კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რატომ იყიდება სააფთიაქო ქსელებში ვადაგასული და არალიცენზირებული მედიკამენტები და ვის უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებაში არასათანადოდ გაწეული ან არასწორი მკურნალობის დანიშვნის შემთხვევაში

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევის თანახმად, რომელიც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მუშაობას ეხება, აფთიაქების საქმიანობის მიმართულებით გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციის, აღრიცხვისა და გაფორმების წესების დარღვევა, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევა, ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქციის განადგურების წესის, ფარმაცევტული პროდუქციის შენახვის პირობებისა და აფთიაქის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დარღვევა. აგრეთვე, გამოვლინდა უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის ფაქტებიც, ანუ როდესაც აფთიაქი შესაბამისი ნებართვის გარეშე საქმიანობდა. კვლევის დეტალებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი გიორგი ზოიძე გაგვაცნობს.
– რატომ გახდა საჭირო ამ ტიპის კვლევის ჩატარება?
– ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მუშაობის მონიტორინგი, რაც მოიცავს ფარმაცევტული საქმიანობის მიმართულებით, ასევე,  სამედიცინო დაწესებულებებისა და მათი თანამშრომლების საქმიანობისას გამოვლენილ დარღვევებს და სხვა იმ მიმართულებებს, რაც ამ სააგენტოს კომპეტენცია და უფლება-მოვალეობაა. ორგანიზაცია აღნიშნულით დაინტერესდა 2018 წლის აპრილში მომხდარი ფაქტის გამო, როდესაც მოქალაქემ ერთ-ერთ ცნობილ სააფთიაქო ქსელში ვადაგასული მედიკამენტი შეიძინა.
– კოლოფზე ეწერა, რომ ვადა გასული ჰქონდა პრეპარატს, თუ შემდგომი შემოწმებით გაირკვა, რომ პრეპარატი ვადაგასული იყო?
– შეძენის მომენტში მყიდველი არ დაჰკვირვებია ვადას, მაგრამ, როდესაც მან მიიღო პრეპარატი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, გადამოწმდა და აღმოჩნდა, რომ მედიკამენტი ვადაგასული იყო. დახმარებისთვის ჩვენ მოგვმართა და დღეს წარმოვადგენთ ამ მოქალაქის ინტერესებს ადმინისტრაციულ ორგანოში. ამდენად, კანონით დადგენილი წესით მივმართეთ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს, რომ შეესწავლა ეს ფაქტი, გამოეკვლია ჩვენ მიერ წარდგენილი ყველა მასალა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სააგენტომ არ დაიცვა ეს წესები, მეტიც, პირდაპირ რომ ვთქვათ, დაარღვია კანონით დაკისრებული ყველა მოვალეობა, არ ჩაატარა სწორი ადმინისტრაციული წარმოება, არ შეისწავლა მტკიცებულებები და შესაბამისად, არ გაიზიარა ჩვენი მოთხოვნები, ანუ არ დააკმაყოფილა ჩვენი ადმინისტრაციული განცხადება.
– რა მოტივით არ დააკმაყოფილა?
– პროცესუალური დარღვევების ფონზე, ფაქტია, არ მოიკვლია საკითხი და არ ჩაატარა სწორი ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო, გამომდინარე იქიდან, რომ მეორე მხარე ბაზარზე საკმაოდ ცნობილი სააფთიაქო ქსელია, შეიძლება, სააგენტო ლობირებდა მას ან, უბრალოდ, მოერიდა კონკრეტული სააფთიაქო ქსელის დადანაშაულებას ვადაგასული მედიკამენტის რეალიზაციის გამო და თავი შეიკავა, მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება.
– და რას ამბობს კანონი, როდესაც ვადაგასული მედიკამენტი იყიდება სააფთიაქო ქსელში? ისეთი მკაცრი სანქციაა, რომ გააკოტრებდა იმ სააფთიაქო ქსელს?
– თუ სააფთიაქო ქსელში გაიყიდა ვადაგასული მედიკამენტი, ეს არის ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონის პირდაპირი და, ასევე, აფთიაქის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული რეგულაციის დარღვევა, რომელიც კრძალავს ქსელში ვადაგასული მედიკამენტის რეალიზაციას. თუ მედიკამენტის მიღება სიცოცხლისთვის საშიშია, შეიძლება, დაწესდეს საჯარიმო სანქცია, რომელიც საკმაოდ დაბალია და პრევენციას ვერ ახდენს, კონკრეტულმა აფთიაქმა ან სააფთიაქო ქსელმა მიიღოს გაფრთხილება.
