კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 იძებნება სიკვდილით მოთამაშე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #24-32(919)



– პოლკოვნიკო, დანებებასა და ჩაბარებას ხომ არ მირჩევთ? – სიტყვა გააწყვეტინა ბასილელმა მელიას და ცინიკურად დაამატა, – რას იტყვით, სარფიანი წინადადებაა, ხომ?
– დოქტორო, გირჩევთ, ფული აიღოთ და „ეშმაკის ამონასუნთქი“ დააბრუნოთ. თანხა თქვენს თანამზრახველებს გაუყოთ და ძალიან ღრმად დაწვეთ ფსკერზე, რათა ვერავინ მოგაგნოთ. ვაშინგტონისა და სხვა ტერიტორიების ჯოჯოხეთად გადაქცევის სურვილი კი თავიდან ამოიგდეთ. გარწმუნებთ, რომ ასეთ რამეს არც ზემოთ გაპატიებენ და არც ქვემოთ.
ბასილელმა გადაიხარხარა და პოლკოვნიკს უთხრა:
– გამამხიარულეთ, პოლკოვნიკო. ჩაგეთვალათ. ზემოთ ღმერთი იგულისხმეთ, ქვემოთ კი, ალბათ, ამერიკა, ხომ?
– არა მარტო ამერიკა, დოქტორო.
– ჰო, რუსეთიც. ზოგჯერ ეს ორი შეურიგებელი მტერი ერთიანდება ხოლმე, რომ მესამე ძალა მოსპონ. ასე იყო ჰიტლერის შემთხვევაშიც.
– სხვა შემთხვევებშიც, დოქტორო, სხვა შემთხვევებშიც და მოდი, შევთანხმდეთ, რომ „ეშმაკის ამონასუნთქს“ არ აამოქმედებთ და ფულის მიღებისთანავე დააბრუნებთ.
– პოლკოვნიკო, პირველკლასელი გგონივართ თუ გონებაშეზღუდული, ასეთ სტილში რომ მელაპარაკებით? მე თქვენ მხოლოდ ჩემს მოთხოვნებს გკარნახობთ და არაფერზე გითანხმდებით.
– თქვენ გვკარნახობთ, დოქტორო, თუ თქვენი ბატონები გვკარნახობენ თქვენი პირით. გინდათ, დავიჯეროთ, რომ მარტო მოქმედებთ ან ასეთი იდეალურად ორგანიზებული სისტემა თქვენ  გემორჩილებათ?
– პოლკოვნიკო, ვფიქრობ, სისტემების გარჩევა ბევრ დროს წაგვართმევს. დრო კი თქვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
– თქვენ საწინააღმდეგოდაც, დოქტორო, – თქვა მელიამ.
– უფრო თქვენ საწინააღმდეგოდ, პოლკოვნიკო და აღარ გამაწყვეტინოთ, – თქვა ბასილელმა და დაამატა, – ფულის გადმოცემის ხერხებზე დამატებით დაგირეკავთ. ელოდეთ ჩემს ზარს.
– ველოდებით, – მიუგო მელიამ.
– პოლკოვნიკო, ამერიკელი როგორაა?
– ადრინდელზე უკეთესად, – მიუგო ბასილელს მელიამ.
– ესე იგი, გონზე მოდის.
– დიახ, მასეა.
– კეთილი. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. ნახვამდის, – თქვა ბასილელმა.
– ნახვამდის, – მიუგო მელიამ „ეშმაკის ამონასუნთქის“ გამტაცებელს. მობილური გათიშა და გურამს დაუბრუნა. შემდეგ კი ოთახში შეკრებილებს უთხრა:
– სავარაუდოდ, ფულის გადაცემის ხერხი შეიცვალა და ამის შესახებ დამატებით გვაცნობებს.
– როდის დარეკავს? – იკითხა სპირსმა.
– არ  უთქვამს, ბატონო სპირს, – უთხრა პოლკოვნიკმა ამერიკელს და დანარჩენებს მიმართა:
– მეგობრებო, როგორც ვვარაუდობდით, ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს საუცხოოდ ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც კარგადაა ინფორმირებული და ხელჩასაჭიდს არ ტოვებს. ჩვენთან სიმონ ბასილელს აკონტაქტებენ და თავად ჩრდილში დგანან. ამის დასტურია ის, რომ როგორც ბასილელმა მითხრა, – მაშიდ დანიაფორი მოუცილებიათ თავიდან და ჯაჭვი მასზე გაწყვიტეს.
