კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 იძებნება სიკვდილით მოთამაშე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #24-34(921)


უკვე საკმაოდ ბნელოდა, როდესაც გურამი „მერსედესის“ მძღოლის გვერდით მოთავსდა, რომელიც სოლიდურად იყო გამოწყობილი. ძვირფასი პიჯაკი ეცვა, თავზეც ძვირფასი კეპი ეხურა. სახე ხშირი წვერით ჰქონდა დაფარული და მუქი სათვალე ეკეთა. მძღოლმა ჯიბიდან უხმოდ ამოიღო მოციმციმე ელექტრომოწყობილობა, რომელიც საპარსს წააგავდა და ახალმოსულს მიუშვირა. შემდეგ ჯიბეში ჩაიდო, ძრავა ჩართო და ავტომობილი  ადგილიდან დაიძრა. მძღოლი ერთ ხელსაწყოს აკვირდებოდა, რომელიც „მერსედესის“ ტორპედოზე იყო მიმაგრებული და უჩვენებდა მოსდევდა თუ არა მათ ვინმე. გურამი მიხვდა ხელსაწყოს დანიშნულებას და მძღოლს უთხრა:
– ნუ ღელავთ, არავინ გვითვალთვალებს. როგორც შევთანხმდით, ისეა.
მძღოლმა უხმოდ დაუქნია თავი მინისტრს და სისწრაფეს უმატა. შემდეგ კორპუსებში შეუხვია და ერთ უზარმაზარ ავტოფარეხში შევიდა, რომლის კარიც უმალვე მიიხურა. ავტოფარეხში ხუთიოდე მამაკაცი დახვდათ. მათ სახეზე ნიღბები ეკეთათ, რითაც სახეს მალავდნენ. ნიღბებიანებმა „მერსედესის“ საბარგულიდან ფულიანი ჩემოდნები ამოიღეს, გახსნეს და დასტებად შეკრული კუპიურები ტყავის სამ უზარმაზარ ჩანთაში გადაანაწილეს. შემდეგ მიკროავტობუსში ჩასხდნენ და მეორე კარიდან გავიდნენ, რომელიც ავტომატურად იღებოდა და იკეტებოდა. ავტოფარეხში კიდევ სამი მანქანა იდგა. მძღოლი „ბეემვეში“ ჩაჯდა და გურამი უხმოდ მიიხმო, ხოლო, როდესაც ის მის გვერდით მოკალათდა, ლურჯი „ბეემვე“ იმავე კარიდან გაიყვანა, კორპუსებს შორის გაიკვალა გზა, შემდეგ ავტომანქანა ერთ ბნელ ადგილზე გააჩერა და შუქფარები ჩააქრო. სალონში ელექტრომოწყობილობა მოატარა და რომ დარწმუნდა, მოსასმენი აპარატურა არ იყო, მოწყობილობა ჯიბეში ჩაიდო. კარგა ხანს ჩუმად, გაუნძრევლად იჯდა ჩაფიქრებული. ხმას არ იღებდა  გურამიც, რომელიც ცდილობდა, გამოეცნო, რას აპირებდა „უსიტყვო“ მძღოლი, განგებ არაფერს ეკითხებოდა. რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ მძღოლმა მოულოდნელად ხმა ამოიღო და გურამს გამართული ქართულით უთხრა:
– რაზე ფიქრობთ, ბატონო მინისტრო, ალბათ, ცდილობთ, გამოიცნოთ, ვინ ვარ, ხომ?
გურამს ხმა ეცნო  და წვერიან მძღოლს მწველი მზერა მიაპყრო, თუმცა სალონში ბნელოდა და სახეს კარგად ვერ დააკვირდა.
– ალბათ, ჩემი ხმა გეცნოთ, ხომ? – იკითხა მძღოლმა.
– სიმონ ბასილელი ხართ? – იკითხა შეცბუნებულმა გურამმა, რომელსაც ვერ წარმოედგინა, რომ „ეშმაკის ამონასუნთქის“ გამტაცებლის გვერდით იჯდა.
