კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№30 ნუ ჩაუჯდები ნავში... ქალს

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #26-29(916)



უჩას გახსენებაზე ირმას ისე აუჩქროლდა გული, თითქოს ამდენი წლის შემდეგ მასთან მიდიოდა პაემანზე და თითქოს ეჭვი გაუჩნდა, რომ ის პირველი სიყვარული არ იყო ბოლომდე გამქრალი, ჯერ ისევ ბჟუტავდა ბუხრის კუთხეში შემთხვევით გადაგორებული ნაკვერჩხალივით. ამ აღმოჩენამ ირმა ააფორიაქა და საკუთარ თავს უსინდისობაში დასდო ბრალი: „ერთზე ვფიქრობ და შესახვედრად მეორესთან მივდივარ... რა ჰქვია ამას? მე მომეწონებოდა, ჩემთან შესახვედრად წამოსული მირიანი სხვა ქალზე რომ ფიქრობდეს? ახლა ავტობუსიდან ჩავალ და დავურეკავ, რომ დღეს ვერ შევხვდები“, – გადაწყვიტა უცებ, სასწრაფოდ გაიკეთა ხელში შერჩენილი მზის სათვალე და პირველივე გაჩერებაზე ჩასასვლელად მოემზადა, მაგრამ მერე კინაღამ ხმამაღლა გაეცინა, გულში კი გაიფიქრა, „მგონი, სულ გავრეკე. რა შუაშია, ვის შესახვედრად მიდიხარ და ვისზე ფიქრობ? არც მე და არც მირიანს ეს პაემანი არაფერს არ გვავალდებულებს, ამიტომ ორივეს გვაქვს უფლება, მოგონებებსა და ფანტაზიებს გასაქანი მივცეთ – ამით არავის არაფერი დაუშავდება“. ამ ფიქრებმა ირმას სინდისი დაუმშვიდა და ჩასვლა გადაიფიქრა, თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო, მაინც ვეღარ ჩავიდოდა, რადგან, გაჩერდა თუ არა ავტობუსი, ვიღაც ბომჟმა ბოთლებით სავსე ორი უზარმაზარიი უჯრედებიანი ჩანთა შემოდგა კიბეზე და ისე გადაკეტა გასასვლელი, რომ ირმა ამ ჩანთების ტყვეობაში აღმოჩნდა. ამან საშინლად გააღიზიანა და საყვედურის თქმა დააპირა, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა, რადგან ბოთლების პატრონი, საკმაოდ ახალგაზრდა და ოდესღაც აშკარად ლამაზი და თავმომწონე მამაკაცი (ამას ირმა მისი ასაკის ამაყი გამომეტყველებით მიხვდა) შეწუხებული აწრიალდა:
– უკაცრავად... მაპატიეთ... – და შეეცადა, გასასვლელი გაეთავისუფლებინა.
– არა უშავს,  შემდეგ გაჩერებაზე ჩავდივარ, – ირმას შეეცოდა თითქმის თავისი ხნის კაცი, რადგან უცებ იგრძნო, რომ ის სულაც არ იყო ბომჟი და ასეთ მდგომარეობამდე რაღაც დიდმა დრამამ თუ ტრაგედიამ მიიყვანა.
„რა ვქნა, რით დავეხმარო?“ – გაიფიქრა და ყოველი შემთხვევისთვის, საფულე ამოიღო ჩანთიდან, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე მიეცა ფული, მაგრამ მერე საფულე ისევ შეინახა – ბოლოს და ბოლოს, მათხოვარი არ არის და თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოსო. ბომჟს არ გამოჰპარვია მისი მოძრაობა, ირონიული ღიმილით შეხედა და არც ისე ჩუმად უთხრა:
– რა დაგემართათ, დაგენანათ თუ, გგონიათ, ვითაკილებ ფულის გამორთმევას.
