კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 როგორ აიძულეს გათხოვება დალი ჩიტალაძეს თაყვანისმცემლებმა და რატომ ემხრობა ის ბოიფრენდისა და გერლფრენდის ინსტიტუტს

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

მუდამ მოღიმარი და პოზიტიური დალი ჩიტალაძის ცხოვრება არც ისე მარტივად წარიმართა... მიუხედავად უდარდელი და ხალისიანი ბავშვობისა, მას მარტო, შვილთან ერთად, ემიგრაციაში მოუწია ყოფნა, სადაც „ვერსაჩეს“ სახლში მუშაობამდე რესტორანში მღეროდა. ამერიკაში ყოფნის პერიოდში შეიტყო ძმის გარდაცვალება, შემდეგ და გარდაეცვალა და ამ ტკივილს წლების შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად გრძნობს, როდესაც მშობლები მოხუცდნენ და მათ ავადმყოფობასთან შეჭიდება მარტოს უწევს.
– ბავშვობაში აცნობიერებდით, რომ განსაკუთრებული გარეგნობის გოგო იყავით?
– ძალიან გვიან გავაცნობიერე ჩემი გარეგნობა. დედა  და მამა არასდროს გვანებივრებდნენ, არასდროს გვაქებდნენ. კი ვგრძნობდი, რომ გამორჩეული გარეგნობა მქონდა, მაგრამ უფრო მერე, 14-15 წლიდან. პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი. ირინა სარიშვილი, ზურა ჟვანია იყვნენ ჩემი კლასელები. თავისუფლების შეგრძნება პირველად იმ სკოლაში გვქონდა, ფორმებსაც ისე ვიცვამდით. ყელსახვევს გვავალდებულებდნენ და მე მაინც თავზე ვიხვევდი, თავშლის ფორმას ვაძლევდი ხოლმე. პარასკევობით ჯინსებით მივდიოდით სკოლაში. ირინა სარიშვილი იყო სასწაული გოგო, დაბადებული ლიდერად, გული მწყდება, რომ მისი პოლიტიკური კარიერა ისეთი არაა, როგორიც მას ეკუთვნოდა. ირინას ინტელექტი და განათლება უკიდეგანოა. სკოლაშიც აბსოლუტური ლიდერი იყო, ირინა რომ იტყოდა, შატალოზე წავიდეთო, ყველა ცხვრებივით მივყვებოდით უკან. ჩვეულებრივი რევოლუციონერი, ბუნტისთავი იყო. მასწავლებლებს ეკამათებოდა. არ დამავიწყდება, ალგებრის მასწავლებელს პირდაპირ უთხრა, ეს ფორმულა შენ არასწორად გამოიყვანეო. წარმოგიდგენიათ, ალგებრის მასწავლებელს რომ ამას გაუბედავ იმ დროში? ბოლოს მასწავლებელი ამბობდა: სკოლაში ან ირინა, ან მეო. ზურაბ ჟვანია, პირიქით, ისეთი ჩუმი და დინჯი იყო, მსგავსი ადამიანი არ ვიცი. იყო თუ არა კლასში, ვერ ვიგებდით. მე მქონდა ჩაბარებული ხელოვნების მხარე. სიმღერებს ვწერდი. სკოლასაც დავუწერე სიმღერა. ტრიო მყავდა. რაღაცებს ვდგამდით.
– ალბათ, თაყვანისმცემლები სკოლაშიც არ გასვენებდნენ...
