კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 საბედისწერო წინასწარმეტყველება

ჯორჯ პრიტჩარდი ბრწყინვალე ადამიანი იყო, მაგრამ  ავადმყოფი ცოლი აწვა მძიმე ტვირთად. ის ისეთი ავადმყოფების რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც ყველას სისხლს უშრობენ. დილიდან საღამომდე წუწუნებდა, უნდოდა ჯორჯი მუდამ მის სრულ განკარგულებაში  ყოფილიყო. საწყალი  კაცის  ადგილზე ყველა ნაჯახს აიღებდა და იმ ქალს ტანჯვისგან ერთხელ და სამუდამოდ გაათავისუფლებდა. მისის პრიტჩარდი სხვადასხვა ჯურის ნათელმხილველებით, წინასწარმეტყველებითა და მკითხავებით იყო გატაცებული. ჯორჯი ამასაც მშვიდად იტანდა. მომვლელები მასთან დიდხანს არ ჩერდებოდნენ,  მისის პრიტჩარდი მათ ხელთათმანებივით იცვლიდა. ბოლოს ერთ-ერთი ძველი,  ერთხელ უკვე გაგდებული მომვლელი დააბრუნა.
მედდა კოპლინგი ახალგაზრდა ქალი იყო, ექთანი. აღელვება არასოდეს ეტყობოდა და მისის პრიტჩარდის ისტერიკებს იოლად უმკლავდებოდა. როდესაც მისტერ პრიტჩარდი საღამოს სადმე მიდიოდა, მას სამუშაო საათების შემდეგაც სთხოვდა ხოლმე  დარჩენას. იმ დღესაც გოლფის სათამაშოდ უნდოდა წასვლა, მაგრამ გაირკვა, რომ კოპლინგი ნათესავთან მიდიოდა და ვერაფრით დარჩებოდა, თუმცა მისტერ პრიტჩარდი დაამშვიდა:                  
– დღეს ჩვენ საჭირონი არ ვიქნებით. თქვენმა ცოლმა სახლში მედიუმი, ვინმე ზარიდა მოიწვია. მე თვითონ გავუგზავნე  მოსაპატიჟებელი წერილი.
ჯორჯი დამშვიდდა და გოლფის სათამაშოდ წავიდა. როდესაც  სახლში დაბრუნდა, ცოლი უკიდურესად აღელვებული დახვდა. დივანზე იწვა და ცხვირთან წამდაუწუმ მიჰქონდა საყნოსი მარილით სავსე ფლაკონი.
– ჯორჯ! – წამოიძახა მან, – ხომ გეუბნებოდი, რომ ეს სახლი არ მომწონს-მეთქი. როგორც კი ის ქალი შემოვიდა, გამოაცხადა: „აქ ბოროტებაა, ბოროტება და ხიფათი“. შეგიძლია გაიცინო, მაგრამ პირდაპირ მითხრა: ეს სახლი მოგკლავსო.  ასევე ამ იებზე მიმითითა და მითხრა, რომ სახლში არანაირი ლურჯი ყავავილი არ უნდა გავაჩერო. ლურჯი ფერი თქვენთვის სიკვდილიაო.
