კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რატომ დადგა საფრთხის ქვეშ საქართველოს დამოუკიდებლობა და რა შეიძლება, გახდეს „ნატოს“ ალტერნატივა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

„ნატოს“ სამიტი გასრულდა და ახალი ის შევიტყვეთ, რომ ჩვენ მხოლოდ „მაფის“ გავლით თუ მიგვიღებენ, ოღონდ როდის, არავინ იცის. თუ ამას შემდგომ პუტინ-ტრამპის შეხვედრას დავუმატებთ, ჩნდება უსიამოვნო ასოციაცია: ბუქარესტის 2008 წლის  სამიტზე „მაფზე“ უარის თქმის შემდეგ აგვისტოში რუსეთმა ომი გამოგვიცხადა, რადგან, უდიდესი ალბათობით, „ნატოს“ სამიტის მიერ საქართველოს იგნორირება ომისთვის მწვანე შუქად აღიქვა. როგორ შეიძლება, შეაფასოს რუსეთმა ამჯერად ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის დამოკიდებულება და რას შეიძლება, ველოდოთ? – ამ კითხვებზე პასუხის მიღებას სოსო ცინცაძისგან შევეცდებით.
სოსო ცინცაძე: ფონი ბუქარესტის სამიტისა და ბრიუსელის სამიტის წინ რადიკალურად განსხვავებული იყო. მაშინ ჩვენი მთავარი სპონსორი და ლოკომოტივი იყო თვითონ ამერიკის პრეზიდენტი. დღეს მთავარი მუხრუჭი არის ამერიკის პრეზიდენტი.
– ესე იგი, უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე 2008 წელს.
– რასაკვირველია, გაცილებით მძიმეა. გარდა ამისა, თვითონ ის ნათქვამი, რომ აუცილებლად გახდებით „ნატოს“ წევრი, ინგლისურიდან ქართულად შეიძლება, ვთარგმნოთ, რომ ოდესმე, ანუ გაურკვეველია, მაგრამ არა ახლო მომავალში. არ ვიცი, არის თუ არა რეალური ინფორმაცია, იმიტომ რომ 100-პროცენტიანი დადასტურება არსად წამიკითხავს, მაგრამ „კომსომოლსკაია პრავდამ“ დაწერა, რომ თითქოს ტრამპის მითითებით, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს დაატოვებინეს სხდომა, ამათ აქ რა უნდათო და შემდეგ სტოლტენბერგმა ეს შეარბილა, მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთის მისიაში მონაწილეობისთვის. მართალია, დღეს სულ სხვა სურათია, ვიდრე 2008 წელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგივე სურათი იქნება ოთხი წლის შემდეგ ან „ნატოს“ მომავალ სამიტზეც. ვინაიდან ჩვენ ძალზე ტურბულენტურ გარემოში ვცხოვრობთ. ვერ ვიხსენებ ზაფხულს, თუ 1941 წლის 22 ივნისს გამოვრიცხავთ, როდესაც ასეთი დაძაბული ვითარება იყო, თუმცა გაუგებრობები ადრეც ყოფილა: დიდი შვიდეულის შეხვედრა, „ნატოს“ სამიტი, შემდეგ პუტინ-ტრამპის სკანდალური შეხვედრა, ასეთი დაძაბულობა ევროპასა და ამერიკას შორის. ყოფილა გაუგებრობები, მაგრამ ევროპისადმი ასეთი შეურაცხმყოფელი ტონით ამერიკის არცერთი პრეზიდენტი არ გამოსულა. კვებეკში დიდი შვიდიანის სკანდალი მალამოდ მოეცხო პუტინის გულს. ტრამპი ჩავიდა დაგვიანებით, გამოლანძღა თავისი პარტნიორები, საერთო განცხადებას ხელიც არ მოაწერა, უფრო ზუსტად, მოაწერა და შემდეგ დეზავუირება მოახდინა. ამას დაერთო „ნატოს“ სამიტი, რომელზეც ტრამპმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ევროპელი მოკავშირეები და როცა თითქოს შეთანხმდნენ, რომ გერმანია 2024 წელს მიაღწევდა ორპროცენტიან ზღვარს, ტრამპმა ეს წლის ბოლომდე მოითხოვა, რაც გამორიცხულია. შემდეგ კი თავის „ტვიტერში“ დაწერა, რომ ბრწყინვალე შეხვედრა იყო. ეს მისი დიპლომატიის სტილია. პუტინ-ტრამპის შეხვედრა ჯერ არ გაანალიზებულა საექსპერტო წრეებში, მაგრამ უმეტესობა უკვე სირცხვილად აფასებს. ვინ დარჩა ყველაზე მოგებული? რასაკვირველია, პუტინი. მას რეალურად დიდი არაფერი მიუღია, მაგრამ ეს იყო პუტინის უდიდესი დიპლომატიური გამარჯვება.
