კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ნუ ჩაუჯდები ნავში... ქალს

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #26-32(919)



– მე არ... – ახლა მირიანმა სცადა სიტყვის ჩამორთმევა.
– ნუ მაწყვეტინებთ. ახლა მე თქვენთან ვიქნები შეძლებისდაგვარად გულახდილი, ოღონდ იმ პირობით, რომ იმავეს მოვითხოვ თქვენგანაც.
– ანუ?
– ანუ გულწრფელად უნდა მიპასუხოთ რამდენიმე კითხვაზე და, თუ ეს პირობა გაწყობთ, შესაძლოა, ჩვენ მართლაც გავხდეთ მეგობრები, ოღონდ, ვიმეორებ: მეგობრები და არა საყვარლები. გასაგებია?
– დიახ.
– ანუ, მოსულა? – შინაურული ტონი გაურია ირმამ სიტუაციის „დასათბობად“.
– მოსულა, – ღრმად ამოისუნთქა მირიანმა, – ოღონდ...
– მოიცადე, ახლა ჩემი ჯერია, – მკაცრად შეაწყვეტინა ირმამ  და თვითონაც გაუკვირდა თავისი სიმტკიცე, რადგან მთელი ცხოვრება დათმობასა და უკან დახევაში ჰქონდა გატარებული, – პირველყოვლისა, გეტყვით, რატომ დაგემართა ასე: ადვოკატი ხარ და ისე მოჰკიდე ხელი ამ „საქმეს“, – ირმამ სიტყვა „საქმეს“ ირონიით გაუსვა ხაზი, – რომ ბოლომდე არ შეისწავლე „მასალა“ – გეგონა, ჩემნაირ ქალს ადვილად შეაბამდი და გააკეთებინებდი ყველაფერს, რაც მოგეპრიანებოდა, მერე კი მოძებნიდი რამე მიზეზს და უპრობლემოდ მოიშორებდი. მაგრამ ერთი რამე ვერ გათვალე: მეც იურისტი ვარ და, თანაც, ქალი, რომელსაც არაერთხელ ძალიან მწარედ ატკინეს გული. იურისტი და შურისმაძიებელი ქალი ერთად –  ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა. ამიტომაც ვერ გაგივიდა ჩემთან შენი წვრილმანი ფანდები. მე, ჩემდაუნებურად, ჩემი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, ყველა მამაკაცს ეჭვის თვალით ვუყურებ, არ ვენდობი არცერთ „ნამეცადინებ“ გულწრფელობასა თუ კაიტიპობას, მათ ამოცნობაში კი, ქალური ინტუიციის გარდა, იურისტობაც მშველის. შენ ჩვენთან ადვოკატად გადმოგიყვანეს.
– თქვენც ხომ იურისტი ხართ, რატომ თქვენ... – შეაწყვეტინა მირიანმა.
– მე ერთი დიპლომით იურისტი ვარ, მეორე დიპლომით – ეკონომისტი და ჩვენს საერთო სამსახურში ეკონომისტად ვმუშაობ. აი, ხომ გითხარი, მასალა კარგად არ შეგისწავლია-მეთქი. ერთი სიტყვით, – განაგრძო ირმამ, – შენ ახლა გულწრფელად უნდა გამომიტყდე, სინამდვილეში რა გეგმები გქონდა ჩემთან დაკავშირებით. ნუ გეშინია, არაფერზე პასუხს არ გაგებინებ, ეს ჩემთვის მჭირდება. მერე კი შენ მკითხე, რაც გინდა.
– კარგი, – ისევ დაეთანხმა მირიანი, – მაგრამ, ხომ არ ჯობია, სადმე დავსხდეთ? სიარულში როგორ ვილაპარაკოთ ასეთ სერიოზულ  თემებზე?
