კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ბავშვებში

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია, გვხვდება ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანებში, უფრო ხშირად – ქალებში. საქართველო იოდდეფიციტური რეგიონია და ამიტომ დაავადება აღინიშნებათ მცირეწლოვან ბავშვებსაც და მოზარდებსაც. ის შეიძლება, იყოს თანდაყოლილიც. სამწუხაროდ, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი ბავშვებში იწვევს ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას.
თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი – ეს ნიშნავს იმას, რომ: ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ჰორმონებს, რაც შეიძლება, გამოიხატოს სიმაღლეში ზრდის, განვითარებისა და ინტელექტის დარღვევაში. მიზეზი – გენეტიკური ფაქტორი, ფარისებრი ჯირკვლის განუვითარებლობა, სისხლის მომარაგების დარღვევა, ინტოქსიკაცია და სხვა. მთავარია დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა. ამიტომ ყველა ახალდაბადებულ ბავშვს მესამე-მეოთხე დღეს უტარდება ნეონატალური სკრინინგი  – სისხლის ანალიზი ქუსლიდან. დღენაკლულ ბავშვებს, არასწორი დიაგნოზის თავიდან ასაცილებლად, იგივე პროცედურას მეშვიდე-მეთოთხმეტე დღეს უტარებენ. სისხლი იგზავნება სპეციალურ ლაბორატორიაში, რომლის პასუხი 10 დღეშია ცნობილი. თუ პასუხი „არაკეთილსაიმედოა“, ამის შესახებ აცნობებენ მშობლებს და შესთავაზებენ განმეორებითი ანალიზის გაკეთებას.
თუ ანალიზმა აჩვენა, რომ ფარისებრი ჰორმონები ნორმის ზღვარზეა, ბავშვს აიყვანენ დისპანსერულ აღრიცხვაზე ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.
თუ განმეორებითმა ანალიზმა უჩვენა სრული ან ნაწილობრივი ჰორმონების გამომუშავების ნაკლებობა, იწყება მკურნალობა პრეპარატებით, რაც შეავსებს ჰორმონების ბალანსს. დანიშნული კურსის ჩატარების შემდეგ, ექიმის გადაწყვეტილებით, ტარდება საკონტროლო ანალიზი. ასეთ ბავშვებზე 1 წლამდე საჭიროა არა მხოლოდ ენდოკრინოლოგის, არამედ ნევროპათოლოგისა და პედიატრისა მეთვალყურეობაც. სწორი და დროული კორექციის შემთხვევაში, ბავშვი თანატოლებს ზრდასა და განვითარებაში არ ჩამორჩება.

შეძენილი ჰიპოთირეოზი
ბავშვი შეიძლება დაიბადოს სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ მოგვიანებით განუვითარდეს ჰიპოთირეოზი. ხშირად ეს ემართებათ მათ, ვინც გადაიტანა აუტოიმუნური თირეოდიტი – აიტ. აიტი – ეს არის მდგომარეობა, როდესაც იმუნური სისტემა შეცდომით აღიქვამს საკუთარ ფარისებრ ჯირკვალს, როგორც უცხო სხეულს და მის წინააღმდეგ  ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ეს არის სპეციფიკური ფარისებრი ჯირკვლის ანთება, რომელიც აზიანებს მის უჯრედებს. თუ პროცესი ინტენსიურია, შეიძლება, დაქვეითდეს ჰორმონების გამომუშავება, რასაც ჰიპოთირეოზის განვითარებასთან მივყავართ. აუტოიმუნური თირეოდიტი შეიძლება, უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს ან გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გადიდება. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: კანის სიმშრალე, თმის ცვენა, შეკრულობა, შენელებული მოქმედებები, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება. ეს ის სიმპტომებია, როდესაც აუცილებელია ენდოკრინოლოგთან ვიზიტი და სისხლის ჩაბარება ჰორმონებზე. თუ გამოვლინდა დაავადება, მკურნალობა იგივეა, რაც თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის დროს.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პრევენცია გულისხმობს იოდის შემცველი პრეპარატებისა და პროდუქტების, განსაკუთრებით ზღვის პროდუქტების – ლამინარიას, თევზის, ასევე ხორცისა და რძის ნაწარმის, კვერცხის მიღებას, იოდიზებული მარილის მოხმარებას. იოდის დეფიციტი მეტ-ნაკლებად შეივსება იოდიზებული მარილის გამოყენებით საკვებში – იაფი პროდუქტია და თანაც, მარილის დოზას ვერ გადააჭარბებ. ოღონდ საჭიროა მისი სწორად გამოყენება – მარილი ემატება უკვე გამზადებულ კერძს, რადგან თერმული დამუშავების დროს იოდი იშლება. შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ქილაში. შეძენის დროს ყურადღება მიაქციეთ შენახვის ვადას, რადგან სასარგებლო თვისებებს პროდუქტი მხოლოდ 6 თვის განმავლობაში ინარჩუნებს.
ზოგადად, თუ ადამიანს იოდის დამატებითი წყარო დასჭირდა, უმჯობესია, იოდიან მარილთან ერთად მიიღოს იოდით გამდიდრებული სხვა პროდუქტები, მაგალითად, იოდიანი ჩაი, რომელიც ამ ნივთიერების მშვენიერი წყაროა. აშშ-ში მოსახლეობა იოდის დეფიციტს არ განიცდის და არა იმიტომ, რომ იქ ნიადაგი იოდით მდიდარია, არამედ იმიტომ, რომ ამ დეფიციტის შესავსებად საკვები სათანადოდ მუშავდება. ეს ეხება არა მარტო იოდს, არამედ სხვა მიკროელემენტებსაც: რკინას, ფტორს, ასევე, ვიტამინებს. მომხმარებლამდე სათანადოდ დამუშავებული და გამდიდრებული სურსათი მიდის. ჩვენთან პროდუქტებს ასე არ ამუშავებენ, ამიტომ იოდის დამატებითი წყარო საგანგებოდ, ცალკე უნდა შევიძინოთ. ძალიან კარგია იოდბალანსი, იოდომარინი, სხვა ნაერთები. ამ პრეპარატების მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ მათში იოდი ქიმიურად სუფთა სახითა და სათანადო დოზირებით არის წარმოდგენილი.скачать dle 11.3