– ვიღაცას ვუყვარდი სკოლაში, ვიღაცას – ეზოში. მაშინ გოგოს სიყვარულს რომ უხსნიდნენ, სკოლის  ეზოში, ცალკე უნდა გაეყვანათ და დიდი გმირობა იყო, გოგოს რომ ამას ეტყოდნენ. თაყვანისმცემლები რომ არ მასვენებდნენ, იმიტომ გავთხოვდი 16 წლის. ვახო 17 წლისამ გავაჩინე, ბავშვმა ბავშვი გავაჩინე. ძალიან კარგი მამა ჰყავს ვახოს, მაგრამ ჩემთვის სისულელე იყო ასე ადრეულ ასაკში გათხოვება, როდესაც არანაირად  ოჯახი არ მაინტერესებდა. ქმართან გაშორება ჩემთვის სტრესი იყო, იმოქმედა, მაგრამ ბავშვი ვიყავი და სხვანაირად გადავიტანე. მინდოდა სწავლა, სიმღერა, ცეკვა, ოჯახი  ჩემთვის გაუთვითცნობიერებელი იყო. მხოლოდ 39 წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ თურმე საჭიროა ოჯახის შექმნა, მივხვდი, რომ დავიღალე მარტო. მე თვითონ ვიყავი ოჯახში ქალიც და კაციც. ემიგრაცია ძალიან რთულია, თან ბავშვთან ერთად რომ ხარ, ბავშვის სწავლა-განათლება, ათასი საჭიროება. ზუსტად იმ დროს გავთხოვდი, როცა საჭირო იყო. საქართველოში ბოიფრენდისა და გერლფრენდის ინსტიტუტი რომ მკვიდრდება, ამაში არაფერი ცუდი არ არის, მე მომხრე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტრადიციული ვარ. მომწონს, როდესაც ჩვენი ტრადიციები სწორად ერწყმის დასავლურ ცივილიზაციას.  ცივილიზებული ქართველი ძალიან საინტერესო და განსხვავებულია. ეს კარგად დავინახე, როდესაც ამერიკაში ვცხოვრობდი.
– შემდეგ იყო კონსერვატორიის წლები და პირველი „მის თბილისის“ მონაწილეც ხართ...
–  ჯერ მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე და მერე ჩავაბარე კონსერვატორიაში. კონსერვატორიის პერიოდში შემოქმედებითად ძალიან დახუნძლული ვიყავი, დავწერე სიმღერა და ვიმღერე მერაბ სეფაშვილთან ერთად. ვიდეოკლიპების ბუმი რომ წამოვიდა, ვიდეოები რომ შემოვიდა, მაშინ გადავიღეთ. გადაღებული ვარ სანდრო ვახტანგოვის მოკლემეტრაჟიან ფილმში „ღამე“, დათო ევგენიძის მუსიკით. ნოდარ მანაგაძის შვილმა გადამიღო ფილმში „მაესტრო“. ვიყავი „მის კონსერვატორია“. სულ პირველი „მის თბილისი“ რომ ჩატარდა, იქ გამოვდიოდი. ნუკა კაციტაძე იყო „მის თეატრალური“ და ნუკა გახდა პირველი „მის თბილისი“. მე არც მქონდა პრეტენზია, რომ „მის თბილისი“ გავმხდარიყავი. განათხოვარი ვიყავი, უკვე ქმარს გაცილებული და მისი როგორ გავხდებოდი?! უბრალოდ, იმ დროს ყველაზე ლამაზი ვიყავი კონსერვატორიაში, ამიტომ „მის კონსერვატორია“ ვიყავი. უნივერსიტეტში იყო ძალიან ლამაზი გოგო – ზიზი თოხაძე. ყველა დარწმუნებული ვიყავით, რომ ზიზის უნდა გაემარჯვა, ნამდვილი ქართული სილამაზე ჰქონდა. გამარჯვებული რომ გამოცხადდა, უნივერსიტეტის ჩოხიანმა ბიჭებმა პროტესტის ნიშნად ზიზი სცენიდან გაიყვანეს. მე არ მაქვს ქართული გარეგნობა, ბებია მყავს რუსი, მოსკოველი, ქსენია რომანოვა, სამეფო კარიდან წამოსული.
– ბევრმა არ იცის, რომ რესტორანშიც მღეროდით...