– სკვერში დავსხდეთ, ასე მირჩევნია. კაფე, ბარი და რესტორანი ნამდვილად არ მოუხდება ჩვენს სიტუაციას, – ირმამ გაიხედ-გამოიხედა და იქვე დაინახა მართლაც  საკმაოდ მოზრდილი, ლამაზი სკვერი, რომელშიც კაცის ჭაჭანება არ ჩანდა. სკამზე რომ ჩამოსხდნენ, ირმამ კითხვების დასმა დააპირა, მაგრამ მირიანმა მორიდებით შეახსენა:
– წეღან ხომ მითხარით, რომ ჯერ თქვენ იქნებოდით გულახდილი...
– კარგი, მე დავიწყებ: თქვენ რომ დაგირეკეთ, – ისევ თქვენობით მიმართა ირმამ, – სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა. გამიკვირდა იმიტომ, რომ არ მოველოდი თითქმის უცნობი ახალი თანამშრომლისგან ასეთი თავხედობის გამოვლენას გათხოვილი ქალის მიმართ, თუმცა, შიგადაშიგ ვგრძნობდი თქვენგან დაინტერესებულ მზერას და ფლირტის მაგვარი რამის წამოწყებას, ოღონდ ძალიან გაუბედავად. ამაზე გულში მეცინებოდა კიდეც, მაგრამ თქვენზე მეტი არაფერი მიფიქრია; თქვენი ზარის გაგონება კი იმიტომ გამიხარდა, რომ წინა დღის წამოსული ვიყავი ქმრისგან და, მინდოდა, რამით გადამეხადა სამაგიერო, რისი გაკეთების შანსიც თქვენმა ზარმა მომცა – აი, თითქმის ესაა მთელი ალია-ბალია.
– რაც შეეხება თქვენს ქმარს?
– რაც შეეხება ჩემს ქმარს და ჩვენს ურთიერთობას, ეს დახურული თემაა ყველასთვის, ერთი ადამიანის გარდა და იმ ერთ ადამიანსაც გუშინ საღამოს გავუმხილე. ასე რომ, ჩემი პრობლემის შესახებ სხვამ არავინ არაფერი იცის, თუ არ ჩავთვლით თავად ჩემს ქმარს. ლოგიკურად, გამოდის, რომ თქვენი ინფორმატორი თავად ჩემი ქმარია, ასე არ არის?
– ჰო, – გამოტყდა მირიანი, – ოღონდ, ლევანმა არც კი იცოდა, რომ მე და თქვენ ერთად ვმუშაობთ. ეს, უბრალოდ, გარემოებათა დამთხვევაა.
– უფრო ზუსტად ვერ ამიხსნით?
– უფრო ზუსტად, ისე მოხდა, რომ ერთ დღეს ლევანმა დამირეკა, როგორც ადვოკატს და როგორც თანაკლასელს და...
– თანაკლასელს?! – თვალები შუბლზე აუვიდა ირმას.
– დიახ, ჩვენ მეცხრე კლასამდე ერთად ვსწავლობდით და ვძმაკაცობდით კიდეც. მერე სხვადასხვა სკოლაში გადავედით და რაღაც პერიოდი დავშორდით. სტუდენტობის წლებში კი ისევ აღვადგინეთ ურთიერთობა, თუმცა, დროის უქონლობის გამო ისე ხშირად ვეღარ ვხვდებოდით ერთმანეთს. ლევანმა რომ დამირეკა, მე ჯერ არ ვიყავი თქვენთან გადმოსული.
– რა გთხოვათ? – მკაცრად ჰკითხა ირმამ.
– ამას ვერ გეტყვით, ეს სხვისი საიდუმლოა.
– ახლა არ დამიწყოთ ადვოკატის ეთიკა და რაღაც ამდაგვარები. ეს ჩემთან დაკავშირებული საიდუმლოა და ვალდებული ხართ, მითხრათ. თუ არადა, გპირდებით, სხვა გზას მივმართავ და მერე უკვე მართლა ცუდად წაგივათ საქმე!
