კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 როგორ იხსნა მანჩო გიორგობიანმა საკუთარი სიცოცხლე სხვისი გადარჩენით და რა არის მისთვის მთავარი შვილის გარდაცვალების შემდეგ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ცოტა ხნის წინ, მანჩო გიორგობიანმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა ნარკომანიის პრობლემაზე, საზოგადოების დამოკიდებულებასა და ცნობილი ადამიანების თუ პოპულარული სერიალის მიერ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების პოპულარიზებაზე. ამ ყველაფერზე მას პირადად ვესაუბრეთ.
მანჩო გიორგობიანი: ის, რაც დღეს ნარკოტიკთან მიმართებაში ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩემი აზრით, იგივეა, რაც 90-ანებში – დივერსია. დღეს გაურკვეველი წარმოშობის უამრავი ნარკოტიკია შემოყრილი. არა თუ სამართალდამცველებისა და ექიმებსთვის არამედ ექსპერტიზისთვისაც კი გაურკვეველია მათი შემადგენლობა. ჩემი ამხანაგები დააკავეს, ეგრეთ წოდებული, „ჰეროინით“ და აღმოჩნდა, რომ ჰეროინის შემცველობა 0,03 პროცენტი იყო, დანარჩენი შემადგენლობა კი კაციშვილმა ვერ გაიგო, რა იყო. დღეს იმავე პრობლემის წინაშე დგას ევროპაც!.. ოცდამეერთე საუკუნის ნარკოტიკი, საუბარი მაქვს ამფეტამინებსა და მეტამფიტამინებზე, ასევე, სხვადასხვა ჰალუცინოგენებზე – ლსდ-სოკო და ასე შემდეგ, კატასტროფაა. მე ამ საკითხში კარგად ვარ ჩახედული. წლების განმავლობაში მიწევს ამ პრობლემასთან გამკლავება… სახელმწიფო მოხელე არ ვარ და არ ვიცი, რატომ არ ხდება იმის პიარი, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებს ნარკოდამოკიდებულებს, ვისაც, ეგრეთ წოდებული, „გადაგდება“ უნდათ… დაფინანსება არის ყველასთვის, უბრალოდ, სჭირდება განცხადების დაწერა და იმ კლინიკიდან, სადაც აპირებს დაწოლას, ფორმა 100. შემდეგ რიგია, თუმცა, ეს რიგი თვე-თვენახევარზე მეტი იწელება… სამწუხაროდ, გადატენილია ამ ტიპის კლინიკები და იქ მოსახვედრად დროა საჭირო,  გვიწევს ხოლმე ლოდინი, რომ ოთახი გათავისუფლდეს. ყველას ერთმანეთისგან იზოლირებულად მკურნალობენ, ეს არის კანონის მოთხოვნა. გარემო კომფორტულია. სახელწიფოს მიერ დაფინანსებულ ავადმყოფს მკურნალობენ ისე, როგორც კერძოს. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე მეექვსე წელია, საბურთალოს რაიონის საზოგადოებრივ საბჭოში ვარ, ვიცი, ნარკოდამოკიდებული ადამიანების დასახმარებლად ბევრი საშუალება და პროგრამა არსებობს. თუმცა, სამწუხაროდ, ბევრმა არც იცის საკუთარი უფლებების შესახებ…. საზოგადოების ინფორმირებულობა სხვა მხრივაც დიდი პრობლემაა. მაგალითად, ხალხი გონში არ არის, დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციას შორის რა განსხვავებაა. ვისაც საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილება მარიხუანის მოხმარებაზე ჯარიმის აცილების თაობაზე ლეგალიზაცია ჰგონია, არასწორად გაიგეს. სინამდვილეში, ეს არის  დეკრიმინალიზება და არანაირი ლეგალიზება – ნარკოტიკის მოხმარება ხომ  არ დაშვებულა, მარიხუანის მომხმარებელს არ აქვს იგივე უფლებები, რაც სიგარეტის მწეველს, უბრალოდ, დადგინდა, რომ მომხმარებლის დასჯა არ უნდა ხდებოდეს. დეკრიმინალიზაცია აუცილებელი იყო და მე ყოველთვის ვიყავი იმის მომხრე, რომ ნარკომანი ავადმყოფია და არა დამნაშავე, მაგრამ რაც შეეხება ლეგალიზაციას და იმას, რომ „წამლის ბარიგებმა“ მშვიდად და ოფიციალურად იშოვონ ფული, დახლებზე გაყიდონ ნარკოტიკი, ამის კატეგორიული წინააღმდეგი, ვარ… 80-იანი წლების მიწურულს აირია ყველაფერი და 90-იანებში ხომ – საერთოდ, შემოიყარა დივერსიული და C-ვირუსიანი ჰეროინი, სხვა ნარკოტიკიც დაიყარა და უკვე 92-93 წლებიდან ქვეყანაში დაიწყო  სრული კატასტროფა, 70-იანებთან შედარებით, დაახლოებით 97 პროცენტით გაიზარდა მოხმარება..
– სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეთ, განსაკუთრებით გმობდით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების პიარს.
– ჩემთვის ყველა ადამიანი ნაძირალაა, ვინც ნარკოტიკის პროპაგანდას ეწევა. ადამიანი არჩევანში თავისუფალია, მაგრამ იმ ტელევიზიის ხელმძღვანელებს, რომლებზეც მისი პროპაგანდა ხდება, შვილები არ ეზრდებათ? ის ბავშვები, ახლა რომ მაგიდის ქვეშ დარბიან, რას ისმენენ ქეთი დევდარიანის დაწერილი სერიალიდან? უდავოდ ძალიან ნიჭიერი გოგოა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რატომ აკეთებს ექსტაზისა და მარიხუანის პიარს, ფინანსდება და ვინმეს დავალებით მიზანმიმართულად აკეთებს ამას თუ  საერთოდ გონში არ არის, რას აკეთებს, რა ზიანი მოაქვს და მოუტანს მომავალ თაობას? გარდა ამისა, აქციებიც, რომლებიც იდეაში დეკრიმინალიზაციის მოწოდებისკენაა მიმართული, საბოლოოდ, მხოლოდ და მხოლოდ ლეგალიზების პროპაგანდით მთავრდება. გადაცემებში სხედან წარმატებული და ლამაზი ახალგაზრდები და საუბრობენ, რომ მარიხუანას მოიხმარენ, ან სხვა „ნარკოტიკიც გაუსინჯავთ“ – ეს დიდი უპასუხისმგებლობაა. რას „ქადაგებენ“, რომ აი, მე მოვიხმარდი და არც არაფერი დამემართაო?! – ასეთი პიარი და პოპულარიზაცია დაუშვებელი უნდა იყოს, რადგან მე აგიყვანთ სასაფლაოებზე, ჩამოგატარებთ  და განახებთ, რამდენი ადამიანი წევს ნარკოტიკის მიზეზით დაღუპული. გაჩვენებთ ჩემს ალბომს, სადაც 80 პროცენტი ანგელოზივით ბიჭებისა და რამდენიმე გოგონას ფოტოა, სწორედ ნარკოტიკებს რომ შეეწირნენ. არ მესმის, როგორ მოაფიქრდა ქეთი დევდარიანს, რომ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთ სერიაში პირდაპირ ექსტაზის პროპაგანდა გაეშვა. ნუთუ ის მაინც არ იცის, რომ ექსტაზის გამოყენების შემდეგ, ერთი წელი დაფეხმძიმება არ შეიძლება? თუ საქართველოში, ამერიკასავით, 1-2 წლის  განმავლობაში ემზადებიან და  იწმენდენ ორგანიზმს, ვიდრე ბავშვს გააჩენენ? ევროპელები და ამერიკელები  განსაკუთრებულად ემზადებიან ამისთვის. რა ხდება ჩვენს ეთერებში?!
– თქვენი აზრით, მოხმარების თვალსაზრისით, როგორი მდგომარეობა გვაქვს დღეს?
