კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ვინ უმღეროდა ფანჯრებთან სერენადებს თამარ დათუაშვილს და რატომ გამოასახლეს ის საკუთარი ბინიდან

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ახალი პერსონაჟი გამოჩნდა – ლამაზი, ელეგანტური და დახვეწილი ქალბატონი, მერი. ამ პერსონაჟმა გამოჩენისთანავე მიიპყრო ყურადღება და ყველა იმის მოლოდინშია, შემდეგ სერიაში კეკლუცი ქალბატონი შეძლებს თუ არა მეზობელი მამაკაცის „შებმას“. ამ როლს მსახიობი თამარ დათუაშვილი საკმაოდ კარგად თამაშობს. თამარმა და მისმა, ასევე ცნობილმა მსახიობმა მეუღლემ, ზურაბ ცინცქილაძემ შეუღლების 45-ე წლისთავი იზეიმეს.
თამარ დათუაშვილი: სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს“ ვუყურებდი და ძალიან მომწონდა. მაინტერესებდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. თუმცა, ის, რომ მე იქ გამოვჩნდებოდი, ჩემთვის მოულოდნელი იყო. რომ დამირეკეს და მერის როლი შემომთავაზეს, გამიხარდა და დავთანხმდი. არადა, სულ სხვა გეგმები მქონდა, დასვენებას ვგეგმავდი, მაგრამ ახლა კმაყოფილი ვარ, კარგ გარემოში, კარგი ადამიანების გვერდით მოვხვდი. ვნახოთ ახლა, მერი რას იზამს და რას მოიმოქმედებს (იცინის).
– ბავშვობიდან მღეროდით და ყველას ეგონა, მომღერალი გამოხვიდოდით. თუმცა, მსახიობობა აირჩიეთ და ეს იმან განაპირობა, რომ 12 წლის ასაკში ფილმში გადაგიღეს?
– 5 წლის ასაკიდან, პიონერთა სასახლეში ვმღეროდი. დაიდგა საბავშვო ოპერა, რომლის რეჟისორი თემურ ჩხეიძის მამა, ნოდარ ჩხეიძე იყო. სიმღერას ციცინო ციცქიშვილი გვასწავლიდა და მთავარი პარტია მე მქონდა, მელია ვიყავი. ბატონმა ნოდარმა მელია შემარქვა და სულ ასე მეძახდა (იცინის). მისი საყვარელი ბავშვი ვიყავი. ყველას ვუყვარდი და თუ სადმე რამე ხდებოდა, წინა პლანე მე ვიდექი. აღლუმებზე სულ მანქანაში ვიდექი და „ჩესტი“ მქონდა გაკეთებული, ჩემი კლასელები კი ფეხით მოდიოდნენ (იცინის). ზოგადად, სულ განებივრებული და საჩვენებელი ბავშვი ვიყავი. ყველას ეგონა, მომღერალი გამოვიდოდი და მეც ასე ვფიქრობდი. მერე, როცა ფილმისთვის – „კედელი“ – გოგონას როლის შემსრულებელს ეძებდნენ, მე წამიყვანეს. მაშინ 12 წლის ვიყავი. მერე, იყო თეატრალური ინსტიტუტი, მსახიობები... სტაჟირებას მარჯანიშვილის თეატრში გავდიოდით, დოდო ალექსიძის ჯგუფში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მარჯანიშვილის თეატრში უნდა წავსულიყავი. თუმცა, ახალგაზრდული „მეტეხის თეატრის“ შექმნა გადავწყვიტეთ. მაშინ გვეგონა, რომ ამით ტაძარს ვუპატრონებდით. 16 წელი იარსება ამ თეატრმა.  ყველა მნიშვნელოვანი, ქალისთვის სანატრელი როლი მაქვს ნათამაშები – ოფელიათი დაწყებული და ლედი მაკბეტით დამთავრებული. მერე დაიწყო ეროვნული მოძრაობა, გავიცანით ციხიდან ახალ გამოსული ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა და ბევრი რამ სხვაგვარად დავინახეთ. გადავწყვიტეთ, გამოგვესწორებინა ჩვენი მცდარი ნაბიჯი, თეატრი მეტეხის ტაძარში რომ გვქონდა და მე და ზურამ დავტოვეთ თეატრი. ამის მაგალითი ყველას ჩვენ, დამაარსებლებმა მივეცით და თეატრიდან პირველები მე და ზურა წამოვედით. და დღემდე მიგვაჩნია, რომ ეს სწორი საქციელი იყო. გადავწყვიტე, მეორე შვილი გამეჩინა. მერე იყო ოთხმოცდაათიანი წლები – არეულობა, სიცივე და სიბნელე...