– მე არანაირი უკანონობის ჩადენას არ ვაპირებდი. ლევანმა დამირეკა და მითხრა, ცოლთან გაყრას ვაპირებ და შენ უნდა დამეხმარო, რომ მის სახელზე გაფორმებული მთელი ჩემი ქონება ისე დავიბრუნო, ეჭვიც არაფერზე აიღოს და ერთი თეთრიც არ დარჩეს ჩემი ფულიდანო.
– ჩემი ფული და ქონებაო?! – ახლა მართლა გაოცდა ირმა, – ეს ფულიც და ეს ქონებაც მამაჩემმა მაჩუქა, პირადად თვითონ მოვიდა გადმოფორმების დროს. ოღონდ, ლევანიც მომაყვანინა და რაღაც უცნაური ხელშეკრულება გავაფორმეთ ბანკთან – მამაჩემის სურვილიდან გამომდინარე, ლევანის თანხმობის გარეშე ერთ ლარსაც ვერ გამოვიტან. მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მამაჩემი ყოველთვის უცნაური კაცი იყო, თან, დიდი ხნის მიტოვებულები ვყავდით და, ვიფიქრე, ალბათ, ეშინია, ნელ-ნელა არ გამოვიტანო ფული და არ შემომეხარჯოს-მეთქი. კარგი, გავარკვევ ვისია ის ფული. ახლა ის მაინტერესებს, პირადად მე რას მიპირებდით ორივე ერთად.
– თავიდან არაფერს, ყოველ შემთხვევაში, მე არ ვაპირებდი არაფერს, რადგან, კანონების „დაცვითაც“ შეიძლება, ისე მიუხვ-მოუხვიო, რომ ნებისმიერი მხარე მშრალზე დატოვო. მე ასეც ვუთხარი, მაგრამ არ დამეთანხმა – ჩემი ცოლი ან ციხეში უნდა გავუშვა, ან ნულზე უნდა დავტოვო და თან ისე გავსრისო და გავუტეხო სახელი, გარეთ გასვლა ვეღარ შეძლოსო. რატომ შეგიძულათ ასე?
– დიდი ფული შემოგთავაზათ? – კითხვაზე არ უპასუხა ირმამ.
– საკმაოდ დიდი. თან, იცოდა, რომ იმ მომენტში ძალიან გაჭედილი ვიყავი და გამომიჭირა.
– მერე?
– მერე ჩემს ყოველ უარზე თანხას მიმატებდა და ბოლოს გამტეხა. ავანსი მაშინვე მომცა და იმ დღესვე დავფარე კაზინოს ვალი. ამის შემდეგ მთლად ყურებით დამიჭირა  – ან ჩემი ფული დამიბრუნე ხვალვე ან ციხეში წახვალო.
– აჰა, ესე იგი, თამაშობ კიდეც, – ირმამ საჭიროდ აღარ ჩათვალა აღმატებით ხარისხში დალაპარაკებოდა „იგროკ“ ადვოკატს.
– ჰო, კაზინოა ჩემი მთავარი სუსტი წერტილი, – თავი ჩაღუნა მირიანმა.
– და, რაც მთავარია, ერთადერთი, – აშკარად დასცინა ქალმა.
მირიანს ხმა არ ამოუღია. ცოტა ხნის შემდეგ კი გაუბედავად ჰკითხა:
– ახლა რა უნდა ვქნა?
– ახლა მე უნდა დამიჯერო, თუ გინდა, რომ ცოდვებიც აიცილო და შენი შეცდომებიც გამოასწორო. იმ იდიოტის ვალის გასასტუმრებელ თანხას კი მე მოგცემ, როცა ყველაფერი დასრულდება. მამაჩემის ქონება იმ ნაძირალას რატომ უნდა გადავულოცო?
– ეგ არ არის მამათქვენის ქონება... – ამოილუღლუღა მირიანმა. ახლა ის სულ აღარ ჰგავდა იმ დახვეწილ ინტელექტუალს, კაფეში თაიგული რომ გადასცა პაემანზე მისულ ქალს.
