კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№35 რა რთული გზა გაიარა ზვიად ბოლქვაძემ და რის შემდეგ გამოთქვა პატრიარქმა მისი გაცნობის სურვილი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ზვიად ბოლქვაძე – მუსიკოსი, რომლის სახელი და გვარი ყველაფერს ამბობს და საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს, საოცარი თავმდაბლობით გამოირჩევა და საკუთარ მიღწევებსა და მსმენელის დიდ სიყვარულზე საუბარი თავად უჭირს, თუმცა ყველაზე მთავარ სათქმელს მისი შემოქმედება ამბობს.
ზვიად ბოლქვაძე: ყოველთვის ვიცოდი, რომ მუსიკის გარეშე ვერ ვიცოცხლებდი, ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუმცა, როცა გადაწყვეტილებას ვიღებდი რთული დრო იყო და არჩევნის წინაშე ვიდექი, სიბნელე იყო და არ ვიცოდით, რა გველოდა. ბევრი სხვა რამე მიტაცებდა, საკმაოდ ტექნიკური ტვინი მქონდა, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ მუსიკის გარეშე ვერ ვიარსებებდი. გარემო, მეგობრები, ურთიერთობები – ჩემ გარშემო ყველაფერი მუსიკალური იყო. ბავშვობის წლებში გავიარე მუსიკალური სკოლა არაჩვეულებრივ პედაგოგებთან. განსაკუთრებით რუსუდან ბერიძეს გამოვარჩევ, რომლის ბავშვთა გუნდშიც გავიზარდე. იყო მუსიკალური სასწავლებელი, კაპელა, ოპერის გუნდი, თბილისის კონსერვატორია და შალვა მოსიძესთან დაკავშირებული არაჩვეულებრივი პერიოდი. მაშინ იყო ოცნებები და სიღრმეებში ჩასვლა, გამუდმებული მცდელობა, მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემი შესაძლებლობები და ასე გრძელდება დღესაც.
– პირველი აღიარება...
– აღიარება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. თუმცა სასიამოვნო შეფასებები სხვადასხვა დოზით ყველა ასაკში იყო. ხალხის მხრიდან ეს ყველაფერი უფრო მასშტაბურად უწმიდესის საგალობლებზე მუშაობის შემდეგ დაიწყო. ჩემი მეგობარი სვიმონ ჯანგულაშვილი არის საპატრიარქოს გუნდის ხელმძღვანელი. ის უწმიდესთან ერთად ამუშავებდა მის საგალობლებს. როცა პატრიარქის საგალობლებზე მუშაობა მე დამავალა, ძალიან ვინერვიულე, დიდი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ ვცადე. მერე ეს ნამუშევარი უწმიდესმა მოისმინა და თქვა, გამაცანით ეს ბიჭიო. ამას მოჰყვა მეორე საგალობელი, მესამე და ასე შემდეგ. მასთან ყოველი შეხვედრა ჩემთვის ძალიან ძვირფასია, თან, იმდენად სათუთი, რომ ამაზე საუბარი მიჭირს. ძალიან მიჭირს იმის გააზრება, რომ ამის ღირსი ვიყავი.
– როცა ქართულ სიმღერას ეხება საქმე, მსმენელი განსაკუთრებით კრიტიკულია. ყველას აქვს ამბიცია, რომ ამ საქმეში პროფესიონალია. რთული არ არის, ამ ფონზე აღიარების მოპოვება?
– თუმცა, მე ბავშვობის მერე ვსწავლობ, ჯერ კიდევ არ ვიცი. ძალიან რთულია. როცა სხვის ნამუშევარს ვეხები, ძალიან ვფრთხილობ. ეს სათუთი საქმეა და დიდ ფიქრს საჭიროებს. ხშირ შემთხვევაში უარსაც ვამბობდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ დავალების წინაშე აღმოვჩნდი და თან ძალიან ცოტა დრო მქონდა. ეს ყოველთვის მოხდება და შეფასებას დრო გააკეთებს. შეიძლება, შეფუთვა სხვანაირი გაუკეთო, მაგრამ მთავარია, თავისი სახე არ დაუკარგო. დრომ ბევრი რამ შეცვალა და ყური ითხოვს ახლებურ ჟღერადობას, მაგრამ თუ ხანდახან პირვანდელ ვერსიასაც გავაცოცხლებთ და არ დავკარგავთ, უკეთესი იქნება.
– „მხოლოდ ქართულმა“ გააცოცხლა ქართული სიმღერები. ამ პროექტს ბევრ დადებით შეფასებასთან ერთად, კრიტიკული კომენტარებიც მოჰყვა –  რა უქნეს ქართულ მუსიკასო.
