კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2019 (105)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)

№29 რას ეუბნებოდნენ თიკო კობალაძეს ქმრის ღალატის შესახებ ქუჩაში

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

თიკო კობალაძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ის პრეზიდენტის ცოლის, პირველი ლედის როლს ასრულებს, რომელსაც ახლა ძალიან რთული პერიოდი უდგას.
თიკო კობალაძე: პროფესიით მსახიობი ვარ, თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე. დავით კობახიძის ჯგუფში ვსწავლობდი. სტუდენტობიდანვე ძალიან წარმატებული ვიყავი, არჩილ გომიაშვილის სახელობის სტიპენდიანტი და საკმაოდ მაღალი სტიპენდია მქონდა. უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. დღეს კომუნიკაციების ოსტატი ვარ, მეტყველების კულტურას ვასწავლი უნივერსიტეტში. ახლა დოქტურანტურას ვამთავრებ და დისერტაციაზე ვმუშაობ. მეორე კურსზე ვიყავი, როცა რეჟისორმა გოგი გაბილაიამ შემომთავაზა, ცხინვალის თეატრში მთავარი როლის შემსრულებელი შემეცვალა, რადგან ის გოგო ფეხმძიმედ იყო. მეორეკურსელი ბარტყისთვის ძალიან დიდი ბეწვის ხიდი იყო ეს ნაბიჯი, მაგრამ საბედნიეროდ, გამოვიდა. მას შემდეგ ამ თეატრის სცენაზე ვდგავარ და მაქვს ბედნიერება, რომ წამყვანი როლები ვითამაშო.
– როგორია პირველი ლედობა?
– პირველი ლედობა ძალიან სასიამოვნოა (იცინის). თუმცა, თვითონ ეს ქალი ძალიან დამწუხრებულია, რადგან ქმარი ღალატობს. მანამდეც ღალატობდა, მაგრამ ახლა საქვეყნოდ მოსჭრა თავი.
– თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილას? რთული აღმოჩნდა პირველი ლედობა?
– არა (იცინის). ფილმში რთული არაა და რეალურ ცხოვრებაში, მგონი, მარტივი არ იქნება. ძალიან ძნელია ამაზე პასუხის უცებ გაცემა, მაგრამ ალბათ, არ ვაპატიებდი. ჯერჯერობით არც ის პატიობს და ვნახოთ, სცენარი როგორ წარიმართება. ძალიან ცუდად მოექცა ქმარი, არ იმსახურებდა ეს ქალი ასეთ მოპყრობას.
– როგორია მაყურებლის გამოხმაურება?
– პირველი ლედის მიმართ ძალიან დადებითი შეფასებებია, ძირითადად, მის ქმარს აკრიტიკებენ, პრეზიდენტს, რომელსაც ასეთი პირველი ლედი ჰყავს და მაინც უღალატა. მოკლედ, მთელი ერის მხარდაჭრა მოვიპოვე (იცინის). ქუჩაშიც რომ მხვდებიან: „ვაიმე, თქვენ პირველი ლედი არ ხართ? იცით, რომ ქმარი გღალატობთ?“ – მეუბნებოდნენ ხოლმე, სანამ ამას მეც გავიგებდი (იცინის).
– რეალურ ცხოვრებაში დაქორწინებული ხართ, არა?
– თხუთმეტი წელია, ქორწინებაში ვარ ლევან გოგოლაძესთან, რომელიც არაჩვეულებრივი მეუღლეა. მსახიობი არაა და თეატრთან არავითარი კავშირი არ აქვს, ბიზნესკონსულტანტია და ლექციებს კითხულობს ამ მიმართულებით, მაგრამ ხელოვანი ადამიანია. ბავშვობიდან სახელმწიფო ანსამბლში მღეროდა და დღეს ანსამბლ „ალილოს“ მომღერალია. ორი შვილი გვყავს – თეკლა და დემეტრე.  
– თქვენი და თქვენი მეუღლის სიყვარულის ამბავი როგორია?
– მომავალმა მეუღლემ შემთხვევით დამინახა ქუჩაში და ძალიან მოვეწონე. ერთი ნახვით შეყვარების ამბავია. ძალიან გახსნილი ადამიანია, მაშინვე მოვიდა, გამეცნო და არ ვიცი, მეც რა თვალით დავინახე, ჩემს სპექტაკლზე დავპატიჟე. მერე ძალიან რომანტიკულად გაგრძელდა ჩვენი ამბავი. მას შემდეგ არცერთი სპექტაკლი არ გამოუტოვებია, ყოველდღიური კომუნიკაცია გვქონდა და რვა თვეში დავქორწინდით.
– ეკრანზე როგორ გაფასებთ?
