კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როდის შეიძლება, მოტყუვდეს ურწმუნო ქრისტიანის გამო და რატომ არ შეიძლება, ადამიანზე დაქორწინება მხოლოდ მისი აღმსარებლობის ნიშნით

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ადამიანი ხშირად საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, მონათლულიც არის, ეკლესიაშიც დადის, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, შორს არის ქრისტიანობისგან. მისთვის რელიგიურობა ხშირად სხვადასხვა რიტუალის დაცვაში გამოიხატება, რაც თავის მხრივ, ქრისტიანობის არსს ეწინააღმდეგება. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– მამაო, ქრისტიან ადამიანთან ურთიერთობისას რას უნდა დააკვირდე, რომ მიხვდე: ის ჭეშმარიტი ქრისტიანი არის თუ არა?
– ადამიანის ცხოვრების წესს უნდა დააკვირდე და არა იმას, როგორი ჯვარი უკეთია, როდის არის მონათლული და  ვისი სულიერი შვილია. არავის გაჰყვეთ ბრმად, იმიტომ რომ ის მართლმადიდებელია. ბევრი მოტყუებულა ასე. ჯობია, არ იყოს მართლმადიდებელი, მერე გახდეს და წესიერი ცხოვრების წესი ჰქონდეს, ვიდრე ისეთი მართლმადიდებელი იყოს, დღეს რომ ვართ. რადგან მართლმადიდებელია, ამის გამო არ გაჰყვე ცოლად ან არ მოიყვანო ცოლი,  მთავარია, მისი ხასიათი, მისი ზნე. ჯერ იესო ქრისტე უნდა გიყვარდეს და შემდეგ მისი ერთგული წმიდანები. თანამედროვე ადამიანთა უმეტესობა ყურადღებასაც არ აქცევს იმას, თუ როგორ წარმართავს ცხოვრებას. ადამიანი ამქვეყნად ეძიებს ბედნიერებას და სიამეს, მაგრამ ვერ ჰპოვებს. ამ ძიებაში კი აუმჯობესებს ცხოვრების ფორმებს, იძენს გამოცდილებას და იმ იმედით ცხოვრობს, რომ ბოლოს და ბოლოს, მაინც მოიპოვებს ბედნიერებას. როცა ადამიანები განვითარებისა და სრულყოფილების უმაღლეს ხარისხს აღწევენ, იმავდროულად, ადამიანის ბუნებაში არსებული ბოროტება, თავის მხრივ, მისთვის ჩვეული ძალით ვითარდება. თუ გვინდა, ბედნიერები ვიყოთ, უპირველეს ყოვლისა, კეთილმორწმუნენი უნდა გავხდეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხორციელი სიცოცხლე ხანმოკლეა, მაგრამ ის წყვეტს ჩვენს მარადიულ ბედს,  მომავალს.
– რატომ უყვართ ადამიანებს ერთი და იგივე ცოდვის ჩადენა?
– როცა მოძღვარი რაღაც ცოდვას გვიკრძალავს, ისევ იმას ვაკეთებთ. მერე, ამის გამო, ცოდვას ვუმალავთ მოძღვარს და სხვა მოძღვარს ვეძებთ, რომ დარჩენილი ცოდვები მას ვუთხრათ. ცოდვა ქრისტიანს მაშინ მიეტევება, როდესაც ნანობს, განიცდის და ცდილობს, ის აღარ გაიმეოროს. ბევრი ქრისტიანი ვიცი, რომელიც ეკლესიაში იმიტომ არ დადის, რომ იქ  მისი მოძღვარი აღარ არის. სხვასთან რას ჰქვია? სხვა იესო ქრისტე ხომ არ არსებობს?! არ იციან, რომ თუ გვაქვს ცოდვების განცდა, აღსარებას ვამბობთ იესო ქრისტეს წინაშე, ხატთან, ჯვართან და სახარებასთან. მოძღვარი, უბრალოდ, გვიმსუბუქებს მდგომარეობას, გვეხმარება.
– დღეს ამბობენ, რომ წინა საუკუნეებთან შედარებით, ქრისტიანობის ანარეკლი დაგვრჩა. ხშირად მხოლოდ ერთი საათით ვართ ქრისტიანები და მერე ისე ვცხოვრობთ, როგორც გვინდა. პატარა განსაცდელიც კი გვაშორებს ღმერთთან. ამას შეიძლება, ქრისტიანობა ვუწოდოთ?
