კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (103)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

№29 როგორ „აწერდა“ ფულს „ცეხავიკებს“ ცნობილი რეციდივისტი მეტსახელად „კუსა“

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

                                 „ცეხავიკების“ რისხვა
1974 წლის 7 მაისს ვორკუტის ¹21 მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიიდან 38 წლის მერაბ ლაცაბიძე, მეტსახელად „კუსა“ გაიქცა. ლაცაბიძე რეციდივისტი იყო და საერთო ჯამში, ციხეში თერთმეტი წელი ჰქონდა გატარებული. ვორკუტაში ის მეოთხე „სროკზე“ იმყოფებოდა. თორმეტი წელი მას თბილისელი „ცეხავიკის“, ვანო ქურხულის ძარცვისთვის მიუსაჯეს, რომელსაც ასი ათასი მანეთი წაართვა. დანაშაულის ჩადენისას „კუსამ“ ქურხული ცხელი უთოთი გააუთოვა და სხეულზე მძიმე დაზიანებები დაუტოვა.
„კუსა“, ეგრეთ წოდებული „ცეხავიკების“ რისხვა იყო. მათ ფულს „აწერდა“ და ამით ცხოვრობდა. ქურხული პირველი დაუმორჩილებელი „ცეხავიკი“ გამოდგა, ვინც „კუსას“ მოთხოვნილი ათი ათასი მანეთი არ მისცა და რეციდივისტმა მას ათმაგი თანხა წაართვა. ლაცაბიძის ციხიდან გაქცევა განსაკუთრებული თავხედობითა და ხელაღებულობით გამოირჩეოდა. „კუსამ“ მოახერხა და კოლონიაში ნაგვის წასაღებად შემოსული „ურალის“ საჭეს მიუჯდა. დიდი სისწრაფით დაეჯახა მძიმე კარს, გაანგრია და სანამ მას „კუდზე“ დაასხდებოდნენ, მიმალვა მოახერხა. „კუსას“ მოხელთება ცხელ კვალზე ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ მასზე საკავშირო ძებნა იყო გამოცხადებული, მერაბ ლაცაბიძე ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავის გაეგო და მილიცია ინტენსიურად აგრძელებდა მისი მოხელთების გადაუდებელ ღონისძიებებს...

„კუსას“ წერილები
ლაცაბიძის საპყრობილიდან გაქცევიდან ერთი თვის შემდეგ, ქართველმა „ცეხავიკებმა“ „კუსას“ წერილების მიღება დაიწყეს, რომელთა შინაარსი თითქმის ერთი და იგივე იყო და მათში მხოლოდ ადრესატთა ვინაობები იყო შეცვლილი. 3 ივნისს თბილისში, „ნახალოვკაში“ მცხოვრებმა კუკური ხაჟომიამ, რომელიც ცელოფნის პაკეტების წარმოებით იყო დაკავებული, ლაცაბიძის წერილი მიიღო, რომელშიც ეწერა: „კუსა“ ვარ და „პაბეგში“ ვიმყოფები. მჭირდება ათი ათასი მანეთი და ამ წერილის მომტანს გამოატანე. ამ წერილის შესახებ არავის არაფერი უთხრა და წაკითხვისთანავე დაწვი. მილიციამ არ იცის, სად ვარ და თუკი დამიჭერენ, შენი ბრალი იქნება. მე კი ღალატს არავის ვპატიობ“. ხაჟომიამ ათი ათასი მანეთი დაუყოვნებლივ გაატანა წერილის მომტანს. „ფოსტალიონი“ კი გრძელთმიანი და გრძელწვერიანი ახალგაზრდა კაცი იყო, რომელსაც მუქი სათვალე ეკეთა და სახე, ფაქტობრივად, არ უჩანდა. ხაჟომიას გარდა, მსგავსი შინაარსის წერილი კიდევ ექვსმა „ცეხავიკმა“ მიიღო და „კუსა“ მათაც ათი ათასს სთხოვდა, რაც მას დაუყოვნებლივ გაუგზავნეს. ორი თვის განმავლობაში „ცეხავიკებმა“ „კუსას“ სამოცდაათი ათასი მანეთი გაუგზავნეს. არცერთ მათგანს კრინტიც არ დაუძრავს ამის თაობაზე და ყველა შემთხვევაში ბარათის მიმტანი და ფულის წამღები მუქსათვალიანი, გრძელწვერა და გრძელთმიანი ახალგაზრდა კაცი იყო. ლაცაბიძის კურიერი „კუსას“ ბავშვობის მეგობარი ხვიჩა ლონდარიძე იყო, ვისაც ციხიდან გაქცევის შემდეგ დაადგა და მასთან შეაფარა თავი...