– პუტინის ამ უდიდესი დიპლომატიური გამარჯვებით ჩვენი საფრთხეები როგორ გაიზარდა? ისევ „მწვანე“ აუნთეს ჩვენი მიმართულებით?
– პეტერბურგში იყო ეკონომიკური ფორუმი, რომელზეც ჩავიდა მაკრონი და განაცხადა, ესმის, რომ პუტინს ლეგიტიმური ინტერსები აქვს პოსტსაბჭოთა სივრცეში. პუტინისთვის ეს რაღაც სიგნალია. მეორე მხრივ, ტრამპიც გაურკვევლად ლაპარაკობს ორმხრივ კავშირებზე. თვითონ ამერიკაშიც ამ დღეებში გააქტიურდა ამერიკელ ექსპერტთა ის სეგმენტი, რომლებიც „ნატოს“ გაფართოების წინააღმდეგნი არიან. თავად ტრამპმა კი თქვა, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები ჩიხში ამერიკის სიბრიყვის გამო შევიდა. პუტინისთვის კი გაუარესება „ნატოს“ გაფართოებას ნიშნავს. თუმცა ობამას, ამ მხრივ, დიდი არაფერი გაუკეთებია. პირიქით, ობამას შემდეგ ტრამპმა 40 პროცენტით გაზარდა ევროპაში ამერიკის სამხედრო ყოფნის დაფინანსება. ობამამ უკანასკნელი ამერიკული ტანკი გაიყვანა ევროპიდან, ტრამპმა კი მთელი სატანკო ბრიგადა დააბრუნა. „აბრამსები“ უკვე ბალტიისპირეთშიც არის. ჩვენი „ნატოში“ შესვლა პუტინისთვის მიუღებელია, მაგრამ უკრაინის გაწევრიანება – ჯოჯოხეთი. პუტინი ცოცხალი თავით არ დაუშვებს ამას. ბირთვულ ომს დაიწყებს. რუსეთის არც ერთი მთავრობა, ვითომ ყველაზე ლიბერალური ოპოზიციაც რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, არ დაუშვებს უკრაინის „ნატოში“ გაწევრიანებას. ჩვენთვის ძალიან ცუდი ისაა, რომ პაკეტში უკრაინასთან ერთად მოვხვდით. ეს ქართულ დიპლომატიას არ უნდა დაეშვა. თვითონ უკრაინაშიც დიდი ქაოსია: არავინ იცის, რით დამთავრდება საპრეზიდენტო არჩევნები, უკრაინა  კორუფციაში იხრჩობა. ამდენად, უკრაინასთან ერთად მოხვედრა ჩვენთვის წამგებიანი და დიდი გამოწვევაა.
– როგორ შეეძლო ამის თავიდან აცილება ქვეყანას?