– როგორი „ჰუმანური“ ყოფილა კანონი, როდესაც მოქალაქეს აფთიაქი მიჰყიდის სიცოცხლისთვის საშიშ მედიკამენტს?!
– რადგან ჩვენ უკანონოდ მივიჩნიეთ სააგენტოს გადაწყვეტილება, დამატებით სააგენტოს ხელმძღვანელსა და ჯანდაცვის მინისტრს მივმართეთ, დავასაბუთეთ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა და დღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც სააგენტომ აპრილში მიიღო, ბათილადაა ცნობილი და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ამ საკითხის შესწავლა ხელახლა დაევალა. ამის შემდეგ დავინტერესდით „ახალგაზრდა ადვოკატები“ სააგენტოს საქმიანობით. ჩვენი კვლევის არეალი მოიცავდა სააგენტოს მუშაობას არა მარტო სააფთიაქო ქსელების, არამედ სამედიცინო დაწესებულებებისა და ექიმთა საქმიანობის მიმართულებითაც.
– რა ევალება სააგენტოს ფარმაცევტულ კომპანიებთან მიმართებაში, რას ვერ ართმევს თავს და რა დარღვევები გამოავლინეთ?
– სააგენტო პირდაპირაა ვალდებული, რომ გააკონტროლოს აფთიაქები, გასცეს შესაბამისი ნებართვა-ლიცენზია აფთიაქის ფუნქციონირებისთვის, კონკრეტული მედიკამენტის რეალიზაციისთვის და ეს უნდა განახორციელოს არა ვინმეს მიმართვის საფუძველზე, არამედ საკუთარი ინიციატივით. შეამოწმოს და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისად იმოქმედოს. საერთო ჯამში, სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ სააგენტომ გამოავლინა აფთიაქის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევები, ანუ ვადაგასული მედიკამენტების გაყიდვის ფაქტები; საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე მედიკამენტის რეალიზაციის ფაქტები, როდესაც იყიდებოდა არალიცენზირებული მედიკამენტი, როდესაც აფთიაქი საქმიანობდა ნებართვა-ლიცენზიის გარეშე. ეს საკმაოდ საგანგაშო დარღვევებია, რადგან ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე თუ ვადაგასული მედიკამენტების რეალიზაცია რისკს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას და თუ აფთიაქი ნებართვის გარეშე მუშაობს, ეს რისკი იზრდება, რადგან მოქალაქეს ასეთ აფთიაქში უფრო მარტივად შეუძლია ისეთი მედიკამენტის შეძენა, რომელიც მოითხოვს რეცეპტს და ექიმის მეთვალყურეობას.
საინტერესოა, რომ არის შემთხვევები, როდესაც სააგენტო იყენებს თავის უფლებამოსილებას, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც არღვევს კანონს და არ იყენებს თავის უფლებამოსილებას. მაგრამ არსებული სანქციები და ბერკეტები არასაკმარისია. 380 შემთხვევა შეამოწმა ერთი წლის განმავლობაში სააგენტომ სამედიცინო დაწესებულებებში და 217-ში აღმოჩნდა დარღვევა, ანუ 50 პროცენტზე მეტ შემთხვევაში და საერთო საჯარიმო თანხამ 183 200 ლარი შეადგინა. საშუალოდ, გამოდის 700-1 000 ლარი ერთ შემთხვევაზე, რაც მსხვილი სამედიცინო კორპორაციისთვის არ არის იმ ოდენობის თანხა, რომ უზრუნველყოს პრევენცია. რადგან ასეთი დაბალი ჯარიმებით ვერ მივაღწევთ მიზანს, ამიტომაც მივმართეთ შესაბამის უწყებებს რეკომენდაციით, რომ გააქტიურდეს მსჯელობა რეგულაციების შემუშავებასა და არსებული სანქციების დახვეწაზე; რაც მთავარია, სააგენტოს უნდა გაეზარდოს უფლებამოსილება, რათა უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდეს, რომ დაიცვას მოქალაქეთა ჯანმრთელობა.
– მაგრამ, როგორც თქვენი საუბრიდან ჩანს, სააგენტოს სხვა პრობლემაც აქვს – თვალებს ხუჭავს იმისდა მიხედვით, რამდენად გავლენიანია დამრღვევი?