– დიახ. მე გახლავართ და შენიღბული ვარ, – უთხრა გურამს ბასილელმა და დააყოლა, – ნუ გიკვირთ, ბატონო გურამ.
– ცოტა არ იყოს უცნაურია თქვენთან ასეთ ვითარებაში შეხვედრა და სიმართლე გითხრათ, საკუთარ თვალებს არ ვუჯერებ, – თქვა გურამმა.
– ბასილელს მწარედ ჩაეცინა და გურამს მიუგო:
– საკუთარი თავი ზოგჯერ კოშმარულ სიზმარში მგონია, ბატონო გურამ და არ მჯერა, რომ მე მე ვარ. ახლა კი ყველაფერს მოგიყვებით და დასკვნა თავად გააკეთეთ.
– გისმენთ, – თქვა მინისტრმა.
– „ეშმაკის ამონასუნთქი“ ლაბორატორიიდან ჩემი ნებით არ გამიტაცებია. მაიძულეს. ჩემი მეუღლე და ტყუპები გაიტაცეს და გადამალეს. ამის მერე კი დამიდეს გეგმა, რომელიც შევასრულე. უნდა გითხრათ, რომ „ეშმაკის ამონასუნთქი“ გატაცების შემდეგ თვალით აღარ მინახავს. ჩემი ცოლ-შვილი კი ერთხელ ვნახე და ისიც, სულ რაღაც ერთი საათით. მოკლედ, მაგრად ვყავართ გამოჭერილი და დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერს გამაკეთებინებენ და ფაქტობრივად, მაკეთებინებენ კიდეც. მე კი სულ მინდოდა თქვენთან დაკავშირება. დღეს ამის შანსი მომეცა და ხაზგასმით ვიმეორებ, რომ მართალია, მე გავიტაცე ეს საშინელი ბაქტერია, მაგრამ არა ჩემი ნებით და მაიძულეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ადგილზე ყველა ჩემნაირად მოიქცეოდა.
– გეთანხმებით. მეც თქვენნაირად მოვიქცეოდი, – მიუგო გურამმა და დააყოლა, – ახლა ის მითხარით, რა მოლოდინი გაქვთ ჩვენი შეხვედრის შემდეგ?
– პირველ რიგში, მინდა, რომ ჩემი ცოლ-შვილი ტყვეობიდან დავიხსნა. აგრეთვე ის, რომ „ეშმაკის ამონასუნთქი“ არ აფეთქდეს და ხელუხლებელი უკან დაბრუნდეს. აგრეთვე, მთელი ეს ტერორისტული ბანდა შეიპყროთ და უმკაცრესად დასაჯოთ, – თქვა ბასილელმა.
– სწორად ჩამოყალიბებული სურვილებია, მაგრამ მათ განსახორციელებლად თქვენი დახმარებაა საჭირო, ბატონო სიმონ. პირველ რიგში, ინფორმაციული კუთხით, – უთხრა ბასილელს მინისტრმა.
– მკითხეთ და რაც ვიცი, გიპასუხებთ.
– პირველ რიგში, ის მითხარით, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თქვენი ცოლ-შვილი გაიტაცა. რამდენი არიან და სად ცხოვრობენ, – უთხრა გურამმა.
– ვისაც ჩემთან კონტაქტი აქვს, სულ ათი კაცია. ერთმანეთს ისინი ჩემი თანდასწრებით სახელითა და გვარით არ მიმართავენ და ციფრებს უწოდებენ – პირველიდან ათის ჩათვლით. ლაპარაკობენ ქართულად, მაგრამ, რა ჯიშის არიან, წარმოდგენაც არ მაქვს. ვინ სად ცხოვრობს, არ ვიცი. არც ის ვიცი, მე სად მამყოფებენ. სავარაუდოდ, ბუნკერში, რადგან ჩემი ორი ოთახი უფანჯრებოა და შიგნით საჰაერო მილი შემოდის.
– ჩვენ როგორ გვიკავშირდებით?