– ქართული დიპლომატია დღეს ძალიან რთული ამოცანების წინაშეა. ევროკავშირის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ევროპამ მეტი უნდა იფიქროს საკუთარ თავდაცვისუნარიანობაზე და, თუ „ნატოში“ ჯერ არ გვიღებენ, იქნებ ევროპული თავდაცვის სისტემის წევრი გავხდეთ, რომელიც მოაზრება. დღეს ხომ, ისეთი სამხედრო მოკავშირე არ გვყავს, ვინც ჩვენთვის იომებს?! თუ კიდევ შემოიჭრა პუტინი, ვინ დაგვიცავს?! ევროკავშირი გააკეთებს განცხადებას, გაეროს უშიშროების საბჭოში შევა რეზოლუცია, რომელსაც რუსეთი ჩინეთის მხარდაჭერით დაადებს ვეტოს და ამით დამთავრდება ყველაფერი. მეორეც, ქართულმა დიპლომატიამ ვაშინგტონში უფრო მეტი ლობისტური მუშაობა უნდა აწარმოოს. მესმის, რთულია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ვინაიდან დღეს ჩვენს პროდასავლურ კურსს გაცილებით ძლიერი გამოწვევები ემუქრება, ვიდრე წინა წლებში. ჩვენ ძალიან დაგვაზარალა რუსეთის ჩარევამ ამერიკის არჩევნებში და მაშინდელი „ეფ ბე ერის“ დირექტორის განცხადებამ, როდესაც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კვლავ დაიწყო გამოძიება კლინტონის წინააღმდეგ. დღეს რომ კლინტონი ყოფილიყო პრეზიდენტი, სულ სხვა სიტუაციაში ვიქნებოდით. ხომ ვხედავთ, როგორ ვართ დამოკიდებულები იმავე აშშ-სა და ევროპის საშინაო მდგომარეობაზე?! ამიტომ ჩვენი პროდასავლური კურსი დღეს მართლაც გაცილებით მეტ ინტელექტუალურ რესურსს ითხოვს.
– სამხედრო მოკავშირე არ გვყავს; ვხედავთ, ევროკავშირის ლიდერები როგორ ეფერებიან რუსეთის პრეზიდენტს; აშშ-ს შიდა პოლიტიკური პრობლემები აქვს, იმას გარდა, რომ უკვე თავად აშშ ამუხრუჭებს ჩვენს „ნატოში“ წევრობას. ეს ჩვენ წინააღმდეგ მოქმედების რა დიაპაზონს უქმნის რუსეთს?
– არ ველი ახალ ღია სამხედრო ინტერვენციას, მაგრამ პროვოკაციები, საზღვრის გადმოწევის შემთხვევები მუდმივად იქნება. თუმცა არ მგონია, რუსეთი ტანკებით შემოვიდეს. მაგრამ ხომ ხედავთ, რა განცხადებები კეთდება ცხინვალში?! რომ კიდევ აქვთ დასაბრუნებელი ტერიტორიები და ჩვენ რას ვპასუხობთ?! გაოცებული ვიყავი, როცა ჩვენმა შერიგების მინისტრმა განაცხადა, რომ ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, იმიტომ რომ პროვოკაციააო. პროვოკაციას არ უნდა წამოეგო, როგორც სააკაშვილი წამოეგო, მაგრამ წაყრუებაც არ შეიძლება. ამას თავისებურად აღიქვამს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება. მათ თქვეს, რომ ჩვენი რაღაც ტერიტორია მათია, ჩვენ ჩუმად ვართ. ისინი კი ამას აღიქვამენ ასე: ესე იგი, ეს ტერიტორია ქართველებს მაინცდამაინც არ აღელვებთო. პირადად მე წარმოდგენა არ მაქვს, რას აკეთებს შერიგების სამინისტრო – ეს უფუნქციო რუდიმენტი. მთავარი ის არის, რომ ჩვენთან ეს საგარეო პოლიტიკური კურსი ჩაკეტილია. ამ თემაზე მოგისმენიათ დისკუსიები, მსჯელობები?! უფრო აქტუალურია ღამის კლუბის დახურვა, მაშინვე იმართება დემონსტრაციები, ყველა ტელევიზია აშუქებს, მაგრამ ვინმე მსჯელობს ჩვენს პროდასავლურ კურსზე?! ან საერთოდაც, ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს გააჩნია ანალიტიკური სამსახური?! გაანალიზდა, რა გამოიწვია მსოფლიოში ტრამპის მოსვლამ?!
– მე მგონი, არა.