– რამდენად რეალური ფაქტია ეს, ბატონო მელია. იქნებ ბასილელი ცრუობს, რომ კვალი აგვიბნიოს? დანიაფორის ძიებით ჩვენები, ანუ „ბიუროა“ დაკავებული. მათ პაკისტანელი კოლეგებიც ეხმარებიან და ირანელი ბიზნესმენი რომ მოკლული იყოს, შეგვატყობინებდნენ, – თქვა სპირსმა.
– ალბათ, ჯერ არ იციან თქვენებმა ეს და რომ გაიგებენ, ჩვენც გაგვაგებინებენ, – მშვიდად მიუგო პოლკოვნიკმა სპირსს.
სწორედ ამ დროს მინისტრს მობილურზე  დაურეკეს, გურამმა უპასუხა და ლაპარაკი რომ დაასრულა, შეკრებილებს უთხრა:
– ბატონებო, ბიუროდან დამირეკეს და მაცნობეს, რომ ირანელი ბიზნესმენი მაშიდ დანიაფორი ქალაქ ისლამაბადის ერთ-ერთ ჩაიხანაში გარდაცვლილი აღმოუჩენიათ. სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება... სავარაუდოდ, მოწამლეს:
– აი, ბატონო სპირს. ბასილელს სიმართლე უთქვამს – დანიაფორი თავიდან მოიშორეს, – უთხრა მელიამ სპირსს და დანარჩენებს მიმართა:
– ვფიქრობ, რომ ბასილელსა და კამპანიას მაინც ფულის მეშვეობით უნდა ჩავავლოთ და საამისოდ წინასწარ, კარგად მომზადებაა საჭირო. აშკარაა, რომ ირანულმა ვარიანტმა მათ ზიანი მიაყენა და გამოაშკარავების საფრთხის წინაშე დააყენა. სწორედ ამიტომაც მოიშორეს დანიაფორი. ხოლო რა სიახლეს შემოგვთავაზებენ, ცნობილი არაა და რაც შეიძლება, მალე უნდა შევიმუშაოთ სხვადასხვა  ვერსიები.
– თქვენ რას ფიქრობთ. გაქვთ რაიმე ვერსია ამის თაობაზე? – ჰკითხა მელიას სპირსმა.
– გამორიცხული არაა, ბატონებო, რომ ერთბაშად მთელი ფული მოითხოვონ, თანაც ქეშად, –  თქვა მელიამ.
– ოთხმოცდაათი მილიონი დოლარი, თანაც ქეშად? – თქვა სპირსმა და დააყოლა, – ეს ხომ თვითმკვლელობის ტოლფასია და დავიჯერო, ასეთი სულელები არიან? არ მგონია.
– მე არ მითქვამს, ასი პროცენტით ასე იქნება-მეთქი, მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვი. ვფიქრობ, მოვლენების ასეთი განვითარებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, – უთხრა მელიამ სპირსს.
– ამას მაინცდამაინც დიდი მომზადება არ  სჭირდება, ბატონო პოლკოვნიკო და უმჯობესია, სხვა, უფრო სერიოზულ ვერსიებზე ვიფიქროთ და წვრილმანებზე დრო არ დავკარგოთ, – თქვა სპირსმა, რომელიც შიშიდან ნელ-ნელა გამოდიოდა. თავი რატომღაც „პარადის წამყვანად“ მიაჩნდა და ცდილობდა, პრიორიტეტული მდგომარეობა მოეპოვებინა.
კოლეგის ტონი და საქციელი სასტიკად არ მოეწონათ ჰარისსა და ჯექსონს და სპირსს გაბრაზებულებმა გადახედეს, თუმცა ხმა არ ამოუღიათ. გურამმა და მელიამ კი კვლავ ერთდროულად გაიფიქრეს: „ამ ამერიკელს დამიხედეთ, რა მალე მოინდომა უფროსობაო“, თუმცა ხმამაღლა მსგავსი არაფერი უთქვამთ.