ამ ამბიდან ორ დღეში ცოლმა ჯორჯს წერილი აჩვენა, წერილში ეწერა: „მომავალი დავინახე. დამიჯერეთ, დრო მოვიდა... სავსე მთვარის გეშინოდეთ. ლურჯი ფურისულა გაფრთხილებაა, ლურჯი ვარდი – საფრთხე, ლურჯი ნემსიწვერა – სიკვდილი...“ ქალს ისტერიკა დაემართა. ჯორჯს გაღიმება მილიონი უღირდა, მაგრამ ცოლს რომ შეხედა, გადაიფიქრა და თქვა:
– მერი, ეგ ქალი, უბრალოდ, შენს შეშინებას ცდილობს. ხომ იცი, არც ლურჯი ფურისულა არსებობს და არც ლურჯი ნემსიწვერა.                                             
მისტერ პრიტჩარდის ყველა მცდელობა, ცოლი ამ ყველაფრის უაზრობაში დაერწმუნებინა, უშედეგო აღმოჩნდა. ის კი არა, მისის პრიტჩარდი ამტკიცებდა, ზარიდა ვიღაცას მაგონებსო. პირველი ინციდენტი ოთხი დღის შემდეგ მოხდა. მისის პრიტჩარდის ოთახი მთლიანად მოდური შპალერით იყო გაწყობილი – ყვავილები, ყვავილები და კიდევ ყვავილები. ამ ყვავილების ზღვაში იყო ვარდისფერი და ყვითელი ფურისულებიც. იმ დილით მისის პრიტჩარდმა ზარის რეკვა მანამდე არ შეწყვიტა, ვიდრე მასთან ოთახში მოახლე არ ავიდა. ქალი საწოლში წამომჯდარიყო და თითს ისტერიკულად ურტყამდა შპალერს. იქ კი, ფურისულებს შორის ერთი ახლა უკვე ლურჯი გამხდარიყო. ჯორჯი შეეცადა ცოლი დაერწმუნებინა, რომ ეს ყვავილი აქ ადრეც იყო, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. მისის პრიტჩარდს შიშისგან გონი ჰქონდა დაკარგული. ის იმდენად ცრუმოწმუნე იყო, რომ სავსებთ შესაძლებელია, შიშისგან მომკვდარიყო კიდეც.   
ოჯახის ახლობლები  ჭორაობდნენ, ჯორჯი მოთმინებით კი ექცევა ცოლს, მაგრამ  ისეთი ანგელოზიც არ არის, როგორადაც თავი მოაქვს. ბოლოს წინა მომვლელი, სიმპათიური გოგო ამიტომაც გაუგდო ცოლმაო. ანუ, მოვლენები სხვანაირად რომ არ განვითარებულიყო...
მისის პრიტჩარდი სულმოუთქმენლად ელოდა  სავსემთვარეობას. როდესაც დრო მოვიდა, ქმარი და მოახლე აიძულა, შპალერი ზედმიწევნით გამოეკვლიათ. დარწმუნდა, რომ იქ ვარდები ვარდისფერი ან, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, წითელი იყო. ორივენი ოთახიდან დაითხოვა და კარი ჩაკეტა.
დილით ერთი ვარდი ლურჯი დახვდათ. ამ ამბავმა ჯორჯიც კი შეძრა, თუმცა ყველას არწმუნებდა, რომ ეს ვიღაცის სულელური ხუმრობა იყო. თავად კი მშვენივრად იცოდა, რომ ცოლმა კარი საგულდაგულოდ ჩაკეტა და ცვლილებაც ყველაზე ადრე შეამჩნია, მანამდეც კი, ვიდრე მედდა კოპლინგი მოვიდოდა.                                                                                     
გავიდა კიდევ ერთი თვე. მისის პრიტჩარდი დაწყნარდა და დამშვიდდა. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ბედს შეეგუა. თუმცა, მთელი დღეები იჯდა და შპალერზე წითელ ნემსიწვერებს ათვალიერებდა. სახლში მდგომარეობა აბსოლუტურად გაუსაძლისი ხდებოდა. მისის პრიტჩარდის განწყობა მომვლელსაც გადაედო. სავსემთვარეობამდე ორი დღით ადრე, ის ჯორჯთან მივიდა და ცოლის სახლიდან წაყვანა სთხოვა. ჯორჯი გაცოფდა:                                           
– ყველა ყვავილიც რომ გალურჯდეს და ეშმაკის სახე მიიღოს, ამისგან არავინ მოკვდება!
