კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ვინ აპირებდა მიხეილ გორბაჩოვის ლიკვიდაციას ქართველი მაიორის მეშვეობით

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მეტსახელად „ცელი“
1989 წლის 16 მაისს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტიდან 110 კილომეტრში მდებარე მკაცრი რეჟიმის სამხედრო კოლონიიდან 39 წლის „გრუს“ ყოფილი მაიორი სანდრო იოსებიძე, მეტსახელად „ცელი“ გაიქცა. ამ საშინელ საპყრობილეში ქართველი „სპეცი“ პოლკოვნიკ ვასილენკოს მკვლელობისთვის მოხვდა. 1988 წლის სექტემბერში ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დისლოცირებული საბჭოთა არმიის ერთ-ერთი სპეცშენაერთის სასადილოში ინციდენტი მოხდა. სადილობის დროს ნასვამი პოლკოვნიკი ანატოლი ვასილენკო შევიდა. ის პოლიტხელი იყო და სპეციალური სამხედრო ნაწილის უფროსის მოადგილის პოსტიც ეკავა პოლიტიკურ დარგში. სპეცნაწილში დისლოცირებული იყო „გრუს“ სპეცჯგუფიც და სწორედ ამ ჯგუფის წევრი იყო სანდრო იოსებიძე, რომელიც სნაიპერის მოვალეობას ასრულებდა. უმაღლესი პროფესიონალიზმის გამო მას „ცელს“ უწოდებდნენ (შვეიცარიელ ვილჰელმ ცელს ადარებდნენ). მთვრალმა ვასილენკომ სასადილოში დებოში ატეხა და არარუსებს აგინებდა. შემდეგ იოსებიძის მაგიდასთან მივიდა და ქართველს უბრძანა, ფეხზე წამომდგარიყო. მაიორი კი, მშვიდად აგრძელებდა ჭამას. ვასილენკომ იოსებიძეს თეფშზე დაუფურთხა. „ცელმა“ პოლკოვნიკს ყბაში მუშტი დაარტყა და დააგდო. შემდეგ დაფურთხებული თეფში სახეზე მიაფარა და დინჯად გაემართა გასასვლელისკენ. ვასილენკომ ტაბელური იარაღი ამოაცურა, მაიორს ზურგში დაუმიზნა, დედა შეაგინა და დააყოლა, ახლა ჩაგაძაღლებო. უცებ „ცელმა“ ავტომატის დანა მოიმარჯვა, მკვეთრად შეტრიალდა პოლკოვნიკისკენ და რვა მეტრიდან მთელი ძალით სტყორცნა. დანა მარჯვენა თვალში შეერჭო პოლკოვნიკს და ადგილზევე მოკლა. იოსებიძე დააპატიმრეს, გაასამართლეს, 15-წლიანი სასჯელი „აჰკიდეს“ და საბჭოეთის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ საპყრობილეში გაამწესეს, სადაც პატიმრები დღე-ღამის განმავლობაში საშინელ ტანჯვა-წამებაში იმყოფებოდნენ. მხოლოდ 4 საათი ეძინათ. დანარჩენი დრო კი, არ ჩერდებოდნენ და ჭამა და ტუალეტიც კი მოძრაობაში უწევდათ. შვიდთვიანი ჯოჯოხეთის შემდეგ, სანდრო იოსებიძემ იუსუფ ამიროვის დახმარებით გაქცევა მოახერხა. ამიროვი კოლონიის ზედამხედველი იყო. ერთ ღამეს მან „ცელი“ შეუჩნევლად ჩასვა მანქანაში. თავად საჭეს მიუჯდა და მშვიდობიანად დატოვა იქაურობა. იოსებიძეს კი უთხრა:
– შენმა მეგობრებმა ფული გადამიხადეს და ამ ჯოჯოხეთიდან გიხსნესო...
1989 წლის 18 მაისს სანდრო იოსებიძე უკვე მოსკოვში იყო და კონსპირაციულ ბინას აფარებდა თავს.

