კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რა პირობას უყენებს სოხუმი თბილისს აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნის სანაცვლოდ და რა კატასტროფის გამოწვევა შეუძლია თურქეთის მიერ დასავლეთიდან პარტნიორობის რუსეთისკენ გადათამაშებას

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

გაზეთ „იზვესტიასთვის“ 10 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში დე-ფაქტო აფხაზეთის ასეთივე დე-ფაქტო „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსანაზე საუბრობს. კერძოდ, რუსი ჟურნალისტის შეკითხვას: „აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოსკენ მიმავალი ერთადერთი რკინიგზა გადის, რომელიც დიდი ხანია, ბლოკირებულია. რამდენადაა შესაძლებელი, რომ ამ რკინიგზაზე მომავალში მატარებლები ივლიან?“ თვითმარქვია „პრეზიდენტი“ პასუხობს: „მატარებლები, უეჭველია, იმოძრავებენ. რკინიგზამ უნდა იმუშაოს, სურს თუ არა ეს საქართველოს. თანამედროვე რეალიები ითხოვს, რომ ჩვენ კავკასიის რეგიონის ყველა სახელმწიფოსთან აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობა გვქონდეს. პრობლემა ისაა, რომ საქართველო ეკონომიკურ საკითხებს პოლიტიკურ საკითხებად აქცევს. რკინიგზით სარგებლობა ჩვენთვის დამატებითი სარგებელი იქნებოდა, მაგრამ თბილისს აფხაზეთის დამოუკიდებლობის განმტკიცება ეკონომიკურ სფეროშიც არ სურს.“ რაც მთავარია, რაული (ხაჯიმბა) იქვე ამატებს, რომ, რაკი ქართული მხარე აფხაზების მოთხოვნას, ხელი მოაწეროს  ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, უარით პასუხობს (არადა თანხმობა ავტომატურად ნიშნავს აფხაზეთის დამოუკიდებელ სუბიექტად ცნობას) და, აქედან გამომდინარე კი, თურმე ომის საფრთხე არსებობს, ენგურს მიღმა არანაირი მოლაპარაკება არ სურთ.
ცნობილია, რომ აქამდე აფხაზები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მათ ტერიტორიაზე რკინიგზის გახსნას ჩვენი მიმართულებით, იმას გარდა, რომ აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთი ტექნიკურადაც არ არის მზად, შეასრულოს თავისი ფუნქცია, მისი რეაბილიტაცია კი საკმაოდ ძვირი დაჯდება და თანხა, ცხადია, რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიღოს.
მეორე მხრივ, ყველაზე მეტად სწორედ რუსეთის ფედერაციაა დაინტერესებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნით, რადგან, ჯერ ერთი, ეს მას სომხეთისკენ პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის საშუალებას აძლევს და, რაც მთავარია, ირანისკენ მიიღებს პირდაპირ გასასვლელს.
ბუნებრივია, თბილისისთვის აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, თუმცა გეოპოლიტიკური გარემოცვისა და მათი ინტერესებით გათვალისწინებით, ამ სარკინიგზო ჯაჭვში სუსტი რგოლი სწორედ საქართველოა.
გია ხუხაშვილთან ერთად ვიმსჯელებთ, თუ რატომ შეცვალეს აფხაზმა სეპარატისტებმა თავიანთი სარკინიგზო ვერსია.

– რატომ შეცვალეს აფხაზებმა ვერსია რკინიგზის გახსნის შესახებ, პირადად ჩემთვის მოულოდნელად, იმიტომ რომ აქამდე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ.