– წარმომიდგენია, რამდენი თაყვანისმცემელი გყავდათ და რამდენ ბიჭს უყვარდით. ამას იფერებდით?
– კი, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და სერენადებსაც მიმღეროდნენ ფანჯრებთან, თუმცა, მე ერთი კაცი ავირჩიე და დღესაც მის გვერდით ვარ. მართალია, ზურას სერენადა არ უმღერია, მაგრამ სამი წელი, ჩუმად მიდი-მოდიოდა და ვგრძნობდი, როგორ ვუყვარდი. 45 წელია, ერთად ვართ და ბევრი მეკითხება, ამდენი ხანი, ერთ მამაკაცთან ცხოვრება როგორიაო (იცინის).
– და, როგორია ერთ კაცთან 45 წელი ცხოვრება?
– რომ შევუღლდით, ზურა ოცი წლის იყო და მე – თვრამეტის. რაც წლები გადის, მით უკეთესი ხდება თანაცხოვრება. სიყვარულს მეტი და მეტი რაღაცები ემატება, იზრდება სითბო, გამოცდილება... ბევრი რამ კარიერაში დავთმე, მაგრამ ზურას ვერასდროს დავთმობ. სხვათა შორის, პატარაობიდან მინდოდა, გავთხოვილიყავი და მხოლოდ ერთი მამაკაცის გვერდით მეცხოვრა. დედ-მამა გაშორებულები იყვნენ და ეს თემა, ჩემთვის საკმაოდ მტკივნეული გახლდათ. მამა მოსკოვში წავიდა, ცოლი მოიყვანა. დედაც გათხოვდა.
ყოველთვის მინდოდა, ისეთი ქმარი მყოლოდა, რომელიც მთელი ცხოვრება ოჯახისა და ჩემი ერთგული იქნებოდა. ზურა ჩემი მყარი საყრდენი და ყველაზე ახლო მეგობარია. არ შევმცდარვარ. სიყვარული აუცილებელია, მაგრამ მთავარი ნდობაა, რაც ჩვენ დიდი დოზით გვაქვს. პირად ურთიერთობაში არ ყოფილა გაურკვევლობა და სიძნელეები.
– თქვენი მეუღლე სიმპათიური მამაკაცია, ცნობადი, გაწონასწორებული, მუდამ მოწესრიგებული ანუ, ისეთი, ნებისმიერი ქალის ყურადღებას რომ მიიქცევს. არასდროს გიეჭვიანიათ?
– არასდროს მიეჭვიანია და ამის საბაბი, არც მქონია. თუ ადამიანზე ეჭვიანობ, მის გვერდით არ უნდა იცხოვრო.
– საკმაოდ რთული პერიოდებიც გაიარეთ, თუნდაც ის, რომ დაკარგეთ ბინა და ქუჩაში აღმოჩნდით. ამან თუ მოახდინა გავლენა თქვენს ურთიერთობაზე?