ირმას თითქოს ეცნო ეს ხმაც, ეს ირონიაც და გულმა რეჩხი უყო. ბომჟის თვალების დანახვას ეცადა, მაგრამ ვერ შეძლო – საკმაოდ მოზრდილი, ძალიან მუქი სათვალე ლამის ნახევარ სახეს უფარავდა. ირმა მაინც დაჟინებით ჩააცქერდა, თუმცა უშედეგოდ. კაცი მიხვდა და ვითომ შემთხვევით, სახე გვერდზე მიაბრუნა. მერე უცებ თვითონ შეხედა ირმას სახეში და ცოტა არ იყოს, აგდებული ტონით ჰკითხა:
– რა იყო, გოგონა, მოგეწონე თუ ნაცნობი გეგონე? მაგრამ, ლოგიკურად, ორივე ვარიანტი გამორიცხულია, განსაკუთრებით – პირველი. მართალია, ყოველთვის ასეთი არ ვიყავი, მაგრამ, მაინც საეჭვოა, შენისთანა რესპექტაბელურ გოგოს ჩემნაირი ნაცნობები ჰყოლოდა. ასე არ არის? აი, საფულე კი სულ ტყუილად ჩააბრუნეთ ჩანთაში, მე აღარ ვარ ამაყი ადამიანი, პირიქით, ზედმეტად თავმდაბალი გავხდი.
ირმა შეზარა კაცის ხმაში გამოჟონილმა ირონიამ, რადგან უცებ იგრძნო, რომ ეს ირონია მისკენ კი არა, საკუთარი თავისკენ იყო მიმართული; მიხვდა, რომ ასეთი ტონითა და ასეთი ფრაზებით ფარავდა ბომჟი უხერხულობას თუ სირცხვილს თავისი მდგომარეობის გამო და თავხედი და უტიფარი ბომჟის როლი შირმად ჰქონდა მორგებული.
„აშკარად არ არის ბომჟი, რაღაც თამაშს თამაშობს, მაგრამ რას? – დაინტერესდა ირმა, – ღმერთო ჩემო, რატომ გამახსენა ამ საბრალო კაცმა უჩა? არა, აბსოლუტურად გამორიცხულია, მაგრამ...“ – გაიფიქრა ირმამ და სულით ხორცამდე შეძრულმა სცადა, გაენეიტრალებინა შექმნილი უსიამოვნო სიტუაცია, ოღონდ, არ იცოდა, როგორ. ბოლოს კი ყველაზე სულელური გზა შეარჩია – დამშვიდება და ჭკუის დარიგება დაუწყო:
– იცით, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ გული არ უნდა გაიტეხოთ და ხელი არ უნდა ჩაიქნიოთ, ყოველთვის ასე არ იქნება... – ირმას კიდევ უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ სათქმელი შუაზე გაწყვიტა, რადგან კაცის გაოცებულმა თუ გახარებულმა მზერამ გააჩერა. გაბურძგნილი ჭაღარა თმა-წვერისა და შავი სათვალის მიუხედავად, ირმამ თითქოს ისევ დაინახა ნაცნობი შტრიხები.
„ნუთუ?!“ – ისევ გაიფიქრა დაეჭვებულმა, ბომჟი კი აღარ ცდილობდა სახის გვერდზე მიბრუნებას, თვალებში შესცქეროდა (რამდენადაც ამის საშუალებას ორივეს თვალებზე აფარებული შავი სათვალეები აძლევდა) და სათქმელს თავს ვერ უყრიდა. ბოლოს, როგორც იქნა, დაძლია ემოცია და თითქმის ჩურჩულით ჰკითხა:
– წეღან რა მითხარით? – თქვენობით ფორმაზე გადავიდა ბომჟი.
– როდის წეღან? – დაიბნა ირმა, – რამე გითხარით?
– ჰო, წეღან რა მითხარი-მეთქი! – იყვირა მთელი ავტობუსის გასაგონად, მაგრამ მის ხმაში სიბრაზე კი არა, აღტაცება იგრძნობოდა.
– წეღან? – დაფიქრდა ირმა და, როგორც იქნა, გაიხსენა: – ჰო, გული არ გაიტეხო, ყოველთვის ასე არ იქნება-მეთქი.