– მისტერ სპირს, ჩვენს საქმეში წვრილმანები არ არსებობს და პოლკოვნიკის ვარაუდიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, – თქვა მინისტრმა და ჰარისსა და ჯექსონს გადახედა, რომლებიც სპირსს თვალს არ აცილებდნენ. ის კი უტიფარი გამომეტყველებით იჯდა, შემდეგ კი პირდაპირ გურამს მიმართა:
– ამ ვერსიაზე მუშაობა იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, უფრო მსუბუქი საქმე რომ იყოს და მეტი დროც გვქონდეს. ახლა კი დროში უკიდურესად შეზღუდულები ვართ და მას ასე უპასუხისმგებლოდ ვერ გავფლანგავთ.
– კეთილი, ბატონო სპირს. ბრძანეთ თქვენი ვერსიები, – უთხრა ამერიკელს მელიამ და თვალი თვალში გაუყარა.
სპირსმა პაუზა გააკეთა, რადგან არანაირი კონკრეტული ვერსია არ გააჩნდა და ზოგადად ლაპარაკობდა. ამ დროს გურამის მობილურმა დარეკა. მინისტრმა ეკრანს დახედა და ხმამაღლა თქვა, – სავარაუდოდ, ბასილელი რეკავსო. შემდეგ ხმამაღალი სასაუბრო ჩართო და უპასუხა:
– გისმენთ.
– გამარჯობა, ბატონო გურამ. ისევ მე ვარ.
– გისმენთ, ბატონო, – მიუგო მინისტრმა სალმის გარეშე.
– ბატონო მინისტრო, სალამი ღვთისაა. ქართველები ვართ და ნუთუ ეს ანდაზა არ გსმენიათ? – თქვა სიმონ ბასილელმა.
– ვფიქრობ, ანდაზების გარჩევის დრო არაა, ბატონო სიმონ და თუკი ქართველობასა და პატრიოტიზმზე საუბრობთ, ნურც იმას დაივიწყებთ, რომ საკუთარი სამშობლო საჯოჯოხეთოდ არ უნდა გაიმეტოთ.
– ეს მე კი არა, თქვენ და თქვენი მთავრობა იმეტებთ საქართველოს საჯოჯოხეთოდ, – თქვა ბასილელმა და რაღაცის დამატება უნდოდა, მაგრამ გურამმა გააწყვეტინა:
– გისმენთ. ბრძანეთ, რისთვის დარეკეთ.
– ბატონო გურამ, ბოდიში უხეშობისთვის და უზრდელობისთვის – ჩასვრილი ამერიკელი როგორაა? – გაეცინა ბასილელს.
– კორექტულად, ბატონო სიმონ. თქვით, რისთვის რეკავთ, – უთხრა მინისტრმა ბასილელს.
– პოლკოვნიკი ვასო მელია, ალბათ, გეტყოდათ, რომ ფულის გადმოცემის ხერხს ვცვლი, – თქვა ბასილელმა.
– დიახ, – მიუგო მინისტრმა.
ბასილელმა პაუზა გააკეთა და გურამს უთხრა:
– მთელი დარჩენილი თანხა ქეშად მინდა.
ამ სიტყვების გაგონებაზე პოლკოვნიკმა ვასო მელიამ მელორ სპირსს შეხედა. ამერიკელს, რატომღაც, თვითკმაყოფილ-იდიოტური გამომეტყველება აღებეჭდა სახეზე, რადგან ალბათ, გაიფიქრა, – ახლა კი ბასილელს ჩავავლებთო... ბასილელმა კი მტკიცედ დააყოლა:
– წამითაც არ იფიქროთ, ბატონებო, ყველას გასაგონად ვამბობ, რადგან ვიცი, რომ ბევრნი ხართ შეკრებილი და სულგანაბული მისმენთ. ჰოდა, გეუბნებით, რომ წამითაც არ იფიქროთ, პატივცემულო ბატონებო, რომ ფულის ქეშად გადმოცემის დროს ჩამავლებთ. გარწმუნებთ, ეს ასე არ იქნება და გაფრთხილებთ, გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ.
– ბრძანეთ, ბატონო სიმონ, სად და როგორ გნებავთ, ოთხმოცდაათი მილიონი დოლარის მიღება ქეშად. იმედია, რომ გამოუსწორებელ შეცდომას ადგილი არ ექნება, – თქვა გურამმა.
– იმედია, იმედია, ბატონო მინისტრო, – სიცილით თქვა ბასილელმა და დააყოლა, – ამას თქვენ, ალბათ, იმ ამერიკელების გასაგონად ამბობთ, ვინც ახლა ვაშინგტონში გვისმენს და ვინც ფულს იხდის. ბატონებო, გაფრთხილებთ, დენთის კასრთან ცეცხლი არ მიიტანოთ და ზუსტად შეასრულეთ ჩემი მოთხოვნები, თორემ საშინელ აფეთქებას ვეღარ შეაჩერებთ.