– ჩვენმა მეგობარმა, რომელსაც ვენდეთ, შევცდით მეც და ზურაც, გვითხრა, შვილის სასწავლებლად ფული მჭირდებაო და ზურამ რთულ მდგომარეობაში მყოფ ახლობელს ბანკიდან კრედიტი გამოუტანა, სანაცვლოდ ჩვენი ბინა ჩადო. 5-6 თვეში უნდა გადაეხადა ოცდაათი ათასი. ინტუიციით ვგრძნობდი, რომ ეს არ უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ მეგონა, ზურას არაფერი შეეშლებოდა. მოკლედ, იმან არ გადაიხადა ბანკში ფული და ჩვენი ბინა გაიყიდა. ქუჩაში დავრჩით, მაგრამ ერთხელაც კი არ მისაყვედურია ქმრისთვის. საშინელი პერიოდი გავიარეთ. ყველა მეუბნებოდა, ჩემს ქმარს ასე რომ ექნა, იცი, რას ვუზამდიო. რა უნდა მექნა? ყველა შეიძლება, შეცდეს. მე მაგრად დავდექი. ზურას მაშინ სერიალში, „გოგონა გარეუბნიდან“, იღებდნენ, მანქანის საბარგულში გველაგა ტანსაცმელები და ხან სად ვიყავით და ხან სად. ზურა ძალიან განიცდიდა, ნერვიულობაზე გულის ტკივილები დაეწყო, თუმცა, მოახერხა, კრედიტი აიღო და ჩვენივე ბინა, ისევ ჩვენ გამოვისყიდეთ. ერთად გავიარეთ რთული პერიოდები, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობას არ შეხებია, პირიქით, უფრო დაგვაახლოვა. დედ-მამა, ორი ძმა გარდამეცვალა და ესეც ძალიან რთული გადასატანი იყო, თუმცა, ვცდილობ, ხალისით გავიხსენო და გულით ვატარო მათი ხსოვნა.
– თბილისის კოლორიტების – გია ფერაძისა და საშკა იოსელიანის მეგობარი იყავით. წარმომიდგენია, მათთან დაკავშირებით რამდენი გასახსენებელი გაქვთ. ხომ ასეა?
–  საშკა იოსელიანი, სკოლიდან მოყოლებული, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო. ინსტიტუტშიც ერთად ვსწავლობდით. გია ფერაძე ჩემზე უფროსი იყო. მასთან მეგობრობა თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო. გული მწყდება, რომ მათი ბედი ასე აეწყო. გია ხშირად გვსტუმრობდა და ზურა რომ გააღებდა კარს და დაინახავდა, წინასწარ იცინოდა, იცოდა, რაღაც სასაცილოს იტყოდა. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მარჯანიშვილის მოედანზე იყო ფოტოატელიე და იქ ეკიდა ჩემი დიდი პორტრეტი. გია ატეხილი იყო, რატომ კიდია იქ ამის ფოტოო და ზურაც აიყოლია. მიადგნენ ატელიეს მეპატრონეს და ძალით ჩამოაღებინეს (იცინის). ლექსიც კი აქვს ჩემთვის მოძღვნილი გიას. საშკა კი, რაინდი ბიჭი იყო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
– ძალიან კარგად გამოიყურებით. ეს გენეტიკის ბრალია, დიეტების თუ კოსმეტიკური პროცედურების?
– დიეტას ვერ ვიტან. უბრალოდ, ცოტას ვჭამ, პურს ვერიდები და ზაფხულში, ძირითადად, ბოსტნეულს, კვერცხს და ყველს მივირთმევ. არ ვარ შემწვარ-მოხრაკულების და ხინკლის მოყვარული. აუზზე დავდივარ ზამთარ-ზაფხულ, მთელი ცხოვრება. ჩემი გარეგნობა გენეტიკის ბრალიცაა. ბებიას დედა ცნობილი მსახიობის, ლუბა ორლოვას დეიდაშვილი გახლდათ. ასე რომ, ჩემი დიდი ბებია ორლოვა იყო. აუზს პლუს, აკვა-აერობიკა, საუნა და გენეტიკა – სულ ესაა ჩემი სილამაზის საიდუმლო. მახსოვს, თეატრალურში რომ ვაბარებდი, თმა შეკრული მქონდა, დოდო ალექსიძემ გამახსნევინა, დამაკვირდა და მითხრა, კალდუნია, არავის უთქვამს, რომ მარინა ვლადის ჰგავხარო.
скачать dle 11.3