კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (124)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

№33 როგორ შექმნა მილიციის ვიცე-პოლკოვნიკმა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში კრიმინალური ბანდა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური



საზარელი მკვლელობა
2009 წლის 8 მარტს ქუთაისის ერთ-ერთ მიმდებარე სოფელში საშინელი დანაშაული მოხდა. ადგილობრივმა მკვიდრმა, რაჟდენ ხურციძემ, მეზობლების, ბუაჩიძეების სახლში მოკლული დედა-შვილი, 32 წლის ნატო კვიმსაძე და 12 წლის ეთერ ბუაჩიძე აღმოაჩინა. ოჯახის უფროსი, 38 წლის ანზორ ბუაჩიძე იმ პერიოდში რუსეთში იყო, ხოლო მისი დედ-მამა გრიგოლი და ეთერი კი – თბილისში, თავიანთ ქალიშვილთან, ვალიდასთან. რაჟდენ ხურციძე პროფესიით მძღოლი იყო და მეზობლებს იმიტომ გამოუარა, რომ ნატო და პატარა ეთერი ქუთაისში წაეყვანა, რაზეც წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, მაგრამ დედა-შვილი დახოცილი დახვდა. მძღოლმა ისინი ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე, უზარმაზარ სამზარეულოში იპოვა. დედა ოთახის შუაში ეგდო. ტყვია მას პირდაპირ შუბლში ჰქონდა მოხვედრილი. პატარა ეთერისთვის კი ტყვიას გამჭოლად  გაევლო და კისერში გაჩხერილიყო. სამზარეულოში სუფრა იყო გაშლილი და საჭმელ-სასმელი ხელუხლებელი ეწყო. როგორც მოგვიანებით თბილისიდან ჩამოსულმა ექსპერტ-კრიმინალისტენბმა თქვეს, მკვლელებს  ნატო კვიმსაძე და მისი ქალიშვილი კარგად იცნობდნენ. სახლში უპრობლემოდ შემოუშვეს და სუფრაც გაუშალეს. ექსპერტებისვე მტკიცებით, ბუაჩიძეების ოჯახში ორი-სამი მკვლელი დაახლოებით ღამის თორმეტ-პირველი საათისთვის მივიდა. ეს საზარელი მკვლელობა კი, მათი მისვლიდან ოციოდე წუთის შემდეგ მოხდა, მაშინ, როდესაც სუფრის გაშლა დასრულებული იყო. ექსპერტების თქმით, პირველად დედას ესროლეს, ხოლო, როდესაც შვილმა  ეს დაინახა, გაიქცა და მკვლელმა ტყვია უკვე მას დააწია. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი მასრებისა და ბალისტიკური ექსპერტიზის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დედა-შვილი მოკლული იყო ერთი იარაღით – თითო გასროლით „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტიდან. მოკვლევამ აჩვენა, რომ წაღებული არაფერი იყო და ეს საზარელი დანაშაული ძარცვის მიზნით არ განხორციელებულა. გამოირიცხა სექსუალური ძალადობაც, რადგან დედა-შვილზე ძალის გამოყენება არ დაფიქსირებულა.
– ნუთუ, შურისძიებას აქვს ადგილი? – თქვა ოთარ სილაგაძემ, რომელიც ამ საქმეს იძიებდა და დააყოლა, – მაგრამ ვის და რის გამო უნდა ეძიათ შური უდანაშაულო დედა-შვილზე?..

შურისძიების ვერსია
დედა-შვილი ერთი კვირის მერე დაასაფლავეს. ანზორ ბუაჩიძე რუსეთიდან დაკრძალვის წინა დღეს ჩამოვიდა  და ისეთ დღეში იყო, რომ დანა პირს არ უხსნიდა. დაკრძალვიდან ორი დღის შემდეგ კი სილაგაძე მას სახლში ესტუმრა და საგულდაგულოდ დაჰკითხა. გამოცდილ გამომძიებელს ეჭვი ჰქონდა, რომ მკვლელობა შურისძიების მიზნით იყო ჩადენილი და სავარაუდოდ, ანზორის გამო, მაგრამ ის კატეგორიულ უარზე იდგა.
– ჩემთვის ცნობილია, რომ ადრე თქვენ „მხედრიონის“ წევრი იყავით და ხომ არ ჩაგიდენიათ ისეთი რამ, რისთვისაც შეიძლება, ვინმეს შური ეძია? – პირდაპირ უთხრა ოთარ სილაგაძემ ანზორ ბუაჩიძეს, მან კი ცივად მიუგო:
– „მხედრიონში“ ვიყავი და საქართველოსთვის ვიბრძოდი. ისეთი კი არაფერი ჩამიდენია, რომ ამისთვის ჩემი ცოლ-შვილი დაეხოცათო.
გამომძიებელი, რომ იტყვიან, თბილისში არაფრით დაბრუნდა. თუმცა, რამდენიმე დღეში კვლავ უკან ჩასვლა მოუწია. საქმე ის იყო, რომ 38 წლის ანზორ ბუაჩიძე სოფლის განაპირას მდებარე ტყეში მოკლული იპოვეს. ტყვია მას შუბლში ჰქონდა მოხვედრილი და იმავე „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან იყო გასროლილი, რომლითაც მისი ცოლ-შვილი დახოცეს. ეს კი იმაზე მიუთითებდა, რომ სამივე მკვლელობა ერთი და იმავე ადამიანის მიერ იყო ჩადენილი. თბილისიდან ჩამოსულმა საგამოძიებო ჯგუფმა გაშიფრა ბუაჩიძის სატელეფონო ზარები და გაირკვა, რომ მოკლული ბუაჩიძე ღამის 10 საათზე ტყეში ნარკომოვაჭრე გივი სახვაძეს შეხვდა და მისგან ჰეროინი შეიძინა. სახვაძემ კი გამომძიებელს უთხრა:
– ანზორმა დამირეკა და ტყეში დამინიშნა „სტრელკა“. ერთი „ზახოდი“ წამალი მივუტანე, „მაყუთი“ ავიღე და წამოვედი. მეტი არაფერი ვიციო.
სახვაძეს ნარკოვაჭრობისთვის ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს და მისი საქმე სხვა განყოფილებამ გადაიბარა. ოთარ სილაგაძესა და მისი ჯგუფის დაწყებული საქმე კი, ფაქტობრივად, ჩიხში შევიდა, რადგან მთავარი ხელჩასაჭიდი – ანზორ ბუაჩიძე მოკლული იყო.

