კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№34 როგორ გახდა კავკასიის ამირა მარვანი არაბთა უზარმაზარი იმპერიის ხალიფა

ნინო კანდელაკი ლაშა გაბელია

მეშვიდე საუკუნის დასაწყისისთვის ბიზანტიის იმპერიამ და სასანიდურმა ირანმა გაუთავებელი ომებით უკიდურესად დაასუსტეს ერთმანეთი და ვერანაირი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს ახალ ძალას – ისლამურ არაბეთს. ბედუინთა არმიები მექადან და მედინადან ყველა მიმართულებით დაიძრნენ. 634 წელს არაბებმა აიღეს ბაღდადი, 636 წელს – დამასკო, 637 წელს – იერუსალიმი, 642 წელს დაიპყრეს ეგვიპტე... 651 წლისთვის სასანიდური სპარსეთი უკვე აღარ არსებობდა, ხოლო ბიზანტია გაძევებულ იქნა სირია-პალესტინა-ეგვიპტიდან.
ცხადია, არაბების გეგმებში კავკასიაც შედიოდა და აი, 642 წელს არაბთა პირველმა რაზმებმა გადმოლახეს არაქსი. მათ აიღეს დვინი და დაარბიეს სომხეთის დიდი ნაწილი. წყაროები გვამცნობენ, რომ არაბი მეომრები იყვნენ უპოვარნი და ცუდად შეიარაღებულნი, მაგრამ აღსავსენი სიმამაცით და რელიგიური ფანატიზმით. მალე იგივე არმია დაიძრა საქართველოსკენ. სამ ნაკადად მოდიოდნენ: ხუნანიდან, ლორედან და შირაკიდან (მანგლისის გავლით).
საქართველო მაშინ ბიზანტია-ირანის ომის შედეგად დამდგარ „სტატუს-კვოში“ იმყოფებოდა. დასავლეთ საქართველო ბიზანტიის იმპერიის ნაწილი იყო და მას კონსტანტინეპოლში დამტკიცებული ერისთავები მართავდნენ. აღმოსავლეთ საქართველო  მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და მას ისევ ქართლის ერისმთავრები ედგნენ სათავეში. არაბთა შემოსევების დასაწყისისთვის ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ მეორე იყო.
სტეფანოზმაც სამად გაჰყო თავისი სპა და სამივე მიმართულებით დაუხვდა მტერს. ქართველებმა მაშინ შეძლეს მტრის შეკავება და ქართლმა დამოუკიდებლობა კიდევ ათი წელიწადი შეინარჩუნა.
654 წელს, ქართლს გამოჩენილი ამირა ჰაბიბ იბნ მასლამა მოადგა, ბევრად უფრო ორგანიზებული და დიდი არმიით. სტეფანოზ მეორემ ასეთ ძალასთან პირდაპირი შეტაკება უპერსპექტივო საქმედ ჩათვალა და მასლამას ელჩები გაუგზავნა საჩუქრებით და მშვიდობის შეთავაზებით. შეხვდნენ, შეთანხმდნენ და გაფორმდა ცნობილი „დაცვის სიგელი“, რომლის მიხედვითაც სტეფანოზი აღიარებდა არაბთა ხალიფას უზენაესობას, იხდიდა ხარკს, თუმცა ქვეყანა შინაგან საკითხებში დამოუკიდებელი რჩებოდა და არც ისლამის რჯულზე გადასვლას აიძულებდა ვინმე.
შემდეგი სამოცდაათი წელი ქართლში „ბატონობა-ვერ ბატონობისა“ და მუდმივი აჯანყებების და ხაზართა შემოსევების ხანა იყო, მანამ, სანამ კავკასიის დასამშვიდებლად ომეიადთა დინასტიის ხალიფა ჰიშამმა თავისი ძმისშვილი, მარვან იბნ მუჰამედი არ გამოგზავნა. მარვანს დაევალა „ერთხელ და სამუდამოდ“ მოეგვარებინა „კავკასიის პრობლემაც“ და „ხაზარების საკითხიც“. მას ქართველთაგან ზედწოდება „ყრუ“ ელოდა...
მარვან იბნ მუჰამედი დაიბადა 688 წელს დამასკოში. ახალგაზრდობიდანვე გამოჩნდა მისი ორგანიზატორული და სამხედრო ნიჭი, მონაწილეობა მიიღო ბევრ ომსა და ბრძოლაში. 734 წელს მარვანი ხდება კავკასიის ამირა. კავკასიის საამირო მოიცავდა დღევანდელ აზერბაიჯანს, ირანის აზერბაიჯანს, სომხეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის ნაწილს. თუკი აზერბაიჯანი უშუალოდ ემორჩილებოდა ამირას, საქართველოსა და სომხეთში ადგილობრივი მმართველები იყვნენ დატოვებულნი, ხარკის გაღებისა და მორჩილების პირობით, თუმცა ეს პირობა ცხადია ხშირად ირღვეოდა.
მარვანმა დანიშვნისთანავე საფუძვლიანი მზადება გააჩაღა დიდი ლაშქრობისთვის, არდებილსა და ბარდავში კრებდა ჯარებს და ფინანსებს. მომდევნო წლიდან მისი ოთხწლიანი სამხედრო კამპანია სომხეთით დაიწყო. მარვანმა აქ სასტიკად ააოხრა ურჩ სომეხ ნახარარათა მიწები (განსაკუთრებული სისასტიკისთვის სომეხთაგან მიიღო ტიტული „ამაოხრებელი“), ხოლო ერთგული ნახარარები დააჯილდოვა ან დამასკოში გააგზავნა ხალიფას წყალობის მისაღებად.
