კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რით არ შეიძლება ქრისტიანული სარწმუნოების დაცვა, რატომ უკეტავენ მორწმუნე ადამიანები სხვებს საკუთარი ცხოვრებით ეკლესიისკენ გზას და როგორ დავიცვათ სასულიერო პირის მხრიდან მცდარ სწავლებაში ჩავარდნისგან თავი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

თანამედროვე ადამიანის ყველაზე დიდი პრობლემა საკუთარ თავში დაბუდებული ეგოიზმია, კერპი, რომელსაც „მე“ ჰქვია. ის საკუთარი თავისთვის კომფორტის შესაქმნელად ყველაფერს აკეთებს. ხშირად სხვებსაც კი აბრკოლებს, პრობლემებს უქმნის, რომ თავისი ეგოიზმი დაიკმაყოფილოს.


მამა გიორგი (თევდორაშვილი), ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი: ხშირად ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვებისგან მიიღოს დიდება – შეაქონ, ადიდონ. მის გულში აღმართულია კერპი, რომელსაც ჰქვია „მე“. ეს კერპი კი, უნდა დაიმსხვრას თავმდაბლობით, ლოცვით, მეტანიებით, სინანულითა და უფალთან ურთიერთობით. ბევრი სწორედ ჩხუბით, ხშირად ბილწსიტყვაობითაც კი ცდილობს სარწმუნოების, მართლმადიდებლობის დაცვას, რაც კიდევ უფრო მეტად აბრკოლებს სხვებს. თან, მათი ნაწილი ხშირად ეკლესიურად ცხოვრობს,  თითქმის ყველა ლოცვასა და წირვას ესწრება. ასეთ დროს კარგად უნდა გავარკვიოთ, პირადი პრობლემები ხომ არ აქვს სხვებთან ურთიერთობისას და ეს ეკლესიაზე გადააქვს.
– საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ეკლესიურად ცხოვრობს. მათ  არასწორად ესმით ეკლესიური ცხოვრება?
–  ბევრმა მათგანმა ეკლესიური ცხოვრება გაიგო, როგორც მხოლოდ ეკლესიაში სიარული და ხანდახან უცნაური, არაგულწრფელი აღსარების თქმა, რომ მამაოს ჩვენზე შთაბეჭდილება არ შეეცვალოს. ხშირი აღსარება, ხშირი ზიარება, ლოცვების სიღრმისეულად წაკითხვა ჩვენგან შორს არის. ყოველდღე სახარებასაც არ ვკითხულობთ. ეკლესიურობას ისე კი არ აღვიქვამთ, როგორც არის, არამედ ისე, როგორც ჩვენ  გვინდა. საკუთარ თავზე მოვირგეთ ეკლესიური აზროვნება, წესი და კანონები. ისე ვაკეთებთ ყველაფერს, როგორც ჩვენ გვესმის, როგორც შევძლებთ და არა ისე, როგორც უფალს სურს, გავაკეთოთ. დღეს ბევრი ფარისევლურად ამაყობს, რომ უკვე ათი წელია, ეკლესიაში დადის და ლოცულობს, მაგრამ მისი ნაყოფი მხოლოდ და მხოლოდ მრისხანება და განკითხვაა. თუ გვინდა, რომ ჩვენი ეკლესიურობა ნაყოფიერი იყოს, სხვამ დაინახოს, რომ ჩვენით იდიდება ღმერთი, პირადი ქმედებითა და ლოცვით უნდა მოვაქციოთ სხვა ადამიანები. ზოგჯერ მათ ჩვენივე საქციელით ვაბრკოლებთ და ისინი ეკლესიაში არ მოდიან.
– მინახავს ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში მოსიარულე ქრისტიანებს დაუბრკოლებია.
 – კი, ხშირად ჩვენი უგუნური ქმედებით, ვუკეტავთ მათ გზას. ერთმა ადამიანმა რომ ილოცოს და იმოღვაწეოს სწორად, იმოქმედოს მართებულად, მის გარშემო ბევრი ჩაფიქრდება იმაზე, რომ ღმერთი არსებობს და მასთან მისვლა აუცილებელია. თუ სწორად ვიცხოვრებთ, მალევე მივხვდებით, რომ ჩვენი ეკლესიური ცხოვრება აჩრდილია იმისა, რაც ადრე იყო. მხოლოდ ერთი საათით ვართ ქრისტიანები და მერე ისე ვცხოვრობთ, როგორც გვინდა. ხშირად ადამიანი საკუთარი ნებით ცხოვრობს, ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც უნდა და ამ დროს ამ ყველაფერს ეკლესიურობას არქმევს,  ყველაფერი უფლის ნებით მოხდაო და ძალიან ხშირად ახსენებს ეკლესიას, უფალს, არადა შორს არის ყოველგვარი საუფლოსგან, ეკლესიურისგან. თუ დადიხარ ეკლესიაში და მაინც პრობლემები გაქვს, ესე იგი, რაღაც