„სამხედრო პატრიოტთა კავშირი“
სანდრო იოსებიძის გაქცევა „გრუს“ ოფიცერთა ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. ამ ჯგუფს ჰქონდა შექმნილი საიდუმლო ორგანიზაცია სახელწოდებით „სამხედრო პატრიოტთა კავშირი“. ორგანიზაციას გენერალი ანტონ გავრილოვი მეთაურობდა. მათი მიზანი იყო „პერესტროიკის“ შეჩერება, რადგან მიაჩნდათ, რომ გორბაჩოვი საბჭოთა კავშირს შლიდა და ეგრეთ წოდებული, დასავლეთის აგენტი იყო. ამ ორგანიზაციის წევრებს მიაჩნდათ, რომ „პერესტროიკის“ შეჩერება მხოლოდ მაშინ იყო შესაძლებელი, თუკი გორბაჩოვს მოკლავდნენ. „ცელიც“ სწორედ ამიტომ გაააქტიურეს ციხიდან. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სანდრო იოსებიძეს 1989 წლის სექტემბრის ბოლოს ლენინგრადში ჩასული მიხეილ გორბაჩოვი ათას რვაასი მეტრის სნაიპერული შაშხანით უნდა მოეკლა. „ცელი“ იმ მცირერიცხოვან მსროლელთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვისაც ასეთი გასროლის განხორციელება შეეძლო. გენერალი გავრილოვი მშვენივრად იცნობდა ქართველ სნაიპერს. მის დათანხმებას ისიც უწყობდა ხელს, რომ მაიორს ყოვლად უსამართლოდ მიუსაჯეს 15-წლიანი პატიმრობა და კიდევ ის, რომ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში ტრაგედია დაატრიალეს და გაქცეულ იოსებიძეს საიდუმლო შეხვედრაზე გენერალმა უთხრა:
– მაიორო, თბილისში შენი თანამემამულეები გორბაჩოვის უშუალო ბრძანებით დახოცეს. გენერალური მდივანი ხალხს სამხედროებს აძულებს და ყველა უბედურებას ჩვენ გვაბრალებს. განზრახული აქვს ჩვენი ჯარის გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან გამოყვანა. ეს კი კატასტროფა იქნება. ამიტომ გორბაჩოვი უნდა მოკვდეს და ეს მისია შენ უნდა შეასრულო. რას იტყვი, თანახმა ხარ?
სანდრო იოსებიძე გენერალს დაეთანხმა და შეთქმულებმა მომავალი თავდასხმისთვის ინტენსიური, საიდუმლო მზადება  დაიწყეს. ყველაფერი გარკვეული და მზად იყო. 1989 წლის 21 სექტემბერს, მიხეილ გორბაჩოვი ლენინგრადში ჩადიოდა. ფეხით ნევის გამზირზე უნდა გაევლო და იქაურობა დაეთვალიერებინა. სწორედ ამ დროს უნდა მოეკლა იოსებიძეს საბჭოეთის პირველი პირი ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბინიდან. „ცელი“ უკვე მზად იყო და პოზიციაც დაკავებული ჰქონდა, როცა ბინაში „კაგებეს“ სპეცჯგუფი „ალფა“ შეიჭრა და ქართველი სნაიპერი იქვე შეიპყრეს. საქმე კი ის იყო, რომ შეთქმულთაგან  ბოლო მომენტში პოლკოვნიკმა სოპკომ თანამოაზრეები „კაგებეში“ დაასმინა და შეთქმულება გასცა. გენერალმა გავრილოვმა საკუთარ კაბინეტში მოიკლა თავი. დანარჩენი შეთქმულები კი – გაასამართლეს. სანდრო იოსებიძე მოსკოვის ლეფორტოვის ციხეში გამოამწყვდიეს და მისი ინტენსიური დაკითხვები დაიწყეს...

მეორე გაქცევა
„კაგებე“ მისთვის ჩვეული ოპერატიულობითა და სისასტიკით უსწორდებოდა შეთქმულებს და სულ რაღაც ორ კვირაში საიდუმლო ორგანიზაციის მთელი ბირთვი გაანეიტრალეს. იოსებიძეს კი „ჩეკისტები“ განსაკუთრებულად მძიმე პირობებში ამყოფებდნენ. მხოლოდ ორსაათიანი ძილის საშუალებას აძლევდნენ დღე-ღამის განმავლობაში და ყოველმხრივ მისი ფსიქიკის შერყევას ცდილობდნენ. უშიშროების პოლკოვნიკი იური გუგულოვი პირდაპირ ეუბნებოდა მას:
– განწირული ხარ. გორბაჩოვის ბრძანებაა, რომ საღ ჭკუაზე არ დარჩე და დარწმუნებული იყავი, რომ ამ დავალებას ხუთიანზე შევასრულებო...
და, მართლაც, ლეფორტოვში თვე-ნახევრიანი ტანჯვა-წამების შემდეგ, „ცელი“ ფსიქიურად შეირყა. მისი ჯანმრთელობის შესამოწმებლად და ბოლოს ქალაქ ყაზანის ფსიქიატრიულ ციხეში გამოსამწყვდევად, იოსებიძე სერბსკის სახელობის მოსკოვის ფსიქიატრიულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაგზავნეს.
ყოფილ მაიორს გამოცდილი ექიმები უტარებდნენ ტესტირებას. მათ შორის ელექტროშოკითაც. ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის დროს „ცელმა“ გონება დაკარგა. ექიმმა გულის გაჩერება დააფიქსირა და სხვა ექიმების მოსაყვანად ოთახიდან გავარდა. ოთახში რომ შევიდნენ „გულგაჩერებული“ პაციენტი იქ აღარ დახვდათ... იოსებიძემ გაქცევა მოახერხა და მიუხედავად იმისა, რომ მას მთელი „კაგებე“ ეძებდა, ვერ მოიხელთეს.
P.S. სანდრო იოსებიძე, 2011 წელს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა არგენტინის ქალაქ მარ-დელ-პლატაში, სადაც ის საბჭოეთიდან გაქცევის შემდეგ ცხოვრობდა და მას ცოლი და სამი შვილი დარჩა.
скачать dle 11.3