შემდეგ საქართველოს ჯერიც დადგა. მურვან ყრუმ, როგორც მას ქართველებმა უწოდეს, ჩვენი ქვეყნის დამორჩილებას სამი წელი მოანდომა (735-737 წლები). ცეცხლითა და მახვილით მოედნენ არაბები ჯერ ქართლ-კახეთს. ერისმთავრებმა, ძმებმა არჩილმა და მირმა ვერ შესძლეს წინ აღდგომოდნენ მტრის უზარმაზარ არმიას და დასავლეთ საქართველოში გაიხიზნენ. მურვან ყრუმ მოარბია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა კუთხე, მთიულეთშიც ავიდა და დარიალის კარი იგდო ხელთ (ეს მისი ერთ-ერთი მთავარი სამხედრო ამოცანა იყო, ხაზარებთან მოსალოდნელი ომის წინ). ქართლიდან არაბები მესხეთში გადავიდნენ. ერთხანს ყრუმ ოძრხეში (თანამედროვე აბასთუმანი) დაიბანაკა და იქიდან ხელმძღვანელობდა მარბიელი რაზმების მოქმედებას.
მომდევნო წელს არაბები ზეკარის უღელტეხილით არგვეთში (იმერეთში) გადავიდნენ. აქ მათ მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა ერისთავებმა, ძმებმა დავით და კონსტანტინე მხეიძეებმა, მაგრამ ძალები მეტად უთანაბრო იყო, ძმები დამარცხდნენ და ტყვედ ჩავარდნენ. მურვან ყრუმ მათ გამაჰმადიანება მოსთხოვა, სასტიკი უარის მიღების შემდეგ კი მათი წამებით სიკვდილი ბრძანა. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დავით და კონსტანტინე მხეიძეები წმიდანებად შერაცხა.
მურვან ყრუმ გადაწვა ქუთაისი და აფხაზეთისკენ გაემართა, სადაც ერისმთავრები არჩილი და მირი აფარებდნენ თავს, მათი მოკავშიორე იყო აფხაზთა მთავარი ლეონიც. გზად არაბებმა აიღეს და საფუძვლიანად დაანგირეს ეგრისის მთავარი ქალაქი ციხე-გოჯი (ნოქალაქევი), რომელმაც სწორედ ამ ტრაგიკული ამბის მერე დაკარგა თავისი მნიშვნელობა და როგორც ქალაქმა შეწყვიტა არსებობა.
შემდეგ მურვანმა გადალახა „ზღუდე კლისურისა“ (მაშინდელი საზღვარი ეგრისსა და აფხაზეთს შორის), დაიპყრო ცხუმი (ახლანდელი სოხუმი) და მიადგა ანაკოფიას (ახლანდელი ახალი ათონი). აქ მას ქართველებმა და აფხაზებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. ამას დაერთო სტიქიური მოვლენები (წყალდიდობა და სხვა), რომელთაც დიდად დააზარალეს არაბთა ლაშქარი. მტერმა უკან დაიხია.
და მაინც, მარვან იბნ მუჰამედს შეეძლო ამიერკავკასიაში ლაშქრობა წარმატებულად ჩაეთვალა, მან აფხაზეთის გარდა მხარის ყველა კუთხე დაიმორჩილა და ქართველებსა და სომხებს დიდი ხნით დააკარგინა აჯანყების სურვილიც და შესაძლებლობაც. ქვეყანა ნანგრევებში იყო, ჯუანშერის სიტყვებით „იქმნა მას ჟამსა გარყუნილ ქუეყანა ქართლისა, სომხითისა და რანისა და არღარა იპოვებოდა ნაშენები, არცა საჭამადი კაცთა და პირუტყუთა ყოვლადვე“. მურვან ყრუმ თბილისში არაბი ამირა დასვა და ასე დაუდო საფუძველი ოთხასწლოვან თბილისის საამიროს. არაბთა უღელი განმტკიცდა და დამძიმდა.
მას შემდეგ, რაც ამიერკავკასიის საქმეები მოგვარებულად ჩათვალა, მურვანმა ხაზართა სახაკანოს წინააღმდეგ გაილაშქრა. მან ჯარები ორ ნაწილად გაყო და ორი გზით დარიალის ხეობითა და დარუბანდის კარით ჩრდილო კავკასიაში გადავიდა. მძიმე ბრძოლები არაბთა გამარჯვებით დამთავრდა, ხაზარები დამარცხდნენ და სახალიფოს წინააღმდეგ მოქმედებაზე ხელი აიღეს.
კავკასიის წარმატებული კამპანიის შემდეგ, მალევე, 744 წელს მურვან ყრუ არაბთა უზარმაზარი (ესპანეთიდან ინდოეთამდე და ვოლგის ნაპირებიდან ეგვიპტემდე გადაჭიმული) იმპერიის ხალიფა შეიქმნა მარვან მეორის სახელით. იგი ექვსი წელი იჯდა ტახტზე, თუმცა როგორც ხალიფამ, ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია. იგი დაამარცხეს აჯანყებულებმა, შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. ამბობენ, ენა ამოაჭრეს და კატას მიუგდესო საჭმელად. არაბთა სახალიფოში ახალი, აბასიდების დინასტია დამკვიდრდა. ეს მოხდა 750 წელს.
скачать dle 11.3