– მეც ასე მგონია. ჩვენი ელჩები ისევე მუშაობენ, როგორც ორი თუ სამი წლის წინათ. შედეგს ვერ ვხედავ. სტოლტენბერგი რომ გვეფერება, მანამდე კი – აპატურაი, ეს შედეგი არ არის, რადგან ჩვენს თავდაცვისუნარიანობას ნაკლებად ზრდის. საქმე გვაქვს პუტინთან, რომელიც უკვე თეთრ რაშზეა ამხედრებული და ამ ველიკოდერჟავულ მომენტს ბრწყინვალედ იყენებს. ჩატარდება რუსეთში სოციოლოგიური კვლევები და არ გამიკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ პუტინის რეიტინგი 90 პროცენტს მიაღწევს. სულ გადაფარა საპენსიო ასაკის გაზრდით გამოწვეული უკმაყოფილება.
– გამოსავალიც ხომ უნდა იყოს?
– რეცეპტი არ მაქვს, მე ვიცი, რომ ვითარება იცვლება და ჩვენც იძულებულები ვართ, ახალი რეალობების ადეკვატურები გავხდეთ. ყველაზე სწორი, ალბათ, ფინეთის მოსახლეობის შეფასება იყო: დღეს აქ ერთმანეთს ხვდება მსოფლიოს ორი ყველაზე ცუდი ადამიანი. ეტყობა, ამაში არის სიმართლის ნამცეცები და არც ტრამპია ანგელოზი. ტრამპი ყველაფერს ისე უდგება, როგორც სუპერმარკეტის დირექტორი, დანარჩენი ყველაფერი – ფასეულობები, ადამიანის უფლებები მისთვის არაფერს ნიშნავს, მთავარია, გარიგება. იდეალურ რეალობაში პუტინის ადგილას ნორმალური მთავრობა რომ იყოს, შეიძლება, „ნატოც“ აღარ იყოს საჭირო, მაგრამ რუსეთი სულ ასეთია და არ შეიცვლება. ეკატერინე მეორე, რომელიც ეროვნებით რუსი არც იყო, ამბობდა, მე საზღვრების გაფართოების გარდა ჩემი საზღვრების დაცვის სხვა საშუალება არ გამაჩნიაო. ეს ივანე მრისხანიდანაა დაწყებული და არც პუტინს მოუგონებია და არც სტალინს. ცხადია, ჩვენს პროდასავლურ კურსს  ალტერნატივა არ აქვს, მაშინ რუსეთს უნდა ჩავბარდეთ, და ისიც კი არ იქნება, რაც საბჭოთა დროს იყო. დღეს რუსეთი ამბობს, შენ ჩემი კურსის ერთგული უნდა იყო, მაგრამ გაზში უნდა გადამიხადო იმდენი, რამდენსაც მიხდის ევროპა.
ჩვენ გვაკლია ადეკვატურობა, მივყვებით პროდასავლურობის დინებას და შევეჩვიეთ, ჩამოვლენ, შეგვაქებენ, რა კარგი ბიჭები ხართო, მაგრამ ჩვენი დავა არავის აინტერესებს. ჩვენი „ნატოში“ გაწევრიანების პროცესი ძალიან გრძელვადიან შედეგზეა გათვლილი და გვაქვს ჩვენ ამდენი დრო?! ჩერნოგორია ან მაკედონია როდის გახდებოდნენ „ნატოს“ წევრები, ამას მათი თავდაცვისუნარიანობისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მათ დამოუკიდებლობას არავინ ემუქრებოდა, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობა დღეს საფრთხის ქვეშაა და ამიტომ ჩვენ ლოდინის ფუფუნება არ გვაქვს. ორმხრივ ურთიერთობებზე უნდა ვიფიქროთ. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, გამოსავალია მოსაძებნი. ისრაელი და იაპონია სულ არ არიან „ნატოს“ წევრები, მაგრამ აქვთ თავდაცვის სხვა გარანტიები და ასეთ გარანტიებზე უნდა იფიქროს ქართულმა დიპლომატიამ. „ნატო“ რომ არ არსებულიყო, რა უნდა გვექნა?! უნდა გვეთქვა რუსეთისთვის, ისევ თქვენი ვართ და მიგვიღეთ ევრაზიის კავშირშიო?! უფრო მეტი ადეკვატურობაა საჭირო ახალი რეალობისადმი, ახალი საერთაშორისო წესრიგისა თუ უწესრიგობისადმი, რომელიც 2018 წლის ზაფხულში შეიქმნა ტრამპის გამო.
скачать dle 11.3