კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 დაიწყო თუ არა სამშვილდის ისტორია ფარნავაზამდე დიდი ხნით ადრე და რაზე მიანიშნებს იქ აღმოჩენილი თამარ მეფის მონეტა

ნინო კანდელაკი ნინო მაისურაძე

„დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი“ ეს წარწერა დატანილია მონეტაზე, რომელიც „საქართველოს უნივერსიტეტის“ არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სამშვილდის ნაქალაქარში აღმოაჩინა. სამშვილდის ციტადელში, ერთ-ერთი სათავსოს იატაკის დონეზე, მათ ხის ყუთში დაგროვებულ მონეტებს მიაგნეს. გათხრების შედეგად გამოვლენილ განძს არქეოლოგები განვითარებულ შუა საუკუნეებს, სავარაუდოდ, მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებს მიაკუთვნებენ. განძში მეფე გიორგი მესამისა და მეფე ლაშა-გიორგის მონეტებთან ერთად, თამარ მეფის მონეტაც იყო. ამ აღმოჩენის მნიშვნელობასა და სხვა აღმოჩენებზეც ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი  დავით ბერიკაშვილი გვესაუბრა: დღეისთვის „საქართველოს უნივერსიტეტის“ ექსპედიცია არის მულტიდისციპლინური და აღნიშნულ კომპლექსს ერთობლივად მრავალი მიმართულებით შეისწავლის. გათხრები მიმდინარეობს სამშვილიდის ნაქალაქარის ორ მნიშვნელოვან უბანზე. თვითონ ნაქალაქარი ძალიან ვრცელი გახლავთ. მისი ფართობი რამდენიმე ჰექტარია, დაახლოებით – 10-15. ძალიან მოხერხებული ადგილმდებარეობა უკავია, მაგრამ ჩვენ შევარჩიეთ და კვლევა დავიწყეთ ორ უმნიშვნელოვანეს უბანზე: ერთი – ეს არის სამშვილდის ციტადელი, საფორტიპიკაციო ნაგებობა, ისტორიული ქალაქი და მეორე გახლავთ სიონის უბანი.
– რაიმე თუ შეცვალა სამშვილდის ისტორიაში ამ კვლევებმა?
– კვლევებმა დაადასტურა, რომ სამშვილდე გაცილებით უფრო ადრეულია, ვიდრე ჩვენთვის იყო ცნობილი წერილობითი წყაროებიდან. სამშვილდის ისტორიას ქართული ისტორიოგრაფია ელინისტური ხანიდან, მეფე ფარნავაზის ეპოქიდან იწყებდა. კვლევებმა დაადასტურა, რომ სამშვილდეს ბევრად ძველ ეპოქაში, კერძოდ, ქვის ხანის ფინალურ ფაზაში, ნეოლითში ჩაეყარა საფუძველი. ჩვენმა გათხრებმა აქ ქვის ხანის, ნეოლითური პერიოდის არტეფაქტები აღმოაჩნა, კერძოდ, ქვის ნეოლითური მასალა. საინტერესო გახლავთ ის, რომ ნეოლითური ხანიდან დაწყებული, სამშვილდე ადამიანს არ მიუტოვებია და აქ ის მუდმივად ცხოვრობდა. შესაბამისად, მისი ნამოქმედარი ასახული არის კულტურულ ფენებში, რაც დალექილია სამშვილდის ნაქალაქარის ტერიტორიაზე. ჩვენ აქ გვაქვს  ბრინჯაოს ხანის მასალა, რაც ადასტურებს იმას, რომ ბრინჯაოს ხანაში აქ ადამიანი ცხოვრობდა, გვაქვს ანტიკური მასალა, რასაც მოსდევს ადრინდელი შუა საუკუნეების, გვიანდელი შუა საუკუნეების და შეიძლება ვთქვათ, რომ სამშვილდე არის ძეგლი, რომელიც მთლიანად რამდენიმე ათასწლეულის ისტორიას ავსებს არქეოლოგიური მასალით. ამ მასალის საფუძველზე შეგვიძლია, წერილობითი წყაროები დავადასტუროთ, შევასწოროთ.
– რომელი არქეოლოგიური აღმოჩენა იყო სამშვილდეში ყველაზე წარმატებული?
