კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

№35 რატომ მოუწია გამომძიებელ ელენე ბარძიმაძეს იტალიაში კრიმინალებთან ერთად ცხოვრება და რა ჯოჯოხეთი გამოიარა მან

ნინო კანდელაკი ანი რევია

მართალია, რომ ამბობენ, ადამიანმა ფარ-ხმალი არასდროს უნდა დაყარო, ბედს არ უნდა დაუჩოქო და შენი ბედნიერებისთვის იბრძოლოო. ელენე ბარძიმაძის ცხოვრება, ბევრი სირთულით იყო სავსე. ელენემ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ამის შემდეგ კი, წარჩინებით – პოლიციის აკადემია. მუშაობდა ახალციხის პოლიციის სამმართველოში უბნის ინსპექტორად. ერთი წლის შემდეგ,  დააწინაურეს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე გადაიყვანეს. მრავალჯერ მოუწია საკუთარი მხრებით იმის გადატანა, რასაც ბევრი შეუშინდებოდა და დღეს, უზომოდ ბედნიერია. ჟურნალისტმა და გამომძიებელმა გოგონამ იტალიაში დაიწყო ახალი ცხოვრება, დღეს იტალიის სასამართლოსთან თანამშრომლობს და პირადი ცხოვრებაც იტალიაში ააწყო – შეხვდა თავის ბედს და საყვარელ მამაკაცთან ახლახან სამშობლოში დაიწერა ჯვარი.
ელენე ბარძიმაძე: ყოველთვის ვიცოდი, რომ მიზანდასახულობითა და ბრძოლით, ბევრს მივაღწევდი და არასდროს დავჩოქებივარ ბედს. მიუხედავად იმისა, რომ, ბევრჯერ ჩავვარდი სასოწარკვეთაში, გადავლახე სირთულე და დღეს უბედნიერესი ვარ. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების მერე, პრაქტიკები საქართველოს ტელევიზიის „პირველ არხზე“ გავიარე. იქ გავიცანი არაჩვეულებრივი პიროვნება, ნიჭიერი რეჟისორი ირაკლი ჯაოშვილი, რომელმაც მოგვიანებით შემომთავაზა, ტელეკომპანია „იმედში“, მის საავტორო გადაცემა „არ იდარდოზე“ მემუშავა. როცა გადაცემა დაიხურა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრში გავაგრძელე მუშაობა.  შემდეგ პოლიციის აკადემიაში ჩავაბარე, წარჩინებით დავამთავრე და ახალციხის პოლიციის სამმართველოში უბნის ინსპექტორად დავინიშნე. ერთი წლის შემდეგ კი დამაწინაურეს და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე გადამიყვანეს.
– საკმაოდ კარგი კარიერა გქონდა და რატომ გადაწყვიტე უცხოეთში წასვლა. იქ ხომ ცხოვრება თავიდან უნდა დაგეწყო და ეს, გაცნობიერებული გქონდა?
– შვიდი წელია, იტალიაში ვარ. აქ ყველაფრის დატოვება და უცხოეთში ცხოვრების თავიდან დაწყება ოჯახური პირობების გამო მომიწია. ოჯახში ვიყავით მე, დედა და ძმა, რომელიც შშმ პირია. ჩემი შემოსავალი არ იყო საკმარისი, დედასაც პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სიკვდილს ძლივს გამოვტაცე ხელიდან. ამიტომ გადავწყვიტე ევროპაში წასვლა. მანამდე ამაზე არც მიფიქრია. ჩემთვის, როგორც გამომძიებლისთვის, მიუღებელი იყო, ევროპაში უსაბუთოდ, არალეგალურად მეცხოვრა, ამიტომ ჯერ საფრანგეთში წავედი. როცა ამ ქვეყნის ლეგალიზაციის პირობებს გავეცანი, მივხვდი, რომ საკმაოდ დიდი დრო დამჭირდებოდა საბუთების შესაგროვებლად და თავშესაფრის ძიება იტალიაში გავაგრძელე. ნაცნობი გოგო დამხვდა და ქართველების ოჯახში წამიყვანა, ქალაქ ემპოლში, ფლორენციასთან ახლოს და სადაც ბევრი ქართველი ათევდა ღამეს. მათ გვერდი ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე.
– რატომ გამოიარე ჯოჯოხეთი, შენი ქვეყნის მოქალაქების გვერდით იყავი უცხოეთში და ისინი უკეთ არ გაგიგებდნენ და დაგეხმარებოდნენ?