– ორივე განცხადებაში არის გარკვეული ლოგიკა, იმიტომ რომ რკინიგზის გახსნას არავინ თანხდება ან წინააღმდეგობას უწევს უპირობოდ. აფხაზური მხარე ამბობს, რომ მზადაა, გახსნას რკინიგზა, თუ იქნება შესაბამისი საკონტრაქტო ურთიერთობა თბილისთან, რასაც თბილისი პოლიტიკურად ვერ დაუშვებს. ჩვენი პირობა კი ასეთია: გავხსნათ ეკონომიკური საზღვარი, მაგრამ ის უნდა გადიოდეს ფსოუზე. თუ ამას რუსული მხარე დათანხმდა, ეს გარკვეულწილად წარმატებად შეიძლება, ჩაითვალოს, მაგრამ აფხაზური მხარე სხვანაირად აყენებს საკითხს. ისინი ამბობენ, რომ საზღვარი გადის ენგურზე, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ვერ დავთანხმდებით. ამდენად, ეს არის რიტორიკული ომი. საქმე ის კი არ არის, გაიხსნება თუ არა რკინიგზა, არამედ ის, როგორი სამართლებრივი ფორმა მიეცემა ამ ყველაფერს და სწორედ აი, ეს არის ის ჩიხი, საიდანაც გამოსვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რაც შეეხება შემდეგ თითის გამოშვერას, რომ, თურმე, ქართველები თანახმანი არ არიან და არ უნდათ, რომ აფხაზეთში რამე კარგი მოხდეს, ეს უკვე პოლიტიკაა. აბა, ხაჯიმბა სხვას რას განაცხადებდა?! სულაც არ არის გასაკვირი ეს განცხადება, აბსოლუტურად გასაგებია და მისი პოზიციიდან ლოგიკურიცაა.
– ადრე ამასაც ამბობდნენ, თბილისთან ყოვლად დაუშვებელია ეკონომიკური ურთიერთობაც კიო.
– დინამიკაში უნდა შევხედოთ ყველაფერს. ისინი უარზე იყვნენ, იმიტომ რომ ჩვენი მხარე გამორიცხავდა რამენაირ სამართლებრივ ურთიერთობას სოხუმთან და რომ რკინიგზის გახსნის საკითხი უნდა გადამწყდარიყო რუსეთ-საქართველოს შორის. ეს აფხაზებს აბრაზებდა და ამიტომ იყვნენ უარზე. ახლა თანხმობას აცხადებენ, ოღონდ ამატებენ, რომ თავად უნდა იყვნენ მხარე. რასაც, ბუნებრივია, ჩვენ ვერ დავთანხმდებით.
– ეს დაემთხვა რუსეთის შემოთავაზებას თბილისისთვის, ფაქტობრივად, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. ესეც ამ კონტექსტისაა, რომ ურთიერთობის მოწესრიგების მომხრე სეპარატისტებსა და ოკუპანტებს თბილისი წიხლს უკრავს მომგებიან და მშვიდობისმყოფებელ შემოთავაზებებზე?
– ეს ყველაფერი რიტორიკაა, იმიტომ რომ მიზეზი, რის გამოც ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა გავწყვიტეთ რუსეთთან, დღესაც არსებობს. მეტიც, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, რადგან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ მოხდა სეპარატისტული ტერიტორიების აღიარება. რუსეთი რიტორიკით ყოველთვის მზადაა და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ მისი ქმედებები საპირისპიროა. ისინი ყოველთვის იტყვიან, რომ მზად არიან, მოაწესრიგონ ურთიერთობა დასავლეთთან, უკრაინასთან, მაგრამ ეს მხოლოდ განცხადებებია, რეალური პოლიტიკა სულ სხვაგვარია.
– ვთქვათ, რუსეთთან მივაღწიეთ ისეთივე ტიპის შეთანხმებას, რაც ამერიკელების დახმარებით შევძელით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ: როდესაც როკის გვირაბთან და ფსოუზე სავაჭრო ტვირთი უნდა შემოწმდეს მესამე მხარის, ანუ შვეიცარიული კომპანიის მიერ. რკინიგზის გახსნის შემთხვევაში შესაძლებელია ამ ტიპის შეთანხმება? და ჩვენთვის რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნას?
