კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ვინ აჩეხინებდა შეშას და ვის დაჰყავდა სათიბში ეკო ფანგანი და რატომ ურჩევდნენ მას იტალიელი გოგონები ბიჭების გამო საქმეებს

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ეკო ფანგანის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. მან სახლი შეიძინა, რომლის დიზაინერიც თავად იყო და ახლახან გადავიდა საცხოვრებლად. ეკოს ძალიან უყვარს ზღვა და რუჯი და ყოველთვის ცდილობს, ზღვაზე დაისვენოს. თავის იტალიურ საზაფხულო თავგადასავლებზე ეკო თავად გვიამბობს:
–  ათი დღეა, რაც ახალ სახლში გადავედი მარტო. დიდი ხანი ვაკეთებდი, წვალებ-წვალებით და ძალიან კარგი, კუსკუსა ბინა გამოვიდა. აბსოლუტურად ყველაფერი მე გავაკეთე. მინდოდა, თანამედროვე სტილში ყოფილიყო, ცოტა განსხვავებული და ვინტაჟური. ყველა კუთხეზე ვიზრუნე, ცოტა განსხვავებული რომ გინდა, იაფი არ გამოდის, ძვირის საშუალებაც არ არის. შარშან მთელი ზაფხული არ წავსულვარ დასასვენებლად, ჩემი ოჯახი რომ წავიდა, მე დავდიოდი ელიავაზე, ქარხნებში, იმიტომ რომ კარგი გამეკეთებინა და თან ნორმალურ ფასში. ყველაფრის ხელოსანი გავიცანი, რომ მცნობდნენ, მიკლებდნენ, ზოგი მჩუქნიდა, „შტეფსელები“ მაჩუქეს. ყველაფერი მე მოვიფიქრე, მე დავაპროექტე...  მერე იჭრები, ირევი, ჩემს  მეგობრებს ვჭამდი ხოლმე – ვუგზავნიდი ვარიანტების ფოტოებს, ყველა თავის აზრს მეუბნებოდა, თუმცა მაინც ჩემს ჭკუაზე ვაკეთებდი.
– როგორი შეგრძნება იყო, ამდენი შრომის შემდეგ საკუთარ სახლში პირველ ღამეს დაძინება?
– ჩემს სახლში პირველი ღამის გათენება ვერც აღვიქვი, ისე გადაღლილი ვიყავი, სულ ვალაგებდი, ვაწყობდი... გარდა ტელევიზიისა, „ამბასადორში“ ვმუშაობ,  რაღაც პროექტებზეც, გათამაშება მიმყავს... ახლა ჩემმა რამდენიმე მეგობარმა მითხრა, სახლში რომ დავაპირებ რემონტს, შენ უნდა გაგაკეთებინოო. შერეულ სტილში გავაკეთე, ვინტაჟურ-თანამედროვე, ბევრი განათებით. დედაჩემი ბავშვობიდან დაწყებული მიგროვებდა ჭურჭელს, სახლის ნივთებს, მერე ძველდებოდა, სხვებს ჩუქნიდა... უამრავი რამ გადავიტანე. ძალიან მომწონს, მაგრამ იმდენად გადაღლილი ვარ, ჯერ ვერ აღვიქვი. სახლში არ ვარ, დილით გავიღვიძებ, გავვარდები, მთელი დღე გარეთ ვარ, საღამოს ვმუშაობ.
– რთული არ არის, მარტო გაუძღვე ამ ყველაფერს?
