კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 მკვლელის ზუსტი გათვლა

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

ჩარლზ გილფორდი

ვინმეს რომ ანიტა ლოუ ფსიქოლოგისთვის ეჩვენებინა, აუცილებლად იტყოდა, ამ ქალს განსაკუთრებული ტიპის აშლილობა აქვსო. ფსიქიკური, რა თქმა უნდა. ანიტას უცნაურობებს საკუთარ თავზე გრძნობდნენ მისი სახლის ბინადრები. ცხოვრების არსს მხოლოდ იმაში ხედავდა, სხვის პირადში ეფათურებინა ხელები და ცხვირიც ღრმად ჩაეყო. განსაკუთრებულად მისის კერლი ამოიჩემა – ქერა ლამაზმანი, რომლის ქმარიც ხშირად დადიოდა ხანგრძლივ მივლინებებში. პირსი კერლის კი აშკარად არ უყვარდა მოწყენით ცხოვრება. პრინციპში, რა ანიტას საქმე იყო, ატყუებდა თუ არა მისის კერლი ქმარს ან ის, თუ ვინ მიიყვანდა ღამით მანქანით სახლამდე, მაგრამ ანიტა მოთმინებას კარგავდა, როცა კიბეზე და დერეფანში მისი ძვირფასი ტყავისგან შეკერილი ფეხსაცმელების ქუსლები კაკუნი ესმოდა... რამდენჯერმე დააპირა არტურ კერლისთვის ეთქვა, ძალიან ბევრს ხარჯავ შენი ცოლის გარეგნობაზე, რომლითაც სხვები სარგებლობენო, მაგრამ სათქმელს ვერც ფორმა მოუძებნა, ვერც შესაფერისი მომენტი იპოვა. თუმცა, აგრესია მისის კერლის მიმართ დღითიდღე ეზრდებოდა. ბოლო წვეთი ამ ფიალაში ერთი მზიანი დღის ინციდენტი გამოდგა. პირსი კერლი ანიტა ლოუს გამორჩეულად საყვარელ სარწეველა სავარძელში იჯდა და  ყავას მიირთმევდა. ანიტა სიბრაზისგან გამწვანდა. მასთან მივიდა და „დაშაქრული“ ენით შეუქო გამჭვირვალე პენუარი.
– ალბათ, ჯერ მისტერ კერლის არც უნახავს და არც ის იცის, როგორ ერთობით, როცა ის აქ არ არის.
– მის ლოუ, იქნებ თავი დაანებოთ ჩემს უკან დევნას. მგონი, თქვენ საერთოდ არ გეხებათ ჩემი პირადი ცხოვრება.
– თქვენ კარგი რეპუტაციის სახლში ცხოვრობთ. ჩემი მობინადრეები წესიერი ხალხია. ვერ დავუშვებ...
ანიტა ლოუმ სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო, რომ მისის კერლიმ ფინჯანში ჩარჩენილი ყავა სახეში შეასხა. ფინჯანი კი ისე დაანარცხა მაგიდას, თხელი ფაიფური ნამსხვრევებად გაიფანტა.
– ჩემი საყვარელი ფინჯანი... – აწივლდა ქალი, – როგორ ბედავ, შე კახპა!
ხმაურზე ყველა, ვინც იმ მომენტში სახლში იყო,  ტერასაზე გამოეფინა. კარგად დაინახეს, როგორ ჩამოსდიოდა სახეზე მის ლოუს ყავის სველი ნალექი. იმავე საღამოს, ანიტა ლოუმ ანონიმური ზარი განახორციელა არტურ კერლისთან და მოურიდებლად აუწყა – შენი ცოლი კახპააო. ანიტას რატომღაც ეგონა, კაცი მაშინვე გამოექანებოდა ცოლის დასასჯელად, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.
მისის კერლისაც არ შეუწყვეტია ღამის გასეირნებები. ორი დღის შემდეგ ანიტა ლოუ თავისი ბინის სასტუმრო ოთახში იჯდა. ბრაზი ისევ არ აძლევდა დაძინების საშუალებას. კერლები მისი ბინის თავზე ცხოვრობდნენ. ახლა არც ცოლი იყო სახლში, არც ქმარი. ქმარი მივლინებაში იყო, მისის კერლი მორიგ პაემანზე ბრძანდებოდა. ძილმა თითქმის წაართვა თავი, როცა კერლების ბინაში მძიმე ნაბიჯების ხმა გაიგონა. ეს აშკარად არ იყო მისის კერლი. ზემოთ კარი გაიღო და ისე უჩუმრად დაიხურა, რომ არა ღამის სიჩუმე, ანიტა, ალბათ, ვერც გაიგონებდა, მერე დივანმა გაიჭრიალა და სრული მდუმარება გამეფდა. ანიტა ლოუ დაიძაბა – აშკარად რაღაც გაუთვალისწინებელი ხდებოდა. სული განაბა და მოვლენების განვითარებას დაელოდა. გამთენიისას ოთხი ან ხუთი საათი იქნებოდა, მისის კერლი სახლში დაბრუნდა. ავტომობილი სახლიდან მოშორებით გაჩერდა, იმიტომ რომ მისი ხმა