– როგორ და ჩემი ოთახიდან გამოვყავარ. მანამდე კი თავზე შლემს მახურავენ, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ ორიენტაციას მიკარგავს. გამოყვანის პროცესი, ანუ გზის გავლა ოთახიდან ოთახამდე, სულ რაღაც ერთი წუთი გრძელდება და ვფიქრობ, რომ ორივე ოთახი ერთ შენობაში მდებარეობს. სკამზე რომ მსვამენ და თავიდან შლემს მხდიან, ესეც უფანჯრებო ოთახში ხდება. მაგრამ იმ ოთახში უამრავი ელექტრომოწყობილობა და აპარატურაა. ჩემს წინაა უზარმაზარი მონიტორი და ტექსტი, რომლითაც თქვენ გელაპარაკებით, სწორედ იმ მონიტორზე იწერება.
– ლაპარაკის წინ, წინასწარ ინსტრუქტაჟს არ გიტარებენ ხოლმე?
– მიტარებენ, როგორ არა, ბატონო გურამ. ყოველთვის ზუსტად მეუბნებიან ყველაფერს და მეც შესაბამისად ვმოქმედებ.
– დღეს პირველად გამოგიშვეს გარეთ?
– დიახ. პირველად. მანამდე კი ის ავტოფარეხი მიჩვენეს და ზუსტად ამიხსნეს, თუ როგორ უნდა მემოქმედა. შუაღამისას უკან უნდა დავბრუნდე. ამ „ბეემვეთი“ „დელისის“ მეტროსთან უნდა დავდგე და დაველოდო. თვითონ მომაკითხავენ და წამიყვანენ. მანამდე კი თქვენ უნდა ჩამოგსვათ სადმე.
– მე, ალბათ, დაზღვევისთვის მიყენებენ, ხომ?
– დიახ. ასეც მითხრეს, – მინისტრი და საიმონის ვაჟი ჩვენი დაზღვევაა, აგრეთვე, შენი ცოლ-შვილიც და გაქცევა არ გაბედო, თორემ უამრავ ხალხს დაღუპავ და პირველ რიგში, შენს ცოლ-შვილს. აგრეთვე, საიმონის ვაჟსაც და ამას არავინ გაპატიებს, ცოცხლად გაგატყავებენო. მე კი ბევრი ფიქრის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ უთქვენოდ, ანუ სერიოზული დახმარების გარეშე, ჩემს ცოლ-შვილს ვერ გამოვიხსნი და გამორიცხული არაა, რომ ამ ნაძირლებმა თავიანთი გეგმა შეასრულონ, ყველა მძევალი დახოცონ და სამუდამოდ გაუჩინარდნენ. ამიტომ, თქვენი ჩარევაა საჭირო და სიმართლე გითხრათ, ამის გამო დაგიკავშირდით. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებდი. თუმცა არ მაქვს იმედი, რომ ჩემს ცოლ-შვილს ცოცხალს ვიხილავ.
– საკმაოდ რეალურს ლაპარაკობთ, ბატონო სიმონ, მაგრამ ამ ხალხს იმდენად იდეალურად აქვთ აწყობილი ყველაფერი, თანაც ისეთი აპარატურით არიან აღჭურვილი, რომ ჯერჯერობით ვერ ვიხელთებთ. ერთი შანსია, კუდზე დავაჯდეთ და ვინმე შევიპყროთ, მაგრამ, გარდა იმისა, რომ ძნელი გასაკეთებელია, შეიძლება, ამან შედეგი ვერ მოიტანოს, პირიქით, უარესიც მოხდეს – დაკავებულმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ მოგვაწოდოს, ამას მძევლების სიცოცხლეც შეეწიროს და „ეშმაკის ამონასუნთქიც“ ააფეთქონ. თანაც, საიმონის ვაჟი რომ გაიტაცეს, ხელ-ფეხი უფრო შეგვეკრა და ფაქტობრივად, ქმედითუუნარონი ვართ.
– ბატონო გურამ, თქვენს პროფესიაში ბევრი არაფერი გამეგება და სიმართლე გითხრათ, უშიშროებითა და ჯეიმს ბონდობით არასდროს დავინტერესებულვარ, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს და ლოგიკურიცაა, რომ ამ ნაძირლებს ვიღაც თქვენიანი უწყობს ხელს, – უთხრა მინისტრს ბასილელმა.