– ჩემი მეუღლე ძალიან ხალისობს, ცოლი რომ პირველი ლედი ჰყავს (იცინის). ის ჩემი პირველი გულშემატკივარი და ძალიან კარგი მრჩეველია. სერიალის შესახებაც მითხრა, – რატომაც არა, წადიო და ქმარი რომ ასეთ თანხმობას მოგცემს და გვერდით დაგიდგება, ეს ქალისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. გაცნობის დღიდანვე ამ ადამიანში მისმა შინაგანმა თავისუფლებამ მომხიბლა. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს პროფესიაში არასდროს შემზღუდავდა. მაგრამ მეც გონიერი ვარ და ზუსტად ვიცი, რას უნდა დავთანხმდე. არც არასდროს მქონია შემოთავაზება, ისეთი თამამ ინტიმურ სცენებზე, რომ ჩემი ქმარი და ოჯახის წევრები უხერხულ მდგომარეობაში ჩამეგდო. რომც მქონდეს, მე თვითონ არ დავთანხმდები, ამას ჩემს მეუღლემდე არც მივიტან და ასეთი არჩევნის გამო უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენებ. სცენაზე სულ ცისფერი როლები მაქვს ნათამაშები. სიყვარული ბევრჯერ მითამაშია, მაგრამ ეს სხვაა და თამამი სცენები, ეკრანზე გახდა ან უხამსი სცენები – სხვა. ამას მე თვითონ არ გავაკეთებ და მით უმეტეს, მეუღლეს არ ავკიდებ ამ ტვირთს.
– თქვენი გმირის გარშემო მთავარი ამბავი ქმრის ღალატია. თქვენს ოჯახში როგორ დგას ეს საკითხი. ბევრისგან, ალბათ, გსმენიათ, კაცის ღალატს არაუშავსო.
– როცა წყვილი შედგება, იქ ღალატზე საუბარი ძალიან უხერხულია. ტოტალურ ღალატს ვგულისხმობ და არა ქმრის ორდღიან გატაცებას. გონებაში რომ რაღაც გაუელვებს, ამის გამო შეიძლება ოჯახი არ დაანგრიო, მაგრამ ქმარს საყვარელი ჰყავდეს და ასე საქვეყნოდ გახდეს ეს ცნობილი, როგორც პრეზიდენტისა და პირველი ლედის შემთხვევაშია, მაშინ, შენ საერთოდ ვინ ხარ და რატომ ცხოვრობ ამ ადამიანთან ერთად? ანალოგიურადაა კაცისთვის, ქმარი იქნება ის თუ მეგობარი მამაკაცი. ჩემთვის ღალატი წარმოუდგენელია.
– თქვენი ცხოვრების რთული ეტაპი გაიხსენეთ.
– ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი და ცუდი პერიოდი მამაჩემს უკავშირდება. მამა 45 წლის ასაკში, მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. 25 წელია, ლტოლვილი ვარ, წარმოშობით – ცხინვალიდან. შვიდი წლის ვიყავი, როცა ცხინვალიდან წამოვედით და ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. როცა სახლ-კარი დატოვეს და ცარიელ-ტარიელები წამოვიდნენ, მშობლები ძალიან წარმატებულები იყვნენ: მამას მაღალი თანამდებობა ეკავა, დედა სკოლის დირექტორი იყო. მამაჩემი ამ ამბავმა შეიწირა. მშობლის გარდაცვალება მარტივი არასდროსაა, მაგრამ როცა მამა საკუთარ ხელებში ჩაგაკვდება, რომელიც შენთვის ყველაფერი იყო... დედაჩემი ძალიან ახალგაზრდა დაქვრივდა და ჩვენ ორმა გაჭირვებით გავწიეთ ცხოვრების ჭაპანი. მერე ჩემმა ქმარმა, შვილებმა, პროფესიამ, დრომ ნელ-ნელა გამინელა საშინელი ტკივილი. ჩემი წარმატება დედაჩემის, მანანა კობიაშვილის დამსახურებაა. მეცხრე კლასიდან გამომიყვანეს და სტომატოლოგიურ კოლეჯში ჩამაბარებინეს, მშობლებს უნდოდათ, კარგშემოსავლიანი პროფესია მქონოდა. სამწლიანი კოლეჯი იყო და მისი დასრულების შემდეგ, სამედიცინო უნივერსიტეტის გამოცდებისთვის ვემზადებოდი. მე და დეიდაჩემი – თამარ ხიზანიშვილი, რომელიც მსახიობი და რეჟისორია, ტრანსპორტში ვისხედით, როცა რეჟისორი ანზორ ქუთათელაძე შეგვხვდა. მაშინ ფიზიკურად ძალიან კარგად გამოვიყურებოდი, მოდელი ვიყავი და სამოდელო სააგენტოშიც ვმუშაობდი. როგორც ჩანს, მოვეწონე და დეიდაჩემს უთხრა, არ უნდა ჩემთან მოვიდესო? ზუსტად ამ დროს ჩავიარეთ თეატრალურის წინ. არ ვიცი, რა მოხდა იმ დროს ჩემს გონებაში, მაგრამ ტრანსპორტიდან რომ ჩამოვედი, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა. ჩუმად შევიტანე საბუთები თეატრალურში. პირველი ტური რომ გადავლახე, არ გამიხარდა, რადგან მშობლების შემეშინდა, რას მეტყოდნენ. მაგრამ ვიფიქრე, რომ არა უშავდა და მეორე ეტაპზე აუცილებლად ჩავიჭრებოდი, რადგან ძალიან დიდი კონკურენცია იყო. მეორეც გადავლახე და მესამეზე უმაღლესი ქულა ავიღე და მხოლოდ მაშინ ვუთხარი დედაჩემს.
скачать dle 11.3