კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რატომ მიიღო მარხვამ და ეკლესიაში სიარულმა მექანიკური სახე და როდის იმძიმებს ქრისტიანი სხვა ადამიანების გამო სულს

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

28 აგვისტოს მართლმადიდებლები მარიამობის დღესასწაულს აღნიშნავენ, რომელსაც წინ უძღვის ორკვირიანი მარხვა. ყველა ქრისტიანი ვალდებულია‚ დაიცვას ოთხი კალენდარული მარხვა, ასევე‚ ოთხშაბათ-პარასკევის მარხვები და ის დღეები, რომლებიც ეკლესიამ მარხვად დაადგინა. ამ საკითხის, ასევე ეკლესიაში სიარულისა და მოქცევის წესების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).

– მამაო, დღეს ბევრი ადამიანი ინახავს მარხვას, მაგრამ ამას უკვე მექანიკური ხასიათი აქვს.
– არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარხვა არ არის ხორციელი, მარხვა არის სულიერი – განშორება ყოველგვარი უკეთურებისგან და ისეთ სულიერ მდგომარეობაში ყოფნა, როგორიც უფალს უნდა. თუკი ადამიანი ქრისტიანად იწოდება, უკვე სხვა ადამიანია, სხვა პასუხისმგებლობის მქონე, რადგან ყველა მისი მოქმედება სხვათა წინაშე, რომლებიც ქრისტიანები არ არიან, წარმოჩინდება, როგორც ქრისტიანობა. როცა ადამიანი ეკლესიაში მოდის, სახარებას ისმენს, რაც სულიერ რენტგენზე ატარებს მის შინაგან მდგომარეობას და აღმოჩნდება, რომ ჩვენ უამრავი სნეულება გვაქვს, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური. თუ ქრისტიანი ხარ, მარხვაშიც, მარხვის მერეც და მარხვის წინაც შენი ცხოვრების წესი მართლმადიდებლური უნდა იყოს. დაუშვებელია, ვინმეს ადამიანურ ცხოვრებაზე ჰქონდეს პრეტენზია და ის ეკლესიურად არ ცხოვრობდეს. შენ გარშემო სიცოცხლე ჩქეფს, სიყვარული, სიკეთე, ეკლესია არსებობს, შენ კი ამბობ, რომ არცოდნა არცოდვაა. თუ არ შეგიძლია, ეკლესიური ცხოვრებით მცნებები დაიცვა, მაშინ, არც მარხვა გიშველის, არც მარხვის დაუცველობა.
– მამაო, ხშირად გამიგია და მინახავს კიდეც ადამიანების გარკვეული ნაწილი, რომელსაც ეკლესიაში სიარულში, უფალთან ურთიერთობაში არავინ და ვერავინ აბრკოლებს. მაგრამ  არსებობენ ისეთი ადამიანებიც, თან, მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, რომლებსაც ეკლესიაში არსებული მდგომარეობის გამო, თუნდაც სასულიერო პირებთან, სტიქაროსნებთან ურთიერთობის შემდეგ ტაძარში დაბრუნების სურვილი აღარ აქვთ ხოლმე, ბრკოლდებიან და შემდეგ უკვე სხვასაც აბრკოლებენ. ეს რა მდგომარეობაა?
– ბევრი ადამიანი დღემდე დადის ეკლესიაში, ამბობს აღსარებას და ემზადება ზიარებისთვის. მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც ამბობენ: თქვენ სად იყავით, როცა მე დავდიოდი ეკლესიაში. მაგრამ მერე ვნახე მოძღვარი, რომელიც მარხვას არღვევდა, ბილსწისტყვაობდა, ნასვამი იყო და იქ რაღა მინდაო. ასევე, არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ემზადებიან ეკლესიაში მისასვლელად, აცხადებენ: სად მივიდე, ვისთან მივიდე, ვეძებ მოძღვარს განათლებულს, სულიერს, თავმდაბალს, მაგრამ ასეთი მოძღვარი ვერ ვნახეო. არავინ თქვას, რომ თავისი კაცობით ან ქალობით მივიდა ეკლესიაში, არა, მათი მისვლა უფალმა ინება. თუმცა ადამიანი თავისი ნებით ტოვებს ეკლესიას. ერთი რამ ცალსახაა: სულის ცხონება შეუძლებელია ეკლესიის მიღმა. უნდა შევარჩიოთ ტაძარი, მოძღვარი, რომელიც შეიძლება არ იყოს ძალიან განათლებული, დიდი სულიერებით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ შეეძლოს წირვა-ლოცვის ჩატარება. ისეთი ტაძრები უნდა შევარჩიოთ, სადაც სწორად ტარდება ღვთისმსახურება და ეკლესიურად ცხოვრობენ. ისეთ მოძღვართან უნდა დავდიოდეთ, რომელიც წმიდა მამათა სწავლებაზე დაფუძნებული წესებით ცხოვრობს და ჩვენც არ გაგვიჩნდება ეკლესიიდან წასვლის სურვილი. ყველამ, სასულიერო პირებმა, წიგნის მკითხველებმა, სტიქაროსნებმა, მგალობლებმა, მესანთლეებმა საკუთარ თავს უნდა დაუსვან კითხვა: ჩვენ ხომ არ დაგვიბრკოლებია ვინმე, ჩვენ ხომ არ დავაბრკოლეთ ესა თუ ის ადამიანი. ხშირად ჩვენი არასწორი გამომეტყველებით, ზარმაცი ლოცვით, ბუნდოვანი ქადაგებით, სიზარმაცით ვეუბნებით, რომ არ გვცალია და ვაბრკოლებთ მათ.