– აბა, ვისია, ლევანის? მისი მათხოვრული ხელფასით ამხელა ქონებას დააგროვებდა?
– სახელი და გვარი ჯერ არ ვიცი, მაგრამ მალე გავიგებ. ჯერჯერობით მხოლოდ ის დავადგინე, რომ ვიღაც ძალიან მდიდარ ტიპს წაართვა მთელი ქონება და მათხოვრად დატოვა. მგონი, ჯერ დაუძმაკაცდა, ნდობა მოიპოვა, მერე კი მოტყუებით მოაწერინა ხელი რაღაც საბუთზე და იმ ტიპის მთელი უძრავ-მოძრავი ქონების პატრონი თვითონ გახდა, მერე კი დაათრო, რაღაც შარში გახვია და ციხეში ამოაყოფინა თავი. სამი თუ ოთხი წელი იჯდა ის ტიპი, მაგრამ ბოლომდე არ იცოდა, ვინ დაღუპა.
– ამდენის თავი თუ ჰქონდა ამ არაკაცს, ნამდვილად არ მეგონა... კარგი შენ როგორ გაიგე ეს ყველაფერი?
– ლევანი დავათვრე არყით და გამოვტეხე – მისივე ხერხი გამოვიყინე, სხვა გამოსავალი არ მქონდა. კატეგორიულად მოითხოვდა, ან მისი სურვილები შემესრულებინა შენთან დაკავშირებით, ან ვალი დამებრუნებინა. როგორც უკვე გითხარი, ვალს ვეღარ დავიბრუნებდი, იმ საშინელებების გაკეთება კი კატეგორიულად არ მინდოდა. ამიტომ გადავწყვიტე, მეც შემეგროვებინა კომპრომატები მის წინააღმდეგ და მოვახერხე კიდეც. ახლა მხოლოდ იმ კაცის ვინაობა მაქვს დასადგენი და მერე მე ვიცი...
– გაიგო, თანამშრომლები რომ ვართ?
– არ ვიცი, მე არ მითქვამს, ყოველი შემთხვევისთვის შემოვინახე.
– სწორადაც მოიქეცი. ახლა კიდევ ერთ შეკითხვაზე მიპასუხე: ამ ყველაფრის მიუხედავად, რატომ დამირეკე და რატომ მთხოვე შეხვედრა?
– შენი ახლოს გაცნობაც მომინდა. მაინტერესებდა, მართლა ისეთი იყავი, როგორც ქმარი გახასიათებდა თუ, ისეთი, როგორი სახელიც გქონდა სამსახურში.
– სხვა მიზეზი არ იყო?
– ლევანმაც დამავალა – შეხვდი და გაეარშიყე, ბოზობაში უნდა ვამხილოთო, მაგრამ მე თვითონ მინდოდა გაცნობა, სინამდვილეში ვინ იყავით.
– მერე, რომელში დარწმუნდი?
– დამიჯერებ, რასაც ახლა გეტყვი? – მირიანმაც მიატოვე თქვენობით მიმართვა.
– რა ვიცი, მგონი, კი.
– მაშინ მართლა გულწრფელად გეტყვი: დანახვისთანავე ძალიან მომეწონე, ახლა კი უკვე ვგიჟდები შენზე, – მირიანი მოზარდი ბიჭივით გაწითლდა, – ჭკუას ვკარგავ შენნაირ ქალებზე.
– ღმერთო ჩემო, რამხელა პათეტიკაა! – გაეცინა ირმას, – თუმცა, შენ წარმოიდგინე, თითქმის დაგიჯერე.
– მართლა? – გაუხარდა კაცს, – შენც იგივე დაგემართა?
– ახლა ნამეტანსაც ნუ მოითხოვ ჩემგან, – ისევ გაეცინა ირმას, – ადვოკატ კაცს მეტი სერიოზულობა და თავდაჭერილობა გმართებს.