– ეკონომიკურ-ინტეგრაციულ პროექტებს დიდ მნიშვნელობა აქვს, თუ ასეთი პროექტები დაიწყო და მოიძებნა ამ პროექტების ურისკო სამართლებრივი ჩარჩო, აფხაზებისთვის, რომლებიც დასაქმდებიან ამ პროექტში, უკანა პლანზე გადაიწევს პოლიტიკა და წინა პლანზე წამოვა მათი კეთილდღეობა. ეს, უდავოდ, შეიძლება, ჩაითვალოს წინგადადგმულ ნაბიჯად, მაგრამ აფხაზეთთან ასეთი სამართლებრივი ფორმის პოვნა ძალიან პრობლემურია და ძნელად წარმოსადგენი. რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია თამაშში მესამე მხარის შემოყვანაც, რომელიც სამართლებრივი ჩიხიდან გამოგვიყვანდა, თუმცა ნაკლებად რეალურად მეჩვენება, განსხვავებით როკის გვირაბისგან, საიდანაც ავტოტრანსპორტი მოძრაობს, იმიტომ რომ იქ კიდევ შესაძლებელია შეზღუდული ურთიერთობის დამყარება, მაგრამ რკინიგზა ცოტა სხვა საკითხია და ძალიან ბევრ თემას უკავშირდება.
– როდესაც ხაჯიმბა აცხადებს, რომ თბილისს უნდა თუ არა, მატარებლები მაინც ივლიან და ამ დროს ისეთ რამეს ამბობს, რასაც თბილისი არ დათანხმდება, რუსეთისთვის და მის გარეშე ამას არც იტყოდა, ხომ ცხადია, რომ კატეგორიულ უარს მიიღებს. ისიც არ არის დაინტერესებული ამ სარკინიგზო მონაკვეთზე მოძრაობის აღდგენით, თუ ფიქრობს, რომ ეს დროის ამბავია, საქართველო მაინც  ალყაშია და მოუწევს დათმობა?
– ჩვენს ურთიერთობებში დომინირებს პოლიტიკური და არა ეკონომიკური მოტივი. ეკონომიკური საკითხები კი წყდება მხოლოდ იმ დოზით, რაც არსებულ პოლიტიკურ სტატუს-კვოში ჯდება. თუ ამ სტატუს-კვოდან გამოდის, ასეთი ეკონომიკური საკითხები არ გადაწყდება, იმიტომ რომ ვერანაირი ეკონომიკური ინტერესი ვერ გადალახავს პოლიტიკურ მოცემულობას.  
– როგორც იქნა, დადგინდა კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსი და ხუთმა სახელმწიფომ, რუსეთმა, აზერბაიჯანმა, ირანმა, თურქმენეთმა და ყაზახეთმა, ხელი მოაწერეს კონვენციას, რის თანახმადაც, თითოეული სახელმწიფოს ტერიტორიული წყლები დადგინდა ნაპირიდან 15 მილის ფარგლებში, ზღვის დანარჩენი ზედაპირი კი საერთო სარგებლობაში დატოვეს. ასევე, ერთმანეთს შორის გაიყოფენ ფსკერსა და წიაღს და, რაც მთავარია, კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებს უფლება აქვთ, კასპიის ფსკერზე გაიყვანონ მილსადენებიც და მხოლოდ იმ სახელმწიფოს ნებართვაა აუცილებელი, საითაც მილსადენი მიემართება.
– ეს მისასალმებელია, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინათ ყველა სკეპტიკურად უყურებდა მოვლენების ასეთ განვითარებას. ფაქტობრივად, მოლაპარაკება ორ ათეულ წელზე მეტია, მიმდინარეობს. რადგან ასეთი შეთანხმება შედგა, გრძელვადიან პერიოდში შესაძლებელია, საინტერესო პროცესები განვითარდეს. თეორიულად, რაც მოხდა, აჩენს შანსს, რომ ცენტრალური აზიიდან სამხრეთ კავკასიის მიმართულებით გაიდოს მილსადენები. სხვა საკითხია, რეალურად როგორ განხოცრიელდება. სანამ ეს ხელშეკრულება არ არსებობდა, ამაზე თეორიულად მსჯელობაც კი არ შეიძლებოდა. ახლა კი ეს ფანჯარა გაიხსნა და ეს პერსპექტიულია საქართველოსთვის.