– მიუხედავად ეკლესიაში დიდი ხნის სიარულისა, რატომ უჭირთ ადამიანებს სულიერი აზროვნება, საკუთარი მდგომარეობის დანახვა, განსჯა?
– როცა ადამიანის განსწავლა მოხდება მარადიული ცოდნით, რომელიც მუდმივია, ზექვეყნიურია, ის ნაკლებად იქნება საკუთარ გონებას მინდობილი და ნაკლებად სცოდავს. მაგრამ, როცა ადამიანი თავისი გონებით სცოდავს, არასწორი აზროვნებით აშავებს, მერე გვიან ახსენდება, რომ საჭირო იყო გონების გადამოწმება ჭეშმარიტ სწავლებაში. ყოველთვის გვჭირდება კარგად დაფიქრება – რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ. ყოველ წამს ყოველი მეორე ადამიანი განკითხვაშია და, შენ რომ განგიკითხონ, ხომ არ გაგიხარდება? თუ არ გაგიხარდება, მაშინ შენც ნუ განიკითხავ სხვას და თუ ამაზე დაიწყებ ფიქრს, ესე იგი, ადამიანს აღარ ატკენ გულს, არც საკუთარ თავს დაიზიანებ და არც სხვას. ყველა, ვინც მიაშურებს ეკლესიას, უნდა დაფიქრდეს, საკუთარი გადაწყვეტილებით მივიდა ეკლესიაში თუ ფეხის ხმას აჰყვა; მართლა დარწმუნებულია ღმერთის არსებობაში თუ, უბრალოდ, აინტერესებს, რა ხდება ეკლესიაში. ადამიანი, შეიძლება, წლების განმავლობაში დადიოდეს ეკლესიაში, მაგრამ, ბევრ რამეში ვერ ერკვეოდეს, არ იცოდეს და მისი შინაგანი მდგომარეობა შორს იყოს ჭეშმარტებისგან.
– მამაო, დღეს ადამიანები საერთოდ არ ზრუნავენ ერთმანეთზე, პირიქით, დაპირისპირებასა და განკითხვაში არიან.
– ქრისტიანებს წესად უნდა ჰქონდეთ, ერთმანეთის სულიერ მდგომარეობაზე იზრუნონ. ზრუნვა კი ერთმანეთის ლოცვებში, მოხსენიებაში გამოიხატება და არა მათ განკითხვასა და დამცირებაში. ამისთვის კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საკუთარ გულში ჩახედვა. რაც უფრო ღრმად იხედება ადამიანი საკუთარ გულში, მისთვის უფრო ადვილი დასანახი ხდება საკუთარი დაცემული ბუნება და ხედავს ღმერთის უსაზღვრო მოწყალებას, მის სიყვარულს. ეს კი სხვა ადამიანების მიმართ სიყვარულის გრძნობას უღვიძებს,  მათთვის ლოცვის, ზრუნვისა და დახმარების სურვილს ჩაუსახავს. არაფერი ისე არ განაშორებს ღმერთს, არაფერი ისე არ განძარცავს ადამიანს და არ ააცილებს ღვთის მფარველობას, როგორც ძვირის თქმა, განკითხვა და დამცირება მოყვასისა. ადამიანმა საკუთარ თავს უნდა ჩააგონოს შიში იმისა, რომ შეიძლება, ხვალ თვითონ შესცოდოს და ამით მოყვასის განკითხვასა და დამცირებას განერიდოს. შეიძლება ძმა ან უცოდინრობის გამო სცოდავდეს, მაგრამ ერთი კეთილი საქმე ჰქონდეს გაკეთებული, რომელიც ღვთისთვის მთელ შენს ცხოვრებაზე უფრო მეტად სათნო იქნება, შენ კი განსჯი და განიკითხავ მას და სულს იმძიმებ. ამბობ: დავდივარ ეკლესიაში, ვაკეთებ შესაწირს და ღმერთი მაინც არ იწირავს, ვარდები შურში და განიკითხავ იმ ადამიანს, რომელიც შენზე კარგად გრძნობს თავს, შენზე მოწყალე და კეთილია. დაუშურებლად გაეცი ის, რაც უფალმა მოგცა და ღმერთი წყალობას გიბოძებს. როცა ხედავ უსამართლობას, უსულგულობას და ჩუმად ხარ, ესე იგი, შენც ამ ყველაფრის თანამონაწილე ხდები და სხვის შვილს თუ არ დაარიგებ, არ მიანიშნებ იმას, რომ ცუდად იქცევა, ეს უბედურება მერე შენს ოჯახშიც შემოვა.
скачать dle 11.3