– დიახ, არის შემთხვევები, როდესაც იყენებს თავის უფლებამოსილებას და არის შემთხვევები, როდესაც არ იყენებს. ანუ ვლინდება შერჩევითი მიდგომა სააგენტოს მხრიდან, რაც ცალსახად მიუღებელია ჩვენთვის, რადგან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მეორე მხარე: ცნობილი სააფთიაქო ქსელი თუ უცნობი.
– თუ ცნობილი ხარ, მით უმეტეს, არ უნდა დაეცე ასე.
– ჩვენთვის მთავარია მოქალაქის უფლება და როდესაც ვიბრძვით მოქალაქის უფლების დასაცავად და სააგენტო გვპასუხობს, რომ დარღვევა არ მომხდარა, არადა დარღვევის ყველა მტკიცებულებაა, ამდენად, ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ სააგენტო განზრახ არ იღებს გადაწყვეტილებას და ხელს აფარებს იმ კომპანიას, რომელიც წასრულშიც ჰყიდდა და, სავარაუდოდ, დღესაც ჰყიდის ვადაგასულ მედიკამენტებს.
– სამედიცინო დაწესებულებებში რა ტიპის დარღვევები გამოვლინდა?
– როგორც გითხარით, 380 შემთხვევიდან 217-ში გამოვლინდა დარღვევები. ძირითადად, ისინი ეხება: პერსონალის სერტიფიცირებას, ასევე; ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული სამედიცინო დაწესებულება არ იცავს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ბევრ ნორმას.
– ტექნიკურ რეგლამენტს არ იცავს, ანუ არ იცავს სანიტარულ ნორმებს, აპარატურის ექსპლუატაციის წესებს, ანალიზების შენახვისა თუ ჩატარების წესებს?
– ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა წესის დაცვას ეწოდება ტექნიკური რეგლამენტი, მათ შორის, გულისხმობს სანიტარული წესის დაცვასაც. სწორედ ამ მხრივაა გამოვლენილი დარღვევები, ამას გარდა, სამედიცინო ნარჩენების განადგურების მხრივაც, ინფრასტრუქტურის შეუსაბამობის მხრივ და სხვა.
– ექიმი-პაციენტის ურთიერთობა არ შედის ამ დარღვევებში?
– სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობაში შედის სამედიცინო პერსონალის საკითხიც. შარშან ერთი წლის განმავლობაში 361 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა: აქედან 262-ს მიეცა გაფრთხილება, ხოლო 99 ექიმს შეუჩერდა სერტიფიკატის მოქმედება. ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება და წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი 2017 წელს დაფიქსირდა.. ეს ზრდა მიუთითებს, რომ იზრდება მიმართვები სააგენტოსადმი ექიმების მცირე გადაცდომების შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ყველა შემთხვევა, მიმართვის რაოდენობა უფრო მეტი იყო.
– გადაცდომაში არასწორი მკურნალობა და არასწორი დიაგნოზი იგულისხმება?
– დიახ, მათ შორის, შეცდომა მკურნალობისას. რადგან 361 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ექიმების გადაცდომების გამო მიმართვის რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო, იმიტომ რომ ყველა გადაცდომა არ არის იმ კატეგორიის, რომ სააგენტომ აუცილებლად სანქციით შეაფასოს. ეს სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ექიმებისადმი პრეტენზიები უფრო და უფრო იზრდება და ამ მიმართულებითაც უნდა გამკაცრდეს რეგულაციები.
– რას ურჩევთ სააფთიაქო ქსელის მომხმარებლებსა და პაციენტებს?
– როდესაც მედიკამენტებს ვიძენთ, ყურადღებით უნდა გავაკონტროლოთ ვარგისიანობის ვადები, მიუხედავად იმისა, სააფთიაქო ქსელი ცნობილია თუ უცნობი. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, აუცილებლად უნდა მივმართოთ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს, რომ არც ერთი გადაცდომა არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ხშირად მოქალაქე თავს არიდებს ან არ მიაჩნია საჭიროდ, რომ იაფფასიანი მედიკამენტის ვადაგასულობის გამო მიმართოს სააგენტოს, თუმცა მნიშვნელოვანია, ყველა დარღვევაზე ჰქონდეს ინფორმაცია სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია ადეკვატურ რეაგირებაზე. სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობისას კი – თუ მოქალაქეს ექნება პრეტენზია გაწეული მომსახურების ხარისხზე ან კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების მიმართ, მათ შორის, არასათანადო მოპყრობის გამო, რასაც ხშირად უჩივიან პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს. ამიტომ ყველა დარღვევა უნდა აისახოს სააგენტოში, რომ რეაგირება იყოს შესაბამისი.
скачать dle 11.3