმა დარიკო განასახიერა. დებიუტს არნახული წარმატება მოჰყვა – მაყურებელი აღაფრთოვანა იშვიათი გარეგნობისა და შარმის ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ღირსეულ პარტნიორობას უწევდა აღიარებულ მსახიობებს სანდრო ჟორჟოლიანს, სერგო ზაქარიაძეს, შალვა ღამბაშიძეს. წარმატებული კინოდებიუტის შემდეგ, თამარ ციციშვილი მეცნიერებას ჩამოშორდა და კინოსტუდიის მსახიობი გახდა. „დარიკოს“ „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი თავის მიხედვით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ქაჯეთი“ მოჰყვა, სადაც თამარ ციციშვილი ნესტან-დარეჯანს ანსახიერებდა… შემდეგ იყო „დავით გურამიშვილი“, „აკაკის აკვანი“, „ქეთო და კოტე“, „ბედნიერი შეხვედრა“, „ჭრიჭინა“, „ბაში-აჩუკი“… სტალინმა სწორედ თამარ ციციშვილისა და ნატო ვაჩნაძის შუაში მჯდარმა იხუმრა – ძლივს არ მეღირსა გლეხის ბიჭს თავადის ქალებში ჯდომაო… თამარ ციციშვილი 1950-59 წლებში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობიც იყო. „ანტონიუსი და კლეოპატრაში“ ოქტავიას ასახიერებდა, სცენაზე პარტნიორობას უწევდა გიორგი შავგულიძეს, პიერ კობახიძეს, ვერიკო ანჯაფარიძეს. თამარ ციციშვილი და ვერიკო კინოშიც ხშირად იყვნენ პარტნიორები. ამბობენ, რომ ერთხელ წაკამათებულან კიდეც – ვერიკოს უთქვამს: „რა უნდა გელაპარაკო, ქართლელი ტეტია ხარ!“ – „ვერიკო, შენ რომ იცოდე რას ნიშნავს ტეტია, ალბათ, არც გაიმეტებდი ჩემთვის – იყო თამარ ციციშვილის პასუხი – ტეტია გულუბრყვილო, კეთილ, სიბოროტეს მოკლებულ ადამიანს ნიშნავს და დიახაც რომ საამაყოა“ – ასე სწამდა თამარ ციციშვილს.
„დარიკო“ ორი წლის გამოსული იყო ეკრანებზე, ჯანო ბაგრატიონმა რომ შესთავაზა ერთად ეცეკვათ „ქართული“ ფოლკლორის ფესტივალზე, ინგლისში. თამარ ციციშვილი დათანხმდა ჯანო ბაგრატიონის თამამ გამოწვევას. ჯანო ბაგრატიონი ერთ კვირას ამეცადინებდა თამარ ციციშვილს ცეკვაში. ჯერ თბილისში უნდა წარმსდგარიყვნენ შესარჩევ კონკურსზე. წარსდგენენ. იმ დღეს ოპერის ლოჟაში ბერიაც იჯდა. ჯანო ბაგრატიონმა ცეკვისთვის ორიგინალური დასაწყისი დადგა – თამარ ციციშვილი შემოდიოდა და სცენას კვეთავდა – მარცხენა კულისიდან მარჯვენა კულისამდე, ციციშვილის სცენაზე გამოჩენას ტაშის გრიალით შეხვდა მაყურებელი, თამარ ციციშვილმა გადაკვეთა სცენა, გაჩერდა მარჯვენა კულისთან და… ზურგშექცეული აღმოჩნდა იმ ლოჟასთან, სადაც ბერია იჯდა დასრულდა ბაგრატიონისა და ციციშვილის ცეკვა „ქართული“ და არ ცხრებოდა ტაში. არ ცხრებოდა მანამ, სანამ თვით ბერია არ გადმოიხარა ლოჟიდან და დარბაზს გაჩუმების ნიშანი არ მისცა… (რ. შატაკიშვილი) ბაგრატიონ-ციციშვილის წყვილმა კონკურსში გაიმარჯვა, უნდა გამგზავრებულიყვნენ კიდეც ფესტივალზე, მაგრამ მეორე დილით ბაგრატიონი თვითმფრინავში არ აუშვეს… მის ნაცვლად თამარ ციციშვილს სხვა მოცეკვავე გააყოლეს, უკვე ოდესაში კი, გემზე თამარ ციციშვილიც აღარ აუშვეს.
