კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რატომ გადაყარა სანაგვეზე მოსკოვის თეატრმა პეტრე ოცხელის ნახატები და ვინ გადასცა ისინი მუზეუმს

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

…პეტრე ოცხელმა თეატრალური კარიერა დაიწყო და დაასრულა რეჟისორ ვახტანგ აბაშიძესთან ერთად (ისინი ერთად დააპატიმრეს მოსკოვში. დაჰკითხეს და დახვრიტეს თბილისში). პირველად პეტრე თეატრში ვახტანგ აბაშიძემ მიიყვანა. 1927 წელს მოსკოვიდან ჩამოსული ახალგაზრდა რეჟისორი, ვახტანგ აბაშიძე ახალდაარსებული თანამედროვე დრამის რუსულ მუშათა თეატრში იწყებს რეჟისორად მუშაობას. ვახტანგ აბაშიძემ არქიტექტურის ფაკულტეტის მესამე კურსის ოცი წლის სტუდენტს მიანდო საკუთარი სპექტაკლის – ანატოლი ლუნაჩარსკის „ცეცხლის გამჩაღებლების“ გაფორმება. პეტრე ოცხელის დებიუტი წარმატებული გამოდგა. სპექტაკლში მონაწილეობდა კოტე მარჯანიშვილის მეუღლე, ელენე დონაური, მისი თხოვნით, ენახა ნიჭიერი მხატვრის შემოქმედება, სპექტაკლს დიდი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილიც დაესწრო. იგი მოიხიბლა თითქმის გამოუცდელი  მხატვრის მიერ სწორად გააზრებული სცენოგრაფიით… მან ნიჭიერი ახალგაზრდა თეატრში მიიწვია. ოცხელი-მარჯანიშვილის ტანდემი – ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც მხატვარსაც და რეჟისორსაც ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ. პეტრე ხდება კოტე მარჯანიშვილის მიერ დაარსებული ქუთაის-ბათუმის მეორე დრამატული თეატრის მთავარი მხატვარი, ხოლო 1930 წლიდან – ახლანდელი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მხატვარი. 1928-დან 1933 წლის ჩათვლით იგი აფორმებდა მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით დადგმულ სპექტაკლებს და რეჟისორის გარდაცვალების შემდეგაც თეატრში კიდევ სამი წელი უმუშავია, თუმცა შესაბამის დოკუმენტაციას ჯერჯერობით ვერ მივაკვლიე. ვერ მოიძებნა რაიმე დოკუმენტი, ბრძანება, ხელშეკრულება ან ხელფასის უწყისი, რომელიც დაადასტურებდა პეტრე ოცხელის მოღვაწეობას მარჯანიშვილის თეატრში. როგორც ჩანს, ეს დოკუმენტაცია ამოღებულია, რასაც ადასტურებს მისი დისშვილი, მარინა ოცხელიც… 1934 წლის შრომითი კონფლიქტებისა და სასამართლო საქმეების საქაღალდეში გამოვლინდა პეტრე ოცხელის მიერ დაწერილი ორი საჩივარი საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის ცენტრალური გამგეობის სახელზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ ოცხელს თელავის თეატრში გაუფორმებია სპექტაკლი „მილიონი ანტონიები“ ვახტანგ აბაშიძის რეჟისორობით, ასევე, ქუთაისში ბენ ჯონსის „ვოლპონე“ ვასილ ყუშიტაშვილის რეჟისორობით. მხატვრისთვის ორივე შემთხვევაში შესრულებული სამუშაოსთვის მხოლოდ მცირედი თანხა გადაუხდიათ ავანსის სახით. ამიტომაც განმცხადებელი ითხოვს თანხის სრულ ანაზღაურებას. განცხადებებს თან ახლავს თელავის თეატრის დირექტორის – გიორგი მომცემლიძის და ქუთაისის თეატრის რეჟისორის – ვასილ ყუშიტაშვილის დაკვეთის დამადასტურებელი ხელწერილები.