შეუმდგარი „გაჩალიჩება“
ბუაჩიძეების მკვლელობის საქმე საკმაოდ  მოულოდნელად გაიხსნა და თვით ოთარ სილაგაძეც კი გააოცა, რომელსაც ბევრი რამ ჰქონდა ნანახი.
2009 წლის 25 აპრილს ქუთაისის მიმდებარე ერთ-ერთი სოფლის თავში, საღამოს 8 საათზე, რაიონის პოლიციის ორი ჯგუფი იყო ჩასაფრებული – თეთრი ფერის „მერსედესს“ ელოდნენ, რომელშიც ადგილობრივი მკვიდრი რომან გაგოშიძე და ძებნილი, ციხიდან გაქცეული რეციდივისტი, პეტრე რიჟამაძე, მეტსახელად „ქოსა“ უნდა მსხდარიყვნენ. ეს ჩასაფრება რაიონის მილიციის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა, 38 წლის უშანგი სალიამ მოაწყო და თანამშრომლებს უთხრა:
– ეს ინფორმაცია ჩემმა წყარომ მომაწოდა და თუკი არ დაგემორჩილებიან და გაქცევას დააპირებენ, უწყვეტი ცეცხლი გახსენითო.
და, მართლაც, როდესაც „მერსედესი“ გამოჩნდა და პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა, ჩასაფრებულებმა ცეცხლი გახსნეს. მძღოლი რომან გაგოშიძე ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული, ხოლო რეციდივისტმა პეტრე რიჟამაძემ, იგივე „ქოსამ“, გაქცევა მოახერხა, თუმცა დაჭრილი იყო და მთელი რაიონის პოლიცია მის ძებნას შეუდგა. „ქოსამ“ კი ქუთაისში ჩააღწია. პოლიციის სამმართველოში მივიდა, პირადად უფროსს ჩაბარდა და ასეთი ჩვენება დაწერა: „ციხიდან გაქცევის შემდეგ  ვიცე-პოლკოვნიკ უშანგი სალიას კუთვნილ სახლში ვიმალებოდი. სალიას დანაშაულებრივი ბანდა აქვს ჩამოყალიბებული, რომლის წევრი მეც ვარ. მისი წევრები იყვნენ ანზორ ბუაჩიძე და რომან გაგოშიძე, აგრეთვე სალიას მძღოლი, პოლიციის ლეიტენანტი ჯიმი ხუროძე. ჩვენ ვძარცვავდით მდიდარ მოქალაქეებს, სალია კი „გვკრიშავდა“. ზოგჯერ ჩვენთან ერთადაც დადიოდა საქმეზე. მაშინაც ჩვენთან იყო, როდესაც ქუთაისში მაზიაშვილები გავძარცვეთ  და იქიდან 60 ათასი ევრო წავიღეთ. ეს ფული ანზორ ბუაჩიძეს ებარა. მან კი გაიტაცა და რუსეთში გაიქცა. ამის გამო სალიამ და მისმა მძღოლმა შური იძიეს ანზორის ცოლ-შვილზე.  დედა-შვილი პირადად სალიამ მოკლა. შემდეგ კი ანზორიც მიაყოლა, როცა ტყესთან მოიხელთა, რადგან იცოდა, რომ წამალი უნდა აეღო...“
როგორც უკვე საქმეში ჩართულმა ოთარ სილაგაძემ გაარკვია, პოლიციის უფროსმა გაგოშიძე და „ქოსა“ საქმეზე „ნაკოლით“გაუშვა, სინამდვილეში კი, მათი თავიდან მოშორება ჰქონდა გადაწყვეტილი და „მერსედესში“ მალულად ის „მაკაროვი“ ჩადო, რომლითაც სამი მკვლელობა იყო ჩადენილი. გაგოშიძესთან ერთად რიჟამაძეც რომ მოეკლათ, პოლიცია „მერსედესში“ „სველ“ „მაკაროვს“ აღმოაჩენდა და ყველა მკვლელობა ლიკვიდირებულ ბოროტმოქმედებს მიეწერებოდათ. დააპატიმრეს სალია და მისი მძღოლი ჯიმი ხუროძე. სწორედ ეს უკანასკნელი გამოტყდა ყველაფერში და ვიცე-პოლკოვნიკი სალია სამი მკვლელობისთვის გაასამართლეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, რომელსაც ამჟამადაც იხდის.
скачать dle 11.3