იმ ღამეს მისის პრიტჩარდი ისევ საძინებელში ჩაიკეტა. იგი არაბუნებრივად მშვიდი იყო. ყოველთვის დილის რვა საათზე იღვიძებდა, მაგრამ იმ დილით ზარი არ დაირეკა. მომვლელი ავიდა და კარზე დაუკაკუნა. პასუხი რომ ვერ მიიღო, ჯორჯს დაუძახა.  მან კარი შეამტვრია. ლოგინზე გართხმული სხეულს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ემჩნეოდა. როგორც მერე ექიმმა განაცხადა, მისი გული რვა საათის წინ გაჩერდა. მისის პრიტჩარდის ხელთან საყნოსი მარილის ფლაკონი ეგდო,  ხოლო კედელზე ერთი წითელი ნემსიწვერა უკვე ლურჯი გამხდარიყო. ექიმმა შეამჩნია, რომ ოთახში გაზის მსუბუქი სუნი იდგა. გაზის ონკანი ოდნავ მოტრიალებული აღმოჩნდა, თუმცა სუნი ისეთი სუსტი იყო, ეს სიკვდილის მიზეზი ვერაფრით გახდებოდა.  ყველა ჩურჩულებდა, რომ ცოლი მისტერ პრიტჩარდმა მოკლა. პოლიცია თავს იკავებდა ბრალდების წაყენებისგან, მიუხედავდ იმისა, რომ ექთანიც მას ადანაშაულებდა.
ამ ამბავმა მის მარპლის ყურამდე მიაღწია, მას ამის შესახებ პრიტჩარდების მეზობლებმა უამბეს.  
– გამოცანის პასუხი ფურისულებში იმალება, – ბევრი ფიქრის შემდეგ გამოთქვა თავისი აზრი მის მარპლმა, – მისტერ ბანტრიმ თქვა, რომ ზოგი ნემსიწვერა ყვითელი იყო, ზოგი ვარდისფერი. თუ ვარდისფერი ფურისულა გალურჯდა, მაშინ ყველაფერი გასაგებია, თუ ყვითელი...
– ვარდისფერი, – დაემოწმა მისის ბანტრი და მის მარპლს გაკვირვებულმა შეხედა.                                                                                
– მაშინ გასაგებია, – ამოიოხრა მის მარპლმა, – ამ მედდებს რას გაუგებ...
– თქვენ მხედველობაში მედდა კარსტერსი გყავთ? – ჰკითხა სერ ჰენრიმ.
 – არა, სხვა – მედდა კოპლინგი. ხომ სწორედ ის მსახურობდა მათ სახლში ადრე. ჰოდა, მისტერ პრიტჩარდი ძალიანაც მოეწონა. წინასწარმეტყველი ზარიდა თავად იყო. სარისკო ნაბიჯი კი გადადგა, რადგან მის პრიტჩარდს შეეძლო ეცნო, მთელი ეს ლურჯი ყვავილები და გაფრთხილებები კომუფლაჟი იყო... თუ კალიუმციანიდს საყნოსი მარილის ფლაკონში ჩაასხამ და იქ დადგამ, სადაც დგას ხოლმე... გახსოვთ, თქვენ თქვით, რომ ფლაკონი ქალის ხელთან იპოვეს. ხოლო როდესაც მისტერ პრიტჩარდი ექიმის გამოსაძახებლად დაბლა ჩავიდა, მედდამ ბოთლი შეცვალა და გაზის ონკანი ცოტათი მოუშვა. გაზი ნუშის სუნს კარგად ახშობს. გამიგია, რომ კალიუმციანიდი ორგანიზმიდან ძალიან მალე გამოდის.
– რაც შეეხება ყავავილების გალურჯებას? – იკითხა მის ჰელერმა.
– მედდებს ყოველთვის თან აქვთ ლაკმუსის ქაღალდი. მჟავასგან ქაღალდი წითლდება, ხოლო ტუტისგან ისევ ლურჯდება. ასეთ გაწითლებულ ქაღალდს შპალერზე ყვავილზე გადააგლესავ და როდესაც საცოდავი ქალი თავის საყნოს მარილს გამოიყენებს, ნიშადურის სპირტის ორთქლი, ასეთ ყვავილს მაშინვე გაალურჯებს. გენიალური იდეაა!                                  მე არ მითქვამს თქვენთვის, რომ  მედდა კოპლინგი ცოტა ხნის წინ მოხუცი პაციენტის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. საცოდავმა მას ქონება დაუტოვა. დანაშაული კალიუმციანიდით ჩაიდინა, რომლითაც საყნოსი მარილი შეუცვალა. როგორც ხედავთ, მეთოდი იგივეა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3