კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 იძებნება სიკვდილით მოთამაშე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #24-33(920)


საიმონისთვის მოულოდნელი იყო ქართველი მინისტრის ასეთი საქციელი, ამის გამო დაიბნა და პაუზა გააკეთა. შემდეგ ნებისყოფა მოიკრიბა და გაიფიქრა: „ეგღა მაკლია, მათხოვრების ჭკუაზე დავდიოდეო. ამიტომ ფილტვებში ჰაერი დაიგროვა და „მაგარკაცობის“ დასამტკიცებლად, რაც შეეძლო, ბოხი ხმით, რიხიანად „გამოსძახა“ გურამს:
– ამ ოპერაციას ჩვენ ვატარებთ და ხელის შეშლა არ გაბედოთ. გიკრძალავთ ამის გაკეთებას და ნერვები მოთოკეთ!
– შენ კი ჭკუას მოუხმე და შენს ხელქვეითებს აუკრძალე. ჩემს ქვეყანაში კი ჩვენი ნებართვის გარეშე ვარანაირ ოპერაციას ვერ ჩაატარებ! კავშირის დასასრული, – მიუგო გურამმა საიმონს. სატელიტური ტელეფონი გათიშა და მაგიდასთან მსხდომებს მოავლო მზერა, შემდეგ ამოისუნთქა და თქვა:
– ყველამ კარგად მოისმინეთ ყველაფერი და როგორც ჩემს ქვეყანაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, საკუთარ თავზე ვიღებ ოპერაციის შემდგომ მსვლელობას და ჩემთან შეუთანხმებლად ვერავინ ვერაფერს მოიმოქმედებს. ჩვენი ამერიკელი პარტნიორების გამო შეიძლება უმძიმეს მდგომარეობაში ჩავვარდეთ და სწორედ მოვლენების ასეთი განვითარებისთვის უნდა მოვემზადოთ. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ჩემთვის ამის თქმა, ამერიკულმა მხარემ ზურგი გვაქცია და ჩვენი ძალებით, მათ გარეშე უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ვფიქრობ, როდესაც ეს წყეული სიმონ ბასილელი დარეკავს, შექმნილი სიტუაცია ავუხსნათ, რათა „ეშმაკის ამონასუნთქი“ არამც თუ საქართველოში, ამიერკავკასიაშიც არ ააფეთქოს.
– ბატონო მინისტრო, – გურამს სპირსმა გააწყვეტინა სიტყვა, – ტერორისტთან ასეთი საუბარი იგივეა, რომ მას უთხრა, – შეერთებულ შტატებს დაარტყიო, ანუ – წააქეზო.
– მე  არავის ვაქეზებ, ბატონო სპირს, უბრალოდ, ვცდილობ, ჩემს ქვეყანას სასიკვდილო საფრთხე თავიდან ავარიდო. თუმცა, ბასილელი ჩემი განმარტების გარეშეც მშვენივრად მიხვდება ყველაფერს, – მიუგო გურამმა სპირსს და შეწყვეტილი სიტყვის გაგრძელება დააპირა, მაგრამ სპირსმა მას ისევ გააწყვეტინა:
– ბატონო მინისტრო, მე დიდ პატივს ვცემ თქვენს სამშობლოს, მაგრამ ვფიქრობ, არასწორია თქვენი ქვეყნის უსაფრთხოების შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის ხიფათის შექმნის გზით.
– ხომ არ გეშლებათ, ბატონო სპირს და ყველაფერი პირიქით ხომ არ არის? – ირონიით თქვა გურამმა.
– ვერ გავიგე? – თქვა სპირსმა.
– რა ვერ გაიგეთ. ეს თქვენი საშიში ლაბორატორიაა ჩვენს ტერიტორიაზე და სწორედ თქვენ მიერ დაცული ტერიტორიიდან გაქრა სასიკვდილო ბაქტერია. ჩვენ რას გვემართლებით? – მიუგო გურამმა სპირსს.
– გამტაცებელი ხომ ქართველია? – თქვა სპირსმა, რადგან მეტი ვერაფერი მოიფიქრა.
გურამს ირონიულად გაეცინა და ამერიკელს უთხრა:
– ბატონო სპირს, ეს არც თუ ისე ჭკვიანური სიტყვებია. ტერორისტს ეროვნება არ აქვს. თანაც, ბასილელი თქვენ შეამოწმეთ და დაუშვით საიდუმლო სამუშაოზე. ასე რომ, ჩვენთან საპრეტენზიო არაფერი გაქვთ. თქვენი ქვეყნის პოზიცია უკვე ვიცით და ხელს ნუ გვიშლით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში.