 
ქორწინება
ილია ჭავჭავაძის თანამოაზრე და უმცროსი მეგობარი, ცნობილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ გედევანიშვილი რამდენიმე დარგის სპეციალისტი იყო – ფსიქიატრი, ნევროპათოლოგი, რენტგენოლოგი… სწორედ მან ჩამოიტანა პარიზიდან საკუთარი სახსრებით რენტეგენის აპარატი თბილისში. საგულისხმოა, რომ მანამდე რენტგენის აპარატი არ იყო მთელ რუსეთის იმპერიაში. რენტეგენის აპარატის გარდა, ელექტროფიზიოლოგიური მკურნალობის აპარატურაც ჩამოიტანა და საკუთარი სახლის პირველ სართულზე საავადმყოფოც მოაწყო. ამ საავადმყოფოში მუშაობდა მისი ვაჟი – დიმიტრი გედევანიშვილი, შემდგომში აღიარებული ფიზიოლოგი, ბერიტაშვილის სკოლის წარმომადგენელი... იმ საავადმყოფოში მივიდა აპენდიციტის ოპერაციის გასაკეთებლად ულამაზესი ქალიშვილი – თამარ ციციშვილი. სწორედ მაშინ შეხვდნენ ერთმანეთს ახალგაზრდა, 26 წლის დიმიტრი გედევანიშვილი და 18 წლის თამარ
ციციშვილი. მალე იქორწინეს კიდეც…
თამარ ციციშვილს უნდა უმადლოდეს შთამომავლობა, რომ შემოგვრჩა ფიროსმანის ფერწერული ტილო, „შველი“. „შველი“ თამარ ციციშვილმა სოფელ გლდანში, გლეხის ოჯახში, კედელზე ლურსმნით მიკრული ნახა და სთხოვა დაეთმო მისთვის. გლეხს არ დანანებია „თეთრი დუქნიდან“ წამოღებული ნახატის ჩუქება საყვარელი კინოვარსკვლავისთვის.
***

ცნობილია, რომ გიორგი ლეონიძის შემოქმედებითი მუზა ქართველი მსახიობი და ულამაზესი ქალბატონი თამარ ციციშვილი იყო. (წყარო: Funtime.ge) სწორედ მასზე თქვა პოეტმა: „თუმც გლეხის ჩითში ის იმალება, მაინც მიაგნებს პოეტის თვალი, დგას სილამაზის გაბრწყინვალება, ხელში დამბაჩით თავადის ქალი“. პოეტის დამოკიდებულების შესახებ თამარ ციციშვილის ახლობლებმაც იცოდნენ. გოგლა ხშირად სტუმრობდა მსახიობის ოჯახს და მის მეუღლესთან, დიმიტრი გედევანიშვილთან მეგობრობდა. შესაბამისად, ამ ურთიერთობაში დასაძრახი და მიუღებელი ვერაფერი იქნებოდა. მეცნიერის მონაყოლიდან ირკვევა, რომ თამარ ციციშვილის შთაგონებით შექმნილი ლექსებისგან განსხვავებით, ჩვენამდე ვერ მოაღწია ეფემია გედევანიშვილისთვის მიძღვნილმა გოგლას ლექსებმა. რაც შეეხება ულამაზეს მსახიობთან და ღირსეულ ადამიანთან, თამარ ციციშვილთან გოგლას ურთიერთობას, თამარს ჰყავდა არაჩვეულებრივი ქმარი და შვილები. ის დიდი ოჯახის ღირსეული ქალბატონი ბრძანდებოდა. ცნობილია, რომ თამარ ციციშვილს თოლიას ეძახდნენ, გოგლას კი ბევრი ლექსი აქვს დაწერილი თოლიაზე. თუნდაც ეს: „დაე, დაიწვას გულის ფიცარი, დარჩეს ნაცარი სხვა რა ღონეა? შენა ხარ ჩემი დასაფიცარი, ჩემს გულზე მქროლი თეთრი თოლია! თუ ვარ ზღვასავით აღვარებული, მიტომ, რომ გული ტალღის ტოლია, მეცა ვყოფილვარ შეყვარებული, მეც მყვარებია, მეც მითრთოლია!“ მაგრამ ეს არ იყო მიჯნურობა. მსახიობი პოეტის შემოქმედებითი მუზა იყო და ჩვენ ასეთი არაერთი მაგალითი ვიცით. არსებობს ნათია მეგრელიშვილის მშვენიერი წიგნი „მოდი, გეძახი ათას წლის მერე“, რომელშიც ამ თემაზეც არის საუბარი. წიგნში მსახიობისა და პოეტის ოჯახის წევრები და ახლობლები ერთხმად ამბობენ, რომ ეს იყო შემოქმედებითი ურთიერთობა, რომელიც ნებისმიერ პოეტს სჭირდება. თამარ ციციშვილის შვილები სხვადასხვაგვარად აღიქვამდნენ გოგლას მითს: მანანა – მშვიდად და რომანტიკულად, მიშიკო კი პირიქით, ამბობდა: გოგლას ვერ ვიტანდი. აბა, წარმოიდგინე, რომ დედას ვიღაც ეარშიყებაო. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.
скачать dle 11.3