– ჰო, მართალი ხარ, მაგრამ ნუთუ არანაირი გრძნობა არ გაგიჩნდა?
– გამიჩნდა, მაგრამ, ჯობია, არ გაიგო.
– გასაგებია, ალბათ, მართალი ხარ, – ამოიოხრა კაცმა.
– მართალი კი ვარ, მაგრამ, ახლა როგორ მოვიქცეთ?
– მე ისე მოვიქცევი, ვითომ ლევანის დავალებას ვასრულებ, შედეგებს კი ტელეფონით შეგატყობინებ, – ლამის კუდი გაუქიცინა მირიანმა.
– და, კიდევ, დამიდგენ იმ კაცის ვინაობას, ვინც ლევანმა გააკოტრა, – დაუზუსტა დავალება ირმამ, – მე ჩემი ძვირფასი მამიკო უნდა მოვინახულო, შენ კი ჯერჯერობით ორი ბატონის მსახური იქნები.
– როდის შევხვდეთ? – იმედი მიეცა მირიანს.
– ჯერ არ ვიცი, დაგირეკავ, შენი ნომერი მობილურში მიწერია. ახლა კი წავედი, მეჩქარება, – და ირმა გამოუმშვიდობებლად წავიდა.
***
მამასთან შეხვედრა და საუბარი ცივი და ხანმოკლე აღმოჩნდა. ქუჩის ქალებისგან, ლოთი ძმაკაცებისგან და უსაქმურობისგან გაკოტრებული მამა შეშინებული დახვდა შვილს თავის გაპარტახებულ ერთოთახიან „ხრუშჩოვკაში“. კარგა ხანი იყო, ირმას მამა არ ენახა და ასეთ სურათს ნამდვილად არ ელოდა – ამ ბინძურ ბუნაგში იჯდა 65 წლის კაცი, რომელსაც ადამიანის სახე წაშლოდა: აქა-იქ შერჩენილი გაპუწული თეთრი თმა, გაბურძგნილი ჭაღარა წვერი, გამხდარ ტანზე დამჭკნარი მსხალივით ჩამოკიდებული მუცელი, დალაქავებული მაისური და ძველი სპორტული შარვალი, თასმებგამოცლილი დაბრეცილი ბოტასები, აკანკალებულ ხელში მოცახცახე რაღაც ფურცელი... ირმა შეზარა ამ სანახაობამ და საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ მამის მიმართ არავითარი თბილი გრძნობა არ გასჩენია, მხოლოდ ზიზღნარევი სიბრალული იგრძნო. არც სინდისის ქენჯნას შეუწუხებია, რომ მამას არ ნახულობდა და არ პატრონობდა. კი არა, მცირეოდენი თანხაც კი დაენანა, ხანდახან რომ უგზავნიდა ხოლმე დედის ჩუმად ვინმეს ხელით.
 კაცმა უმწეოდ შეხედა შვილს და თითქოს ამოიგმინა, ისე უთხრა:
– ვიცი, რატომაც მოხვედი. ყველაფრის ღირსი ვარ, რაც გინდა, ის მიყავი.
– არა, ასე იოლად ვერ გამოძვრები. რამდენი გადაგიხადა?
– ხუთი ათასი დოლარი.
– და, ხუთი ათას დოლარად გაყიდე შვილი? თუმცა მრავალი წლის წინ ამდენიც არ მოგითხოვია, ისე გაგწირე სამი სული ვიღაც ბოზების გამო.
– მე უკვე ვიწვნიე სამაგიერო...
– კარგი, ახლა საქმის გასარჩევად არ მოვსულვარ.
– ხომ გითხარი, რაც გინდა, ის მიყავი.
– არაფერს არ გიზამ. რამდენიმე დღეში სასამართლოში მოწმედ მოგიწევს გამოსვლა. თუ არ მოხვალ და სიმართლეს არ იტყვი, აი, მაშინ კი შენ თვითონ მოგიწევს სიცოცხლის ბოლო წლების ციხეში გატარება.