პეტრეს დის, ნინო ოცხელის ოჯახურ არქივში ინახება პეტრეს ხელით მხატვრულად გაფორმებული ერთ-ერთი ასეთი კონცერტის ხელნაწერი პროგრამა (მუსიკალური საღამოს პროგრამა, მოწყობილი ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი მსახიობების, ოცხელების მიერ. 17 მარტი, 1918 წ...), სადაც წერია, რომ პეტრე ესპანურ ცეკვას ასრულებდა. ასევე, სტუმრებისთვის დგამდნენ სპექტაკლებს, რომლებსაც პეტრე და ლეო აფორმებდნენ… ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მხატვრის ბავშვობის დროინდელი მასალის სიმცირის გამო შეუძლებელია, თვალი მიადევნო, თუ როგორ ვითარდებოდა და იზრდებოდა პეტია მხატვარი, თუმცა ორი  წლის წინ როდესაც ქუთაისში, კოტე ოცხელის მეუღლესთან,  მარინა აფხაიძე-ოცხელთან ერთად მხატვრის ნათესავს, 80 წელს მიღწეულ ქალბატონ დონარა ოცხელს ვესტუმრე, პეტრე ოცხელის მიერ 15 წლის ასაკში შესრულებული აქამდე უცნობი გრაფიკული ნახატი აღმოვაჩინე, იგი არ მოსწრებია პეტრეს და არც რამ იცის მისი პირადი ცხოვრების შესახებ, რადგან ნათესავები მასზე არ საუბრობდნენ, ბავშვობის მოგონებებიდან კი ახსოვს, რომ ძმასთან და დანარჩენ ბიძაშვილებთან ერთად ოცხელების სახლის სარდაფში თამაში ჰყვარებია. იქ ინახებოდა გრიგოლ ოცხელისა და მისი ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილი ლამაზი ღია ბარათები და პეტრეს უამრავი გრაფიკული ნახატი. გულდაწყვეტილმა მითხრა, რომ დედის რჩევით, ქაღალდზე დახატულ პეტრეს ნახატებს რეცხავდა და ხელში რჩებოდა ნაჭერი, რომლისგანაც თოჯინებს კაბებს უკერავდა – ეს იყო უმაღლესი ხარისხის ველენის ქაღალდი, რომელიც ქსოვილის მასისგან მზადდებოდა. დონარა ოცხელს სათუთად ჰქონდა შენახული შემთხვევით გადარჩენილი ველენის ქაღალდზე ფერად ფანქარში შესრულებული პეტრეს ერთადერთი მცირე ზომის  ნახატი, რომელიც აქამდე არავისთვის უჩვენებია – მსახიობ თამარ ბოლქვაძის პროფილური პორტრეტი, შესრულებული 1922 წელს…  ნახატი არ ნუოვოს მოდერნის სტილშია შესრულებული…(ავტ. მერი მაცაბერიძე)
 მხატვრის მოღვაწეობის ამ პერიოდზე ვიგებთ მის მიერ მოსკოვიდან გამოგზავნილი წერილებიდან, რომლებსაც უგზავნიდა ახლო მეგობარს, მსახიობ მედეა

ქორელს, რეჟისორ არჩილ ჩხარტიშვილის მეუღლეს და თავის შუათანა დას – ნინოს… „ძვირფასო ნინკა, თავდაპირველად უნდა დავადასტურო, რომ შენზე საძაგელი ადამიანი არსად შემხვედრია, თეატრებშიც კი. ამას გწერ ისე, ყოველი შემთხვევისათვის, რომ არ დაგავიწყდეს. მეორეც, შენ გაინტერესებს „ვერაგობა“. მაშ ასე: ძალიან კარგი სპექტაკლია, ტემპერამენტიანი, გაჯერებული და, ამასთან, დახვეწილი. ძირითადად, კარგი გაფორმება და კოსტიუმებია. აბა, რა უნდა მოგწერო ამის შესახებ. ყველაფერი, რაც ჩემს სამუშაოს შეეხება, ენით ვერ აღწერ. შეგიძლია, ამაში ეჭვიც კი არ შეგეპაროს. თუ მე საკუთრ თავზე ვამბობ, რომ ეს კარგია, მაშ, ეს ნამდვილად კარგია. ამჟამად ვმუშაობ სტანისლავსკისთან ერთად ოპერაზე. მასთან ვარ ხშირად, მამყოფებს ხოლმე რამდენიმე საათს ზედიზედ… ნინა, როგორ მიდის შენი საქმეები კონსერვატორიაში? როდის ფიქრობ საქმეების დამთავრებას? გათხოვებას ხომ არ აპირებ? საოცრად ვილანძღები რუსთაველის თეატრის გამო, ისრებს მესვრიან... უნდათ, რომ მუდმივად მათთან ვიმუშაო. არ ვიცი, როგორ დამთავრდება ჩვენი 
მიმოწერა. უკვე თავი მომაბეზრეს. გკოცნი პეტია“ .                     