– ვისაც პრეტენზია გვაქვს, რომ მართლმადიდებლები ვართ, სწორი ცხოვრების წესით უნდა დავბრუნდეთ ღმერთთან და მთელი მსოფლიო გავიყოლიოთ. ეს არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა და ვინც ასე არ ცხოვრობს, მას სერიოზული კრიზისი აქვს. უბრალოდ არაფერი ხდება არც მთელ მსოფლიოში, არც ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ, ჩვენში. ეს არის ჩვენი არასწორი ცხოვრებითა და ცოდვებით გამოწვეული კრიზისი, რამაც ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. თუმცა, ვინც შეინანებს, ის ამოვა ამ მორევიდან. არა რეგალიებით, ჯვრებით, სასწაულებით, არამედ ავაზაკივით იტყვის: მე რომ კრიზისში ვარ, ეს ჩემი ცხოვრების ბრალია. რამდენჯერაც არ უნდა დაგვექცეს სულიერი სახლი, იმდენჯერ უნდა განვაგრძოთ შენება, აღდგენა. თუ სახურავი ჭეშმარიტი ღვთაებრივი სიყვარულია, ის არასდროს ჩამოგვექცევა. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი სახურავი ხშირად ადამიანური, მოჩვენებითი სიყვარულია. როგორც კი ღმერთი დაინახავს, რომ ვიღაც სულიერ სახლს ამპარტავნებით, ქედმაღლობით აშენებს, მოუვლენს განსაცდელს და ეს სახლი აუცილებლად დაირღვევა. ჩვენ სხვების მატერიალურ და სულიერ სახლში ფათური უფრო მეტად გვახასიათებს და მოგვწონს, ვიდრე საკუთარ სახლში წესრიგის დამყარება. ამიტომაც ვვარდებით ხშირად განკითხვაში, სხვების ცოდვების თვალიერებაში. ბევრს საკუთარი თავიც არ უყვარს, რაც თავისადმი უპატივცემულობით, არასწორი ცხოვრებით გამოიხატება. ასეთ ადამიანს არ შეიძლება, უყვარდეს სხვა და დააფასოს მისი თვისებები. ეკლესიაში რომ შემოდიხართ, ღვთაებრივზე იფიქრეთ. ჩვენი უბედურება უღმერთობაა, როცა ქრისტიანი გქვია და ქრისტეს არ იცნობ. ჩვენ იესო ქრისტე იმიტომ გვინდა, რომ სახლში გვქონდეს საჭმელი და ჩვენი შვილები იყვნენ კარგად. ადამიანები დღეს ხშირად ეუბნებიან ერთმანეთს: „ყველაფერი კარგად იქნება“. როგორ იქნება კარგად, როცა არ არის კარგად და არც შეიძლება, იყოს. გაუფრთხილდით თქვენს რწმენას, თქვენს აღმსარებლობას, სინდისს და იყავით მტრედივით უმანკოები. მტრედი სიბინძურეს არ ეკარება. იყავით კარგი მართლმადიდებელი ქრისტიანები და ჩვენს ქვეყანასაც ეშველება. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა არის უფლის ნება. რა ესიამოვნება უფალს, რით ვასიამოვნო უფალს, მოყვასს და თუ დამრჩება დრო, ვასიამოვნო საკუთარ თავსაც. გეყვარება უფალი ყველაზე მეტად, იქნები ბედნიერი. როგორც კი შენნაირ ეგოისტს შეიყვარებ უფალზე მეტად, შენც მიგატოვებს ღმერთი და შენს შეყვარებულსაც. თუ გინდათ, რომ მარტო არ იყოთ  სოციალურ ქსელში ცხვირჩაყოფილები, უფალთან იყავით. თუ მღვდელი, დიაკვანი ან სხვა სასულიერო პირი ეკლესიასთან გაშინაურდება, მაშინ იწყება მისი სულიერი კვდომა. რომ მოხვედი ეკლესიაში და ისევ განკითხვაში ხარ – ბოროტი, შურიანი, ლოცვებს რომ არ კითხულობ, სათნოება არ მოგეპოვება, ქრისტე რომ მეორედ მოვა, რას ეტყვი? ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ბევრმა სასულიერო პირმა, ქრისტიანმა მაგიური დამოკიდებულება მიიღო ეკლესიის მიმართ. „იქ თუ წახვალ, მოგეცემა შვილი, ამდენჯერ უნდა ჩახვიდე იერუსალიმში, ფოთოლს თუ წამოიღებ ან ქვას ამ ეკლესიიდან, აუცილებლად გეყოლება შვილი..“ – ეს არ არის მართლმადიდებლობა და ეს არ წერია სახარებაში. თუ რწმენა გაქვს, ნებისმიერ მოძღვარს ნებისმიერ ტაძარში შეუძლია, წაგიკითხოს ლოცვა და შენ განიკურნო, რადგან სულიწმიდის მადლი ყველგან ერთი და იგივეა.
скачать dle 11.3