– თუ ვიტყვი?
– თუ იტყვი, ცოდვას შეიმსუბუქებ და დანაშაულის ნაწილს გამოისყიდი.
– მეტი არაფერი?
– რა, ეს ცოტაა?
– ჩემთვის ცოტაა, – თქვა კაცმა და ოთახში საცოდავად მიიხედ-მოიხედა.
– ერთადერთი, შემიძლია, თავშესაფარში მოგათავსო. შენ ნამდვილად ვერ მოგივლი – არც მაქვს იმდენი ფული, შენ რომ გარჩინო, მით უფრო, რომ ეს არ დაგიმსახურებია.
– მე ხომ შენი მამა ვარ... – ამოისლუკუნა კაცმა.
– ეს ამ ოცდახუთი წლის წინ რომ გაგხსენებოდა, ჯობდა. აი, ფულს გიტოვებ მაგიდაზე. მოიწესრიგე თავი, რამე ტანსაცმელი იყიდე და ისე მოდი სასამართლო პროცესზე. შეტყობინება მოგივა. აბა, დროებით, მამიკო, – ირმა უკანმოუხედავად გამოვიდა ბინიდან და მამის სლუკუნზეც კი არ აჩუყებია გული.
„ღმერთო, არც კი ვიცოდი, ასეთი სასტიკი და დაუნდობელი თუ ვიყავი! რით  გამოვდივარ მასზე უკეთესი? შურს ვიძიებ? არა, სამართლიანობა მინდა აღვადგინო და თან თავი დავიცვა, რა არის ამაში უცნაური? არადა, რა ტკბილი ყოფილა შურისძიების გრძნობა, თუნდაც უსისხლო შურისძიების!... ახლა ჩემთან ერთად ნავში ჩაჯდომა არ შეიძლება – საკუთარი სახელის, საკუთარი თავის გადასარჩენად მე მზად ვარ, ყველა გადავყარო ნავიდან და ამის გასაკეთებლად ხელიც კი არ ამიკანკალდება, თუმცა, ყველა არა, მხოლოდ ისინი, ვინც ეს დაიმსახურა... მთავარია, ის არ დაისაჯოს, ვისაც ეს არ დაუმსახურებია“... – ფიქრობდა იაკოს ბინისკენ მიმავალი ირმა და თვითონვე უკვირდა საკუთარ თავში მომხდარი მეტამორფოზა. ამაშიც კი ვერ გარკვეულიყო, უხაროდა თუ სწყინდა ასეთი ცვლილება.
„ყოველი ქალი ამოუცნობი ფენომენია, არაპროგნოზირებადი და ამოუხსნელი. პრაქტიკულად შეუსწავლელია მისი ბუნება, ხასიათი, ფსიქიკა და მეცნიერებამ ამას უნდა მიხედოს“, – დაასკვნა ბოლოს ღიმილით და მთელი ძალით დააკაკუნა კარზე, თუმცა ზარის ღილაკი იქვე, კარის მარჯვნივ ენთო წითლად.
იაკომ კარი რომ გაუღო და ბინაში ფეხი შედგა, ირმამ მხოლოდ მაშინ იგრძნო, რომ განცდებისა და დაღლილობისგან მუხლები ეკვეთებოდა. ძლივს მიაღწია სავარძლამდე და მოცელილივით ჩაეშვა. იაკომ ფეხზე გახადა, წყალი დაალევინა, მერე მთელი სახე და ყელი სველი ცხვირსახოცით გაუწმინდა და, ცოტა რომ მოასულიერა, მხოლოდ მაშინ ჰკითხა, როგორ არის საქმეო. ირმამ ყველაფერი უამბო, მათ შორის მამასთან ვიზიტიც და დებმა დათქვეს, რომ დედისთვის არაფერი ეთქვათ, ისე დაესრულებინათ ეს კოშმარი.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3