– პირველივე გასინჯული მარიხუანა, სხვა ნარკოტიკიც, სიკვდილისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, რომელიც აუცილებლად ფატალურად არ მთავრდება, მაგრამ ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები, დამეთანხმეთ! მათგან აბსოლუტური უმრავლესობა მძიმე ნარკოტიკს გასინჯავს, ბევრი – კლუბურს. კლუბურის ზემოქმედებისგან გასათავისუფლებლად მერე ფსიქოტროპული საშუალებები გჭირდება, მერე მას ეჩვევი და ეს ჯაჭვი აღარასდროს სრულდება. ყველაზე მძიმე სააფთიაქო ნარკომანიაა, ის ერთ წელიწადში აბსოლუტურად არაადეკვატურს ხდის ადამიანს. აი, კლუბური ნარკოტიკის ხშირ მომხმარებელს, როგორც კი ცხოვრებაში პრობლემა შეექმნება, ეს მისთვის ისეთი ბომბია, რომელთან გამკლავებაც ურთულესია, რადგან ნარკოტიკების ხშირი მოხმარებისგან ფსიქიკა აღარ აქვთ სტაბილური, ხშირად იწყება ჰალუცინაციები და ფსიქიკური აშლილობა. ჩემს უახლოეს მეგობარს ჰქონდა სუიციდის მცდელობა რაღაც სულელური პრობლემების გამო, რაც ძალიან ხშირი შემთხვევაა. ჩემი შვილის მეგობარი გადმომხტარა აივნიდან და ასეთი არაერთი შემთხვევაა კლუბური ნარკოტიკებისგან  შერყეული ფსიქიკის გამო. ამ დროს ჩემხელა ვირები სხედან და ყვებიან, რა აქვთ გასინჯული. სიდებილესაც ხომ აქვს საზღვარი. ადამიანი ბარიგობაზე დააკავეს, სახელს და გვარს არ ვიტყვი, მაგრამ ყველამ ვიცით და ისიც ვიცით, რომ „წამალს“ ყიდდა და მიტინგები მოაწყვეს მის მხარდასაჭერად. ამ ბიჭს ბავშვობიდან ვიცნობ და მეც ძალიან მიყვარდა და მაინც მეცოდება,  მაგრამ ნამდვილად არ მეგონა თუ ასეთი ნაძირალა გახდებოდა და ნარკოსქემაში ჩაებმებოდა. ვინც იმას ამბობთ, რომ ნარკოტიკის გასინჯვა „სვეცკობაა“, უგოიმესები ხართ! სირცხვილია ამაზე ლაპარაკი. ის მსუქანი კაცი, თუ ვიღაც რომ წამომჯდარა და რესპონდენტებს ეკითხება: ნარკოტიკი გასინჯული გაქვთო? რა იყო, ბარემ ის ჰკითხოს რესპონდენტებს, ანალური  და ორალური სექსი გასინჯული გაქვთ და როგორ „გევასებათო“? რადგან თვითონ აქვს გასინჯული, აინტერესებს სხვასაც აქვს თუ არა? აზრს ვერ ვიგებ, რას აძლევს ეს ძალიან საშიში კითხვა-პასუხი ნარკოტიკებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ამის მოსმენა უფროსებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ რას ვაჩვევთ ბავშვების ყურს, რომ ნარკოტიკის გასინჯვა და მოხმარება ნორმაა?!  ეს ადამიანები მეტწილად ფინანსდებიან. ეს არის ლამაზად შეფუთული სიტყვები.
ძალიან დიდ პროექტს ვამზადებ ამ ყველაფრის წინააღმდეგ. კერძოდ, ნარკომანიის პრევენციაზე სასკოლო ასაკში და სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციაზე. უკვე ვესაუბრე კახა კალაძეს, არჩილ თალაკვაძეს, ირაკლი კობახიძეს და მითხრეს, რომ ყველანაირად დამიდგებოდნენ გვერდში.  მზად ვარ ვიბრძოლო ბოლომდე მათთან ერთად.
– ცოტა ხნის წინ, ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ შეძელით, ფეხზე დამდგარიყავით და სიცოცხლე გაგეგრძელებინათ. ახლა უკვე ძალიან ბევრ ადამიანს აქვს თქვენი დახმარების იმედი.