– ჩვენიანში ვის გულისხმობთ?
– ვინმე თქვენს მაღალჩინოსან კოლეგას ან კოლეგათა ჯგუფს, – თქვა ბასილელმა და დააყოლა, – და ამას, იცით, რატომ ვფიქრობ? იმიტომ, რომ სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ და „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ დირექტორის მოადგილის ვაჟის გატაცება მალიბუდან სერიოზული დახმარების გარეშე გამორიცხულია. ინფორმაცია საიდუმლოა. საიდუმლო ინფორმაციას კი, თქვენი კოლეგები ფლობენ და შესაბამისად, მოღალატეც მათში უნდა ეძებოთ.
– ლოგიკურია, – დაეთანხმა ბასილელს გურამი. ბასილელმა კი დაამატა:
– თანაც, ბატონო მინისტრო, ვფიქრობ, ხელჩასაჭიდიც მაქვს.
– რა ხელჩასაჭიდი? – გამოცოცხლდა გურამი.
– ბატონო მინისტრო, ამ ორიოდე დღის წინ თქვენთან სალაპარაკოდ ამომიყვანეს ოთახიდან და შლემი რომ დამახურეს, როგორც ეტყობა, ასისტენტს სადეზორიენტაციო მოწყობილობის ჩართვა დაავიწყდა, ამიტომ, სანამ ოთახიდან ოთახში გადავყავდი, ყველაფერი მესმოდა და დანიშნულების ადგილზე რომ მიმიყვანეს, ვიღაც უცხომ ტელეფონზე ლაპარაკისას თქვა:
– „მეწაღე უორენს“ გადაეცი, რომ აქ მე ვარ მთავარი და მისი განკარგულებები თავის „შპიონ“ ხელქვეითებს მისცესო. შემდეგ ასისტენტებს უთხრა, – „ცეერუს“ უნდა, ლაგამი ამოგვდოს. მე წავედი, მაგას კი შლემი მოხადეთ და ჩემი ინსტრუქცია შეასრულებინეთო.
ის კაცი რომ გავიდა, შლემი მომხადეს. თქვენთან საუბრის ინსტრუქტაჟი ჩამიტარეს და შემდეგ გელაპარაკეთ. ვფიქრობ, რომ არც თუ ისე ურიგო ინფორმაცია მოგაწოდეთ და მაგ ვიღაც „მეწაღე უორენითაა“ შესაძლებელი ტერორისტებზე გასვლა. რას იტყვით, თქვენ როგორ ფიქრობთ?
მინისტრის გონება კომპიუტერივით ამუშავდა. ემოციურმა, მაგრამ ძალიან გონიერმა გურამმა ძალიან სწრაფად გაიაზრა ბასილელის სიტყვები. შემდეგ საათს დახედა და ბასილელს უთხრა:
– თორმეტის ნახევარია, ბატონო სიმონ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდეთ და მისი მეშვეობით ალბათ, შევძლებთ ბოროტმოქმედის გაშიფვრას, შეპყრობასა და დასჯას. რაც შეგეხებათ თქვენ, – ჩემი აზრით, ეს ხალხი კვლავ გააგრძელებს ჩვენთან თამაშსა და მოთხოვნების წამოყენებას, რაშიც თქვენ გამოგიყენებთ. თქვენ კი უარი უთხარით და შემდგომ თანამშრომლობაზე იმ შემთხვევაში დათანხმდით, თუ ცოლ-შვილს მოგიყვანენ და თქვენთან ერთად ამყოფებენ. ვფიქრობ, ეს ხერხი გაჭრის და ოჯახთან  ერთად იქნებით. ასე კი უფრო ადვილი იქნება თქვენი შველა. ეს ერთი. ახლა კი შევთანხმდით პაროლზე. თუკი მოახერხებთ და თქვენს ცოლ-შვილს მოაყვანინებთ, მაშინ ჩემთან ლაპარაკის დროს ერთხელ მაინც მითხარით ფრაზა ასეთი წყობით – „გურამ ბატონო“, არა – „ბატონო გურამ“, არამედ, ვიმეორებ – „გურამ ბატონო“. და კიდევ ერთი – თუკი თბილისიდან სხვაგან გადაგიყვანენ, ჩემთან ლაპარაკის დროს ვითომდა ყელი გაგიშრათ, სამჯერ ჩაახველეთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბევრი არაა, მაგრამ რაღაცას  ნიშნავს და ის მაინც გვეცოდინება, აქ ხართ თუ სხვაგან, ცოლ-შვილთან ერთად თუ მარტო. გასაგებია, ბატონო სიმონ?