– ამერიკაში რომ ჩავედი, სანამ „ვერსაჩესთან“ დავიწყებდი მუშაობას, სანამ საბუთები მექნებოდა, სადმე ხომ უნდა მემუშავა. გაზეთში ვნახე ეს სამსახური, მივედი ჩაცმული, ძალიან გაპრანჭული. მაცვია როგორც მილიონერს და ვითხოვ სამსახურს, ვეუბნები, ჭურჭელსაც დავრეცხავ, ოღონდ სამსახური მქონდეს-მეთქი. მეპატრონემ რომ დამინახა, ვაიმე, გოგონა გამოგაგდეს სახლიდანო? თან, მინდოდა, მემუშავა და მეცხოვრა მანჰეტენში. ვამბობდი: თუ ამას ვერ გავაკეთებ, თბილისში წავალ-მეთქი, ძნელია, როცა თბილისში ხარ ცნობილი. ძალიან ცნობილი, ფეშენებელური რუსული რესტორანი იყო მანჰეტენზე, როიალიც იდგა. იქ მივედი და სამსახური ვითხოვე, ინგლისური ჯერ კარგად არ ვიცოდი. რუსული ჩემთვის მეორე ქართული იყო. დღისით მენეჯერის ასისტენტი ვიყავი, ვინც სტუმრებს იღებს და რეზერვაციას აკეთებს. საღამოს კი ვიჯექი და ქართულ, რუსულ რომანსებს ვუკრავდი. საინტერესო ის იყო, რომ დროებით ლევ ოგანეზოვი ჩამოვიდა და უკრავდა. ძალიან ძველებური რომანსები მასწავლა, თვითონ აკეთებდა აკომპანემენტს. იქ რვა თვე ვიმუშავე და მუშაობის უფლება რომ ავიღე, „ვერსაჩესთან“ წავედი.
– რას ნანობთ ცხოვრებაში?
– ცხოვრებაში ყველაზე ძალიან რასაც ვნანობ, არის ის, რომ ერთი შვილი მყავს. დედმამიშვილები, ყველაზე დიდი სიმდიდრეა.
– ეს ალბათ, დედმამიშვილების გარდაცვალების შემდეგ უფრო გააცნობიერეთ...
– ახლახან ჯერ დედა გახდა ცუდად, მერე მამაჩემი მოვიდა, ვაიმე, გული მტკივაო და მამა მერვე სართულზე იწვა, დედა დაბლა და დავრბოდი ზევით-ქვევით. იქ მივხვდი, როგორი მარტოხელა ვარ დედმამიშვილების გარეშე.  ნინო ნადირაძის კლინიკაში იწვნენ, ნინო ყოველთვის გვერდით  მიდგას. სამეგობროში რომ ვინმეს რამე დაგვჭირდება, ნინოს ვურეკავთ. ჩემმა მშობლებმა ამდენი ტკივილი გადაიტანეს – ორი შვილის დაღუპვა რთულია, ამდენი სტრესისგან ხშირად ხდებიან ცუდად. მარტო ვიყავი და გულში ჩემს დას ვეჩხუბებოდი, ეს რა ქენი, სად წახვედი-მეთქი. დაიძინა და არ გაიღვიძა – ეს იყო შოკი. არც და მყავს და არც ძმა და როგორი მარტოსული ხარ ამ დროს. ჩემი ძმა, დათო, ადრე გარდაიცვალა. მე ამერიკაში ვიყავი და არც მითხრეს. გასვენების დღეს გავიგე, მაშინ, 95-ში, სად იყო მობილური. ძლივს გადავიტანე დათოს ამბავი და მერე ჩემი და... ჩემს დასაც და ძმასაც ორ-ორი შვილი დარჩათ. ჩემი ძმისშვილია დალი ჩიტალაძე, ამერიკაში ვიყავი რომ დაიბადა და ჩემმა ძმამ დამირეკა, დალი ჩიტალაძე დაიბადაო. რა დალი დაიბადა, დღეს ჩემი დაბადების დღე არ არის-მეთქი. დალი დაიბადა, შენი სახელი დავარქვიო. რატომ არქმევ ჩემს სახელს, ხომ არ მოვმკვდარვარ-მეთქი. ჩემი ძმის ორმოცზე რომ ჩამოვედი, პირველად მაშინ ვნახე პატარა დალი. დედაჩემმა დათოს ტკივილი, იმით გადაიტანა, რომ ორი ბავშვი ჰყავდა გასაზრდელი. ასე მარტო დამტოვეს ჩემმა და-ძმამ. ჩემი დის, დიანას გარდაცვალების შემდეგ გავაცნობიერე, რომ დაბერება არის ღმერთის დიდი მადლი. ტყუილად არ არის გამოთქმა – ტკბილად შეაბერდით ერთმანეთსო. სიბერესაც თავის სიტკბო აქვს. როდესაც ღმერთი ამ ჯილდოს გაძლევს –ამქვეყნად მოხვიდე, დიდხანს იყო და ეს სილამაზე შეიგრძნო, ყოველი დღისა და ყოველი ღამის მადლობელი უნდა იყო. სიბერე არის შენი გამოციდლება. კმაყოფილება ასაკთან ერთად მოდის.
скачать dle 11.3