– ცხოვრებაზე ხელი მქონდა ჩაქნეული, თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი. ერთი წელი ფეხზე ვერ ვდგებოდი, მერე თითქოს წამოვდექი, მაგრამ თავიდან ჩავვარდი ლოგინად. მთელი ცხოვრება ძალიან აქტიური ვიყავი, ჩემს ცუდ განწყობას არავის ვაჩვენებდი. მიყვარს, როცა ჩემ გარშემო ადამიანებს ვამხიარულებ, მინდა, ყველა კარგად მყავდეს და როგორც შემიძლია, ვცდილობ, ყველა ჩემს მეგობარს მოვუხსნა პრობლემა. მაგრამ აბსოლუტურად გამანადგურა შვილის გარდაცვალებამ.  ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვდიოდი. თუმცა ეთიკო ელიოზიშვილისა და გუგა სიხარულიძის დახმარებით გამოვძვერი. – არაჩვეულებრივი ფსიქიატრები და ფსიქოლოგები არიან, მაგრამ მაინც ძალიან მიჭირდა. სუიციდზე სისტემატურად აღარ ვფიქრობდი, მაგრამ ზოგჯერ იქით მიდიოდა ჩემი გონება. არ დავმალავ, ჩემი შვილის დაბადების დღეზეც მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ ჩემთვის უახლოესი ადამიანის გამო ისეთი სტრესი მივიღე და ისეთი ძალისხმევით დამჭირდა მეგობრის პრობლემასთან გამკლავება, რომ მივხვდი, მე არ მაქვს სიკვდილის უფლება, მანამ, სანამ თუნდაც  ერთი ადამიანის გვერდში დგომა შემიძლია. სხვათა შორის, ჩემი მეგობარი, ზუსტად ნარკოტიკმა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. ზუსტად კლუბურმა ნარკოტიკმა, რასაც თან, სხვა პრობლემები დაერთო, ერთ წამში გადაუტრიალდა ფსიქიკა და აგრესიული ადამიანი შეგვრჩა ხელში, ფსიქიკური აშლილობით. თუმცა, ერთად გადავრჩით. მანამდე, რაც თვითმკვლელობის უფლებას არ მაძლევდა, ჩემი დის უკანასკნელი სიტყვები იყო, გარდაცვალების წინ  განსაკუთრებულად ჩამაბარა თავისი ბიჭები.
 ჩემი შვილის პანაშვიდებზე რომ ფსიქოტროპულ წამლებს მასმევდნენ, იმდენად მომირღვია ემოციები და ამომაგდო რეალობიდან, რომ პასუხისმგებლობის შეგრძნება დავკარგე. ჩემს ახლობლებზე გაბრაზებული ვარ ამის გამო, მე არ მჭირდებოდა ფსიქოტროპულები, თავს არ მოვიკლავდი, რადგან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა – კიდევ ორი ბიჭი მყავს გასაზრდელი და დედა მყავს მისახედი. როცა ფსიქოტროპულებით გთიშავენ, პასუხისმგებლობის შეგრძნებასაც კარგავ. იარაღს კარგად ვფლობ და ჩახმახისთვის ხელის გამოკვრა ჩემთვის ყველაზე მარტივი გამოსავალი იყო, მაგრამ ერთადერთი, რაც მაკავებდა, ჩემი მომაკვდავი დის – ნანა გიორგობიანის ხატება იყო. ფრესკასავით მედგა მისი სახე.  როგორ, მე ვუღალატებდი დისშვილებს, რომლებიც შვილებივით გავზარდე და ჩემს შვილს გავეკიდებოდი?! ძალიან მინდა სანდროსთან, ეს ჩემთვის  ბედნიერება იქნება, მაგრამ არის რაღაცები, რისი უფლებაც არ გაქვს ადამიანს. ექიმების დახმარებით ნელ-ნელა რეალობას დავუბრუნდი, დოზები შემიმცირეს და როცა რეალობის უფრო საღი გონებით აღქმა დავიწყე, თვითმკვლელობაზე ფიქრები დავამარცხე და პასუხისმგებლობა კვლავ გამიასმაგდა. არ შეიძლება ადამიანი გულხელდაკრეფილი იწვეს, ამის უფლება არ მაქვს. ოჯახისა და ქვეყნის წინაშე ბევრი ვალდებულება მაკისრია და მე მას აუცილებლად შევასრულებ.
скачать dle 11.3