კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რატომ გადახტა აივნიდან ბელა ბერკემერ-მახარაძე და რატომ დადიოდა ის საქმროსთან პაემანზე ქართველების ჯგუფთან ერთად

ნინო კანდელაკი ნონა ქარქაშაძე

„ნუ გეშინიათ, ძვირფასებო, ჩვენ მხოლოდ სიყვარულს ვისვრით და ვცდილობთ, მიზანში, ანუ თქვენს გულებში მოვარტყათ“, – ესაა წარწერა ფოტოზე, სადაც მშვენიერი ქალბატონი, ევროპული გარეგნობის მამაკაცთან ერთად, იარაღით ხელში დგას. „ის ჩემი უდიდესი სიყვარული და საყრდენია, მაგრამ მან არ იცის, რომ ჩემი სამყაროა“, – ამ სიტყვების ადრესატიც იგივე მამაკაცია... ქალბატონი, იარაღით ხელში, ნატანებელი „გაწრიპული გოგო“, გურული იუმორით, ახლა უკვე გერმანიაში მოღვაწე ვირტუოზი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძეა, ეს „ბუმბერაზი“ კაცი კი, – მისი მეუღლე გერმანელი პიანისტი, კომპოზიტორი და დირიჟორი უვე ბერკემერი.
ბელა ბერკემერ-მახარაძე: ევროპული ტურნე საქართველოდან დავიწყეთ: 18 ივლისს ჩავატარეთ კონცერტი ჭიათურაში, 17 აგვისტოს კი – ჩემს მშობლიურ სოფელ ნატანებში. ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა, გულში ჩამეკრა ქართველი ხალხი. იმ პედაგოგების მადლობელი ვარ, რომლებმაც ნატანების მუსიკალურ სკოლაში გამზარდეს, რადგან რომ არა ისინი, რომ არა ჩემი პედაგოგი თემურ შალვაშვილი, რომელიც ბათუმიდან ნატანებში დადიოდა და დღესაც ბათუმის კამერული ორკესტრის კონცერტმეისტერია, ამდენს ვერ მივაღწევდი.
– საქართველოს პირველი წარმატებული ემიგრანტის ტიტული მოგენიჭათ, თუმცა, თქვენ გერმანელი მეუღლე გყავთ, მათი რძალი ხართ და მაინც ემიგრანტად ითვლებით?
– მერე რა, რომ გერმანელების რძალი ვარ, მე ვარ აქედან წასული ქართველი, დღემდე მაქვს ქართული პასპორტი, ორმაგი მოქალაქეობა აქვს ჩემს მეუღლესაც, მუდმივად მენატრება საქართველო და ყველაფერი ქართული. როგორც შემეძლო. ვეცადე, ჩემი შვილები ქართულად აღმეზარდა, ქართული მათთვის მეორე მშობლიური ენაა. ქართულად საუბრობს ჩემი მეუღლეც. წლების წინ უვემ გერმანიაში სახლი გაყიდა და ქართველების სიყვარულით, საქართველოში ჩამოვედით საცხოვრებლად. 2005 წელს მან კავკასიის კამერული ორკესტრი ჩამოაყალიბა, რასაც თავად „მშვიდობის ორკესტრს“ ეძახდა. მისი ჩანაფიქრი იყო, თავისი ორკესტრით მსოფლიოს ცხელ წერტილებში ჩასულიყო, ნიშნად იმისა, რომ „კალაშნიკოვებზე“ სიკეთე იმარჯვებს. ყველა ქვეყანაში მშვიდობის მისიით დავდიოდით და ქართული მუსიკა გაგვქონდა. მაგრამ ჩვენი ორკესტრი 2008 წლის ომს შეეწირა. თუმცა არ დაშლილა, ის დღესაც არსებობს, მაგრამ დაფინანსება შეგვიწყვიტეს და იძულებული გავხდით, უკან, გერმანიაში დავბრუნებულიყავით. დღემდე გულით გვინდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ არ მგონია, ეს შანსი კიდევ მოგვეცეს.
– კოტე მახარაძე თქვენი ბიძა იყო, მასთან ალბათ, ბევრი მოგონება გაკავშირებთ.
– ჩემს ბავშვობაში კოტე ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა ჩვენთან, სოფელში, ჩვენ კი მასთან თბილისში ჩავდიოდით. მოგვიანებით კი, როდესაც ნიჭიერთა ათწლედში და შემდეგ კონსერვატორიაში გავაგრძელე სწავლა, კოტესთან ვცხოვრობდი. მის სამუშაო ოთახში ვიძინებდი... კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ნანი ბრეგვაძე... ვინ აღარ მოდიოდა იქ. სოფიკოს, მოგეხსენებათ, უყვარდა ხელგაშლილი ცხოვრება, ხშირად მართავდა საღამოებს, სადაც ცნობილ ქართველებთან ერთად, მეც ვუკრავდი ხოლმე. მათგან გავთხოვდი – მათ დაპატიჟეს მეგობრები და პატარა ქორწილიც გადამიხადეს.  ბიძაჩემს და სოფიკოს ძალიან უყვარდათ უვე და დიდ პატივს სცემდნენ. კოტე ხშირად მეუბნებოდა, ერთი გამაგებინა, ამ სოფლელმა, გაწრიპულმა გოგომ, ასეთი ბუმბერაზი პიროვნება როგორ მოხიბლეო. (იცინის).
– და მაინც, როგორ მოიგეთ თქვენი მეუღლის გული. როგორც ვიცი, მან არაერთი გოგოსგან გამოგარჩიათ...