საკმაოდ ყრუდ გაისმა. სამაგიეროდ, ქუსლების კაკუნი ისმოდა გარკვევით. კარში გასაღების გადატრიალების ხმა და სუსტი შეკივლება ანიტამ ერთდროულად გაიგონა. მერე ზემოთ რაღაც გაურკვეველი ხმაური ატყდა, ყრუ, მაგრამ შიშის მომგვრელი. მერე თითქოს ყველაფერი ჩაყუჩდა. რასაც მამაკაცის მძიმე ნაბიჯების ხმა მოჰყვა. არტური ბოლთას სცემდა... ანიტა ლოუ დაიძაბა, შინაგანი „მე“ ჰკარნახობდა, რომ ზემოთ რაღაც საშინელება მოხდა. არტურ კერლიმ ცოლი მოკლა. ანიტას სძულდა მისის კერლი და სულაც არ ადარდებდა მისი სიკვდილი. არტური არარაობად მიაჩნდა, რომელსაც ცოლი დიდი ხანი იყო რქებს ადგამდა. პრობლემა მისის კერლის სიკვდილი არ იყო. ანიტას საშინლად მოუნდა მათზე შურისძიება. ახლა სერიოზული სამხილი ჰქონდა ხელთ. გაიგონა, როგორ მიათრევდნენ რაღაც მძიმეს ზედა სართულზე. ეს, ალბათ, მისის კერლის გვამი იყო. ანიტამ გაიგონა, როგორ დაიკეტა ზედა სართულზე კარი. კიბეზე ჩამომავალი ადამიანის ფეხის ხმაც არ გამოჰპარვია მის სმენას. ფანჯარას აეკრა და დაინახა როგორ მიეფარა ქუჩის კუთხეს გამხდარი კაცის ფიგურა...
მეორე დღეს მისის კერლი არავის უნახავს და მხოლოდ ანიტამ იცოდა, რაში იყო საქმე. საღამოს არტურ კერლისგან მოკლე შინაარსის დეპეშა მიიღო: „მის ლოუ, გიგზავნით ერთი თვის ბინის ქირას და მაქვს მოკრძალებული თხოვნა: დღეს დილით ჩემთან ჩამოვიდა ჩემი მეუღლე. გადაწყვიტა, ამიერიდან ჩემთან ერთად იაროს ქალაქიდან ქალაქში. თუ არ შეწუხდებით, ჩვენი პირადი ნივთებით სავსე ყუთი, რომელიც ბინაშია, მითითებულ მისამართზე გამოგვიგზავნოთ. გზავნილის საფასურს მე თავად გადავიხდი. პატივისცემით, არტურ კერლი“.
... სკივრი... აჰა, აი, სად დამალა გვამი. გაება ჩიტი მახეში. ანიტამ დეპეშა დახია და არტურს წერილი მისწერა.
„პატივცემულო მისტერ კერლი, თქვენი მეუღლე დამოუკიდებლად ვეღარასოდეს გამოვა ოთახიდან და ამის შესახებ მხოლოდ მე „მითხრა“. ეჭვი არ მეპარება, რომ მშვიდი ცხოვრება დაიმსახურეთ, მაგრამ სრული სიმშვიდისთვის ჩემი კმაყოფილებაც არის საჭირო. ვფიქრობ, ათი ათასი დოლარი ამ პრობლემას მოაგვარებს. რაც შეეხება სკივრს, აუცილებლად მიიღებთ... მხოლოდ ამ თანხის გამოგზავნის შემდეგ. სამწუხაროა, რომ ამის გაკეთება მიწევს, თუმცა თქვენი მეუღლე არასოდეს გამოირჩეოდა თავაზიანობით. ამიტომაც, დიდად გულიც არ მწყდება...“
ანიტა ლოუმ წერილი გაგზავნა და ლოდინი დაიწყო. დარწმუნებული იყო, მკვლელობაში მხილებული კაცი მაშინვე გამოქანდებოდა ათი ათასი დოლარით. ეს ამ ოჯახზე შურისძიების ღირსეული დასასრული იქნებოდა. დღე მიილია. არტური არ გამოჩენილა. დილითაც არ შეხმიანებია და ანიტა ლოუს შფოთვა დაეტყო. როდემდე შეიძლებოდა გვამის სკივრში დატოვება? იქნებ, არტურმა საერთოდ გადაიფიქრა კიდეც და სკივრი მისი მოსაშორებელი გახდება? ანიტა ლოუ შიშმა აიტანა. გვამი ხრწნას დაიწყებდა და მთელი სახლი გაიგებდა მომხდარის შესახებ. ვიღა იქირავებდა მასთან ბინას.
ანიტამ გასაღები აიღო და კერლების ბინაში ავიდა. სქელი ფარდები ისე იყო ჩამოფარებული, ოთახში ბნელოდა. ანიტამ ძველებურ სკივრს ადვილად მიაგნო და ყურადღებით ჩააშტერდა – „ალბათ, გვამი მოკეცა და შიგ ისე ჩადო...“ – გაიფიქრა. ერთბაშად ოთახი მკვეთრმა შუქმა გაანათა.
– ბატონებო, აი, ეს ქალბატონია, რომელმაც სავარაუდოდ, ჩემი ცოლი მოკლა. მას სძულდა ის და ყველა მობინადრე დაგვერწმუნება ამაში. გვამი კი, ალბათ, სკივრში დამალა...
ანიტა გონს მოეგო და დაინახა, როგორ ამოიღო ჯიბიდან ხელბორკილი პოლიციელმა.


скачать dle 11.3