„... რაც შეეხება ჩემს ფორმალიზმს, მე მას არ უარვყოფ და არც როდის ვიტყვი მასზე უარს (ეს ჩვენს შორის). რაც დევს ჩემში და რაც ხაზს უსვამს ჩემს მეობას და რაც მცირედით მაინც განმასხვავებს სხვებისაგან, რაც ჩემთვისაა დამახასიათებელი, უპირველესი კი ისაა, რომ თუ შენ თვლი, რომ მე რამდენადმე თავს ფორმალიზმის მიმდევრად ვთვლი, შენ ცდები, რადგან ყველაფერი ის, რაც არარეალურია, არ არის ფორმალიზმი. ყველა ეს „იზმი“ არ არის ყოველთვის გადახრა რომელიმე მიმართულებით, ყოველთვის ვერც მოუძებნი დასახელებას. ჰო, მართლა, რომელიღაც გამოცემაში წავიკითხე მარჯანოვის თეატრის შესახებ. პროფესორი მოროზოვი (სამხატვრო მეცნიერებათა აკადემია) ამბობს, რომ „მხატვარი ოცხელი, მისი არაჩვეულებრივი ნიჭიერებით გამორჩეული ნამუშევრებით, რომლებსაც საფუძვლად „ურიელი“ უდევს, ნებას არ გვაძლევს, უფრო სწორად კი, საშუალებას არ გვაძლევს ჩვენ, ხელოვნების სპეციალისტებს, მივუსადაგოთ იგი რაიმე მიმდინარეობას, ეს რაღაც ახალი და სპეციფიკურია“.  აი ასე, მე ამას გადმოგცემ მხოლოდ ჩემი სიტყვებით, რადგან ზეპირად არ მახსოვს. შენ კი აგიჩემებია - ფორმალიზმიო. მოდი, მოვრჩეთ ამაზე – შეუძლებელია წერილში ლექციების კითხვა. ეს საშინელებაც კია, ვინმე წაიკითხავს და იფიქრებს, რომ მე საკუთარ თავზე, ღმერთმა უწყის, რამხელა წარმოდგენა მაქვს.  კი  არავინ იფიქრებს, რომ ამ საქმეზე ისეთმა ხელიდან წასულმა ადამიანმა გამომიწვია, როგორიც შენ ხარ. უკვე დამღალა წერამ… ვწერ საწოლში და ვერც ხელებსა და ვერც ფეხებს ვგრძნობ. გკოცნი, პეტია“.
„სალამი, საყვარელო მედეა. თქვენ გაინტერესებთ, რას ვაკეთებ; აი, რას: მცირე თეატრში გავაფორმე (ფორმალიზმის გარეშე) სპექტაკლი „დიდება“. იყო არნახული წარმატება, გამომიძახეს (არ ვტრაბახობ, უბრალოდ, როგორც მეგობარს, გულახდილად გწერ)…  ვემზადები მცირე თეატრში „ფუენტე ოვეხუნას“ გასაფორმებლად. ვვარაუდობთ გრანდიოზულ სპექტაკლს, იხარჯება უამრავი ფული, ვდგამთ არა მარჯანიშვილისეულად (ანუ აქ თეატრალებმა ეს ფორმა მოძველებულად მიიჩნიეს). ვაკეთებთ ჩვენებურად. ნამდვილი გლეხები, ყოველგვარი (გოგოლევას) ლაურენსიების გარეშე, არა „ა ლა კარმენ“ (როგორც აქ ითქვა), არამედ ჭეშმარიტი გლეხის ქალი. კიდევ, სავარაუდოდ, იგეგმება ჩემი დადგმა სახალხო შემოქმედების თეატრში, მაგრამ ეს ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა. ყოველ შემთხვევაში, სამუშაო ბევრია. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ საოცრად დავიღალე, არა იმდენად მუშაობისგან, რამდენადაც საერთოდ, მაგრამ ამისგან თავს ვერ დაიძვრენ, რამდენიც უნდა დაისვენო. გულახდილად რომ ვთქვა, მეშინია კიდეც დასვენების. უზომოდ ვბერდები და ვჭაღარავდები „ბუკვალურად“ ყოველ საათში და ყველაზე საშინელი ისაა, რომ ვსუქდები, რატომ, არ ვიცი. ღორმუცელა არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. ვშიშობ, მალე ლუნდბერგს დავემსგავსები (რა საშინელებაა, მგონი  მეტისმეტი მომივიდა)“...
ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოს“ საოპერო თეატრის დადგმის კონკურსზე პეტრე ოცხელის დეკორაციის ერთადერთმა ესკიზმა გაიმარჯვა, მაგრამ მხატვარი მის განხორციელებას ვერ მოესწრო 1937 წლის 21 სექტემბერს პეტრე ოცხელი, მოულოდნელად დააპატიმრეს, მასთან ერთად კი მცირე თეატრის რეჟისორი ვახტანგ აბაშიძე და თეატრალური მოღვაწე გიორგი ჟორდანია. მათ ბრალი დასდეს სერგო ამაღლობელის ხელმძღვანელობით არარსებული კონტრრევოლუციურ-ტროცკისტული ორგანიზაციის შექმნაში. მათი დაკითხვა „ტროიკასთან“ თითოჯერ გაიმართა. სამივეს ჩვენებაში ნათქვამი აქვს, რომ არავითარ ტროცკისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ, თავს დამნაშავედ არ ცნობენ. რაც შეეხება დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორობაში ბრალდებული სერგო ამაღლობელის დაკითხვის ოქმს, იგი ამბობს, რომ პეტრე ოცხელი აპოლიტიკური ადამიანია და ამ საკითხში გაუცნობიერებელი მხატვარი… 2 დეკემბერს „ტროიკამ“ სამივეს გამოუტანა უმაღლესი სასჯელი – დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით. განაჩენი იმავე დღეს აღსრულდა. ამ კუთხით ნიშანდობლივია მხატვრის მიერ 1933 წელს შექსპირის „ოტელოს“ მარჯანიშვილის თეატრში შექმნილი დეკორაცია სამი ვენეციელი დოჟის გამოსახულებით. სხეულით სავარძელს შეხორცებული, გაქვავებული სამი მსაჯული, რომლებიც ჩვენს წარმოსახვაში არსებულ ინკვიზიტორებს გვაგონებენ. მხატვარმა თითქოს იწინასწარმეტყველა საკუთარი სასიკვდილო განაჩენის გამომტანთა იერსახეები… განაჩენის შესახებ დახვრეტილთა ოჯახებს არაფერი შეატყობინეს. პეტრე ოცხელის მამა, გრიგოლ ოცხელი ისე გარდაიცვალა, რომ შვილის ამბავი არ გაუგია. პეტრეს შუათანა და, ნინო, გარდაცვალებამდე ელოდებოდა მის დაბრუნებას. ნინო ოცხელის უახლოესი მეგობრის – ბაბო დადიანის ქალიშვილი, თამარ (თათული) ღვინიაშვილი (დღეს იგი 95 წლისაა) იგონებს: „პეტრეს უგზო-უკვლოდ გაქრობის შემდეგ დეიდა ნინა გათხოვებამდე წელიწადში ერთხელ სახლში აწყობდა პეტრეს ნამუშევრების გამოფენას და პატიჟებდა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებს… ვერიკო იწყებდა სევდიან საუბარს, იხსენებდა პეტრეს. მერე აჰყვებოდნენ დანარჩენებიც…  ყველაზე დიდი განცდა მამისთვის პეტრეს უგზო-უკვლოდ გაქრობა იყო… 1939 წელს ლონდონში მოწყობილ თეატრის მხატვართა ნამუშევრების მსოფლიო გამოფენაზე ვიქტორ გუსევის „დიდების“ სცენოგრაფიული ესკიზები ოქროს მედლით დაჯილდოვდა ისე, რომ მხატვრის – პეტრე ოცხელის გვარი არ დასახელებულა. მარინა ოცხელის ვარაუდით (რაც სიმართლესთან ახლოსაა), მისი ბიძა, პეტრე ოცხელი დახვრიტეს ღამით, მინდორზე, თბილისიდან 18 კილომეტრში. ეს ადგილი დღესდღეობით მდებარეობს თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე. 1981 წლის 28 სექტემბერს ნინო ოცხელმა საქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმს გადასცა მის  საკუთრებაში არსებული პეტრე ოცხელის ნამუშევარების სრული კოლექცია. გადმოცემის დროს, იქ მყოფ მუზეუმის თანამშრომლებს მოგვიყვა ისტორია, რომელიც ეხებოდა მოსკოვის კორშის თეატრში კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმული და პეტიას მიერ გაფორმებული სპექტაკლის, იბსენის „მშენებელი სოლნესის“ ესკიზებს. 1933 წელს კორშის თეატრის შენობა ინვენტარიანად გადაეცა სამხატვრო თეატრის ფილიალს. ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, თავიდან მოეშორებინა პეტრე ოცხელის ესკიზები და... ისინი ნაგავსაყრელზე აღმოჩნდნენ. თეატრის ერთ-ერთი ძველი თანამშრომელი დაელოდა დაღამებას, აკრიფა ნამუშევრები და სახლში გადამალა. კარგა ხნის შემდეგ, ამის შესახებ გაიგო თამარ ვახვახიშვილმა, რაც სასწრაფოდ აცნობა პეტრეს დას. ნინო გადაფრინდა მოსკოვში, გამოისყიდა ესკიზები და  შემდგომ მუზეუმს გადასცა… “


скачать dle 11.3