– მე მქონდა თხოვნა, ვყოფილიყავი ამ პროექტში და ჩემი ხედვით კონკრეტული წვლილი შემეტანა მასში, თან ძალიან მოკლე დროში. მთელი კონცერტი სამ დღეში უნდა გაგვეკეთებინა, ამიტომ ყველაფერი იდეალური ვერ იქნებოდა. პროცესს უამრავი პრობლემა ერთვოდა: ნერვიულობის ფონი, პირდაპირი ეთერი, განცდები, დაღლილობა და ასე შემდეგ. ამიტომ შეიძლება, ყველაფერი ისე არ გამოვიდა, მაგრამ მცირეოდენი კარგი თუ დატოვა ამ პროექტმა ხალხში, ეს უკვე გამარჯვებაა. ის ადამიანი არ ვარ, ვინც შეცდომებს არ აღიარებს, კონკრეტულად მე ვის მუსიკასაც შევეხე, ეს დიდი სიფრთხილით გავაკეთე. ვფიქრობ, მუსიკოსებისთვის ყველაფერი გასაგები იყო. მაგრამ თუ არ ვიმოძრავებთ და გაბედულ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, მაშინ წრეს ვერ გავარღვევთ და სიახლე არ გამოჩნდება. ახალ თაობას და ჩვენთვის ძვირფას მუსიკას შორის კედელი გაჩნდა და ჩვენ ვცდილობდით, ეს კედელი მოგვერღვია, რაც მე ძალიან დიდი მოკრძალებით გავაკეთე. ვისაც ეს არ მოსწონს, შეუძლია, ეს შეფუთვა მოაცილოს და ძველი ვარიანტი მოისმინოს. არადა, ეს იყო საზოგადოების მხრიდან დიდი თხოვნა, რომელსაც დავთანხმდი და წინასწარვე ვიცოდი, რომ რთული გზა უნდა გამევლო. თუმცა, რადგან სურვილი გაჩნდა, ვეცადე, ისე გამეკეთებინა, როგორც მე მესმის და მთავარი არ დამეკარგა.
– რთული იქნებოდა ემოციურად ამგვარი კომენტარების მოსმენა.
– რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს განვიცდიდი. მუსიკოსი ვარ და ყველაფერი გულთან მიდის. მუსიკა ემოციებისა და განცდების გარეშე ვერ იარსებებს. ყველაფერი გულთან ახლოს მივიტანე, თუმცა ყველასადმი ძალიან დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი. მივესალმები და გულში ჩავიხუტებ ყველას, ვინც ამ ქვეყანაში რამეს აკეთებს. თუ ვინმე უკეთესად გააკეთებს, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება და ყველას გულში ჩავიკრავ. ჩვენი მხრიდან საკმაოდ გაბედული ნაბიჯები იყო და შეიძლება, კრიტიკის მიზეზიც გახდა, მაგრამ გავიმეორებ, თუ ასეთი ნაბიჯები არ გადავდგით, წინ ვერ წავალთ.
– გასაგებია ეს თემა. უცხოელ მსმენელზეც გკითხავთ –  განსაკუთრებული ემოციებით რომელი ქვეყნიდან დაბრუნებულხართ?
– სადაც ქართველი ხელოვანი ფეხს დადგამს, იქ ყოველთვის განსაკუთრებული ემოციებია. სადაც კონცერტით გამოვსულვართ, ყველგან ძალიან დიდი ამბავი იყო. ჩემი პირველი გასვლა თანამედროვე მუსიკით, „ინსაიდთან“ და ნინო ქათამაძესთან ერთად, რუსეთსა და უკრაინას უკავშირდება 2004-05 წლებში. ძალიან შთამბეჭდავი კონცერტები იყო. მაშინ საკმაოდ პატარებიც ვიყავით, სხვა ენერგია და აღტაცება გვქონდა. საგუნდო მუსიკით საპატრიარქოს გუნდთან ერთად რამდენიმე ძალიან კარგი კონცერტი ჩავატარეთ შვეიცარიაში და არასდროს დამავიწყდება ხალხის განსაკუთრებული დამოკიდებულება. ევროპელები შედარებით რთულად გამოხატავენ ემოციებს, მაგრამ კონცერტის შემდეგ ადამიანები გვეუბნებოდნენ, ჩვენთან ასეთი ოვაციები ძალიან იშვიათიაო. უკვე ორი წელია, აფხაზეთის კაპელის ხელმძღვანელი მქვია და ორი გასვლა გვქონდა პოლონეთში. რამდენიმე ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსულები მსმენელები და ემოციებს ვერ მალავდნენ.
– ბოლოს, ოჯახურ ცხოვრებაზეც გკითხავთ, როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?
– კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში შევხვდი ძალიან კარგ ადამიანს და მეგობარს – ძალიან ბევრი მსგავსებით. დღეს ის კონსერვატორიის პედაგოგი გახლავთ – ლია ბაიდოშვილი. ის ჩემზე უარესი გიჟია, მუსიკით დაავადებული და ძალიან დიდი მოტრფიალე. თავიდანვე მივხვდი, რომ ძალიან საინტერესო პიროვნება იყო და ასე ვფიქრობ დღესაც. მისგან უამრავ რამეს ვსწავლობ და ჩემთვის ის ძალიან ძვირფასი ადამიანია. გარდა იმისა, რომ მეუღლე და ჩემი შვილების დედაა, ჩემი მეგობარია და მის აზრს დიდ პატივს ვცემ. არაჩვეულებრივი მეუღლე და სამი შვილის დედაა. თერთმეტი წელია, ერთად მოვდივართ. თითქმის ერთ პერიოდში დავამთავრეთ კონსერვატორია და მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ ერთად უნდა გვეცხოვრა, ერთად გვტკენოდა და გაგვხარებოდა. მერე გაჩნდა ჩვენი სამი ბიჭი: ანდრია, ნიკოლოზი და გაბრიელი.
скачать dle 11.3