გაკლია. უნდა შეამოწმო საკუთარი თავი, რას არ აკეთებ სწორად. არავის უნდა, საკუთარ თავში ჯვარი დაინახოს და ატაროს. ქართველებს, სამწუხაროდ, ჩვენი რელიგია გვაქვს, მამაოს იმას ვთხოვთ, რაც ჩვენ გვინდა, რაც იმ მომენტში გვჭირდება, ძირითადად, მატერიალურს... რომ არ გვემართება ხელი, მერე გვიკვრის, ეს რატომ მომივიდაო. არ შეიძლება ეკლესიური ცხოვრების, ეკლესიური წესების საკუთარ თავზე მორგება, ისეთი სახის მიცემა, როგორიც შენ გინდა. ქრისტე ბრძანებს: როცა მოვა ძე კაცისა ამქვეყანაზე, ჰპოვებს სარწმუნოებას ხალხში? ადამიანები ნელ-ნელა უცხოვდებიან ღმერთისა და სხვების მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურზე ფიქრობენ. სხვათა შორის, როდესაც მოვა ანტიქრისტე, ის ყველაფერს გააკეთებს ხალხისთვის. ისე მოვა, როგორც მესია და ხალხი აირჩევს მას. მაცხოვარი ამბობს, რომ ყველა ერი მიეახლება და მის წინაშე მუხლს მოიყრის. თუ ადამიანი თავისი ცხოვრებით ირჩევს მამონას, ამქვეყნიურ სიმდიდრეს, ის ანტიქრისტესაც აუცილებლად აირჩევს. ჩვენ ამისი უნდა გვეშინოდეს და არა იმის, რომ სწორედ ხვალ ან ზეგ დასრულდება ამქვეყნიური ცხოვრება.
– მამაო, ადამიანებს სხვაში ცოდვილის დანახვა უფრო უადვილდებათ, ვიდრე საკუთარ თავში. ამას როგორ შევებრძოლოთ?
– ყველამ საკუთარ თავში უნდა დაინახოს ცოდვილი, რადგან,  ყველა ცოდვა შეიძლება, ნებისმიერ ადამიანში იყოს, რაც სხვაში არ მოგვწონს: ამპარტავნება, ბილწსიტყვაობა, მრუშობა, მამათმავლობა. სხვების განკითხვას სჯობს‚ საკუთარი შინაგანი მდგომარეობა დავინახოთ; საკუთარ სულში ვაფათუროთ ხელი და აუცილებლად დავინახავთ სიბნელეს. როცა განსაცდელი მოდის, უნდა აღიარო, რომ ის  შენი ცოდვების გამო გეწვია. ანუ, ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე შენი ცოდვების გამო მივიდა. მაგრამ არ უნდა დავიწყოთ წუწუნი: მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში დავდივარ არაფერი მშველისო... თუ რამე განსაცდელი გაქვს, საკუთარ თავს დააბრალე და დამშვიდდები. ბევრი ქრისტიანი და თავად მოძღვარიც, დღეს მძიმე მდგომარეობაშია. მრევლი იმას აკეთებს, რასაც მოძღვარი იტყვის. მამები გვასწავლიან, რომ არცერთი ეკლესია არ არის დაზღვეული მწვალებლობისგან. შეიძლება, რომელიღაც ადგილობრივი ეკლესია ჩავარდეს მწვალებლობაში, ცრუ სწავლებაში, განეშოროს მადლს, თუ არ დავიცავთ იმ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც პირველი საუკუნიდან იცავდნენ მოციქულები. დღეს ბევრმა მოძღვარმა თავისი უმეცრებითა და ცრუ გამოცდილებით, შესაძლოა, შეგიყვანოთ მცდარ სწავლებაში. ამიტომ ყველაფერი უნდა იცოდეთ და ვერცერთი მოძღვარი ვერ შეგიყვანთ ცდომილებაში. ხანდახან უნდა მღვდელმაც მოუსმინოს მრევლს. ხშირად, სულიწმიდაც საუბრობს მრევლთან და ადამიანებთან. ერთმანეთის აზრები უნდა გავიზიაროთ და გადავამოწმოთ საეკლესიო სწავლებით, სწორია თუ არა ჩვენი აზრი და გრძნობა. ჩვენი მიზანი კი ის არის, რომ ეს ყველაფერი ვამხილოთ ჯერ საკუთარ თავში და შემდეგ – საზოგადოებაში. დავიწყოთ სასულიერო პირებით, სულიერი მხილებით და შემდეგ – საერო მხილებით. ადამიანი, რომელიც ცბიერია, ცდილობს, მოატყუოს სხვები და ღმერთის წინაშეც კი ცრუობს, მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებს. აღასარებაშიც ყვებიან ხოლმე, რომ  გარშემო ყველა ცუდია, ყველა რაღაცას აშავებს, მხოლოდ ის არის მართალი. თუ ჩვენ, სასულიერო პირები, არ ვიქნებით გულწრფელები, თავს არ დავანებებთ ცბიერებას, მაშინ სხვა ადამიანებსაც ვერ მოვთხოვთ ამას.

скачать dle 11.3