– მთელი ცხოვრება ასე მარტო, კაცივით ვუძღვები ყველაფერს. რთულია, მაგრამ ცხრამეტი წლიდან ვმუშაობ, მთელი ცხოვრება სულ მარტო ვაკეთებ რაღაცებს. ჩემი მშობლები გვერდით მიდგანან, მაგრამ არ მიყვარს არავისთვის რამის თხოვნა, მშობლებისთვისაც კი არ მიყვარდა. ქართველები მიჩვეული არიან, სხვებს უყურებენ ხოლმე, ქალები – ქმრებს, ქალები და კაცებიც – მშობლებს. რომ გვინდა ევროპა და ამერიკა, იქ არ არის ასე. სრულწლოვანი რომ ხდები, უნდა მიხედო შენს თავს და მეც ამ აზრს ვიზიარებ. შვილები რომ მეყოლება, იმათაც ასე აღვზრდი, სნობები რომ არ გაიზარდონ და საკუთარი შრომის ფასი იცოდნენ. ჩამოყალიბებისთვის, მერე რეალიზებისთვის ეს აუცილებელია. ადამიანს თვითონ უნდა შეეძლოს ბევრი რამის გაკეთება, ჩემს ცხოვრებაშიც ასე გამოვიდა. ოცი წლის რომ გავთხოვილიყავი და ქმარი მყოლოდა – აბა, ახლა წამოდი, მე შენ ყველაფერს გაგიკეთებ და არ იმუშაო – არ ვიცი, რა იქნებოდა. მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ასე მოხდა, ასე აეწყო და რადგან ასეა, მეც ბოლომდე ვეზიდები ამ ტვირთს.
– შენს პირად ცხოვრებაში თუ არის რაიმე სიახლე?
– თაყვანისმცემლები ყველას ჰყავს, მეც მყავს, ალბათ, უფრო სოციალურ ქსელში. ამ ბოლო დროს ფრთხილი გავხდი, ბევრისგან გამიგია, უფრო მკაცრი ტიპი ხარო. ზოგს, ალბათ, ერიდება ცნობადობიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე არც მცალია სიყვარულისთვის.
– როგორი უნდა იყოს ბიჭი, შენ რომ მოგეწონოს?
– შეიძლება, ძალიან ძლიერი იყოს, მაგრამ მომწონს შინაგანად წესიერი კაცი. მაქვს ჩემი რაღაცები, პირველი არის – როგორ საუბრობს, როგორ ჭამს, როგორი სიტყვათა მარაგი აქვს. მე ისე გავიზარდე, ჩემს სახლში ცუდი სიტყვა არ გამიგია, არც მამაჩემისგან, არცერთი ჩემი ბაბუისგან, ბიძებისგან – ჩვენს სახლში არცერთ კაცს არ უთქვამს ცუდი სიტყვა. ზოგს კი საუბრის ასეთი ფორმა აქვს და არ მომწონს. მამაკაცი კაცური უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა მის გარეგნობას, მის შესაძლებლობებს. ქალი თუ მის გვერდით ბედნიერია, ის კაცი არის კაცი, იმიტომ რომ, საშუალებაც რომ არ ჰქონდეს, ის აუცლებლად მოახერხებს ქალის გახარებას.
– როგორი ხარ შეყვარებული?
– მე სულ გიჟი და გადარეული ვარ, შეყვარებული და შეუყვარებელიც. ეჭვიანიც ვარ, მაგრამ უაზრო და სცენების დამდგმელი – ღმერთმა დამიფაროს. რეალურად აღვიქვამ მოვლენებს. არ ვიცი, შეიძლება, დიდად არ უცდია ვინმეს ჩემი მოტყუება, მაგრამ ძალიან რთულია. ათასი თვალი, ათასი ყური და ისეთი განვითრებული ტვინი მაქვს, ასე ადვილად არ იღებს რაღაცებს. თუმცა ნდობა თუ არ არის ადამიანებს შორის, მაშინ არაფერს აქვს აზრი, მაგრამ ეს ნდობა არ ნიშნავს, რომ თავი გაიშტერო. მე თუ რამეზე თვალს დავხუჭავ, ეს იმიტომ, რომ მე მინდა და მიღირს და არა იმიტომ, რომ მამაზეციერმა დამაბრმავა. არაფერი ეპატიება მამაკაცს, რაც ქალს არ ეპატიება, ყველა ადამიანი თანასწორი დავიბადეთ. ღმერთისა და კანონის წინაშე ადამიანები ყველა თანაბარი ვართ და ვიღაც თავისთვის თუ რაღაც წესებს მოიგონებს, იცხოვროს, არავის არ აქვს უფლება იმაში ჩაერიოს. რადგან კაცია, წავიდეს „იგულაოს“, არასწორია, მაგიტომ არის ასეთი ოჯახები საქართველოში – ქალი მონასავით ზის სახლში, რასაც ჩაუკაკუნებენ, იმას ამოუკაკუნებენ უკან. ასეთ ოჯახს მე ოჯახს არ ვეძახი. ოჯახი, პირველ რიგში, არის ერთმანეთის ერთგულება. რაც ქალს არ ეპატიება, არ ეპატიება კაცსაც. მე თუ ვინმეს რამეს ვაპატიებ, არა იმიტომ, რომ ეს ასე მომინდა და გადავწყვიტე, უბრალოდ, შეიძლება, ეს ადამიანი ძვირფასი იყოს ჩემთვის და გადავხარშე, ის წყენა.
