კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ „მოდრიკა წელში“ სტალინმა გოლიათი დე გოლი კრემლში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

სტალინის ქარიზმაზე არაერთი წიგნი თუ პუბლიკაცია დაწერილა და მათი ავტორები ერთხმად აღნიშნავენ ამ ფაქტს. საბჭოთა ბელადის აურა და მისი საქციელი, მთლიანობაში, ისეთ ატმოსფეროს ქმნიდა ირგვლივმყოფთათვის, რომ სტალინი შეუდარებლად გამოიყურებოდა მათ შორის და „ამა ქვეყნისა ყველაზე ძლიერნიც“ კი ვერ უძლებდნენ და მისი გავლენის ქვეშ ექცეოდნენ... ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „1944 წლის ნოემბერში სტალინის გაუარესებული ჯანმრთელობა სულ რაღაც ორიოდე კვირაში აღდგა და ის გაორმაგებული ენერგიით შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას. ომი დასასრულს უახლოვდებოდა. ჩვენ წინ მივიწევდით. მთელი მსოფლიოსთვის უკვე ნათელი იყო ფაშისტური გერმანიის კრახი. მრავალი ოკუპირებული ქვეყნის ლიდერი უკვე პირადად სტალინს უთანხმდებოდა საკუთარი სამშობლოს ბედზე და დახმარებას სთხოვდა. 10 დეკემბერს კრემლში ფრანგულ დელეგაციას ველოდებოდით, რომელსაც გენერალი შარლ დე გოლი მეთაურობდა. დე გოლი იმ პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი იყო და ფაშისტებს ებრძოდა. ის ქვეყნის პრეზიდენტი მოგვიანებით გახდა. მიუხედავად ამისა, ფრანგი გენერალი დიდ სამხედრო ძალას ფლობდა და ფრანგებში უდიდესი პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობდა. სწორედ ამიტომ მიავლინეს ის მოსკოვში, რომ მას სტალინისგან სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის გარანტიები მიეღო და ეს გარანტიები სათანადო ხელშეკრულებით გაეფორმებინა. დე გოლი საკმაოდ არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა. ის ძალიან მაღალი კაცი იყო, კოპებშეკრული, უზარმაზარი ცხვირით. შესიებული უპეებიდან გამჭოლად გიყურებდნენ მისი თვალები. ეს კაცი თითქმის არასოდეს იღიმებოდა. თუმცა, ეს ერთი შეხედვით პირქუში პიროვნება სტალინის წინაშე ლეკვივით უმწეო შეიქმნა, როცა საკუთარი ნების თავზე მოხვევას შეეცადა, მაგრამ ვერაფერს გახდა. საქმე ის იყო, რომ ფრანგების დროებითი მთავრობის ხელმძღვანელობა (რომელიც ლონდონში იყო დაბინავებული) ურთიერთდახმარებისა და კავშირის ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად იყო მოსკოვში ჩამოსული. ეს დოკუმენტი, უპირველესად, მათ ინტერესებს ემსახურებოდა. ფრანგებმა ხელშეკრულების საკუთარი ვარიანტი ჩამოიტანეს, რომლის თანახმადაც, საბჭოთა კავშირი დიდ დათმობაზე უნდა წასულიყო ევროპაში. გარდა ამისა, ფრანგებისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება უნდა გაგვეწია. სტალინმა, რა თქმა უნდა, ჩანასახშივე უარყო ფრანგული ვარიანტი. გაეცინა. დოკუმენტი მაგიდაზე მოისროლა და მითხრა:
– ნათქვამია, თავხედობა მეორე ბედნიერებააო. თუმცა, არ მგონია, რომ ჩვენთან თავხედობამ ფრანგები გააბედნიეროს. ამათ ჩვენ ვინ ვგონივართ. ალბათ, სულელები, არა მართალია, დე გოლზე ბევრი კარგი მსმენია, მაგრამ ეს დოკუმენტი მას ჩემს თვალში ამცირებს.
