კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 როდის უნდა ამოვიჭრათ გლანდები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ნუშურები, იგივე ტონზილები, ხახის ცხვირის ნაწილის ლორწოვანის სისქეში, მის უკანა კედელზე და ლულის ხვრელის ირგვლივ არსებული კარგად განვითარებული ლიმფოიდური ქსოვილია. ხალხში ფართოდ გავრცელებული ტერმინი „გლანდები“ ნუშურების ლათინური სახელწოდებიდან – „გლანდულადან“ მომდინარეობს. „გლანდულა“ ჯირკვალს ნიშნავს, თუმცა ნუშურების მიმართ ეს სახელწოდება რამდენადმე არასწორია, რადგანაც ტონზილები არც სტრუქტურულად და არც ფუნქციურად ჯირკვლები არ არის (ისინი არც ენდოკრინული ანუ შინაგანი სეკრეციის და არც ეგზოკრინული – სპეციალური მილის, ანუ სადინარის დახმარებით გარეთ გამომყოფი ჯირკვლები არაა). ნუშურები იმუნური სისტემის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილი – ლიმფოიდური ქსოვილია. მათ დამცველობითი და გარკვეულწილად, სისხლმბადი ფუნქციაც აქვთ (მათში ლიმფოციტები წარმოიქმნება). ტონზილები ინფექციის გზაზე პირველი დამცავი რგოლი და მთავარი დარაჯია.
ქრონიკული ტონზილიტი, ანუ ხალხურად გლანდების ანთება, ხანგრძლივად და დუნედ მიმდინარე პროცესია. ბავშვებთან ქრონიკულ ტონზილიტს, ანუ ნუშურების ანთებას, ჩვეულებრივ, თან ახლავს სხვა პათოლოგიური პროცესებიც პირის ღრუსა და ცხვირ-ხახაში – ქრონიკული სურდო, ჰაიმორიტი, ღრძილების ანთება. ქრონიკული ტონზილიტის პერიოდულად გამწვავება არ მთავრდება გამოჯანმრთელებით და „გლანდების“ სრული გაწმენდით, რადგან ასეთ დროს ვითარდება ქრონიკული ინტოქსიკაცია. ასეთი ტონზილები მუდმივად შეიცავენ ჩირქს და მათზე დაჭერისას გამოიყოფა ჩირქისმაგვარი სითხე, პირის ღრუდან გამოდის უსიამოვნო სუნი, ტემპერატურა ან მატულობს, ან სუბფებრილურია და დგას ცელსიუსით 37 გრადუსის ნიშნულზე. ჩივილებიც უმნიშვნელოა ან საერთოდ არ არის, ხოლო ქრონიკული ანთება გრძელდება წლების განმავლობაში და გლანდები დიდდება. ასეთი ბავშვები ჩამორჩებიან სწავლას, ხშირად ავადმყოფობენ, იკლებენ წონაში ან პათოლოგიურად იმატებენ, ადვილად იღლებიან, ცუდად სძინავთ, ზოგჯერ უჩნდებათ „ჩალურჯებები“ თვალების ქვეშ.
მშობლები გადიდებული „გლანდების“ ხილვისას ფიქრობენ, რომ ცუდადაა ნუშურების საქმე და დარწმუნებული არიან, რომ ბავშვს აუცილებლად ეწყება ტონზილიტი. სინამდვილეში, პატარა ასაკში ნუშურების გადიდება არცთუ იშვიათია და ეს არის ბავშვის ორგანიზმის იმუნოლოგიური მექანიზმების დაძაბული მუშაობის მაჩვენებელი. ასე რომ, მხოლოდ გადიდებული ნუშურები ნუ შეგაშინებთ! მთავარია, მათზე დაჭერით ჩირქი არ გამოვიდეს. ბავშვის ზრდასთან ერთად, თავის ქალის მოცულობაც იზრდება, შესაბამისად, იზრდება ცხვირის ღრუც და როცა ნუშურების დაძაბული მუშაობა დამთავრდება, ისინი ცხვირ-ხახაში ნორმალურ მდგომარეობას დაიკავებენ. ქრონიკული ტონზილიტი შეიძლება, განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდებათ მცირეწლოვნებს. უპირველესად, სწორედ ამ ასაკში შეიძლება ჩამოყალიბდეს ქრონიკული ტონზილიტის დრამატული გართულებები რევმატიზმის, გულის შეძენილი მანკის, სახსრების მრავლობითი ანთების – პოლიართრიტისა და თირკმელების ანთების – ნეფრიტის სახით. მეორე მხრივ, ნუშურების ამოკვეთა ბავშვთა ასაკში, ზოგიერთი ექიმის დაკვირვებით, ზრდის მომავალში კეთილთვისებიანი სიმსივნეების (მამაკაცებში – პროსტატის ადენომის, ქალებში – საშვილოსნოს ფიბრომიომებისა და სხვა წარმონაქმნების) წარმოშობის რისკს.
ცალკეულ გართულებათა (რევმატიზმი, ართრიტი, ნეფრიტი და სხვა) ასარიდებლად ხშირად მიმართავენ ნუშურების ამოკვეთას (ტონზილექტომიას). ზოგჯერ ნუშურების გადიდებისა და ანთებითი პროცესის თავიდან ასაცილებლად სრულიად ჯანმრთელ ტონზილებსაც კი აცილებენ ორგანიზმს (მაგალითად, ადენოტომიის დროს ნუშურებსაც მიაყოლებენ ხოლმე), რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მეტიც, სადღეისოდ მიდგომები რადიკალურად შეცვლილია და ტონზილების, როგორც იმუნური სისტემის განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი რგოლის, საჭიროებიდან გამომდინარე, ბევრი ექიმი ტონზილექტომიის წინააღმდეგია და ტონზილიტის კონსერვატული მეთოდებით მკურნალობას უწევს რეკომენდაციას. ჰომეოპათიური პრაქტიკა აჩვენებს, რომ ანგინის ნებისმიერი ფორმა და მისადმი მიდრეკილება შეიძლება განიკურნოს.
скачать dle 11.3