კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ნუ ჩაუჯდები ნავში... ქალს

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #26-33(920)



დილით ირმამ სამსახურში დარეკა და სამი დღე უხელფასო შვებულება ითხოვა. მერე გაახსენდა, რომ საღამოს მასთან ის ბომჟი უნდა მოსულიყო მამამისის ტანსაცმლის წასაღებად და დედის ბინაში წასვლა დააჩქარა, რომ ნივთები გადაერჩია. იაკო შეჰპირდა, სამსახურიდან შესვენების შემდეგ წამოვალ შენთანო, ბინის გასაღები დაუტოვა და გაიქცა.
ირმამ ყავა მოიდუღა, ნება-ნება დალია, მერე ორი ღერი სიგარეტიც დააყოლა და დედის ბინაში წასასვლელად მოემზადა. თან სულ მირიანთან საუბარზე ფიქრობდა – ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაც მთავარი კითხვა გამორჩა, მაგრამ, ვერ იხსენებდა, რა იყო ის მთავარი კითხვა. ბოლოს თავიდან ბოლომდე გაიხსენა ორივეს თითოეული სიტყვა და, როგორც იქნა, მიაგნო, სასწრაფოდ დაავლო ხელი ტელეფონს და მირიანის ნომერი მოძებნა.
– გისმენთ! – გაისმა გახარებული ხმა, – ხომ მშვიდობაა?
– ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, მაგრამ ერთი რამის დადგენა დამავიწყდა: ის ნათელმხილველობა რომ გაითამაშე, რას ნიშნავდა? მართლა გაქვს ბუნებრივი ნიჭი თუ სხვაგან მარხია ძაღლის თავი?
მირიანი იმდენად არ ელოდა ასეთ თავდასხმას, რომ ვერც კი მიხვდა, რას ეუბნებოდა აღშფოთებული ქალი და დაბნეულმა კითხვა შეუბრუნა:
– მე ვთამაშობდი ნათელმხილველობას? მსგავსი არასდროს არაფერი გამიკეთებია!
– აბა, ის მე ვიყავი, რომ ამბობდი, ძველი ნაცნობი შეგხვდა, ძველი გრძნობები აგიშალა და ახლაც იმაზე ფიქრობო?
– ააა... ეს ისე ვთქვი და, ეტყობა, მართლა დაემთხვა, – სულ მთლად დაიშალა მირიანი.
– მირიან, შენ, ეტყობა, ჩემი პირობა დაგავიწყდა – მხოლოდ სიმართლე! რას მაპამპულებ, არ მესმის! საიდან გაიგე ჩემი და იმ კაცის შესახებ?
– ვინ კაცის, ბოთლებიანი ბომჟის?
– ბომჟი შენ ხარ, შე მატყუარა და უსინდისო! შენ იცი, რომ ერთ დროს ეგეთი ბიჭი თბილისში  არ დადიოდა?
– ჰო, ვიცი, მერე? – ცოტა თავხედური ტონი შეერია მირიანის სიტყვებს, – მერე, რა მოიგო იმ მაგარი ბიჭობით და მამიკოს ფულებით?! ვერ ზის ახლა უფანჯრო სარდაფში და ვერ აგროვებს ბოთლებს?! – მირიანი აშკარად ვერ იტანდა კაცს, რომელიც რაღაც მიზეზის გამო ფსკერზე გააკრა ცხოვრებამ და რომელსაც ის საერთოდ არ იცნობდა.
– საიდან გაიგე-მეთქი? – ირმას უცებ გონება გაუნათდა: – შენ რა, მითვალთვალებდი?
– ჰო, – გამოტყდა მირიანი.
– როდიდან?
– იმ დღიდან, როცა ლევანმა დამირეკა და დავალება მომცა.
– იმ კაცის საცხოვრებელი და ადგილსამყოფელი საიდან გაიგე?
– იმასაც ვუთვალთვალებდი, ოღონდ, თქვენამდე.
– რა მიზნით?
– რაღაცა მაქვს დასადგენი.
– ასე რატომ გძულს, რა დაგიშავა? მხოლოდ ის, რომ შენზე ბედნიერი ბავშვობა და ახალგაზრდობა ჰქონდა და შენზე პოპულარული ბიჭი იყო?
– არა, ეგ არაფერ შუაშია.
– აბა, რას ერჩი, თავისი გაჭირვება არ ეყოფა?
– თქვენ რატომღა იცავთ, თქვენი ახლობელია?
– ეგ შენი საქმე არ არის. ახლა ის მითხარი, რა გაარკვიე ან ჩემი, ან მისი თვალთვალით?
