კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რატომ ეშინიათ ავთანდილ ხურციძის ამერიკის ციხეში განგსტერებს და რატომ არის ის ბედნიერი პატიმარი

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი, მოკრივე ავთანდილ ხურციძე ამერიკაში პატიმრობაში რჩება. ავთანდილი არცერთ მასზე წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება. ის ციხეშიც ჩვეული ხალისით განაგრძობს ცხოვრებას და ვარჯიშს. ჩვენ დავუკავშირდით მას და ავთანდილიც გულახდილად გვესაუბრა, თუ როგორ ცხოვრობს ამერიკის ციხეში, როგორია, პატიმრობაში გახდე მამა, რა ხდება მისი საქმის ირგვლივ და რას დარდობს ყველაზე მეტად.
ავთანდილ ხურციძე: აეროპორტში მოულოდნელად დამაკავეს, როდესაც ბორკილები დამადეს, თავს მობილიზება გავუკეთე, ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და მორჩილება გამოვხატე. არც მიკითხავს, რისთვის დამაკავეს, სად მივყავდით, საერთოდ არაფერი მითქვამს, გარდა იმისა, რომ გიჟი არ ვარ და საქმეს არ გავართულებ, რადგან მივხვდი, რომ პოლიცია ძალიან დაძაბული იყო. თვითონაც მითხრეს, რომ ჩემთან პრობლემები არ უნდათ. ჩემმა სიმშვიდემ და მორჩილებამ გააოცათ და მეკითხებოდნენ, იცი, რატომ დაგაკავეთ? არ ვიცი-მეთქი. მათ გეგმაში ჰქონდათ ჩემი მოულოდნელი აყვანა. მითხრეს, მოსამართლე გეტყვის, რისთვის დაგაკავეთო. მე მგონი, არც თვითონ იცოდნენ, რატომ დამაკავეს. სამ ბრალდებას არ ვეთანხმები, თუმცა, დამდეს ბრალი და დამადანაშაულეს კიდეც, რაც შეძლეს ძალიან ბევრი ადამიანის ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ, მსგავსი არაფერი ჩამიდენია. მოგზავნილმა აგენტმა რამდენიმე ხაფანგი დამიგო და ისე დავდიოდი ჩემი სუფთა ცხოვრებით, არც ვვარდებოდი, სანამ თვითონვე არ მკრა ხელი და ხაფანგში არ ჩამაგდო, რაშიც ას ოცი ათასი დოლარი მიიღო.
– თავს როგორ გრძნობ?
– თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რადგან უკვე შეგუებული ვარ იმ ფაქტს, რომ აღარ გახლავართ ჩემპიონი და ვარ პატიმარი. პატიმრის პირობებზე ძალიან კარგად ვარ. ციხეში პირველად გახლავართ და არ შემიძლია, სხვა ციხეებს შევადარო, მაგრამ ეს არის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხე. აქ მართლაც სერიოზული კრიმინალები სხედან, რომელთაც ასობით მილიონს ედავებიან. აქ არიან იტალიელი და ესპანელი მაფიოზები, „ემესების“ დაჯგუფება, არიან შავკანიანების, „ბლექების“ დაჯგუფებას და ვართ ექვსკაციანი „რუსული დაჯგუფება“, მათ შორის სამი ქართველი, ერთი მოლდოველი, ერთი უზბეკი და ერთი ლატვიელი. რუსი საერთოდ არ გვირევია, მაგრამ ყველა „რაშა, რაშას“ გვეძახის. ციხის პირობები ნორმალურია, მით უმეტეს, მე განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევენ.
– ამ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი თუ ხდება ან შენ პირადად თუ მოგდის?