– ესე იგი, არ მომესმა! – ისევ იყვირა გახარებულმა ბომჟმა, – მერე, იცი, რომ ეს ნიშანი იყო?
– რა ნიშანი? – მთლად დაიბნა ირმა და აქეთ-იქით დაიწყო ყურება, თითქოს მშველელს ეძებდა, გულში კი გაიფიქრა, რაღა ჩემს ხელში უნდა გაგიჟდეს ყველაო.
– ნუ გეშინიათ, ქალბატონო, არ გავგიჟებულვარ, – ისევ მიუხვდა ბომჟი ფიქრს, – არც არაფერს დავუშავებ არავის და, თქვენ – მით უმეტეს. თანაც, თქვენ ისეთი ჯადოსნური ფრაზა მითხარით...
– რა ნიშანი? – გაუმეორა შეკითხვა უკვე ცნობისმოყვარეობით აღვსილმა ირმამ, გულში კი ისევ გაიფიქრა, ნეტავი რა ნახა ჯადოსნური ამ ჩვეულებრივ სიტყვებშიო.
– თუ ღმერთი ინებებს, ძალიან მალე გაიგებთ ამას, – უკვე მერამდენედ ამოიცნო მისი ფიქრები კაცმა, – თუ არადა, თქვენ კარგად იყავით. მაინც მადლობელი დაგრჩებით ამ ხანმოკლე სიხარულისთვის.
„ღმერთო ჩემო, ნუ შემშლი... ნუთუ...“ – ისევ გაიფიქრა ირმამ, ხმამაღლა კი ჰკითხა:
– თქვენ რა, ნათელმხილველი ხართ თუ სხვისი აზრების კითხვა შეგიძლიათ?
– არც ერთი და არც მეორე. უბრალოდ, ზედმეტად ემოციურ ადამიანებს ფიქრები და განცდები სახეზე ეწერებათ და მე მათ ვკითხულობ – სულ ეს არის.
– მართლა? რა საინტერესოა? – პატარა ბავშვივით  შემოჰკრა ტაში ირმამ და უცბად იგრძნო, რომ მთელი ავტობუსი მათ უყურებდა და უსმენდა. დამორცხვებულმა გადაავლო თვალი ცნობისმოყვარე ადამიანების დაინტერესებულ და ირონიული ღიმილით მომზირალ სახეებს, უცებ თავი ჩაღუნა და ჩაიჩურჩულა: – მაპატიეთ, ზედმეტი მომივიდა.
ირმას ზურგს უკან ვიღაც შუახნის ქალის ჩაფრუტუნება მოისმა. მის გვერდით მჯდომმა აშკარად რაღაც ცუდის თქმა დააპირა, მაგრამ ბომჟმა აღარ აცალა და უცერემონიოდ მიმართა დაბნეულ მოსაუბრეს:
– ქალბატონო, ბოლოს და ბოლოს, მაძლევთ თუ არა მაგ ფულს? – და კაცის ხმაში ისევ ირონიამ გაიჟღერა, – მოწყალების გაღება თუ გადაწყვიტეთ, ხელი არ უნდა აგიკანკალდეთ...
– წარმოგიდგენია, როგორ გათავხედდნენ ეს მათხოვრები? – მიუბრუნდა უკან მჯდომი შუა ხნის ქალი გვერდით მჯდომ ხნიერ ქალს, – ლამის ხელიდან გამოგგლიჯონ ჩანთაც, ფულიც და, საერთოდ, ყველაფერი.
– აბა, რას იზამს, როცა ასე შინაურულად დაუწყებს ტლიკინს და თვალების ჟუჟუნს ახალგაზრდა ქალი! – აჰყვა მეორე.
– არადა, – განაგრძო პირველმა, – ისე ისაწყლებს თავს, რომ შეხედო, ერთი საცოდავი არსება გეგონება.
– როდის მოვისაწყლე თავი, დეიდა? – გაეცინა ბომჟს.
– დეიდა არა, მამიდა! – გაბრაზდა მგზავრი, – მოაშორე ეგ ჩანთები აქედან და წადი შენს გზაზე!
