კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ბერიას რომელმა ინოვაციამ მოუტანა დიდი გამარჯვება წითელ არმიას უკრაინაში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ მავანნი ლავრენტი ბერიას ყველა საბჭოური უბედურების მოთავედ რაცხავენ, ამ ბოლო წლების განმავლობაში უკვე მრავალ ინსინუაციასა და ფალსიფიკაციას აეხადა ფარდა და ბერიაზე სიმართლეც ბევრი დაიწერა. ისტორიის დოქტორი მიხეილ კოლმინსკი წერს: „ბერიას ვერაგული მკვლელობის შემდეგ მთელი საბჭოური პერიოდი და პოსტსაბჭოური რუსეთის პირველი თხუთმეტი წელი ეს ადამიანი (ბერია) საბჭოთა კავშირის მთავარ ბოროტმოქმედად სახელდებოდა. თუმცა, მას მერე, რაც მთელი რიგი საიდუმლო დოკუმენტები განსაჯაროვდა და ბერიაზე ობიექტური გამოკვლევები ჩატარდა, გაირკვა, რომ ლავრენტი პავლეს ძე ბერია „არც თუ ისე ცუდი ადამიანი“ ყოფილა.  მისი ღვაწლი კი საბჭოეთისა და რუსეთისთვის შეუფასებელია და თითქმის არ ჩამოუვარდება იმ დამსახურებებს, რაც თვით სტალინს აქვს... ირკვევა ისიც, რომ ბერია ნიჭიერი, განათლებული, საზრიანი და ჰუმანური ადამიანიც კი ყოფილა, რასაც მისი განკარგულებები და ნორმატიული აქტები ადასტურებენ. ცნობილი გახდა ისიც, რომ არაერთი გახმაურებული სასიკეთო მოვლენა და ფაქტი პირდაპირ ბერიასთან ყოფილა დაკავშირებული, თუმცა მას არასოდეს გაუსვია ამისთვის ხაზი და ხშირ შემთხვევებში, ჩრდილშიც დარჩენილა. მსგავსია, ეგრეთ წოდებული, წყალქვეშა ხიდის აგების იდეა, რომელიც ბერიამ მოიფიქრა და უდიდესი როლი შეასრულა მდინარე დნეპრის ფორსირებასა და უკრაინის გათავისუფლების საქმეში“.
წყალქვეშა ხიდის იდეაში იგულისხმება ცნობილი ქართველი ინჟინრის, ირაკლი ციციშვილის მიერ 1943 წლის ოქტომბერში მდინარე დნეპრზე აგებული  ხიდი. ბერიას დაცვის ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი რაფაელ სარქისოვი ყვებოდა: „მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა არმია ფაშისტებს ძლიერ დარტყმებს აყენებდა უკრაინაში, საქმე მაინც ნელა მიიწევდა წინ და მდინარე დნეპრის ფორსირება ჭიანურდებოდა. ამიტომ, სიტუაციის გასარკვევად ადგილზე სტალინმა ლავრენტი პავლოვიჩი (ბერია) მიავლინა და მას მეც თან ვახლდი. დნეპრის ფორსირება პირველ უკრაინულ ფრონტს უნდა მოეხდინა, რომელსაც არმიის გენერალი ნიკოლაი ვატუტინი მეთაურობდა, სამხედრო საბჭოში კი ნიკიტა ხრუშჩოვი შედიოდა. ადგილზე რომ ჩავედით და სიტუაციას გავეცანით, აღმოჩნდა, რომ დნეპრზე ხიდის გადება ვერ ხერხდებოდა და სწორედ ეს პრობლემა უნდა მოეგვარებინა ბერიას“.
სარქისოვის მონათხრობი ჩაწერილია 1948 წელს და არასრულია, რადგან იმ პერიოდში, იდეოლოგიური მოსაზრებით, სრული სიმართლის დაწერა კატეგორიულად იკრძალებოდა. ამიტომ, საინტერესოა ამბაკო ხორავას მოგონებები, რომელიც 1967 წელსაა გამოცემული კანადაში და ამ ისტორიას სრულად გადმოგვცემს. ხორავა ბერიას პირადი შიკრიკი იყო და მას ამ ვოიაჟში თან ახლდა. ბერიას მკვლელობის შემდეგ ხორავა უცხოეთში გაიქცა და 1997 წელს კანადაში გარდაიცვალა. მანამდე კი ორი წიგნი გამოსცა და გთავაზობთ ერთ-ერთ ფრაგმენტს: „მიუხედავად იმისა, რომ სტალინმა ბერია ფრონტზე „ნაჟიმისთვის“ (ზეწოლისვის) მიავლინა, ბერია ძალიან კორექტული იყო და ვატუტინისგან მშვიდად მოისმინა მოხსენება შექმნილი ვითარების შესახებ. არმიის გენერალმა (ვატუტინმა) ლაპარაკი რომ დაასრულა, მოულოდნელად ხრუშჩოვი აყვირდა, ყველა გალანძღა, ბოლოს კი ასე დაასრულა – კარგი ინჟინრები არ გვყავს. მხდლები და მშიშრები არიან და ხიდს ვერ აშენებენ, რომ მდინარეზე ჯარი გადავიყვანოთო.