– ციხე ოთხ ნაწილადაა გაყოფილი და ყველა თავ-თავის მაგიდასთან ზის, იტალიელები – ცალკე, „ემესები“ – ცალკე,  „ბლექები“ – ცალკე... ყველა თავის დაჯგუფებასთან უნდა მივიდეს და დაჯდეს, თორემ თუ სხვას მიუჯდები გვერდით, ეს დღე შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდეს. ეს დაჯგუფებები გახლავთ განგსტერების. მე განგსტერი მარტო ფილმებში მყავდა ნანახი და სულ ფილმის გმირები მეგონა და რეალურად თუ  არსებობდნენ, არ ვიცოდი. მიუხედავად ციხის ასეთი შიდა განლაგებისა, მე ყველა მაგიდასთან ვჯდები, გააჩნია რომელ ტელევიზორშია ჩემთვის საინტერესო გადაცემა და ჩემს ასეთ საქციელს ჩვეულებრივად იღებენ ხოლმე, რადგან ესენი განიარაღებული განგსტერები არიან და მე შეიარაღებული განგსტერი გახლავართ, რადგან ჩემი ოქროს ჩაქუჩი სულ ხელში მიჭირავს და ამაში დიდი წვლილი მამას მიუძღვის. მინდა, მადლობა გადავუხადო მას ასეთი საჩუქრისთვის. მომიწოდებდა, რომ ფიზიკურად ძლიერი ვყოფილიყავი და ჩემი მარჯვენა სულ ჩემ გვერდით იქნებოდა, მაგრამ ბოდიშს ვუხდი, რომ ცაცია აღმოვჩნდი, დანარჩენი გავამართლე. ის, რა თქმა უნდა, ციხისთვის არ მამზადებდა, მაგრამ ციხეში გამომადგა. ჩემი ფიზიკური მონაცემები ყოველგვარ ზეწოლას და უსიამოვნებას მაცილებს. აქ ჩხუბები ხდება. მე, პირადად, დაძაბულობა არავისთან მქონია. მაგარი სახე გამომიძერწა მამაჩემმა, მგონი, ნაჯახით გამთალა. მჩაგვრელობა ჩემს ხასიათში არ ზის, არც მინდა, ვინმეს ჩემი სიძლიერე დავუმტკიცო, ისედაც არავის ეპარება ეჭვი, მით უმეტეს, სულ ვვარჯიშობ. თქვენ წარმოიდგინეთ, ასკაციანი გაერთიანება ესწრება ჩემს ვარჯიშებს და ზედამხედველები კამერებითაც მადევნებენ თვალს. ძალიან უყვართ ჩემი ვარჯიშის ყურება, მთელ ციხეში გაისმის „ბოქსერ, ბოქსერ“ და ყველამ იცის აქ რომ ვარ. ადვოკატმაც მითხრა, როცა მოვდივარ, შენი გამოძახება არ მჭირდება, თვითონ ზედამხედველები იძახიან „ბოქსერის“ ადვოკატი მოვიდაო.
– რამდენად ეთანხმები შენთვის წაყენებულ ბრალდებებს?
– მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია, ციხეში ვარ, დღემდე არ მჯერა, რომ სასჯელს მომისჯიან. რასაც ბრალად მდებენ, ეს არ არის ჩემი ცხოვრება, ეს არ არის ჩემი სტილი, ასე არ ვცხოვრობ, არ ვარ მე ამ ხასიათის მატარებელი კაცი. როდესაც დამიჭირეს, სასამართლოში განმიცხადეს, რომ თუ რაიმეს ვიტყვი, ჩემ საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული. ვიფიქრე, არ დამიჭირონ და ხმას როგორ ამოვიღებ-მეთქი, ამ დროს კი ბორკილები მადევს. გული იმაზე მწყდება, რომ როგორც რუსი მაფიოზი, ისე გამასამართლეს. მოსამართლე ამბობს, რომ ახლა უნდა გამოვიძიოთ რუსეთში რაიმე ბაზა ხომ არ აქვთ და იქიდან ხომ არ აწვდიან ინფორმაციასო. მოგეხსენებათ, რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობა და ეს აგრესია ჩემზე გადმოიტანეს, რათა ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინათ და ათ მსაჯულზე, რომელიც ჩემს საქმეს განიხილავდა. ეს ყველაფერი ამერიკულ გაზეთებშიც დაიბეჭდა – „მინი მაიკ ტაისონი ავთანდილ ხურციძე“, „რუსული მაფია – ხალხი დასისხლიანებამდე მიჰყავდა და როდესაც პროკურორებმა ბრალდება წაუყენეს, მაგიდაზე მთელი ძალით დაარტყა ხელი“. ხვდებით, ალბათ, როგორი გამოვყავართ, როდესაც უკან დავბრუნდი, ციხეში ეს გაზეთი ხელიდან ხელში გადადიოდა, მე კი დიდი პატივისცემით მხვდებიან. ხომ იცით, ზოგი ჭირი მარგებელიაო. ეს „მინი“, ალბათ, გადაჭრილ ტაისონს თუ ნიშნავს.