ცენტრალური აზიიდან, რუსეთის გვერდის ავლით, თან, კასპიის გავლით და სამხრეთ კავკასიური დერეფნით ევროპისკენ ენერგომატარებლების ტრანსპორტირება დიდად სასიამოვნო არ უნდა იყოს რუსეთისთვის. მით უფრო, რომ მას თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება უფრო იაფი უჯდება, ვიდრე რუსეთის შორეული რეგიონებიდან. არადა ზედმეტად კმაყოფილი ჩანს ამ კონვენციის ხელმოწერით.
– მთელი ტესქტი არც გვინახავს, მაგრამ დეკლარაციული ნაწილი, რაც მოვისმინეთ, გარკვეულ იმედებს აჩენს. ბუნებრივია, რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესისთვის სამხრეთკავკასიური მაგისტრალების ჩადება კასპიის ზღვაში კატეგორიულად მიუღებელია. ის, რომ რუსეთი ამაზე თვალს დახუჭავდა და უპირობოდ მოაწერდა ხელს, ისე, რომ გარანტიები არ მიეღო, მეეჭვება. რეალურად რაზეა ლაპარაკი, ამას დროთა განმავლობაში გავარკვევთ. ყოველ შემთხვევაში, იმაზე უარესი, რაც მანამდე იყო, ნამდვილად არ იქნება, პირიქით, უკეთესის პერსპექტივა გაჩნდა.
– აზერბაიჯანსა და რუსეთს ხომ არ დააახლოებს ეს ხელმოწერა, ანუ შესაძლებელია, რომ გარანტიები ბაქოსგანაც მიეღო რუსეთს, მაგალითად, ყარაბაღის კონფლიქტში მხარდაჭერის სანაცვლოდ?
– აზერბაიჯანი ძალიან ფრთხილია და საკმაოდ დაბალანსებულ პოლიტიკას ეწევა. რაც შეეხება დაახლოებასა და კოორდინაციას, ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, მათ შორის, დრამატულიც, მით უმეტეს, როცა სომხეთმა რაღაც მანევრები დაიწყო დასავლეთის მიმართულებით. დრამატულში ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთს სომხეთში მიმდინარე მოვლენები, მინიმუმ, ნერვებს უშლის და ამდენად, რუსეთი გადაალაგებს თავის პოლიტიკას სამხრეთ კავკასიაში, ოღონდ ჯერჯერობით ბუნდოვანია, როგორ.
– მოკავშირედ სომხეთის ჩანაცვლება აზერბაიჯანით რუსეთისთვის უფრო მომგებიანია?
– ცხადია, უფრო მომგებიანია, მაგრამ პოლიტიკა ასე მარტივი რომ იყოს, ბევრად უკეთესი იქნებოდა.
– მაგრამ აქეთ – ხაჯიმბას განცხადება, იქით – კასპიის ზღვაზე შეთანხმების მიღწევა და ერდოღანის უკვე აშკარა დაპირისპირება აშშ-სთან, კიდევ უფრო ხომ არ ავიწროებს ალყას ჩვენ გარშემო? თეორიულად, შავი ზღვის სრუტეებით ჩვენი მოკავშირეების მიერ დახმარების აღმოჩენაც შეიძლება, შეგვეზღუდოს?
– დღეს სამყარო ძალიან მყიფეა, მოვლენები შეიძლება, ნებისმიერი სცენარით განვითარდეს, ამიტომ გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. რისკები ძალიანაა გაზრდილი, შესაბამისად, თუ თურქეთმა დაიწყო თავისი პოლიტიკის გადათამაშება დასავლეთიდან რუსეთზე, ეს ჩვენთვის ძალიან პრობლემური იქნება. რაც შეეხება სრუტეებს: ბოსფორი რომ გადაიკეტოს, ეს უკვე მესამე მსოფლიო ომია, ვფიქრობ, საქმე აქამდე არ მივა.

скачать dle 11.3