– მე გამოვყოფდი 2018 წელს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულს, ვინაიდან ჩვენმა ექსპედიციამ  სამშვილდის ციტადელში განვითრებული შუა საუკუნეების ფენების კვლევის დროს აღმოაჩინა სათავსო, რომელიც უეცარი ხანძრის შედეგად იყო განადგურებული. ცეცხლს დაუწვავს მისი ხის კონსტრუქცია და სათავსოც ერთბაშად ჩამოქცეულა. მეპატრონის მთელი ქონება ხანძრით გამოწვეული ნგრევის შედეგად სათავსოში დარჩენილა, მისი გამოტანა ვერ მოუსწრიათ. ეს მასალა ნახანძრალი ფენის ქვეშ დაახლოებით 800 წელი იყო დამალული, სანამ ჩვენმა ექსპედიციამ არ მიაგნო. მასალა წარმოდგება მრავალფეროვანი არტეფაქტებით, იყო შესანიშნავად მოჭიქული მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებისთვის დამახასიათებელი კლასიკური კერამიკა. ძალზედ ძვირფასი მინის ნაწარმი – არა ადგილობრივი, იმპორტული, სხვა ქვეყნიდან შემოტანილი. ჯერჯერობით რთული ასახსნელია, კერძოდ, რომელი ქვეყნიდან, იმიტომ რომ ეს მასალა ახლაც კვლევის ფაზაშია. იყო ძალიან დიდი რაოდენობით ლითონის ნივთები, მათ შორის საბრძოლო იარაღი,  ისრის პირები, დანები, ხანჯლები... ყველაზე მნიშნვნელოვანი გახლდათ იატაკზე მონეტების განძის აღმოჩენა. ეს სათავსო საკმაოდ შეძლებული ადამიანის უნდა
ყოფილიყო, რადგან აღმოჩენილი ჭურჭელი ძალიან ძვირფასია. ერთი-ორი მონეტის აღმოჩენაც კი არქეოლოგიაში დიდ მოვლენად ითვლება. ჩვენს შემთხვევაში კი, ეს განძი დაახლოებით 270-280 სხვადასხვა მონეტას შეიცავს. ჯერჯერობით ხუთი მონეტა გავწმინდეთ და ხუთიდან სამი სამეფო მონეტა აღმოჩნდა. პირველი გახლავთ გიორგი მესამის მონეტა. პირდაპირ აწერია – ასომთავრულად  არის გამოსახული ასო „გ“ და გიორგი მესამის გრაფემა, მეორე გახლავთ თამარ დედოფლის მონეტა, რომელზეც არაბულად არის ძალზე შესანიშნავად გამოყვანილი ტიტულატურა, თამარის მონეტაზე აღნიშნულია შემდეგი ტექსტი არაბულად „დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი“... ხოლო მესამე გახლავთ თამარის ვაჟის, ლაშა-გიორგის მონეტა. დანარჩენი ორი არა ადგილობრივი, არამედ იმპორტირებული, ილდეგიზიდური მონეტებია. ეს ამავე პერიოდის – მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნის თურქული დინასტიაა. რაც შეეხება დანარჩენ მონეტებს, მათი გაწმენდა ჯერჯერობით არ დასრულებულა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, იქაც იქნება საინტერესო ნუმიზმატური მონაპოვარი.
– თქვენი აზრით, ვის ეკუთვნოდა ეს განძი?
– რთულია თქმა, ვინ იქნებოდა, მაგრამ ცხადია, რომ დაბალი რანგის ადამიანი არ იყო. თვითონ ნაქალაქარი დაყოფილია უბნებად. პირველი გახლავთ ვაჭარ-ხელოსანთა უბანი, ამ კატეგორიის ხალხს ცალკე საცხოვრებელი ტერიტორია ჰქონდათ, მეორე უბანი იყო დიდებულების და ფეოდალების უბანი, ცენტრალური ნაწილი, ხოლო მესამე გახლდათ სამეფო უბანი, მონეტები, განძი სწორედ სამეფო უბანზე აღმოჩნდა. თუმცა, ძნელია იმის თქმა, ეს პიროვნება, მეფე იყო, უფლისწული თუ სამეფო ოჯახის წევრი.
– მოგეხსენებათ, თამარ მეფის საფლავი რამდენად აქტუალური თემაა ქართველებისთვის და შეიძლება თუ არა იმის ვარაუდი, რომ თამარ მეფის საფლავიც სამშვილდეში აღმოჩნდეს?
– ძნელად წარმომიდგენია, რომ თამარ მეფის საფლავი სამშვილდეში იყოს, თუმცა არქეოლოგიაში გამორიცხული არაფერია. ამ ეტაპზე არანაირი მინიშნება არ არსებობს, რომ იქ თამარ მეფის საფლავი იყოს.
– სამაროვანი აღმოჩენები თუ იყო?