სპირსს შეპასუხება უნდოდა, მაგრამ გურამის ჯიქურ მზერას „შეასკდა“ და ხმა არ ამოუღია. მინისტრმა კი თქვა:
– ჩემი აზრი ასეთია, ძვირფასო მეგობრებო და ვიმეორებ, – ბასილელს უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენი ბრალი არაა პირობის დარღვევა და ფულის გადახდის სიტყვაც ჩვენ არ გაგვიტეხია. უნდა ვუთხრათ, რომ გვაცადოს, რათა თანხები მოვიძიოთ და მართლა ვეცადოთ ამ ფულის შოვნა. ჩემი აზრით, სხვა გზა არ გვაქვს.
– შეიძლება, ვთქვა? – ხელი ასწია ლინდა ჯექსონმა და მინისტრს შეხედა.
– ბრძანეთ, ლინდა, – უთხრა გურამმა ულამაზეს ამერიკელ ქალს, რომლის გულის დაპყრობაც, ქმართან განშორების შემდეგ, მხოლოდ გურამმა მოახერხა და ისინი უკვე ერთი წლის განმავლობაში ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეს ამბავი მათ გარდა არავინ იცოდა.
– ბატონო მინისტრო, უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, რომ ბიუროს დირექტორისთვის მიგვეწვდინა ხმა და მისთვის მისტერ საიმონის თვითნებობა მოგვეხსენებინა?
– ბოდიშს გიხდი, ლინდა. შეურაცხყოფა არ მინდა მივაყენო თქვენს ქვეყანას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისტერ საიმონი ამ ნაბიჯის გადადგმას „ბიუროს“ დირექტორის ნებართვის გარეშე ვერ გაბედავდა, – უთხრა გურამმა ჯექსონს.
ლინდა უხმოდ დაჯდა. სპირსს და ჰარისს მზერა შეავლო და სირცხვილისგან თავი ჩაღუნა. ვასო მელიამ კი, რომელსაც ტყუილად არ უწოდებდნენ კოლეგები „მელიას“, თავში ერთი კომბინაცია დაუტრიალდა. წამოდგა და თქვა:
– ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა ვუპატაკოთ ჩვენს პრეზიდენტს შექმნილი სიტუაციის შესახებ და ჩემი აზრით, ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ბასილელისთვის გადასახდელ თანხებს გამონახავს.
ვასო მელიას კომბინაცია მარტივი და პოლიტიკურად ძალიან მომგებიანი იყო რუსეთისთვის. მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტს ინფორმაციას მიაწვდიდნენ, რომ ამერიკელები ფულის გადახდაზე უარს ამბობდნენ, რუსეთის პირველი პირი თავის ამერიკელ კოლეგას დაურეკავდა და დელიკატურად ეტყოდა, რომ მსოფლიოს უსაფრთხოების მიზნით, ოთხმოცდაათ მილიონ დოლარს რუსეთი გადაიხდიდა. ამის გაგონებაზე, ამერიკის პირველი პირი გაცეცხლებული შეახურებდა „ბიუროს“ ხელმძღვანელებს და ფულის გადახდას აიძულებდა. რუსეთის პრეზიდენტს კი, ბოდიშს მოუხდიდა გაუგებრობისთვის და ეს სიტუაცია ამგვარად მოგვარდებოდა. რუსეთს ერთი ცენტის გადახდაც არ მოუწევდა და პოლიტიკურადაც მოგებული დარჩებოდა.
გურამი მიუხვდა ტრიუკს თავის თანამემამულეს და მელიას უთხრა:
– კარგი აზრია, პოლკოვნიკო, მაგრამ სწრაფი მოქმედებაა საჭირო და იქნებ იჩქაროთ?
– დიახ. ახლავე დავუკავშირდები უფროსობას  და ყველაფერს მოვახსენებ, – თქვა მელიამ და დააყოლა, – თქვენის ნებართვით, ხელი რომ არ შეგიშალოთ, გარეთ გავალ და დავრეკავ.
პოლკოვნიკი კარისკენ გაემართა, მაგრამ შეყოვნდა, რადგან ჰარისს ვიღაცამ დაურეკა და ესაუბრებოდა. ლაპარაკი რომ დაასრულა, ჰარისმა ტელეფონი გათიშა და გურამს უთხრა:
– ბატონო მინისტრო, მისტერ საიმონმა დამირეკა და მითხრა, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ძველი პირობა ძალაში რჩება და შეგვიძლია, ტერორისტებს ფული გადავუხადოთო.
– კეთილი. რადგან მასეა, საჭირო არაა თანხის მოძიებაზე ზრუნვა, – თქვა გურამმა.