– თითქმის ყველაფერი, რისი გარკვევაც მჭირდებოდა, უფრო ზუსტ პასუხს საღამოს გეტყვით, როცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვიქნები.
– კარგი, მოვიცდი საღამომდე, მაგრამ შეგახსენებ: ჩემთან ფრთხილად იყავი, ცეცხლს ნუ ეთამაშები!
– თქვენც ფრთხილად იყავით, ყველას ნუ ენდობით!
– გმადლობთ მზრუნველობისთვის, მაგრამ მე არცერთ მამაკაცს აღარ ვენდობი, მათ შორის არც შენ.
– ვიცი.
– რატომ არ მეუბნები, რატომ ამოიძულე ის კაცი?!
– სიმართლე გინდათ, გაიგოთ? მაშინ, გეტყვით: იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ გულგრილი მის მიმართ. სხვა მიზეზი მე არ გამაჩნია.
– შენ რა, ეჭვიანობ? – გადაირია ირმა.
– ჰო, ვეჭვიანობ და თანაც როგორ! იცოდეთ, არავის დავუთმობ თქვენს თავს, ვინც არ უნდა იყოს. თქვენი ქმარი კი, გარდა იმისა, რომ ნაძირალაა, იდიოტიც ბრძანდება, ასეთ ქალს რომ ვერ მოუარა.
„ეჰ, შენ რომ იცოდე ნამდვილი მიზეზი“... – გაიფიქრა ირმამ, მირიანს კი შედარებით შერბილებული ტონით უთხრა:
– კარგი, ეგ არ არის შენი განსახილველი. საკუთარ შეცდომაზეც და დანაშაულზეც ყველა თვითონ აგებს პასუხს.
– მე მაინც არ დამიმსახურებია თქვენი გაწყრომა, – მირიანი აშკარად ნაწყენი იყო.
– თუ წარმატებით დაასრულებ შენს საქმეს, მადლობის გადახდაც მეხერხება, – წაახალისა ირმამ შეყვარებული ადვოკატი და საღამომდე დაემშვიდობა.
***
ირმამ მამის ტანსაცმელი ორ არათანაბარ ნაწილად გაყო და ცალ-ცალკე ჩაალაგა მოზრდილი ნაჭრის ჩანთებში. მერე ტაქსი გამოიძახა, მძღოლს უფრო მოზრდილი ჩანთა გადასცა, ფული გადაუხადა და მამამისის მისამართზე მიტანა სთხოვა. მეორე ჩანთა კართან დადო და თვითონ დივანზე წამოწვა დასასვენებლად. იაკო რომ დაბრუნდა, ისადილეს და მთელი დღე დაგეგმეს, მერე კი ერთად წავიდნენ და ირმამ გაყრაზე შეიტანა განცხადება. ამის შემდეგ კმაყოფილები დაბრუნდნენ დედის ბინაში და დაღამებას დაელოდნენ.
მირიანი არ რეკავდა. ირმას ერთი სული ჰქონდა, გაეგო ახალი ინფორმაცია და ადგილს ვერ პოულობდა. ზოგადად, არ უყვარდა ორშაბათი დღე და ამიტომ ცოტა ნაკლები იმედი ჰქონდა წარმატების.
ათს რომ ათი წუთი აკლდა, დედამ დაურეკა მობილურზე. არ იცოდა, გოგოები მის ბინაში რომ იყვნენ და ირმას სთხოვა, შენ და შენმა დამ, ყვავილებს მიმიხედეთ და მტვერი მაინც გადაწმინდეთო. ირმა გამოუტყდა, შენთან ვართ ორივე და ამაღამ აქ ვრჩებითო, მაგრამ იქ მისვლის მიზეზი არ გაუმხელია.
– მამაჩვენის ხელში როგორ შემორჩა ამ ქალს ამდენი ენერგია და ხალისი, ვერ ვხვდები. ნამდვილი ენერჯეიზერია, – გაეცინა იაკოს.
– მამაჩვენზე ჩემთან ხმა აღარ ამოიღო, ეგ თემა სამუდამოდ დავხურე! – მკაცრად თქვა ირმამ და კიდევ რაღაცა მწარის თქმას აპირებდა, რომ კარზე ზარის ხმა გაისხმა.
– ის არის! – იყვირა აფორიაქებულმა და თმის სწორებით გაიქცა კარის გასაღებად.