–  ზაფხულში დასვენებას სად გეგმავ?
 – ახლა იმდენად გადაღლილი რეჟიმი მაქვს, რომ არ ვიცი, სად წავალ დასასვენებლად. მინდა, რომ ზღვაზე წავიდე და დავისვენო ყოველგვარი ხმაურის გარეშე. მინდა, ჰორიზონტალურად წოლა და დასვენება. ყველამ იცის, რომ იტალიაზე ვგიჟდები და მიყვარს იქაურობა. იტალიაში ერთხელ ვიყავი ზღვაზე, ვისვენებდი ჩემს ახლო მეგობართან ერთად და ისეთი თავგადასავლები გადაგვხდა... ვიყავით სამხრეთ იტალიაში, სასწაულ ადგილას. ჩემი იტალიელი კურსელებისგან ვიცოდი ამ ქალაქის შესახებ. დავადეთ თავი, წავედით და ვიყავით გაურკვევლობაში. ძველი და ახალი ქალაქი ერთად არ იყო – ნაწილებად იყო დაყოფილი. არც ქუჩები ვიცით და არც არაფერი. ეს ქალაქი არ არის კურორტი, ტურისტები არ დადიან, ტრანსპორტი არ დადის და ვიქირავეთ მანქანა. დავდიოდით წინ და უკან. მივედით ბენზინგასამართ სადგურზე, ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ უნდა ჩაგვისხან, თურმე ასე არაა. ვიწვალეთ, ერთი საათი იქ ვიდექით. მერე იქ ბიჭებით და გოგოებით სავსე მანქანამ გამოიარა და ბენზინს რომ ასხამდნენ, ბოდიშის მოხდით ვთხოვეთ, დაგვხმარებოდნენ. იმ გოგოებმა იეჭვიანეს, გადმოხტნენ მანქანიდან... ვებოდიშებით, ვუხსნით, გეფიცებით ბენზინის ჩასხმა გვინდა, მაგრამ არ დაიჯერეს – რას ჰქვია ბენზინის ჩასხმა არ იცით, წარმოუდგენელიაო. რაღაცნაირად გავაგებინეთ. წამოვედით იქიდან. რაღაც რესტორანი გვქონდა დაჯავშნილი გზაზე, ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა, რაღაც კონცერტი ყოფილა და უცებ მესმის ხმა – თურმე, ვიღაც ქალს მანქანის სარკე მივარტყით. არაფერი დამართნია, მაგრამ ისე შეგვეშინდა, რომ გიჟებივით გავქანდით, იქვე მანქანის პარკინგი იყო, იქ შევვარდით და ჩავწექით მანქანაში. მაგრამ მაინც ძალიან კარგი იყო.... დაკვირვებული ვარ, საზღვარგარეთ ზღვაზე წლის სხვა დროს უფრო დავდივარ, ვიდრე ზაფხულში.
– სვანეთში არ ისვენებ ხოლმე?
– მთაც მომწონს. ზამთარში სვანეთში არ დავდიოდი ხოლმე. წელს ზამთრში პირველად ვიყავი, გადაღება მქონდა და ძალიან მომეწონა. მთა მბეზრდება და ზღვაზე განუსაზღვრელი დროით შემიძლია ვიყო. სვანეთში მამაჩემის ბიძა და ბიძაშვილები ცხოვრობდნენ და რომ ჩავდიოდი, სათიბში მივყვებოდი, დავდიოდი კარდაკარ, მეზობლებთან, სოფლის მაცხოვრებელი ბავშვები რომ მუშაობდნენ, შრომობდნენ, ეს მომწონდა და მინდოდა მეც გამეკეთებინა, ხან შეშას ვჩეხავდი და არ გამომდიოდა, ხან რაღაცას ვეხმარებოდი ბოსტანში და ეს მომწონდა.
скачать dle 11.3