ბერია ასეთ გამოხდომებს ვერ იტანდა, თუმცა მწვავე რეაქცია არ გამოუვლენია ხრუშჩოვის სიტყვებზე და უთხრა:
– ყველაფერს გავარკვევთ და დამნაშავეებს დავსჯითო.
ამ სიტყვების მერე ბერიამ ხიდის მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირის მასთან მოყვანა პირადად ხრუჩოვს უბრძანა და აღმოჩნდა, რომ პირველი უკრაინული ფრონტის 38-ე არმიის 268-ე ცალკეულ საინჟინრო ბატალიონს 22 წლის კაპიტანი, ეროვნებით ქართველი, ირაკლი ნიკოლოზის ძე ციციშვილი მეთაურობდა. ბერიამ რომ ამ ულვაშა ქართველს შეხედა, რომელიც მამაცურად გამოიყურებოდა და შიშის ნატამალიც არ ეტყობოდა, მიესალმა და რუსულად უთხრა:
– მომახსენეთ, რა ხდება!
ციციშვილმა ბერიას უთხრა, რომ ხიდის მშენებლობას ხელს უშლიდა ფაშისტების საავიაციო და საარტილერიო დაბომბვები, რომლის მოგერიებასაც თავდაცვის ძალები ვერ ახერხებდნენ. კაპიტანმა ასე დააბოლოვა თავისი მოხსენება:
– ამხანაგო ბერია, თავს არ ვზოგავთ. მე და ჩემი მებრძოლები ძლიერი ცეცხლის ქვეშ ვმუშაობთ და უკვე ოცი ჯარისკაცი დამეღუპა. მიუხედავად ამისა, ხიდი მაინც ვერ კეთდება.
– უფრო მეტი თავგანწირვაა საჭირო, – ჩაერთო ხრუშჩოვი.
ბერია კი ჩაფიქრდა. ორიოდე წუთის შემდეგ კი ციციშვილს უკვე ქართულად უთხრა:
– სასწრაფოდ რამეა მოსაფიქრებელი, კაპიტანო, თორემ დრო არ ითმენს.
– შევეცდებით, ამხანაგო ბერია. ხიდს ან ავაგებთ, ან ყველანი თავს შევწირავთ, – თქვა ციციშვილმა.
ბერია კიდევ ცოტა ჩაფიქრდა და ციციშვილს უთხრა:
– ასეთი თავგანწირვა უაზრობაა. რა იქნება, რომ ხიდი ღამღამობით აშენოთ, თანაც წყლით რომ იყოს დაფარული, რათა ფაშისტებმა ვერ შენიშნონ. შესაძლებელია ასეთი რამ?
ციციშვილს სახე გაუბრწყინდა და ეტყობოდა, რომ გონება გაუნათდა. ძლივს შეიკავა თავი, რათა ბერიასთვის მხარზე მეგობრულად არ დაეკრა ხელი, შემდეგ ბერიას გამოეჯგიმა და ქართულად უთხრა:
– ორიგინალური მიგნებაა, ამხანაგო ბერია და სავსებით შესაძლებელია. წყალქვეშ მოტივტივე ხიდს ავაშენებთ.
და, მართლაც, სულ რაღაც ხუთ დღეში, ირაკლი ციციშვილმა და მისმა ჯარისკაცებმა დნეპრზე 360 მეტრის სიგრძის ხიდი ააგეს, რომელიც ტივტივებდა, 20 სანტიმეტრით წყალქვეშ იყო მოქცეული და 30 ტონას უძლებდა. მასზე რომ ტექნიკა და ჯარისკაცები გადადიოდნენ, ისე ჩანდა, თითქოს წყალზე მოძრაობდნენ. ამ ტექნიკურმა მიგნებამ დნეპრის ფორსირება და მთელი უკრაინის გათავისუფლება მოიტანა, ხოლო ირაკლი ციციშვილს კი საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა...“
1943 წლის ნოემბრის დასაწყისში ირაკლი ციციშვილს პირადად ბერიამ დააბნია გულზე გმირის ოქროს ვარსკვლავი და უთხრა:
– ყოჩაღ, თავადო, შენმა გმირობამ ქვეყანას დიდი გამარჯვება მოუტანაო...
скачать dle 11.3