კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ გახდა ირმა ხეცურიანი მსოფლიოს ჩემპიონი და რა აუკრძალა მან მეუღლეს

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია


მოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიოს ჩემპიონია. მან ვარშავაში გამართულ ეტლით ფარიკაობის ჩემპიონატზე ტაილანდელი მეტოქე დაამარცხა და ოქრო მოიგო. წარმატებების მიღწევაში ირმას მეუღლეც აქტიურად უჭერს მხარს.
ირმა ხეცურიანი: პოლონეთში, ვარშავაში გაიმართა მსოფლიო თასის ჩემპიონატი. გამარჯვებას ველოდი, ხმლით ფარიკაობა ჩემია და სულ ვცდილობ, ხმალში მქონდეს კარგი შედეგი. მეორე იარაღი რაპირაა, რომელშიც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე 16 საუკეთესოს დავჯერდი, თუმცა ხმალში ოქრო ავიღეთ. ჩვენი დიდი მაესტრო ხშირად ამბობს, რომ ფარიკაობაში გამარჯვება, უბრალოდ, სპორტში გამარჯვებას არ ნიშნავს, ეს ომში გამარჯვება და ომის მოგებაა. რეალურად ასეა, იმიტომ რომ განცდები, შეგრძნებები ომის პერიოდში, ბრძოლის ველზეც სწორედ ისეთივე გაქვს, როგორიც აქ – მოგებაც მსგავსია. ჩემი დროშა რომ ფრიალებს, ცრემლები მომდის, ამ ბოლო დროს სენტიმენტალური გავხდი.
– რა შეცვალა დაოჯახებამ შენს ცხოვრებაში?
– ძირითად დროს სავარჯიშო დარბაზში ვატარებ. ჩემი მეუღლე აქ არის და ცდილობს, მხარდაჭერა გამოხატოს. დრო ცოტა მაქვს, სახლში საღამოს დაღლილი მივდივარ. როცა გაბრაზებული ვარ, გავკივი: რაში მჭირდებოდა გათხოვება... მაგრამ რეალურად ვთვლი, რომ უნდა გყავდეს ადამიანი, ვისაც დაეყრდნობი, არ არის ამისთვის აუცილებელი ქორწინება. თუნდაც ქორწინებაში არ იყო და გვერდით გყავდეს ის, ვინც გიყვარს, ვინც შენია, მას ეკუთვნი, ის შენ გეკუთვნის, ერთნი ხდებით, ეს, პირველ რიგში, სულიერებას გიკმაყოფილებს და განცდა გაქვს, რომ იპოვე ის შენი, ცალი, ვინც გაკლდა. არ მიყვარს ჩაღრმავებები, მაგრამ ერთადერთი ადამიანია, ვისთანაც ვსაუბრობ. ის არ არის მხოლოდ ჩემი ქმარი, უახლოესი მეგობარია, მხარდამჭერია. ეს ყველაფერი გეხმარება, რომ მშვიდად იყო, სულიერი ნაყროვანება ყველაზე საჭიროა. ქორწინება – ეს ტიტული არაფერს ცვლის, მთავარია ურთიერთობამ გაამართლოს, თუ კრიზისია, მისი გადალახვაც შეიძლება.
– თქვენ თუ გქონიათ კრიზისული პერიოდი?
– თანაცხოვრების კრიზისი ჩვენც გვქონდა, მაგრამ ცივილური საუბრებით მივაღწიეთ იმ შედეგს,  რომ უთანხმოება აღარ გვაქვს. ეს კრიზისი დეტალებში გამოიხატებოდა. მე ჰოროსკოპით „ქალწული“ ვარ და ძალიან მეწვრილმანე. ჩემი ქმარი „მშვილდოსანია“, ცა და დედამიწასავით განსხვავებაა ჩვენ შორის. კარგად მივდივართ, ნაბიჯ-ნაბიჯ გავდივართ დროის იმ მონაკვეთებს, რაც უნდა გაიაროს ცოლ-ქმარმა. ვერ ვგრძნობ, რომ ცოლი ვარ. შეზღუდვებს ვერ ვგრძნობ, კარგად იცის, რომ მისი ცოლი სპორტსმენია და სულ მხარს მიჭერს.
– თავიდან როგორ მოგხიბლა?