ვასო მელიას არ მოეწონა ეს სიახლე, რადგან თავისი ქვეყნის პრეზიდენტთან თავის გამოჩენის საშუალება გაუქრა. მან ირონიულად ჩაიცინა და თქვა:
– კარგი სიახლეა, მაგრამ ბლეფი არ აღმოჩნდეს.
– ღმერთმა დაგვიფაროს, – მიუგო გურამმა. ჰარისმა კი დააყოლა:
– არა, ბატონებო. თავს ვდებ, რომ ყველაფერი რიგზეა.
– მაშინ, კოლეგებო, ისღა დაგვრჩენია, რომ ბასილელის ზარს დაველოდოთ და მას მერე, რაც ის ფულის გადაცემის ხერხსა და ადგილს დაგვისახელებს, ოთხმოცდაათი მილიონი დოლარი გადავცეთ, – თქვა გურამმა და პაუზის შემდეგ დაამატა, – ამით საფრთხეს ვერ გავანეიტრალებთ, მაგრამ შევაჩერებთ, დროს მოვიგებთ და ტერორისტების მოხელთებას შევეცდებით.
დაახლოებით თხუთმეტ წუთში გურამის მობილურმა დარეკა. მინისტრმა ხმამაღალზე ჩართო ტელეფონი და უპასუხა:
– გისმენთ.
– უფრო იმათ გასაგონად ვლაპარაკობ, ვინც ფულს იხდის, ანუ – ამერიკელების, – გაისმა ბასილელის ხმა, – ოთხმოცდაათი მილიონი დოლარი უნდა იყოს, ასდოლარიანი კუპიურებით. ჩაალაგეთ სამ ტყავის ჩემოდანში – თითოეულში ოცდაათ-ოცდაათი მილიონი უნდა იყოს. გაფრთხილებთ, რომ ჩემოდნებსა და კუპიურებს არანაირი სასიგნალო მოწყობილობა არ დაუყენოთ. მათ აუცილებლად აღმოვაჩენ და შეთანხმება დაირღვევა. შეთანხმების დარღვევას კი გლობალური კატასტროფა მოჰყვება. გასაგებია?
– გასაგებია, მაგრამ ფული სად გავამზადოთ. დედამიწის რომელ წერტილში? – ჰკითხა გურამმა ბასილელს.
– ფული თბილისში გაამზადეთ და თან გქონდეთ, მანდვე „მოდულში“. ნახევარ საათში დაგირეკავთ და დანარჩენს შემდეგ გეტყვით, – უთხრა გურამს ბასილელმა და ტელეფონი გათიშა.
როგორც კი სატელეფონო საუბარი დასრულდა, უკვე კაბინეტში მდებარე სატელიტურ ტელეფონზე საიმონმა დარეკა და ჰარისს მიმართა, რაც ყველამ გაიგო:
– ჰარის, ოც წუთში უკვე გამზადებულ ფულს მოიტანს კურიერი ჩვენი საელჩოდან და შეხვდით.
– გასაგებია, სერ, – თქვა ჰარისმა, მაგრამ საუბარში გურამი ჩაერთო და „ბიუროს“ დირექტორის მოადგილეს უთხრა:
– იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ტერორისტი ითხოვს და გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდება.
– დიახ, დიახ, ბატონო მინისტრო. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ტერორისტი ითხოვს, – თქვა საიმონმა და დააყოლა, – ბოდიშს გიხდით იმ გაუგებრობისთვის, რაც ამ ცოტა ხნის წინ ჩვენ შორის მოხდა. იცით, ნერვები უკიდურესად გვაქვს დაძაბული და ყოველთვის ვერ ვახერხებთ წონასწორობის შენარჩუნებას.
– გასაგებია. მიღებულია თქვენი ბოდიში და ინციდენტი ამოწურულია, – მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა გურამმა საიმონს.
– აბა, თქვენ იცით, მეგობრებო, ყურადღებით და ფრთხილად იყავით. მთელი ბიურო ფეხზე დგას და ინტენსიურად ვმუშაობთ ტერორისტების გამოსააშკარავებლად და მათ უმტკივნეულოდ დასაკავებლად. მაგრამ ვადასტურებ, რომ თქვენთან შეუთანხმებლად არაფერს მოვიმოქმედებთ, – თქვა საიმონმა და სატელიტური კავშირი გათიშა.
ხუთიოდე წუთის შემდეგ შეერთებული შტატების საელჩოდან ოთხმოცდაათი მილიონი დოლარი მოიტანეს, რომელიც მოთხოვნისამებრ, სამ ტყავის ჩემოდანში თანაბრად იყო გადანაწილებული. კიდევ ხუთი წუთი რომ გავიდა, სიმონ ბასილელმა გურამს დაურეკა და უთხრა:
– მზადაა ფული?
– დიახ.
– ზუსტად ისეა ყველაფერი, როგორც მოვითხოვე?