– ის ჩემთვის მიუღებელი სამყარო იყო. ნარკომანიასა და ქურდობას ვებრძოდი და ასეთი ადამიანების გვერდით აღმოვჩნდი. ფაქტობრივად, გამომძიებელი მოვხდი კრიმინალების გარემოცვაში. იმ სახლში ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე იყო, რვა ევროს ვიხდიდით. შეგზავნილი ვეგონეთ და დაკითხვა მომიწყვეს. ვერც ვამხელდი, გამომძიებელი რომ ვიყავი.  მოკლედ, აგენტი 007 გოგო გავხდი (იცინის). ახლა მეცინება, თორემ ისეთი ჯოჯოხეთი გამოვიარე, სამყარო ამოტრიალდა ჩემთვის, გამოსავალს ვერსად ვხედავდი. ეს ყველაზე ცუდი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ორი თვე გავძელი და იმ ოჯახიდან წასვლა და თავშესაფრის სხვაგან მოძებნა გადავწყვიტე. თუმცა სამსახური ვერ ვიშოვე, ენა არ ვიცოდი და არავინ მიღებდა. ამის შემდეგ ქალაქ ფუშეკიოში გადავედი. სამსახურის ძიებაში, იქაც ოთხი თვე უშედეგოდ გავატარე. ქართველი გოგონები მეხმარებოდნენ. მადლობა ღმერთს, რომ სამყაროში ჯერ კიდევ არიან კარგი ადამიანები, რომლებსაც სახლიდან გამოჰქონდათ საჭმელი და იმ სახლში მოჰქონდათ, სადაც უმუშევარი ქართველები ვცხოვრობდით. ფარ-ხმალს მაინც არ ვყრიდი და ვაგრძელებდი სამსახურის ძებნას. გავიცანი, საქართველოდან ჩამოსული ირინა მალხაზიანი. ის ქალაქ ვერონასთან ახლოს, პროვინციაში მუშაობდა. მან დახმარების ხელი ისეთ დროს გამომიწოდა, როცა გამოსავალს ვერსაიდან ვხედავდი და უკან დაბრუნება მქონდა გადაწყვეტილი. თან, იმ დროს, მთავრობამ არალეგალებისთვის კანონი გამოსცა და იმ ოჯახმა, სადაც ვმუშაობდი, ორწლიანი სამუშაო საბუთი გამიკეთა. მერე, მათი რეკომენდაციით, სხვა ოჯახში უპრობლემოდ მიმიღეს სამუშაოდ. სწორედ იქ დაიწყო ჩემი ცხოვრების წარმატებული გზა. იმ ქალის შვილი, რომელსაც მე ვუვლიდი, მეუბნებოდა, ინტელიგენტი ადამიანი ჩანხარ და ასეთ სამსახურზე არ უნდა მუშაობდეო. იძულებით მიმიყვანა კერძო სასწავლებელში და იტალიური ენის სწავლა დამაწყებინა. გამოცდები ჩავაბარე, იტალიური მართვის მოწმობაც ავიღე და ორწელიწად-ნახევარში, საცხოვრებლად ქალაქ ბოლონიაში გადმოვედი.
– მიუხედავად სირთულეებისა, დაძლიე წინაღობები და დღეს იტალიის სასამართლოსთან თანამშრომლობ. იქ როგორ მოხვდი?
– იტალიის სასამართლოში ჩემი სამსახური გასაიდუმლოებულია და ამის გასაჯაროების უფლება არ მაქვს. ამ სამსახურის მოძებნაში დამეხმარა ქართველი გოგონა, ნინო, რომლიც მილანში, იმავე თანამდებობაზე მუშაობს. ერთს გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ჯოჯოხეთის გვირაბი გავიარე, ბოლოში მაინც სინათლე გამოჩნდა. დიდი კარიერა მელოდებოდა საქართველოში, მივაღწიე კიდეც, თუმცა, დღეს იტალიაშიც წარმატებული ვარ და თან, სიყვარულიც ვიპოვე.
– შენი სიყვარულის ისტორია კონკიას ზღაპარს ჰგავს. ახლახან იტალიელების რძალი გახდი. სად გაიცანი შენი მომავალი ბედი და რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ქორწილის გადახდა?