უცებ, ყველასთვის მოულოდნელად, გურამისა და ბასილელის ინგლისურენოვან სატელეფონო საუბარში მესამე პირი ჩაერთო, რომელმაც ასევე ინგლისურად თქვა:
– მისტერ ბასილელი, მე „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ დირექტორის მოადგილე საიმონი გახლავართ. გარწმუნებთ, რომ ყველაფერს ისე შევასრულებთ, როგორც თქვენ ითხოვთ. უბრალოდ, ნერვები მოთოკეთ და დამშვიდდით, რომ გაუგებრობა არ მოხდეს.
– გამარჯობა, მისტერ საიმონ. მე აბსოლუტურად მშვიდად ვარ. მთავარია, თქვენ არ ჩაიდინოთ უგუნურება. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უნდა გქონდეთ გამზადებული ფული ჩემთვის გადმოსაცემად თხუთმეტი წუთის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ადგილსა და საშუალებას დაგისახელებთ. წამიც რომ გადასცდეს, შეთანხმება დაირღვევა. დამელოდეთ. დაგირეკავთ, – თქვა ბასილელმა და ტელეფონი გათიშა.
გურამმა ცოტა მოიცადა და საიმონს რომ აღარაფერი უთქვამს, მანაც გათიშა მობილური, შემდეგ შეკრებილებს მიუბრუნდა სასაუბროდ, მაგრამ ამ დროს ჯონი ჰარისის სატელიტურმა ტელეფონმა დარეკა და ამერიკელმა მაშინვე უპასუხა. მცირე პაუზის შემდეგ სატელიტური ტელეფონი ხმამაღალზე ჩართო და თქვა:
– ხმამაღალზეა ჩართული, მისტერ საიმონ და შეგიძლიათ, ილაპარაკოთ.
„ბიუროს“ დირექტორის მოადგილემ სატელიტურ ტელეფონზე იმიტომ დარეკა, რომ უფრო საიმედოდ მიაჩნდა, ვიდრე კაბელური ან მობილური ტელეფონები და შეკრებილებს უთხრა:
– ბატონებო, სატელიტური კავშირი ბევრად უფრო საიმედოა და ამიტომ გადმოვრეკე. რა თქმა უნდა, ყველამ მოისმინეთ ჩემსა და ტერორისტ ბასილელს შორის გამართული საუბარი. როგორც იქნა, ჩვენს ბადეში გაება. ხომ მოისმინეთ, რომ მთელ თანხას ქეშად თხოულობს. ჩვენი ქვედანაყოფები მზად არიან, ფულის გადაცემა-მიღებისას ჩავავლოთ მას და მის თანამზრახველებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, უფრო სწორად, იქ, სადაც ხელი მიგვიწვდება. ჯერჯერობით არ ვიცით, სად მოითხოვს. იმიტომ გირეკავთ, რომ თუკი ეს საქართველოში მოხდება, დაკავების ოპერაციისთვის მზად იყოთ. ლინდა ჯექსონი მანდაა?
ლინდა ჯექსონმა გურამს შეხედა, რომელიც წამოჭარხლებული უსმენდა საიმონს. სახე გასწითლებოდა ჯონი ჰარისსაც, რომელმაც წარმოიდგინა, რომ თუკი ბასილელს მოატყუებდნენ და ვერ დააკავებდნენ „ეშმაკის ამონასუნთქი“ კი სადმე აფეთქდებოდა, ტრაგედიაში დამნაშავე თავადაც იქნებოდა. „ბიუროს“ მთავარი ანტიტერორისტი გულში აგინებდა საიმონს და ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა თუ არა მისთვის, რომ ბასილელის დაკავება არც კი ეცადათ და მისთვის ფული გადაეცათ.
– ჰარის, ლინდა ჯექსონი არაა მანდ? – უფრო ხმამაღლა და გაბრაზებით გაიმეორა საიმონმა.
ჯექსონი კვლავ მდუმარედ მისჩერებოდა გურამს. ჰარისმა საიმონისთვის პასუხის გაცემა დააპირა და პირი დააღო. მინისტრმა კი ხელით ანიშნა, გაჩუმდიო და თავად უთხრა „ბიუროს“ დირექტორის მოადგილეს:
– მისტერ საიმონ, ბასილელის მოტყუება არ შეიძლება და ფული აუცილებლად უნდა გადაუხადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ტრაგედიას დაატრიალებს, სწორედ ისე, როგორც შეგვპირდა.