ერთი სიტყვით, სტალინმა დე გოლს ჩემი პირით დოკუმენტის გადასინჯვა შეუთვალა – წინააღმდეგ შემთხვევაში, შეხვედრას აზრი არ ექნებაო... სულ რამდენიმე საათის შემდეგ, ფრანგებმა რადიკალურად განსხვავებული დოკუმენტი წარმოადგინეს და სტალინი კმაყოფილი დარჩა. თუმცა, შეხვედრა მაინც მეორე დღისთვის გადაიდო. 10 დეკემბერს კრემლში მოსულ დე გოლს სტალინი ისევე მიესალმა, როგორც სხვა მის ხელქვეითებს და ამით მას პირველი დარტყმა მიაყენა. ასე სტალინმა ფრანგ გენერალს აგრძნობინა, თუ ვინ იყო სიტუაციის ბატონ-პატრონი. მეტიც, სტალინი ხაზგასმული თავაზიანობით ეპყრობოდა ესკადრილია „ნორმანდიის“ მეთაურს პუიადას და მასთან ერთად ვახტანგურადაც კი დალია პირადად მისი სადღეგრძელო. დე გოლი, რა თქმა უნდა, მიხვდა სტალინის დემარშს, მაგრამ ცდილობდა, ღირსეულად დაეჭირა თავი. თუმცა, სახეზე აშკარად ეტყობოდა მღელვარება. სტალინმა ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, მშვენივრად შეამჩნია და მხოლოდ მას მერე, რაც გენერალი საჭირო კონდიციამდე მიიყვანა, სათანადო ყურადღება მიაპყრო. ფრანგი გოლიათი ლიდერი ოთახის კუთხეში, ღვინით სავსე ბოკალით ხელში იდგა და დაბნეული იყურებოდა. იმ მომენტში ის ნამდვილად არ ჰგავდა გმირ ფრანგ გენერალს, რომელიც საქვეყნოდ იყო ცნობილი თავისი სიჯიუტითა და პრინციპულობით. სტალინი, რომელსაც ასევე ღვინით სავსე ბოკალი ეჭირა, დე გოლს მიუახლოვდა. ხელკავი გამოსდო და ოთახის ცენტრისკენ წაიყვანა. შემდეგ სადღეგრძელო წარმოსთქვა და გენერალს ვახტანგურად დალევა შესთავაზა. დე გოლი იძულებული იყო, შესამჩნევად მოხრილიყო, რათა მკლავი მკლავში გაეყარა სტალინისთვის. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ფრანგი თავს იხრიდა სტალინის წინაშე მაშინ, როცა სტალინი წელში გამართული, თავაწეული სვამდა ვახტანგურად. ეს მომენტი, რა თქმა უნდა, ფრანგებმაც დააფიქსირეს და „ნორმანდიის“ მეთაურს ულვაშებშიაც კი ჩაეცინა. სტალინმა ერთ-ერთ სადღეგრძელოში თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნები უსასტიკეს ომში ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ (იგულისხმებოდა 1812 წლის ნაპოლეონის შემოსევა), დღეს ჩვენ მოკავშირეები ვართ და ერთიანი ძალისხმევით ვანადგურებთ ფაშიზმს. ჩვენს მიწაზე ვერც ჰიტლერმა მოიკიდა ფეხი და ვერც ნაპოლეონმა და ეს სურვილი ყველასთვის აუსრულებელი დარჩებაო“.
ნაპოლეონის ხსენება ფრანგებს არ ესიამოვნათ. მით უმეტეს, მისი შედარება ჰიტლერთან. თუმცა ხმამაღალი პროტესტი არავის გამოუთქვამს. დე გოლმა კი ფრანგულად ჩაილაპარაკა, რომ არა გენერალი ბანგრატიონი, უკიდურესად გაგიჭირდებოდათო.
სტალინს ბრწყინვალე სმენა ჰქონდა. არ გამოჰპარვია ფრანგი გენერლის ეს ფრაზა, რომელიც უმალვე „დაიჭირა“ (სტალინმა ფრანგული ენა კარგად იცოდა) და თქვა: „თქვენი და ბაგრატიონის თამადობით, ყველა იმ მეომარს გაუმარჯოს, ვინც ბოროტებას ებრძვისო“. ეს სადღეგრძელო უკვე ვახტანგურის გარეშე დალიეს. შემდეგ დე გოლმა საპასუხო სიტყვა წარმოსთქვა და მხოლოდ ბაგრატიონის თამადობით დალია მეომართა სადღეგრძელო. სტალინმა დე გოლს კვლავ ხელკავი გამოსდო და განუმარტა – ბაგრატიონი ქართველი იყო და რუსეთში იბრძოდა და მეც საქართველოში მაქვს სამშობლოო...
სტალინის ქარიზმამ ფრანგებზე მართლაც ჯადოსნური შთაბეჭდილება მოახდინა და წლების მერე, როდესაც პარიზში ჩავედი და უკვე პრეზიდენტ დე გოლს შევხვდი, ფრანგი გენერალი დიდი პატივისცემით იხსენებდა სტალინს“.
скачать dle 11.3