– გასაგებია, გურამ ბატონო, – მიუგო ბასილელმა მინისტრს. შემდეგ მანქანა ადგილიდან დაძრა და კორპუსებიდან გამოვიდა.
უშიშროების მინისტრი რომ „მოდულში“ დაბრუნდა, კაბინეტში კვლავ ის ხალხი დახვდა, ვინც წასვლის წინ დატოვა. სავარძლამდეც არ იყო მისული, რომ შეკრებილებს დალაპარაკებოდა, ჰარისის სატელიტურმა დარეკა და საიმონმა იკითხა:
– მინისტრი ხომ არ დაბრუნებულა?
– ამ წუთას შემოვედი, ბატონო საიმონ, –  მიუგო გურამმა.
– როგორ ჩაიარა შეხვედრამ? – იკითხა საიმონმა.
– ნორმალურად, ბატონო საიმონ. ფული წაიღეს, – მიუგო საიმონს გურამმა. შემდეგ პაუზა გააკეთა და დააყოლა, – თქვენთან პირისპირ საუბარი მსურს.
ოთახში შეკრებილებს სახეები ეცვალათ. საიმონმა კი გურამს უთხრა:
– რა პრობლემაა, ბატონო მინისტრო, თათბირის მონაწილეები დაითხოვეთ და ვისაუბროთ.
– მე მგონი, აჯობებს, ჩემს კაბინეტში დამირეკოთ ხუთიოდე წუთის შემდეგ, – უთხრა გურამმა და ოთახში მსხდომებს შეავლო თვალი, რომლებიც გაოცებული ისმენდნენ ორი მაღალჩინოსნის დიალოგს.
– კეთილი, ხუთიოდე წუთში გადმოგირეკავთ, – თქვა საიმონმა და ტელეფონი გათიშა.
გურამი უხერხულად გრძნობდა თავს კოლეგების წინაშე. მან შეკრებილებს გაუღიმა და უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, მეგობრებო, მაგრამ უნდა დაგტოვოთ. არ იფიქროთ, რომ თქვენ არ გენდობით. უბრალოდ, ძალიან დელიკატური საკითხია, უფრო მეტად – პიროვნული. ამიტომ მისი გასაჯაროების უფლება არ მაქვს. თქვენ ამას იმ შემთხვევაში შეიტყობთ, თუკი ის ადამიანი ისურვებს, ვისაც ეს პირადად ეხება. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, მაგრამ დროებით უნდა დაგტოვოთ.
გურამი ოთახიდან გავიდა. გულში თავის საქციელზე ეცინებოდა. იცოდა, რომ ამ სიტყვების რახარუხის არავის სჯეროდა, მაგრამ კოლეგების „მოსათაფლად“ იმ წუთში მეტი ვერაფერი მოიფიქრა და ეს ვერსია გამოიგონა. საიმონთან პირისპირ საუბარი კი იმიტომ უნდოდა, რომ შესაძლებელი იყო, სწორედ ოთახში შეკრებილთაგან ყოფილიყო რომელიმე ჯაშუში და ასეთ შემთხვევაში ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა და შეიძლება, ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანიც დაღუპულიყო. მინისტრი არც ამერიკელთა დახურულ კავშირს ენდობოდა და ტყუილად არ უთხრა საიმონს – პირისპირ უნდა გესაუბროთო.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3