– ჯექსონ, თქვენ რა, ხმა ჩაგიწყდათ, რომ არ მპასუხობთ, თუ მანდ არ ხართ? ჰარის, ენა გადაყლაპე? მიპასუხე, სადაა ლინდა ჯექსონი! – უკიდურესად აღგზნებული ხმით თქვა საიმონმა და ქართველი მინისტრისთვის სიტყვაც კი არ „გადაუგდია“, რაც უდიდესი შეურაცხყოფა და აბსოლუტური იგნორირება იყო.
უმაღლესი ამერიკელი მაღალჩინოსნის ასეთ შეურაცხმყოფელ საქციელზე სახეწამოჭარხლებული ქართველი მინისტრი ერთბაშად გაფითრდა და სახეზე მიტკლისფერი დაედო. უკიდურესი გამწარების მომენტში, გურამს ყოველთვის ასე ემართებოდა. ამ დროს მას უკიდურესი საქციელის ჩადენა შეეძლო და არც საკუთარ თავს დაინდობდა და არც სხვას. ასე მოხდა მაშინაც, როდესაც ჯერ კიდევ პირტიტველი მომავალი მინისტრი, მაშინ კი აფხაზეთის ომში მოხალისედ გაპარული ნორჩი ყმაწვილი, ცეცხლმოკიდებულ სოხუმს ტოვებდა. ტყვიამფრქვევგადაკიდებული გურამი ყველაზე ბოლოს ჩაჯდა კოლონის ბოლო მანქანაში. ამ დროს მოწინააღმდეგის ჯავშანმანქანა გამოჩნდა, რომელიც მსხვილკალიბრიანი ტყვიამფფრქვევიდან უშენდა ტყვიებს უკანდახეულ ქართულ ჯარს. გურამი მთელი სისწრაფით დაძრული მანქანიდან გადახტა და უზარმაზარ ლოდს ამოეფარა. ჯერ მანძილი გაზომა თვალით, ჩაფიქრდა, შემდეგ იარაღზე წამოცმული ნაღმმტყორცნიდან ჭურვი გაისროლა, მტრის ჯავშანმანქანის საწვავის ავზს მოარტყა და ააფეთქა. მერე კი მოწინააღმდეგის წინ წამოწეულ ცოცხალ ძალას ინტენსიური ცეცხლი გაუხსნა. კოლონა გაჩერდა და გურამის თანამებრძოლებმა თავის ნორჩ მეგობარს მოუხმეს. მომავალმა მინისტრმა მოასწრო და  მტრის არაერთი მებრძოლი გამოასალმა სიცოცხლეს და არ აღირსა სოხუმის დაცემის დღეს ქართველებზე გამარჯვება ეზეიმათ. თუმცა თავადაც დაიჭრა და თანამებრძოლებმა ის ბრძოლის ველიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს და ექიმებმა ეს პატარა ბიჭი სიკვდილს ძლივს გამოგლიჯეს. ამ საქციელისთვის, უკვე გამოჯანმრთელებულ გურამს მაშინდელმა პრეზიდენტმა პირადად დაჰკიდა მკერდზე ვახტანგ გორგასლის ორდენი. იმ ამბის მერე გურამი არაერთხელ გამწარებულა უკიდურესად და შესაბამისად, სახეწამოჭარხლებულს მიტკლისფერი დასდებია, მაგრამ საქმე „სროლამდე“ არ მისულა. საიმონის საქციელის შემდეგ კი, აშკარად მიხვდა, რომ ყველაფერი „სროლისკენ“ მიდიოდა... გაფითრებულმა გურამმა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა. შემდეგ კი კბილებში გამოსცრა:
– „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ დირექტორის მოადგილევ, საქართველოში ეს დამღუპველი ოპერაცია არ  ჩატარდება და თუკი ფულის გადახდაზე უარს აცხადებთ, ნათქვამი სიტყვის საწინააღმდეგოდ, როცა ბასილელი დარეკავს, სიტუაციას ავუხსნი და იქნებ თავისი ქვეყანა დაინდოს. სხვაგან კი თავში ქვა გიხლიათ და ტრაგედიის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3