                                                                   ურჩი ხარიტონა
„კუსას“ მოქმედების გეოგრაფია ფართო არეალს წარმოადგენდა და მთელ საქართველოს მოიცავდა. მერაბ ლაცაბიძეს „ცეხავიკების“ გრძელი სია ჰქონდა ჩამოწერილი და ერთი „წრის“ გაკეთებას თითქმის ერთ წელიწადს ანდომებდა. საგულისხმო ფაქტი კი ის იყო, რომ „კუსა“, ეგრეთ წოდებული, „რამკიანი ქურდი“ არ ყოფილა. „ფაშისტების“ (იგივე „ცეხავიკების“) „წეწვის“ პრიორიტეტი კი ქურდებს ჰქონდათ და „შავი სამყაროს“ მეფეები მართალია, ლაცაბიძეს ვერ იტანდნენ, მაგრამ მას სიტყვის თქმას ვერ უბედავდნენ. ხოლო, როდესაც  ერთ-ერთმა ასეთმა „ახლადგამოჩეკილმა“ „ქურდუნამ“„ცეხავიკების“ „წეწვისთვის“ „კუსასგან“ პასუხის მოთხოვნა მოინდომა, გამოცდილმა მერაბ ლაცაბიძემ მას სიტყვა მოუგო, ხმა ჩააწყვეტინა და ხახამშრალი გაისტურა უკან...
სამოცდაათი ათასი მანეთის შოვნიდან სულ რაღაც ორ კვირაში ხვიჩა ლონდარიძემ პარიკი მოირგო. მუქი სათვალე გაიკეთა და ვერელ „ცეხავიკს“ ხარიტონ მურღულიას ეწვია „კუსას“ წერილით, სადაც ლაცაბიძე ათი ათასს სთხოვდა. „ცეხავიკი“ ფეხსაცმელების ატელიეების მფლობელი იყო და დიდ „მაყუთს ღუნავდა“. „კუსას“ წერილი რომ წაიკითხა, მურღულიამ ლონდარიძეს მეორე დღეს მისვლა სთხოვა და თავაზიანად გაისტუმრა. თავად კი, „კუსას“ წერილი თბილისის მილიციის სამმართველოში მიუტანა თავის ბიძაშვილს, რომელიც მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. შინაარსს რომ გაეცნო, მან სიამოვნებისგან თითები მოიფშვნიტა და თქვა: „კუსას“ ავაგდებ. რიგგარეშე  ჩინს ავიღებ და კარიერაში წინ წავიწევო. შემდეგ მხარზე ხელი მოუთათუნა ბიძაშვილს და დააყოლა, ყოჩაღ, ურჩო ხარიტონ, ნამდვილი ძმა ხარო...

                                                           მოულოდნელი ვითარება
მილიციამ რომ „კუსას“ თბილისში ყოფნის ამბავი შეიტყო, სამმართველოში თათბირი შედგა და სპეცოპერაცია დაიგეგმა. გეგმის მიხედვით, ხარიტონ მურღულიას ლონდარიძისთვის ათი ათასი მანეთი უნდა გაეტანებინა. შემდეგ მას ოპერატიული ჯგუფი დააჯდებოდა კუდზე და სწორედ მისი მეშვეობით გავიდოდნენ „კუსაზე“, რომელსაც საბოლოო ჯამში, დააპატიმრებდნენ. და, მართლაც, როდესაც შენიღბული ლონდარიძე ათი ათასით თავის კერძო სახლში მივიდა, ლოტკინის მთაზე, სადაც მარტო ცხოვრობდა, მილიციის ოპერჯგუფი მის ბინაში შეიჭრა იმ იმედით, რომ იქ „კუსას“ აიყვანნდნენ. მიუხედავად ამისა, ლაცაბიძე იქ არ აღმოჩნდა. ლონდარიძე კატეგორიულ უარზე იდგა და აცხადებდა – არანაირი ფული არ გამომიძალავს ვინმესთვის და არც „კუსას“ ვიცნობო. თუმცა, მილიციამ მას ჯიბეში აღმოუჩინა მურღულიასგან წამოღებული დანომრილი ათი ათასი მანეთი.
მილიცია პარალელურ რეჟიმში მუშაობდა. ლონდარიძეს ჰკითხავდა, თან მის კერძო ბინას ჩხრეკდა და, მართლაც, ოპერმუშაკების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო – სახლის სარდაფში მილიციამ რკინის ძელებზე მიბმული „კუსა“ აღმოაჩინა.. როგორც ძიებამ დაადგინა, ლონდარიძემ ლაცაბიძის ავტორიტეტის გამოყენება განიზრახა. ბავშვობის ძმაკაცი დააძინა და ძელზე მიაბა. შემდეგ კი აიძულებდა, რომ წერილები ეწერა „ცეხავიკებთან“... ლონდარიძემ აღიარა, რომ ნახევარი მილიონი მანეთის მოგროვებას გეგმავდა, რის მერეც მერაბ ლაცაბიძე უნდა მოეკლა და მისი ცხედარი კი – გაენადგურებინა... „კუსა“ ციხეში დააბრუნეს. ლონდარიძე კი თორმეტი წლით საპყრობილეში გამოამწყვდიეს, თუმცა ის პატიმრობიდან ექვსი კვირის შემდეგ ციხეში მოკლეს...
„კუსამ“ პატიმრობის ორი მესამედი მოიხადა. შემდეგ რუსეთის ერთ-ერთ მონასტერში აღიკვეცა და იქ მოღვაწეობდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის დღესაც ცოცხალია, 80 წელსაა გადაცილებული და მონასტერში ცხოვრობს.
скачать dle 11.3