– დიახაც, ჩაბრძანდი აქედან! – მხარი აუბა მათ მესამე მგზავრმა.
– მე, ქალბატონებო, ყოველთვის ბომჟი კი არ ვიყავი, – რაღაცნაირი სევდითა და ტკივილით აღსავსე ხმით თქვა კაცმა, – მაგრამ ეს ცხოვრება ცვალებადია და, შესაძლოა, ისე მოტრიალდეს საქმე, რომ თქვენს ახლობლებს ტრაბახით უთხრათ, ამ კაცს ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიცნობ, ბოთლებს რომ აგროვებდა გასაყიდადო და მერე ჩვენი მეგობრობის ან ნათესაობის შესახებ არარსებული ისტორიებიც გამოიგონოთ. – ამ სიტყვების შემდეგ ბომჟმა ხელი წამოავლო ჩანთებს და ჩასასვლელად მოემზადა.
– მიდი, მიდი, გზას ბარაქა დააყენე! – ბომჟი არ ვიყავიო!.. არა, შენმა მზემ, ტაქსის შოფრებისა არ იყოს, სამი დიპლომი გიდევს მაგ ტომარაში, ოლიმპიური ჩემპიონი იყავი და გოგოები შენ გამო ვენებს იჭრიდნენ!.. – ისევ გაკაპასდა პირველი მგზავრი და დანარჩენებს ამაყად გადახედა – ნახეთ, რა გამბედავი და ენამოსწრებული ვარო, შემდეგ კი, რატომღაც, თავისი პატარა ჩანთა მუცელზე მიიჭირა და ხელები საიმედოდ შემოხვია.
– თითქმის გამოიცანით, – მორცხვათ თქვა ბომჟმა, მერე ნაღვლიანად გახედა ერთ ადგილზე გაშეშებულ ირმას.
ირმა უცებ გამოფხიზლდა და მგზავრებს მიუბრუნდა:
– არ გრცხვენიათ? რა დაგიშავათ, ერთად რომ დაესხით თავს?
– გამოექომაგე, ხო, დაიცავი! – არ დაუთმო პირველმა მგზავრმა და სხვების გასაგონად იმასაც შეუტია, – შე უზნეო გომბიო!
ირმა გაგიჟდა, მაგრამ დაბნეულობისგან ხმა ვერ ამოიღო და თვალზე ცრემლი მოადგა.
– აი, მაგ სიტყვებისთვის, ქალი რომ არ იყოთ, მე გაგებინებდით პასუხს, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ამას სხვა გააკეთებს, დაიმახსოვრეთ ეს! – მერე ჩანთები რახრახით ჩაიტანა გაჩერებული ავტობუსიდან და ღია კარიდან ამოსძახა თითქმის ატირებულ გოგოს: – არ ინერვიულო, შენკენაც დადგება გაზაფხული!.. – მეტის თქმა ვეღარ მოასწრო, რადგან ავტობუსი ჭრიალით დაიძრა და გაჩერებაზე მდგარ მგზავრებს შავი ბოლქვები შეაფრქვია.
ავტობუსს ორმოცდაათი მეტრიც არ ჰქონდა გავლილი, რომ ირმა გამოფხიზლდა და მთელი ხმით გასძახა გაუპარსავ, მოღუშულ მძღოლს:
– უკაცრავად, თუ შეიძლება, გააჩერეთ, რა!
– გაჩერებული არ იყო? – ღრენით გამოეპასუხა მძღოლი, –  ხო ხარ ღირსი, არ გავაჩერო? წაიღეს, რა, ტვინი, ამ გამოშტერებულმა ქალებმა! – მერე ერთი კარგად შეუკურთხა ყველა გამოთაყვანებულ მგზავრს, რომლებსაც ჩასვლა ავიწყდებათ, მაგრამ ავტობუსი მაინც გააჩერა.
არცერთ მგზავრს აღშფოთება ან თუნდაც უკმაყოფილება არ გამოუხატავს მძღოლის უზრდელობის გამო, პირიქით, ერთი-ორმა მხარიც კი აუბა:
– მართალია ეს კაცი, ყველა ტუტუცის ხუშტურზე, რატომ უნდა იაროსო.