– იმედია, – მიუგო მინისტრმა.
– მაშინ ასე ქენით, – ფულით სავსე ჩემოდნები „მოდულის“ შენობის გარეთ გამოიტანეთ და შავი ფერის „მერსედესის“ საბარგულში ჩაალაგეთ. ავტომობილი ქუჩის მეორე მხარეს დგას და როგორც კი მიუახლოვდებით, საბარგული აეხდება. ფულს რომ დააბინავებთ და საბარგულს დახურავთ, ბატონო მინისტრო, თქვენ მძღოლის გვერდით მოთავსდით და რასაც გეტყვით, ის შეასრულეთ. მძღოლმა ბევრი არაფერი იცის და გაფრთხილებთ, რომ ჩემს მოხელთებას მისი მეშვეობით ნუ შეეცდებით. მანქანა დანაღმულია და მისი დაუფლების მცდელობისას აფეთქდება. ნურც უკან გამოდევნებას შეეცდებით, რადგან ეს ძალიან დიდ ტრაგედიას გამოიწვევს. გარწმუნებთ, თუკი დამემორჩილებით, ყველაფერი კარგად იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს დაღუპავთ. გასაგებია?
– დიახ, გასაგებია, – მიუგო გურამმა ბასილელს, რომელსაც გაეცინა და თქვა:
– ხოლო უფრო გასაგები რომ იყოს, ერთ სიურპრიზს შემოგთავაზებთ.
– რა სიურპრიზს? – იკითხა გურამმა.
– თქვენ გასაგონად ვამბობ, მისტერ საიმონ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ონლაინში გვისმენთ. იმის გარანტიად, რომ ჩემს მოთხოვნებს შეასრულებთ, ჩემმა ასისტენტებმა მალიბუს პანსიონიდან თქვენი ცხრამეტი წლის ვაჟი, ბრიუსი წაიყვანეს და იმედია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ არ დააყენებთ. აი, მოუსმინეთ მას, – უცებ ჩანაწერი ჩაირთო და ახალგაზრდა კაცის ხმა გაისმა: „მამა, ბრიუსი ვარ. რასაც ეს ხალხი გეტყვის, შეასრულე, თორემ მომკლავენ. ჯერჯერობით კარგად მექცევიან და ნუ გამწირავ“. ხომ დარწმუნდით, ბატონო საიმონ, რომ ბრიუსი ჩვენს ხელთაა? ამიტომ, ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც გითხარით.
– ყველაფერი ისეა, როგორც მოითხოვეთ. არანაირ გაუთვალისწინებელ ინციდენტს არ ექნება ადგილი. გთხოვთ, რომ ჩემს შვილს არაფერი დაუშავოთ და „ეშმაკის ამონასუნთქი“ დააბრუნოთ, – მძიმედ უპასუხა საიმონმა ბასილელს.
– ბაქტერიის დაბრუნებაზე რა მოგახსენოთ, ეს არ  მოხერხდება. აფეთქებით კი ჯერჯერობით არ ავაფეთქებთ. ბრიუსს კი მაშინვე დაგიბრუნებთ, როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მოტყუებას არ ცდილობთ, – მიუგო ბასილელმა საიმონს და გურამს უთხრა:
– დაიძარით, ბატონო მინისტრო. დანარჩენ ინსტრუქციებს „მერსედესის“ მძღოლი გეტყვით. საუბარში კვლავ საიმონი ჩაერთო, რომელიც ახლა უკვე მინისტრს შეევედრა:
– გთხოვთ, ბატონო მინისტრო, ყველაფერი ისე შეასრულეთ, როგორც მისტერ ბასილელი მოითხოვს. ამერიკელებს კი, ვინც ახლა მანდ იმყოფება და მისმენს, ვუბრძანებ: არანაირ აქტიურ მოქმედებას არ ჰქონდეს ადგილი თქვენი მხრიდან. გასაგებია?
ჯექსონს, სოდასა და ჰარისს, იმის გამო, რომ მათი უფროსი თავშეუკავებლად იქცეოდა, უსიამოვნება სახეებზე აღებეჭდათ.. სპირსმა კარგად დააფიქსირა კოლეგების ეს განწყობა და გადაწყვიტა, რომ ვაშინგტონში დაბრუნებისთანავე ყველაფერი დაწვრილებით „ჩაეკაკლა“ საიმონისთვის.
– გასაგებია, გასაგებია, ბატონო საიმონ. დამშვიდდით. საშუალება მოგვეცით, რომ ბატონი ბასილელის მოთხოვნა შევასრულოთ, – უთხრა საიმონს გურამმა და სანამ მობილურს გათიშავდა, ბასილელს უთხრა:
– გამოვდივარ!
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3