– რაღაც-რაღაცები აქვს ისეთი, რომ მეც კი მაოცებს. ძალიან ახალი დაწყებული იყო ჩვენი ურთიერთობა. სანამ ისეთ ფორმატში გადაიზარდებოდა, რასაც შეყვარებულობა ჰქვია, მანამდე არ მქონია ისეთი დამოკიდებულება, რომ მე ამ ბიჭთან რაიმე ვალდებულებები მაქვს. ჩემმა მეგობარმა დამპატიჟა ჯაზის ფესტივალზე და წავედი... ათასჯერ დამირეკა: სად წახვედი, სად ხარო. გავბრაზდი, ამას ვინ ეკითხება სად ვარ-მეთქი და საბოლოოდ ვუთხარი: თავი დამანებე, აქ კარგად ვარ-მეთქი. სახლთან რომ მივედით და მანქანა გავაჩერეთ, ვხედავ, აქ დგას. ჩემს მეგობარს მიესალმა და უთხრა: გამარჯობა, გიორგი დანელია – ირმას შეყვარებული ვარო. მე მეუბნება: ვინ იყო,  რატომ მოგაცილა, ვერ დამირეკე, მე ვერ მოგაცილებდიო? წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რომ ერთი კვირის გაცნობილი ადამიანი, ჩემს მეგობართან მოდის და აცნობს თავს, როგორც  ჩემი შეყვარებული და მე ამის შესახებ არაფერი ვიცი.  შეყვარებულობის დროს რომეო და ჯულიეტა ვიყავით, ოღონდ მე, ჯულიეტა, ვიყავი დაბლა, ისეთ ადგილზე, სადაც იყო ნული სართული და ღამით ვრჩებოდით დაცვა და მე. როცა ეს ურთიერთობა სერიოზულ ფორმატში გადავიდა, ღამით ვაგდებდი – წადი, წადი-მეთქი და ზევით რომ ავიდოდა, პატარა ფანჯარა იყო, დაჯდებოდა და იქიდან მელაპარაკებოდა. ერთხელ მოადგა პოლიცია, რას ეძებო და მე ქვევიდან ვეძახი, ჩემი შეყვარებულია-მეთქი. იქ არავის ელოდნენ, ეგონათ, ეს რაღაცას უთვალთვალებდა, ამოწმებდა. სამჯერ იყო ასეთი ფაქტი.
– რომანტიკულ სიურპრიზებს ხშირად გიკეთებს?
– ჩემი დაბადების დღე იყო, საქართველოში არ ვიყავი. ერთი კვირის მერე დავბრუნდი. აეროპორტში ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი დამხვდა – წარწერებით, ყვავილებით, ბუშტებით და სახლში კი ისეთი რაღაც მომიმზადა, რასაც მისგან არ ველოდი – ძალიან დიდი თეთრი ფურცელი, სადაც ფოტოებზე ყველა ის მნიშვნელოვანი დღე იყო აღბეჭდილი, რომლებიც ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს და ამ ფურცელზე კი – ჩემი მეგობრების სურვილები ეწერა.
– ჩხუბობთ ხოლმე?
– ერთ პერიოდი ვჩხუბობდით ხოლმე, რადგან შაურმა უყვარდა. ვეუბნებოდი, ჩემს თავს შაურმა გირჩევნია-მეთქი. მახსოვს, სამსახურში ვარ და გაბუტულია. შემოვიდა ერთი ჩემი მეგობარი – ხმას არ სცემს, შემოვიდა მეორე – ხმას არ იღებს. ეკითხებიან: გიო, რა გჭირს? ამან კი თავისი დიდი, სევდიანი, წყლიანი თვალებით ამოხედა ორივეს და ეუბნება:  ირმამ შაურმის ჭამა ამიკრძალა, თქვენ გესმით ეს რას ნიშნავსო? ამის შემდეგ შეეცადა, რომ შაურმა თვეში ერთხელ ეჭამა, ახლა თვითონაც აღარ მოსწონს. როცა ეს შაურმის თემა მორჩა, იმ საღმაოს მეუბნება - მშია და რამე უნდა გამოვიძახოო. ამაზე მე ავიჭერი, დავაყარე ქოქოლა – ახლა კიდევ შაურმას გამოიძახებ-მეთქი. საბოლოოდ, კურიერმა მისი შეკვეთა მოიტანა. გავიდა და შემოდის დიდი ყუთით. თორმეტ საათს გადასცდა და მაწვდის: აი, შენ ჩემი შაურმაო. გავხსენი და ძალიან ლამაზი ყვავილები და პატარა ტორტი იდო. ისე დამაჯერა, რომ შაურმა გამომიგზავნა, ავტირდი. ერთხელ, მისი დაბადების დღის, წინა საღამოს რაღაცაზე ვიკამათეთ. ალბათ, ისევ მე ვიყავი დამნაშავე. დილით გადავწყვიტე შემერიგებინა, თეფშზე ბევრი შოკოლადი დავაწყვე, დავუდე პატარ-პატარა გულები, ყავა, დავუწერე წერილი და ეს ყველაფერი ტუმბოზე დავულაგე. ვცდილობ, რომ ეს წერილი გამოვაჩინო. ჩემთვის მხოლოდ ის ფურცელია მნიშვნელოვანი, მთელი სული და გული ჩავაქსოვე, მოვუბოდიშე. გაიღვიძა, ველოდები, ფურცელს როდის მოჰკიდებს ხელს. უი, ყავაო, დალია. შოკოლადები რა მაგარიაო. უი, რა საყვარელი გულებიაო, ველოდები, ფურცელს როდის მოჰკიდებს ხელს. ვუყურებ, იქნებ ფურცელი აიღოს და ვერ მივიდა ფურცლამდე. ბოლოს გავბრაზდი, ავიღე, ვაჩვენე ფურცელი – ეს წაიკითხე-მეთქი. ძალით წავაკითხე.
скачать dle 11.3