– ოჯახში, სადაც ვმუშაობდი  და სინიორა-ბებიას ვუვლიდი ამ ქალბატონს, პირადი სტილისტი, ქრისტინა ტორიზი ჰყავდა. ეს გოგო ჩემი ახლო მეგობარი გახდა და ახლა ის, ჩემი უსაყვარლესი მულია (იცინის). ქრისტინამ იცოდა, რომ ცეკვა ძალიან მიყვარს და დისკოთეკაზე წასვლა შემომთავაზა. იქ გავიცანი ათლეტური აღნაგობის, სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ქრისტინას ძმა აღმოჩნდა. ერთმანეთს თვალი ვერ მოვაშორეთ, ალბათ, ამას ჰქვია ერთი ნახვით შეყვარება. ოთხი საათი გაუჩერებლად ვიცეკვე და ისე დავიღალე, რომ ბოლოს ხელში აყვანილი მიმიყვანა მანქანამდე და დღემდე ასე დავყავარ (იცინის). ჩემს მეუღლეს, ჯანფრანკო ტორიზი ჰქვია, ის პერსონალური მწვრთნელია და ვხუმრობ ხოლმე, სიყვარულთან ერთად, პირადი მწვრთნელიც ვიპოვე-მეთქი (იცინის). სიყვარული 15 თებერვალს ამიხსნა ვენეციაში. ერთი წლის შემდეგ კი დამპატიჟა, გულის ფორმის პიცა მოატანინა, რომელშიც გულის ფორმის ბეჭედი იდო და ხელი მთხოვა. ბევრს ვუყვებოდი რაბათის ციხეზე, სადაც ბავშვობა გავატარე, ჩვენს ტრადიციებზე და მითხრა, მოდი, ჩოხას ჩავიცვამ და ქორწილი იქ გადავიხადოთო. ჩემი ძმა და რძალი პირველი ჯგუფის ინვალიდები არიან, ჩემთვის ძალიან ძვირფასები, ჩემს ქორწილში, იტალიაში, ვერ ჩამოვიდოდნენ. ჩემმა მეუღლემ მითხრა, ორი ქორწილი გადავიხადოთ, ერთი – იტალიაში და ერთიც – რაბათშიო. 18 აგვისტოს რაბათში დავიწერეთ ჯვარი და ხელიც მოვაწერეთ. ამ ციხეზე ვარ გაზრდილი, ადრე აქ სამხედრო ჰოსპიტალი იყო და დედა რენტგენოლოგად მუშაობდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამ ადგილას თეთრი კაბით დავდგებოდი, თეთრჩოხიანი, უცხოელი ქმრის გვერდით. ის კათოლიკეა, მე – მართლმადიდებელი და ამიტომ, კათოლიკურ ეკლესიაში იტალიელმა მამაომ დაგვწერა ჯვარი და ხმლების ქვეშაც გავიარეთ. სხვათა შორის, 8 რიცხვი ჩემთვის მაგიური რიცხვია – ჩვენი ბინის მისამართი 18-ია, დაბადებული ვარ მე-8 თვეს, 1980 წელს, უსასრულობის, ანუ რვიანის, ფორმის ბეჭედი იყო, რომელიც პირველად მაჩუქა ქმარმა, 38 წლის ვარ და  ქორწილიც, 18.08.18-ში გადავიხადეთ. მეხუმრებიან, ისე გიყვარს რვა რიცხვი, ალბათ, რვა შვილს გააჩენო (იცინის).
скачать dle 11.3