– იმ პერიოდში ლიანა ისაკაძის სტიპენდიანტი ვიყავი, უვე კი საქართველოში ჩამოვიდა, როგორც ლიანა ისაკაძის კამერული ორკესტრის მოწვეული დირიჟორი. პირველივე დანახვისთანავე შევუყვარდი. შემდეგ უთქვამს ლიანასთვის, ის გოგო მომეწონა, მაგრამ არ ვიცი, როგორ დავუკავშირდეო. ლიანამ ურჩია, ბელა კარგად მღერის და სთხოვე, რამე გიმღეროსო. მეორე დღესვე მომადგა თარჯიმანთან ერთად და მთხოვა, მემღერა.  10 დღის შემდეგ წავიდა ორკესტრი გასტროლებზე, ჩემი მეუღლის ფესტივალზე გერმანიაში, სადაც მეც გავემგზავრე. იქ შევიტყვე, რომ უვე ჩემზე იყო შეყვარებული. ყოველდღე უამრავი წითელი ვარდი მოჰქონდა და რესტორანში მეპატიჟებოდა, სადაც მე მარტო არასდროს დავდიოდი. მივდიოდი და თან დამყავდა რიგი ქართველებისა, ის კი თურმე ჩვენი სიამოვნებისთვის ბანკის ვალებს იღებდა და ხელგაშლილად ხარჯავდა რესტორნებში. როცა გავყევი, ბანკის ვალების მთელგვერდიანი სია დამახვედრა, რაც ჩემი და ჩემი მეგობრების პატივისცემის მიზნით აუღია (იცინის).
– ენობრივმა ბარიერმა ურთიერთობაში პრობლემა არ შეგიქმნათ?
– როგორც კი გასტროლებიდან დავბურნდი, გერმანულის მასწავლებელი ავიყვანე და ინტენსიურად დავიწყე ენის სწავლა, უვეს კი გერმანულ-ქართული ლექსიკონები მოუმარაგებია და პრობლემის დაძლევას ამ გზით ცდილობდა. როდესაც გრძნობა გამიჩნდა, მინდოდა, ათასი რამ მეთქვა მისთვის, მინდოდა ზუსტად გადმომეცა, რას განვიცდიდი, ამიტომ ქართულად ვწერდი ჩემი გრძნობების შესახებ, მერე მასწავლებელს ვათარგმნინებდი და უვეს ვუგზავნიდი. ჰოდა, იმდენი ვწერე და ვათარგმნინე, რომ ერთ დღესაც მასწავლებელმა გამომიცხადა, რა ვქნა, რომ არ გითხრა, არ შემიძლია, მგონი, მეც შემიყვარდა ეგ შენი უვე და გეხვეწები, რომ ჩამოვა, ერთხელ მაინც მაჩვენეო (იცინის)...
– ყველას უყვარსო, როგორ ახერხებთ ამას?
– ბოლო ერთი წელია, დიდ დროს ვუთმობ სოციალურ ქსელს, რადგან მინდა, ქართველმა მსმენელმაც გამიცნოს, მაგრამ რაც მეტი სითბოთი და სიყვარულით ვპასუხობ თითოეულ მათგანს, ზოგი თავს ბევრის უფლებას აძლევს და პირდაპირ სიყვარულს მეფიცება, უამრავი სასიყვარულო წერილი, სიმღერა და ლექსი მომდის, მაგრამ მე ოჯახი მყავს და იგივე გრძნობით ვერავის ვუპასუხებ. არის ერთი-ორი ადამიანი, ვინც ზუსტად ამ მიზეზით, მტრად მომეკიდა.
– მეუღლე არ ეჭვიანობს?
– თავიდან ძალიან ეჭვიანობდა, მაგრამ საბოლოოდ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ვისაც ფანი ჰყავს, მეტ-ნაკლებად ყველას აქვს მსგავსი პრობლემა და მთავარია, დროულად „დაასტოპო“, რომ გული არავის ატკინო.
– თქვით, რომ ვიოლინოსა და სიმღერის გარდა, კარგად გამოგდით ნერვებზე თამაშიც, ამ შემთხვევაში, უმეტესწილად, ვინ არის თქვენი „მსხვერპლი“?
– მახსოვს, რადგან ბათუმის მუსიკალურმა სასწავლებელმა არ დაუშვა ვიოლინოს, როგორც მთავარი საგნის სწავლება, კოტე მახარაძე მივიდა სამინისტროში და სთხოვა, იქნებ, ეს საქმე მოეგვარებინათ. მათ უპასუხეს, თუ ასეთი ნიჭიერი ბავშვია, თბილისში, ნიჭიერთა ათწლედში ჩააბაროსო. მშობლები კი ჩემი თბილისში წამოსვლის წინააღმდეგი იყვნენ, რადგან 90-იან წლებში, როცა ჩემი ძმაც ჯარში იყო, უჭირდათ ჩემი გამოშვება. ეს რომ გავიგე, პირდაპირ გამოვაცხადე: თუ არ გამიშვებთ, ფანჯრიდან გადავხტები-მეთქი, აივანზე გავედი და პირდაპირ ბებიაჩემის თვალწინ ვისკუპე, დავერჭე ქვემოთ ფეხებით და ეს ისე ცუდად გამომივიდა, ორი დღე საწოლიდან ვეღარ ვდგებოდი.  ახლაც ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანების ნერვებზე ვთამაშობ. უვე ბედნიერია, რაც გაიგო, რომ გურული ქალის ქმარი პირდაპირ სამოთხეში ხვდება და ცოდვის ჩადენისაც აღარ ეშინია, მაინც სამოთხეში მქონია ადგილი გარანტირებულიო (იცინის).
скачать dle 11.3