– რატომ განაცხადე, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყოდი და რუსეთის მოქალაქეობას მიიღებდი?
– ეს ჩემი გულისტკივილი რომ გამოვთქვი, გადამერია ხალხი, რას ჰქვია რუსეთის დროშა და სახელიო. სასამართლოზე რუსული დროშა არ აღუმართია ვინმეს, თორემ რუსად წარმომაჩინეს, ერთი წვეთი სისხლი მაინც მქონდეს რუსის, სუფთა სისხლის ქართველი ვარ, მეგრელისა და ვანელის ნაჯვარი. მაგრამ ასე პოლიტიკურად აწყობთ, საქართველოს მთავრობაც ხმას არ იღებს. საქართველოს მთავრობებს არასდროს ადარდებს თავისი მოქალაქეების ბედი, არ აინტერესებთ. იცოდეს მკითხველმა, დედა არ შემაგინონ, პატარა ქალია დედაჩემი, მელიტონიჩს ძლივს ჰყოფნის. ქართველი ხალხის გვერდით დგომას სულ ვგრძნობ და მეც ჩემი ერი უზომოდ მიყვარს. ჩემს ჩემოდანში ახლაც დევს ქართული დროშა და ქუდი. მომენტი როცა დადგება, რას ვიზამ, არ ვიცი, ეს არ არის ჩემთვის იოლი, მაგრამ ძალიან დამჩაგრეს პატიმრობის დროს. ძალიან ბევრჯერ დაირღვა ჩემი უფლებები. ანგარიშები მომპარეს, მომატყუეს, რადგან კანონები არ ვიცი და მთელი ერთი წლის განმავლობაში ვერაფერი გავარკვიე. მოხუც მშობლებს ვდარდობ, იქნებ მათ პურიც არ აქვთ, მე კი მთელი ჩემი თანხები წამართვეს და ხან ვის ვაგზავნინებ მათთან ას დოლარს და ხან – ვის. ჩემი მეგობრები კი მიდგანან გვერდით, მაგრამ ყოველთვის ვის ეცლება.
– რა შეგრძნებაა, როდესაც ციხეში ხდები მამა?
– როდესაც შვილი შემეძინა, უმძიმეს პირობებში გახლდით, კამერაში განმარტოებული. სამყაროსთან არანაირი კავშირი არ მქონდა. არ ვიცოდი, ბავშვისა და ფეხმძიმე „გერლფრენდის“ მდგომარეობა. მთელი ღამეები მათზე ლოცვაში ვატარებდი, ესეც სპეციალურად იყო დაგეგმილი – იცის მთავრობამ, სად უნდა დაგაჭიროს. მაგრამ, როდესაც ჩემი ბიჭი ჩემთან სპორტულებში გამოწყობილი მოდიოდა, უბედნიერესი ვიყავი და ძალიან დიდი ძალა და ენერგია შემმატა.
– ციხემ რა შეცვალა შენში?
– ციხეში არაფერი შეცვლილა, ისეთივე ვარ, როგორიც ვიყავი. ერთი სომეხი მოიყვანეს, ას კაცში პირველი მე მომესალმა, მივხვდი, „ყური“ იყო, სადაც დავდგებოდი, იქ დადგებოდა. მე ვარჯიში დავიწყე, ჩემს სტიქიაში ვარ, დავრბივარ, ჩრდილს ვებრძვი, ხან ვცეკვავ, ხან ვმღერი. ეს კაცი გავაგიჟე და გვერდით მდგომ რუსს ეუბნება – ციხეში პირველად ვხედავ ბედნიერ კაცსო. რამდენჯერაც გამახსენდება, სულ მეცინება, რატომაც არ ვარ ბედნიერი, არავინ გამიწირავს, დამიჩაგრავს, მომიტყუებია, ჩემი სადარდებელი მხოლოდ ჩემი მოხუცი მშობლებია, ძალიან ვნერვიულობ მათზე.
скачать dle 11.3