– დიდი მადლობა! – გასძახა უკვე ავტობუსის კიბეზე ფეხჩადგმულმა ირმამ უზრდელ მძღოლს და, როცა პასუხად კიდევ ერთი „ცხრასართულიანი დალოცვა“ მიიღო, თავაზიანი ღიმილით დაუბრუნა „ხურდა“:
– თქვენც ასევე!
– წადი, შენი დედაც მოვ...! – გამოექაჩა მძღოლი და თავის საოცრად ხეპრე და უინტელექტო სახეზე ჩაწითლებული, საცერივით თვალები გადმოეკარკლა, მაგრამ მეტი ვეღარ გაბედა თუ დაეზარა, ისევ თავის სკამზე დაეხეთქა და ავტობუსი ქშენით დაძრა ადგილიდან. ირმამ არ მიაქცია ყურადღება მძღოლის უტიფარ მონოლოგს და ბოთლებიანი კაცისკენ გაიქცა, თან ფიქრობდა, ეკითხა სახელი თუ პირდაპირ ეთქვა, გიცანიო. მაგრამ, გადაიფიქრა, რადგან, ჯერ ერთი, არ იყო თავის ეჭვში დარწმუნებული და, თანაც, თუ ეს კაცი მართლა უჩა აღმოჩნდებოდა, არ უნდოდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა. „თავისი ვინაობის გამხელა რომ ნდომოდა, თვითონ გამომეცნაურებოდა... მაგრამ, იქნებ, ვერ მიცნო? თუ ვერ მიცნო, ასე რატომ მაკვირდებოდა სახეზე?“ – ამ ყველაფერმა სულ რამდენიმე წამში გაურბინა გონებაში და ძლივს დაეწია უკვე კარგა შორს წასულ ბომჟს, რომელიც ძლივს მიათრევდა გაძეძგილ ჩანთებს.
– ერთი წუთით, თუ შეიძლება! – დაუძახა შორიდან და ქოშინით მიუახლოვდა.
– მე მეძახით? – გაოცებული კაცი ჩანთებიანად მობრუნდა და შეჩერდა.
– დიახ, თქვენ. წეღან მართლაც მინდოდა, ფული მომეცა, მაგრამ ხალხში აღარ მოგაყენეთ შეურაცხყოფა, – თავმოყვარეობა აღარ შეგილახეთ.
– ფულის მოცემა რა შეურაცხყოფაა ან, რომელ თავმოყვარეობაზეა ლაპარაკი, როცა ნახევარი წელია, წესიერად არ მიბანავია და ნორმალურ ლოგინში არ დავწოლილვარ; ერთი კვირაა, გამხმარი პურისა და ჩამოფასებული კიტრის მეტი არაფერი მიჭამია და უპატრონო ძაღლებთან ერთად მძინავს ვიღაცის დაუმთავრებელი სახლის სარდაფში?! აღარაფერს ვამბობ მთელ და სუფთა ტანსაცმელზე, – და კაცმა მწარე ღიმილით დაიხედა ჯერ ტანზე, შემდეგ – დაბრეცილ ბოტასებზე, – მერე უხერხულად ჩაახველა და განაგრძო: – არ გეგონოთ, თავს გაცოდებთ და დაჩაგრულ ტიპს ვთამაშობ, უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ ხანდახან ფიზიკურად ვგრძნობ, როგორ დავკარგე თავმოყვარეობა, თუმცა, ღირსების შეგრძნება ჯერ კიდევ არ დამიკარგავს, ხშირად შემახსენებს თავს და ეს მამხნევებს.
– ჰო, ეს მართლაც კარგია, – ჩაილაპარაკა ირმამ, რადგან აღარ იცოდა, რა უნდა ეთქვა ან როგორ უნდა მოქცეულიყო.
ბომჟი უცებ გაღიზიანდა და ირმას საკმაოდ უხეშად უთხრა:
– მომეცით ეს ოხერი ფული, თუ მაძლევთ! მეჩქარება, თქვენსავით უსაქმური კი არა ვარ!
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3