კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ვასილ ნაცვლიშვილი – ახალგაზრდა პროფესიონალი ქართული კარდიოქირურგიის სამსახურში

ნინო კანდელაკი ნინო კიკვაძე

ნოდარ ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის ახალგაზრდა კარდიოქირურგი – ვასილ ნაცვლიშვილი, მიუხედავად თავისი ასაკისა, საკმაოდ გამოცდილი და წარმატებული ექიმია, კითხვაზე, დაახლოებით რამდენი ოპერაცია აქვს შესრულებული, მათი სიმრავლიდან გამომდინარე, ზუსტი პასუხი არ აქვს. ფიქრობს, რომ კარდიოქირურგია ერთი კაცისა და ერთი ქირურგის საქმე არაა, ამ პროფესიაში დიდი მნიშვნელობა აქვს მასში მონაწილე თითეულ რგოლს და წარმატების მთავარი მარცვალი სწორედ კარგად შეწყობილ გუნდშია.
ვასილ ნაცვლიშვილი: ექიმების ოჯახში დავიბადე, მამაჩემი ქირურგი-უროლოგი გახლდათ, ბოლო წლებში ბავშვთა ¹1 საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო. სამწუხაროდ, 1997 წელს გარდაიცვალა. დედაჩემი ექიმი პედიატრია. მამაჩემის მშობლებიც ექიმები იყვნენ და ტრადიცია არ დავარღვიე. თუმცა, პროფესიული არჩევნის დროს სრულიად თავისუფალი ვიყავი და არავის დაუძალებია, რომ ექიმი გამოვსულიყავი. ოჯახში ხშირად საუბრობდნენ სამედიცინო თემებზე და ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა. მეცხრე კლასიდან გამოვედი და სამედიცინო უნივერსიტეტის ახლადშექმნილ კოლეჯში განვაგრძე სწავლა, საიდანაც სამედიცინო უნივერსიტეტში გადავედი. სწავლის დასრულების შემდეგ  ორდინატურის გასავლელად  კიევში წავედი, რაც ვფიქრობ, პრაქტიკის მხრივ, ძალიან სწორი არჩევანი იყო.
– კარდიოქირურგიაში სად დახელოვნდით?
– კიევში პირველი ერთი წელი ზოგად ქირურგიაში ვიყავი. დამწყები ქირურგისთვის ძალიან შთამბეჭდავია კარდიოქირურგიული ოპერაციები და ერთი წლის შემდეგ კარდიოქირურგიაში გადავედი, სადაც სამწელიწად-ნახევარი ვიყავი. ჩვენს განყოფილებაში ოპერაციების 100 პროცენტი ხელოვნური სისხლის მიმოქცევით კეთდებოდა. როდესაც გული ჩერდება და ოპერაციის ძირითადი ეტაპის
დამთავრების შემდეგ  ისევ აღდგება მისი მუშაობა, ეს მომენტი ძალიან შთამბეჭდავია. კიევში გავიარე ორდინატურა და წამოვედი თბილისში, ჩავაბარე სალიცენზიო გამოცდა, გავიცანი ბატონი ზაზა კაციტაძე და მას მერე ერთად მოვდივართ. ძირითადად, ბატონ ზაზასთან ერთად ვმუშაობ,  მაგრამ მაქვს ინდივიდუალურად განვითარების საშუალებაც.
– დღეს რა ტიპის ოპერაციების კეთება გიწევთ?
– ჩვენს კლინიკაში ყველა სახის გულის ოპერაცია ტარდება, გულის გადანერგვისა და მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობების იმპლანტაციის გარდა. გულის პათოლოგიების დიდი პროცენტია გულის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებით გამოწვეული პათოლოგიები, რომელთაც შუნტირებით კორექცია სჭირდებათ. აღნიშნული ოპერაციების ძალიან დიდ პროცენტს მომუშავე გულზე ვაკეთებთ. ეს მეთოდი შედარებით დამზოგველია პაციენტისთვის. დღეს ოპერაციების 70 პროცენტი შუნტირებაა და დანარჩენი 30 პროცენტი, ძირითადად, სარქვლოვანი, აღმავალი აორტის და კომბინირებული ოპერაციები.
– ყველაზე რთული ოპერაცია თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ და რას გრძნობთ, როცა განსაკუთრებულ სირთულეებთან გაქვთ საქმე?
– როცა ერთსა და იმავე საქმეს წლების განმავლობაში ემსახურები, ცდილობ, ემოციური ფაქტორი დათრგუნო, რომ ხელი არ შეგიშალოს. რა თქმა უნდა, გვხვდება რთული შემთხვევებიც. ოპერაციის მიმდინარეობისას გვიწევს ხოლმე ქირურგიული ტაქტიკის შეცვლა. შედარებით რთულად ითვლება აღმავალი აორტის განშრევების ოპერაციები. ბოლო დროს გვქონდა ორი იშვიათი და რთული შემთხვევა. ერთ შემთხვევაში პოსტინფარქტული პარკუჭთაშუა ძგიდის გაგლეჯვის ოპერაცია გავაკეთეთ და მეორე შემთხვევაში – მარცხენა პარკუჭის თავისუფალი კედლის ანევრიზმის. საბედნიეროდ, ორივე მათგანი წარმატებით დასრულდა.

– რა განცდაა, როცა ახლობელს უკეთებ ოპერაციას?

– როცა პაციენტი შენი ახლობელია, რა თქმა უნდა, მისი ოპერაცია სხვა ემოციებს უკავშირდება, თუმცა, ეს ყველაფერი იგრძნობა ოპერაციამდე და მისი დასრულების შემდეგ, რადგან ოპერაციის მსვლელობისას გამომუშავებული გვაქვს, რომ ვინც არ უნდა იყოს ის,  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სასურველი შედეგის მისაღწევად და ასეთ დროს მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ.
– როგორ დაახასიათებდით ქართული კარდიოქირურგიის მუშაობას დღეს?
– დღეს ქართული კარდიოქირურგია საკმაოდ კარგადაა განვითარებული და ვფიქრობ, ამაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი წინა თაობის საზღვარგარეთიდან ჩამოტანილმა გამოცდილებამ, რაშიც მოგვიანებით ჩემი თაობაც აქტიურად ჩაება. ძალიან აქტიურად ასწავლიდნენ უცხოელი ქირურგები მათ, თუ როგორ უნდა ეკეთებინათ ეს საქმე სწორად და მათმა ძალისხმევამ შედეგიც გამოიღო.
– თქვენს კლინიკას სამომავლოდ აქვს ამბიცია, იყოს ერთ-ერთი პირველი საქართველოში, სადაც გულის გადანერგვის ოპერაცია გაკეთდება.
– ჩვენს კლინიკას აქვს საკმაოდ კარგი მეგობრული ურთიერთობები გერმანულ სამედიცინო ცენტრთან, საიდანაც ჩამოდიან ჩვენი კოლეგები და ჩვენც აქტიურად ჩავდივართ. ცოტა ხნის წინ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ჩვენთან გერმანელი პროფესორი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ მიზნის მიღწევას მალე შევძლებთ.
– ოჯახი გაგვაცანით.
– მყავს მეუღლე და ორი შვილი. მეუღლეც სამედიცინო განათლებითაა, თუმცა, ამჟამად დიასახლისია და შვილების აღზრდითაა დაკავებული. ჩემს პროფესიას იმდენი დრო და ენერგია მიაქვს, რომ მეუღლის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.  დაძაბული ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ ოჯახი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.


скачать dle 11.3