– შეიძლება? მაპატიეთ, ასე გვიან რომ შეგაწუხეთ. ეს თქვენ, – და ბინაში შემოსულმა მამაკაცმა ირმას იების ლამაზი კონა მიაწოდა, – არ ვიცოდი, რომელი ყვავილი გიყვართ და კლასიკას მივმართე.
– დიდი მადლობა, ვგიჟდები იებზე. შემობრძანდით, ჩაი ან ყავა დავლიოთ.
კაცი ოდნავ კი შეყოვნდა, მაგრამ დაძლია მორიდება და მასპინძელს ოთახში შეჰყვა, მაგრამ იაკოს დანახვისას შეკრთა, რადგან არავის ელოდა. მან თმა ხელით გადაივარცხნა და სავარძელთან უხერხულად შეჩერდა.
– გაიცანით, ჩემი და – იაკო. ეს... – და ირმა გაჩუმდა, რადგან არ იცოდა, როგორ წარედგინა დისთვის სტუმარი, ბოლოს რაღაც შუალედური სიტყვები გამოძებნა: – ეს კი ჩემი სტუდენტობის დროინდელი ნაცნობია... – და დაელოდა, რომ კაცი თავის სახელს იტყოდა, მაგრამ მან მორიდებით ჩამოართვა ხელი იაკოს და ჩაილაპარაკა:
– სასიამოვნოა. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, გვიან მომიწია მოსვლა, – და ისევ კარისკენ დაიძრა.
– არა, არ წახვიდეთ! – თითქმის იყვირა ირმამ და მხოლოდ ახლა შენიშნა, რომ მის სტუმარს ძალზე სუფთად და გემოვნებით ეცვა. მხოლოდ ნაადრევად დანაოჭებული შუბლი და საკმაოდ გაუხეშებული ხელები მიუთითებდა იმაზე, რომ რთული ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი.
– თქვენ დაბრძანდით და ისაუბრეთ, მე ყავას და ნამცხვარს მოგართმევთ, – წამოდგა იაკო.
– ნუ შეწუხდებით, ყავას არ ვსვამ უკვე რამდენიმე წელია.
– ჩაის?
– ჩაი კიდევ შეიძლება, თქვენი ხათრით, – მორიდებით გაიღიმა კაცმა და სავარძელში ჩაჯდა.
 ირმა წინ დაუჯდა და თვალებში შეხედა. იუხერხულა, რომ ტანსაცმლის წასაღებად მოსულ მამაკაცს თავისი და დაახვედრა და შემთხვევით მისი გაჭირვების მოწმე გახადა.
– მაპატიეთ, შემთხვევით გამოვიდა ასე, მართლა არ მიფიქრია... – ირმამ აღარ იცოდა, როგორ მოეხადა ბოდიში.
– არა უშავს, ყველაფერი რიგზეა, – გაეღიმა კაცს, – მე არ მეთაკილება ჩემი მდგომარეობის. სხვათა შორის, ამ გაჭირვებამ საოცრად კარგად იმოქმედა ჩემზე – მართალია, იდეალური არა, მაგრამ ახლა გაცილებით უკეთესი ადამიანი ვარ, ვიდრე მანამდე ვიყავი.
– როდის მანამდე?
– გაკოტრებამდე. ზოგჯერ სიღატაკე თურმე მართლა კარგად მოქმედებს ადამიანებზე, – გაიმეორა სტუმარმა.
– გაკოტრებამდე რას წარმოადგენდით? – ლანგარზე დაწყობილი ჩაის ჭიქებითა და ნამცხვრით შემოვიდა იაკო და ისე უშუალოდ და ჩვეულებრივად იკითხა, რომ კაცს სულაც არ უგრძნია უხერხულობა და ასევე უშუალოდ უპასუხა:
– მანამდე საკმაოდ მდიდარი კაცი ვიყავი – მშობლებმაც ბევრი დამიტოვეს და მეც რაღაც ბიზნესი წამოვიწყე, რითაც უფრო გავიმყარე მდგომარეობა, მაგრამ...
– მაგრამ? – ვერ მოითმინა იაკომ, მერე მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და მოიბოდიშა, თუმცა ცნობისმოყვარეობას ვერ მოერია და ინტერესით დაელოდა პასუხს.
– თუ  შეიძლება, მე წავალ. მაპატიეთ, ძალიან მეჩქარება, – კაცი წამოდგა და თავმომწონე თბილისელი ბიჭის ნაბიჯით გაემართა კარისკენ. ირმამ აღარ შეაჩერა და გასაცილებლად გაჰყვა, მაგრამ უცებ მობილურმა დარეკა და ეკრანზე მირიანის ნომერი დაიწერა.

დასასრული შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3