– როგორც მოგახსენეთ, ორ უბანზე ვმუშაობთ, ეს გახლავთ სამშვილდის ციტადელი, სადაც განძი აღმოვაჩინეთ, მეორეზე კი, უკვე დადასტურებული სიონის უბანზე, სამაროვანი, შუა საუკუნეებში დაკრძალული ადამიანების სასაფლაო აღმოჩნდა. ამ სამაროვნებში იკვეთება ძალისმიერი მოკვდინების კვალი. ძალიან ხშირ შემთხვევაში, დანაწევრებული, გახლეჩილი, ბლაგვი ან ბასრი იარაღით დახოცილი ადამიანები არიან დასაფლავებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საფლავები ერთ-ერთი შემოსევის შედეგად დახოცილ სამშვილდელ მოქალაქეებს უნდა ეკუთვნოდეთ. ჩვენი აზრით, ეს 1440 წლის შემოსევის დროს უნდა ყოფილიყო, როდესაც სამშვილდე თავრიზის მეფემ, ჯაჰან შაჰმა აიღო. მან ორთვიანი ალყის შემდეგ გააღებინა კარი სამშვილდელ მეციხოვნეებს და საშინელი ხოცვა-ჟლეტა გააჩაღა. კერძოდ, ერთ-ერთი სომხური წყარო გვამცნობს, რომ მას შემდეგ, რაც ჯაჰან შაჰმა სამშვილდე აიღო, 1600-ზე მეტი ადამიანი სიკვდილით დასაჯა – კერძოდ, თავები მოკვეთა. ნიშანდობლივია, რომ ჩვენ მიერ შესწავლილ სამარხებში, რომელთა რაოდენობა უკვე 18-ს აღწევს, დაახლოებით ათი თავების გარეშეა, ჩონჩხი ადგილზეა, მაგრამ არ არის თავის ქალები. ვფიქრობთ, რომ ეს სამარხები თავმოჭრილი ადამიანებისაა. იმ შემთხვევაში, თუ თავის ქალები დაიმტვრა, ფრაგმენტები მაინც უნდა იყოს იქ დადასტურებული. მაგრამ, არც კბილებია, არც ქვედა ყბა, არც სხვა ნაწილები. ქრონოლოგიურადაც ემთხვევა იმ სასტიკ ეგზეკუციას, რაც ჯაჰან შაჰმა ჩააატრა მეთხუთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში, თუმცა ეს კვლევას საჭიროებს და ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი.
–  ანთროპოლოგიური კვლევები ჩატარებულია?
– ანთროპოლოგიური კვლევა უკვე დავიწყეთ, ვცდილობთ, გავარკვიოთ სქესი, ასაკი ადამიანებისა, რომლებიც აქ არიან დასაფლავებული. დავადგინოთ მათი სოციალური მდგომარეობა, კვების რაციონი და კიდევ ბევრი საინტერესო რამ.
– კვების რაციონში რა გამოიკვეთა, რით იკვებებოდნენ, რა ეცვათ?
– ჩვენ შარშანაც ჩავატარეთ ეს კვლევები, მათ რაციონში შედიოდა ფხალეულობა და ტყის კენკროვანი მცენარეებისთვის დამახასიათებელი ნაყოფი და თევზეული. ისევე, როგორც ამ სამარხებიდან და მიწიდან აღებულ სინჯებში, ასევე  სათავსოებში, დიდი რაოდენობით ჩანს ყურძნის ნაშთები, რაც მეღვინეობასთან არის დაკავშირებული. ღვინო სამშვილდელი მოქალაქეებისთვის უპირველესი პროდუქტი გახლდათ. ტანსაცმელზეც შემიძლია გითხრათ: ერთ-ერთ სამარხში დადასტურდა ბოჭკოს ნაშთები და საინტერესო არის ის, რომ ეს ბოჭკო შეფერილი იყო ცისფრად. ეს სამარხში მყოფი ადამიანი შემოსილი იყო ცისფრად, ეს ფერი დაკავშირებული არის სამეფო ოჯახთან, სამეფო ოჯახის წევრებთან და შესაძლებელია, რომ ცისფრად შემოსილი ადამიანი, მაღალი რანგის სასულიერო პირი იყოს. ამ ეტაპზე ვსწავლობთ ძვლოვან სტრუქტურას, გვაინტერესებს, რა სახის დაავადებები იყო. რაღაც გამოიკვეთა, მაგრამ ვინაიდან ეს აქტიური კვლევის ფაზაშია, წინასწარ თქმისგან თავს შევიკავებ.
– გარდა სამშვილდისა, სხვა კვლევებს თუ ატარებს თქვენი ექსპედიცია?
– ჩვენი უნივერსიტეტის ექსპედიცია კონკრეტულად სამშვილდეზე გახლავთ ორიენტირებული, თუმცა სამშვილდის გარშემო ძალიან დიდი რაოდენობითაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ჩვენი ჯგუფი სისტემატურად აღრიცხავს ამ ძეგლებს, ატარებს ინვენტარიზაციასა და აკეთებს ანგარიშს ცნობილი ძეგლებისა და ჩვენი აღმოჩენილი ძეგლების მდგომარეობის შესახებ. შარშან განვახორციელეთ დაზვერვითი სამუშაოები სამშვილდის ახლოს, მდინარე ხრამის ხეობაში და აღმოვაჩინეთ უზარმაზარი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც აერთიანებს ორ ეკლესიას, რამდენიმე საერო ნაგებობას. გარდა თვითონ სამშვილდის ნაქალაქარისა, სხვა ძეგლებზეც ვმუშაობთ.
скачать dle 11.3